საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების პროგრამა ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, გამართავენ ერთობლივ შეხვედრას ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებთან.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ის ინიციატივები და მიზნები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისათვის. ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს იმ მექანიზმებს, რომლითაც მხარს უჭერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების განვითარებას, მათ შორის საერთაშორისო ბაზრების ათვისების კუთხით.
აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიების ერთმანეთთან დაახლოებასა და სერვისების ინტერნაციონალიზაციის მიზნით სინერგიული აქტივობების დაგეგმვას.
ღონისძიებას 30-მდე ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება.
