„lonely planet”-ის სტატიის მიხედვით საქართველო 2018 წელს სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვდა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქვეყნების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულო იყო.
ამ მხრივ პირველი ადგილი ლათინური ამერიკის ქვეყანას, ჩილეს მიენიჭა, საქართველო კი მეშვიდე ადგილს იკავებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ამ ათეულში მოხვედრა ჩვენს ქვეყანაში მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
„ტოპ-ათეულში მოხვედრა ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და საერთაშორისოდ აღიარებს, რომ ჩვენ ქვეყანას გააჩნია ტურიზმის განვითარების სწორი ხედვა და ის საერთაშორისო აქტივობები რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეფექტურად მიმდინარეობს. ამ ათეულში მოხვედრა ხელს შეუწყობს მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა ჩოგვაძემ.
