გიორგი ისაკაძე დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძის კანდიდატურას მიესალმება
გიორგი ისაკაძე დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძის კანდიდატურას მიესალმება
16:07 02.07.2012
საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძის წარდგენას მიესალმება.
როგორც „ნიუსპრესს“ ისაკაძემ განუცხადა, ტრაპაიძეს საკმაოდ დიდი ბიზნესისტორია აქვს. მისი განმარტებით, მას ურთიერთობა ჰქონდა არაერთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ინფრასტრუქტურის სფეროში საქმიანობს.
ისაკაძის თქმით, ტრაპაიძეს პირადად ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, შესაბამისად, ის უმუშევრობის პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„პაატა საკმაოდ უნარიანი და სერიოზული ადამიანია და მგონია, რომ გუნდის სხვა წევრებთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებას თავის ხელს დაატყობს“-აღნიშნა მან.
მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ იმ გეგმით, რომლის ცალკეული დეტალები ახლადშექმნილი უწყების პრიორიტეტებად უკვე დასახელდა, პრობლემების პერსონიფიცირება, თავმოყრა და აქცენტების სწორად დასმა მოხდება.
„ამას ისე ნუ შევხედავთ, რომ დღეს გვყავს 1 მილიონი უმუშევარი და ზეგ 200 ათასი დასაქმდება. დასაქმება თავის თავში მოიცავს გადამზადებას, სტატისტიკის დამუშავებას, შესაბამისი პროფილების მომზადებას და ამ ყველაფრის ბიზნესებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ ვაკანსიებთან მორგებას, ანუ ეს არის მთელი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახალმა უწყებამ უნდა გაატაროს“-აღნიშნა ისაკაძემ.
მთავრობაში ახალი უწყების - დასაქმების სამინისტროს ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის პოსტზე კი - ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძის კანდიდატურა ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წარადგინა.
ტრაპაიძე ამ დრომდე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი იყო.


ბეჭდვა