თბილისში დღეს ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) ინიციატივითა
და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, საგადასახადო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ავტომატურ რეჟიმში გაცვლის შესახებ, თემით „ინფორმაციის ავტომატური გაცვლა და განვითარებადი ქვეყნები: რატომ, როდის და როგორ“ ორდღიანი რეგიონული კონფერენცია გაიხსნა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ გლობალ ფორუმის სამდივნოს უფროსის მოადგილე, სამდივნოს წევრები, შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვადასხვა ქვეყნის (დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მონღოლეთის, მოლდოვას, ბულგარეთის) წარმომადგენლები.
მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საგადასახადო ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის ახალი სტანდარტებისა და დადებითი მხარეების შესახებ საკითხები.
შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
