საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითოეული ოჯახისთვის 1 000 ლარიანი ვაუჩერის გადაცემის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გლდანში, პროფესიული გადამზადების მშენებარე ცენტრის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი მთავრობის პროექტში ჩადებულია ვალდებულება, რომ მომავალი წლიდან თითოეულ ოჯახს 4 წელზე გაწერილი 1 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცეს.
მისი თქმით, ოჯახმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებს მას.
„გვაქვს წინადადება, რომ 1 000-ლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა შეეძლოს. ასევე, შეეძლოს მედიკამენტების, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა, გლეხობამ შეძლოს სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენა“ – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ყველას უნდა ჰქონდეს გარკვეული გარანტია იმისა, რომ ნებისმიერ დროს წარმოქმნილ პრობლემას აღნიშნული ვაუჩერის მეშვეობით მოაგვარებს.
„ამ პროექტის დახვეწისთვის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სიარულს გავაგრძელებ და ხალხთან ერთად მკაფიო გეგმას შევიმუშავებთ, თუ რაში შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა 1 000 ლარიანი ვაუჩერი გამოიყენონ“- აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობას სამოქმედო გეგმის შესასრულებლად ინტენსიური მუშაობა მოუწევს.
