პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს
ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. მისი თქმით, 2017 წლის რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა საპროგნოზო 4 პროცენტის ნაცვლად, რაც შესაძლებელი გახდა წარმატებული ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების შედეგად, რომელიც განხორციელდა ან მიმდინარეობს მთავრობის 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განვითარების სწრაფი ტემპების მისაღწევად, მთავრობამ შეიმუშავა 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პროგრამის საფუძველი გახდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა წარმატებად შეაფასა ის ფაქტი, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 3,5 პროცენტიდან 4.2 პროცენტამდე გაზარდა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის, საგადასახადო კოდექსშიც, რომლის მნიშვნელოვანი ლიბერალიზება განხორციელდა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის წახალისება, რათა მათ შეძლონ თანხების რეინვესტირება ბიზნესში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპორტიორ კომპანიებს გააცნეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორთათვის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურა მარტივდება, ასევე ისაუბრეს დაგეგმილ სიახლეებზე, მათ შორის, საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების რეგულირების თაობაზე.
ექსპორტიორთა განსაკუთრებული ინტერესი, მათთვის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების გამარტივების შესახებ ცვლილებამ გამოიწვია. კერძოდ, ექსპორტიორთა სტიმულირების მიზნით, გაიზარდა მოთხოვნის შეფასების კრიტერიუმში მისანიჭებელი მაქსიმალური ქულა.
2017 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ავტომატურად 59 გადამხდელს დაუბრუნდა 7 133,50 ათასი ლარი, მათ შორის 10 ექსპორტიორზე დაბრუნებულია 3 777,20 ათასი ლარის ოდენობის ექსპორტის ოპერაციებით წარმოქმნილი ზედმეტობა, ხოლო ზემოაღნიშნული ცვლილების შემდგომ (2017 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე) 6 ექსპორტიორზე ავტომატურად დაბრუნებულია 1 626,00 ათასი ლარის ოდენობის ზედმეტად გადახდილი თანხა.
2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 500-მდე ექსპორტიორის 55 მლნ ლარამდე ზედმეტად გადახდილი თანხა დაბრუნებას დაექვემდებარება.
