საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით,
ლარის გარშემო მიმდინარე პროცესები საზოგადოების მოლოდინებიდან გამომდინარეა.
მისივე თქმით, თუ იმპორტიორები ფასებს გაზრდიან, პროდუქციის ადგილობრივი ჩანაცვლება მოხდება.
„ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდან არის ეს ქცევა გამოწვეული. რასაც ჩვენ ვხედავთ, იმპორტიორები,რომლებიც ადრე, იანვარ- თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, მათ დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ახლა არის ეს უფრო გააქტიურებული, რაც ასევე მოლოდინებთანაა დაკავშირებული.
თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი, მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი. ჩვენ ადრეც ვნახეთ, რომ მათ გააძვირეს პროდუქცია და გაყიდვები შემცირდა და მოუწიათ ფასის დაკლება“-განაცხადა მესტვირიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 2.6830 ლარადაა შესაძლებელი.
