ქართული დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს
ქართული დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს
12:58 16.09.2017
საქართველოს დელეგაციის წევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს წრეებისა და მსხვილი კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს და ასევე, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის (PABSEC) დელეგაციებს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაZhongmeiEngineringGroupLtd-ის პირველ პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგო წყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს. კომპანია ასევე დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით. ZhongmeiEngineringGroupLtd-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს. ჩინეთის უმსხვილესი ენერგოკორპორაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია JiangxiRailwayInvestmentGroupCorporation - ის პრეზიდენტს და კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და კონკრეტულ დარგებში ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.ჩინეთის ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მხარს უჭერს „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებას. JiangxiRailwayInvestmentGroupCorporation - ი საინვესტიციო საქმიანობას სარკინიგზო; საავიაციო, საპორტო; სამშენებლო; საფინანსო და ლოგისტიკის სფეროებში ეწევა.

ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკურ - ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს ‘ღვინის სავანეს“ ესტუმრა. დაათვალიერა შენობაში განლაგებული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები. ქართული კულტურის ცენტრი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტისა და კომპანია „ჯუნგეს“ პრეზიდენტმა ლიუ ძი მინის ინიციატივით აშენდა. ლუი ძი მინი ბიზნეს საქმიანობას საქართველოსა და ჩინეთში ეწევა.

საქართველოს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება გამართა ქალაქ ნანჩანგის მერმა. ნანჩანგის მთავრობის წევრები საქართველოში მზარდი ბიზნეს სექტორების მიმართ ინტერესს გამოთქვამენ.

ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები, ასევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.

ბეჭდვა