ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“ რეგულარული საჰაერომიმოსვლის განხორციელებას კაირო-
თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
უწყების ინფორმაციითვე, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Air Cairo"-ს მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი)ავიაკომპანია „Air Cairo" გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით.
„Air Cairo" წარმოადგენს "EGYPT AIR"-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost)მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.
„Air Cairo" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.
