ბანკი „რესპუბლიკა“ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მისაღებად დაინტერესებულ პირებს სტუდენტურ სესხს სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „რესპუბლიკადან“ აცნობეს, სესხის მიღება ისეთ უნივერსიტეტებში განათლების მისაღებადაა შესაძლებელი, როგორებიცაა - Columbia University, New York University, Stanford University, Harvard University, London Business School, London School of Economics და სხვები.
სტუდენტებს Financial Times-ის და The Times-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების პირველ 50–ეულში მოხვედრილი უნივერსიტეტებიდან მათთვის სასურველი სამაგისტრო პროგრამის არჩევისა და სტუდენტური სესხის მეშვეობით, სწავლის საფასურის, მგზავრობის, ცხოვრების, კვების, წიგნების საფასურის და სწავლასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი ხარჯის დაფარვის საშუალება ექნებათ.
სტუდენტი სესხის გადახდას სწავლის დასრულებიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ იწყებს.
სტუდენტური სესხის პირობებია - ვალუტა - აშშ დოლარი, ევრო; სესხის მაქსიმალური მოცულობა უზრუნველყოფით - 60 000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ევროთი; სესხის მაქსიმალური მოცულობა უზრუნველყოფის გარეშე - 10 000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ევროთი; სესხის მაქსიმალური ვადა - 120 თვე; საპროცენტო განაკვეთი - 16%–დან.
ბანკი „რესპუბლიკა“ სტუდენტებს დამატებით საჩუქრებსაც სთავაზობს. სრული კურსის დაფარვისას სესხის საპროცენტო განაკვეთი 0.5%–ით, კურსის წარმატებით დასრულებისას კი, სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%–ით შემცირდება. ასევე, ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ GPA 3.6-ს ან მეტს მიიღებს, სტაჟირებას ბანკ „რესპუბლიკის“ სათაო ოფისში გაივლის.
