წლიური ინფლაცია საქართველოში -0,2 პროცენტია
წლიური ინფლაცია საქართველოში -0,2 პროცენტია
09:05 04.07.2012
2012 წლის ივნისში 2011 წლის ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0,2 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, რაც მოცემულ პერიოდში 4,3 პროცენტით გაიაფდა.
სურსათიდან ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე - ხილისა და ყურძნის ფასმა 17,3 პროცენტით იკლო; ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ფასმა - 14,8 პროცენტით; პური და პურპროდუქტები 8,1 პროცენტით გაიაფდა, შაქარი და სხვა ტკბილეული - 4,5 პროცენტით.
ამასთან, ფასები თევზეულზე 8,6 პროცენტით, ხოლო უალკოჰოლო სასმელებზე 5,7 პროცენტით გაიზარდა.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასმა 11,1 პროცენტით იმატა. აღნიშნულ ჯგუფში 23,3 პროცენტიანი გაძვირება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე.

ბეჭდვა