პრემიერი: ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა
პრემიერი: ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა
11:24 28.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი ბიძგი მიეცეს „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას.

აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა აბრეშუმის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პატივცემულო მთავრობის მეთაურებო,
პატივცემულო პრემიერ-მინისტრებო, პატივცემულო ვიცე პრემიერ-მინისტრებო და მინისტრებო,
პატივცემულო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელნო,
მედიის, ექსპერტული და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებო,
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, მოგესალმებით,
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, რომელიც წელს „სარტყელი და გზის“ სახელით იმართება.
მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ფორუმში მონაწილეობისთვის.
საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი ტოლერანტობით, თანამშრომლობით და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით.
დღეს, მსოფლიო, ისევე, როგორც ევროპა და აზია, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.
ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის.
საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა.
„დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის სახით იქნა წარმოდგენილი და ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს: მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი - საჭიროებს აქტიურ საჯარო თუ კერძო სექტორის დიალოგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონფერენციაც ამის კარგ შესაძლებლობას მოგვცემს.
საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს „აბრეშუმის გზის“ ფორუმს. ფორუმში მონაწილეობას იღებს 37 ქვეყნის დელეგაცია და ასევე, ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია. ფორუმისადმი ასეთი ინტერესი ცხადყოფს, რომ ეს ინიციატივა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მასში მონაწილე ქვეყნების, არამედ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მეტი მიღწევებით ვაჭრობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებით.
საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი ბიძგი მივცეთ „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში როგორც სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ასევე, იმ პროექტების განხორციელებას, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მივესალმებით „სარტყელი და გზის" ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, რადგან მსგავსი კონკურენცია ხელს უწყობს მომსახურების გაიაფებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და, შესაბამისად, ზრდის მოქალაქეების კეთილდღეობას”-განაცხადა პრემიერმა.

ბეჭდვა