თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნება
09:12 28.11.2017
მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს 9.30 საათზე გაიხსნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით „ევროკავშირი და ჩინეთი“ გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პანელს მოდერატორობას გაუწევს დოქტორი ანილ გუფთა (მერილენდის უნივერსიტეტი თავმჯდომარე, პროფესორი). პანელში ასევე მონაწილეობენ - მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, სლოვენიის ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერჟავეკი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ერბოლატ დოსაიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი ალან პიუ.

პანელი დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, განხილული იქნება შემდეგი საკითხები: სარტყელი და გზის ინიციატივის ეკონომიკური პოტენციალი და განხორციელების პერპსექტივები; სარტყელი და გზა - ინვესტიციების მიზიდვის ჰაბი; სარტყელი და გზის კავშირი - მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი; სამომავლო გამოწვევები.

პანელზე გამართული დისკუსიის შედეგად განისაზღვრება ძირითადი მიმართულებები, თუ რა გზით შეიძლება აბრეშუმის გზის განვითარებამ წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ ზრდაში; რა საუკეთესო როლი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მონაწილე მხარეს (საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩათვლით) პროცესში; ყველასათვის და ყოველმხრივ მოგებიანი შედეგის მიღწევის ალბათობის მაქსიმალურად გაზრდის საშულებების განსაზღვრა; შესაძლო მოსალოდნელი გამოწვევები და, შეძლებისდაგვარად, მათი თვიდან აცილების მექანიზმების გზები.


ზოგადი ინფორმაცია

ფიზიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა ნებისმიერი, განსაკუთრებით კი მზარდი ეკონომიკის ზრდის საძირკველია. ჩინეთი უკვე მრავალი წელია ამ მოსაზრების სიზუსტეს ადასტურებს. 1995 წლიდან, ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8-9%-ს ინფრასტრუქტურაზე ხარჯავს, რაც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ეს ნებისმიერ სხვა მსხვილ ეკონომიკაში ხდება. ამ პოლიტიკის შედეგები ყველასათვის ცხადია. სარტყელი და გზის ინიციატივა (BRI) ჩინეთისთვის ახალი შესაძლებლობაა, უშუალოდ გაიკვალოს გზა აზიის სხვა ქვეყნების, ევრაზიის რეგიონისა და აფრიკის მიმართულებითაც კი. ცალსახაა, რომ ჩინეთს აქვს ისეთი გამოცდილება, რესურსები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ეს ამბიცია რეალობად აქციოს.

ჩინეთი სარტყელი და გზის ინიციატივას (BRI) ყველასათვის და ყოველმხრივ მოგებიან პროექტად ახასიათებს. ამგვარი მიდგომის გარეშე იოლია სპეკულაციები, შესაძლოა, გამოიწვიოს ეკონომიკური და/ან პოლიტიკური სირთულეები და სერიოზული პრობლემები წარმოქმნას. ღირებულების შექმნის შესაძლებლობები მრავლადაა როგორც უშუალოდ ურთიერთდაკავშირებულობის შენების პროცესში, ისე მისი უზრუნველყოფის შემდეგ. მთავარი შესაძლებლობები მოიცავს კაპიტალურ ინვესტიციებს, ნედლეულის მიწოდებას (მაგ., ლითონი), მანქანა-დანადგარების უზრუნველყოფას, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურას (მაგ., საწყობები), ენერგეტიკას, ექსპორტს, იმპორტს და შედარებით მცირე ღირებულების დანახარჯების უფრო მაღალი ღირებულებების შედეგებად გარდაქმნა.

იმისათვის, რომ სარტყელი და გზის ინიციატივა (BRI) ყველასათვის და ყოველმხრივ მოგებიანი იყოს, აუცილებელია ყველა მონაწილე მხარე შეთანხმდეს რიგ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, ვინ და რა პირობით იქნება საჭირო კაპიტალის მიმწოდებელი (წილობრივი და საკრედიტო); ვინ იქნება საჭირო მასალის, მანქანა-დანადგარებისა და მუშახელის მიმწოდებელი; ვინ უხელმძღვანელებს პროექტის შესრულებას; ვისი საკუთრება იქნება ინფრასტრუქტურა, მისი აგების შემდეგ; ვის და რა უფლება ექნება ისარგებლოს ამ ინფრასტრუქტურით? როგორ უნდა მოგვარდეს ნებისმიერი სახის უთანხმოება და ა.შ.
ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შესაძლებლობა მისცეს პანელის მონაწილეებს (ყველა ძირითად მოთამაშეს), გაუზიარონ დანარჩენებს საკუთარი მოსაზრებები, იმისათვის რომ სარტყელი და გზის ინიციატივა (BRI) მართლაც ყველასათვის და ყოველმხრივ მოგებიანი იყოს.


ბეჭდვა