ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების
შემცირებით დიდი თანხა ვერ დაიზოგება, რადგან სამინისტროების ბიუჯეტების დიდი ნაწილი იმ პროექტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საზოგადოებისთვის ხორციელდება.
ამის შესახებ სუბარმა საკადრო ცვლილებების შედეგად თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ბიუჯეტების 90% არის ეს თანხა არის კონკრეტული განსახორციელებელი პროექტებისთვის და ეს თანხა არათუ რჩება უცვლელი, არამედ გაიზრდება კიდეც იმ ბიუროკრატიის ხარჯზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, ძალიან დიდ თანხებზე არ უნდა ვიფიქროთ. იმიტომ რომ მართლა ძალიან მცირე ნაწილია, რაც ხელფასებზე იხარჯება. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი მოდის იმ პროექტებზე, რომელიც მოქალაქეებისთვის ხორციელდება, თანხის დაზოგვაზე არაა აქცენტი, აქცენტი არის გაკეთებული ეფექტურობაზე. თანხა ცხადია დაიზოგება უამრავ თემაზე, მაგრამ ეფექტურობის გაზრდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეხება ადამიანებს, ყველა ვინც ეფექტურია დარჩება ამ სამინისტროების შერწყმის შედეგად. არჩევანი გაკეთდება პროფესიონალებზე, იქ, სადაც დამთხვევაა სპეციალობების, თუმცა მთლიანობაში ისევ და ისევ აქცენტი არის ეფექტურობაზე“ - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გუშინ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შედეგად მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე ახალი წევრი შეემატა, ხოლო რამდენიმე სამინისტრო გაუქმდა და მათი ნაწილი სხვა უწყებებს შეუერთდა.
