ემზარ ჯგერენაია - ახალი პრემიერის ინიციატივა საბიუჯეტო გათვლებს ეყრდობა
ემზარ ჯგერენაია - ახალი პრემიერის ინიციატივა საბიუჯეტო გათვლებს ეყრდობა
18:40 02.07.2012
ახლადდანიშნული პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ დღეს გამოცხადებული ინიციატივა - საქართველოში ყველა ოჯახისთვის 1 000 ლარიანი  ვაუჩერის გამოყოფის შესახებ, სავსებით რეალურია, ვინაიდან ის ბიუჯეტურ გათვლებს ეყრდნობა - მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, დღეისთვის პროფიციტი 850 მლნ ლარია, მთავრობის სარეზერვო ანგარიში კი, 350 - მლნ. ამდენად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი პროექტი ბიუჯეტს ტვირთად არც ერთ შემთხვევაში არ დააწვება, მით უმეტეს, რომ პროცესი დროშია გაწერილი.
„ბიუჯეტის რეზერვი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი შემოსავლების ინდექსირება მოხდეს“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ინფლაციურ რისკებს, ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ფულის ნებისმიერი გასვლა მსგავს რისკს შეიცავს, თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მისი თქმით, თუ პროექტი ბიუჯეტის ხარჯებში გაწერილია და ის საგადასახადო-ფისკალური შემოსავლის ნაწილია, ამ შემთხვევაში ინფლაცია მოსალოდნელი არ არის, ხოლო თუ ეროვნული ბანკი ემისიას ახდენს, ამ შემთხვევაში პირდაპირ ინფლაციასთან გვექნება საქმე. მერაბიშვილის ინიციატივა კი, ჯგერენაიას შეფასებით, სწორედ საბიუჯეტო პროცესზე და ხარჯებზეა მიბმული.
„მას რომ განეცხადებინა, რომ ემისია ხდება ანუ ამ პროცესს ვაფინანსებთო, მაშინ ინფლაცია მოსალოდნელი იქნებოდა, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ბიუჯეტური პროცესის ნაწილი იქნება. აღნიშნული არავითარ შემთხვევაში M2 კოეფიციენტის გაზრდას არ გამოიწვევს და შესაბამისად, ვერც ინფლაციის წყარო გახდება“-აღნიშნა მან.
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს თითოეული ოჯახისთვის 1 000 ლარიანი ვაუჩერის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ახალი მთავრობის პროექტში ჩადებულია ვალდებულება, რომ მომავალი წლიდან თითოეულ ოჯახს 4 წელზე გაწერილი 1 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცეს, რასაც ის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს.

ბეჭდვა