“საქაერონავიგაციამ” შვეიცარული სადაზღვევო კომპანიის Swiss Re-ს ავიაციის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა
“საქაერონავიგაციამ” შვეიცარული სადაზღვევო კომპანიის Swiss Re-ს ავიაციის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა
17:08 09.11.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” შვეიცარული სადაზღვევო კომპანიის Swiss Re-ს ავიაციის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს სიმონ ტარდიფს უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანს 2 წლიანი თანამშრომლობის შედეგების განხილვა, კომპანიების საქმიანობის უკეთ გაცნობა და გადამზღვევი კომპანიის მიერ ავიაციის სფეროში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

“შეხვედრაზე განვიხილეთ, ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საქაერონავიგაციის მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივები, ტექნიკური გადაიარაღების სამომავლო გეგმები და საავიაციო რისკების მართვის თანამედროვე მოდელები. ხაზი გაესვა ევროკონტროლთან თანამშრომლობის ფარგლებში საქაერონავიგაციის პერსონალის მუდმივ გადამზადებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, საქართველოს საავიაციო დარგის განვითარებისთვის”, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

SWISS Re-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიამ მხოლოდ 2017 წლის პირველ 9 თვეში 468 მილიონის ზარალი აანაზღაურა, რაც ნათლად მეტყველებს მათი საქმიანობის მასშტაბებზე.

მსგავსი დონის გადამზღვევის ჩართულობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქარეონავიგაციის” პასუხისმგებლობის დაზღვევაში, საანდოობის უმაღლესი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორია.

SWISS Re წარმოადგენს მსოფლიოში სიდიდით მეორე გადამზღვევ კომპანიას ფინანსური სტაბილურობის A+ რეიტინგით. იგი საქართველოს საჰაერო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამზღვევია, რომელთანაც ავიაციის დაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო კომპანია “უნისონი” თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, სადაზღვევო კომპანია “უნისონმა”, პირველმა ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს საჰაერო სივრცე და საქაერონავიგაციის პასუხისმგებლობა $500 მილიონიანი ჯამური ლიმიტით დააზღვია, რაც საერთაშორისო ავიაკომპანიების ნდობას ქართულ საჰაერო სივრცისადმი მნიშვნელოვნად ზრდის.

ბეჭდვა