მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამა დამატებით 20 მილიარდი ლარის მობილიზებას ითვალისწინებს
13:18 03.07.2012
მთავრობის საპროგრამო მიზნების მისაღწევად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდი ლარი იქნება მობილიზებული
- საპენსიო დაფინანსების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სოციალური დახმარების, სოფლის მხარდაჭერის და განათლების სფეროს დაფინანსების მიზნით. ამის შესახებ საუბარია მთავრობის ახალ სამოქმედო პროგრამაში, რომელიც წარლამენტს დღეს წარედგინა, მისი განხილვა ფრაქციებსა და კომიტეტებში დღესვე იგეგმება.
საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, 4 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია 6 მილიარდი ლარის დახარჯვა, რაც იმას ნიშნავს რომ „2013 წლიდან საპენსიო პაკეტი 100 აშშ დოლარის ექვივალენტი გახდება და საარსებო მინიმუმს გადააჭარბებს“. ამასთანავე, პროგრამაში საუბარია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა საპენსიო პაკეტის განუყოფელი ნაწილი იქნება.
ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. როგორც პროგრამაშია აღნიშნული ყველა მოქალაქე დაეზღვევა.
სოციალური დახმარების მიზნით, ა 3 მილიარდი ლარი დაიხარჯებ. ახალი მთავრობა მოქალაქეებს ჰპირდება, რომ ვიდრე ყოველ ოჯახს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდება, სახელმწიფო გარანტირებულად გასცემს სოციალურ დახმარებებს.
„დღეს სახელმწიფო ნახევარ მილიონამდე ადამიანს აძლევს სოციალურ დახმარებას. 2013 წლიდან, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ეს დახმარება უფრო მასშტაბური გახდება და მიმართული იქნება ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის საჭიროებაზე“ - აღნიშნულია პროგრამაში.
ამასთანავე, საუბარია, რომ გაგრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი კორპუსების მშენებლობა და ძველის გარემონტება.
სოფლის განვითარების და მხარდაჭერის მიზნით, 4-წლიანი პროგრამით გათვალისწინებულია 4 მლრდ ლარის დახარჯვა. კერძოდ, ამ სექტორის განვითარებისთვის დამატებით შეძენილი იქნება 2 000 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, შეიქმნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო, განხორციელდება დამატებით 90 000 ჰექტარის ირიგაცია, გაკეთდება დრენაჟის სისტემა 35 000 ჰექტარზე.
რაც შეეხება განათლების სფეროს, ამ მიმართულებით დაიხარჯება 4 მილიარდი ლარი. ეს თანხა შემდეგ მიმართულებზე მიიმართება - ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 150 ახალი სკოლის აშენება, ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა, სამი ახალი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯის გახსნა, 300 მომავლის კლასის გახსნა, ყველა მოსწავლისა და სტუდენტის დაზღვევა, სტუდენტების დასაქმების საზაფხულო პროგრამის გაფართოება, სერტიფიცირებული მასწავლებლების საშუალო ხელფასის 600 ლარამდე გაზრდა, ხოლო საუკეთესო 25%-ში მოხვედრილების ხელფასის - 1 000 ლარამდე, წარმატებული სტუდენტების მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის და ცხოვრების დაფინასება და სხვა.
პროგრამაში ასევე, საუბარია, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გააგრძელებს.
„მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება და წარმატება უნდა აისახოს თითოეულ ოჯახზე“ - აღნიშნულია პროგრამაში.