ფრეიზერის ინსტიტუტის (Fრასერ Iნსტიტუტე) "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-
ერთი ავტორი, პროფესორი რობერტ ლოუსონი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სისტემას დადებითად აფასებს.
რობერტ ლოუსონმა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის რამდენიმე მთავარი თემა განიხილეს.
ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც საუბარი საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის რამდენიმე მთავარი თემის გარშემო წარიმართა, მათ შორის იყო: საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა და სხვა.
"შევთანხმდით, რომ ეს რეფორმები საქართველოში ბიზნესის კეთების კიდევ უფრო გამარტივებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოანია. შეხვედრამ ეკონომიკის იმ მიმართულებების იდენტიფიცირების მოხდენის საშუალება მოგვცა, სადაც ბიზნესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელების პოტენციალი კიდევ არსებობს",- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის, პაატა შეშელიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან განხილვა მომხდარიყო, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ინდექსში ჩვენი ქვეყნის დაწინაურებისთვის.
"ვფიქრობ, შეხვედრაზე ერთსულოვნება იყო და ეს მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის და კოოპერაციის ინტერესიც გამოითქვა, რაც მახარებს, რადგან ეკონომიკური თავისუფლება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ პირველი და მეორე ადგილი კი არ არის, არამედ, რეალური გავლენაა ყოველდღიურ ცხოვრებაზე"- განაცხადა შეშელიძემ.
