მიხეილ ჯანელიძე: პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია
მიხეილ ჯანელიძე: პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია
13:57 14.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვებაა ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხრივ.

„საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად გახდა გაეროს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში.

ეს არის ძალიან დიდი შედეგი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის დიდი შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ეს წარმატება ყოფილიყო მიღწეული.

მე ვულოცავ ბატონ, ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც დღეიდან უკვე მოემსახურება მსოფლიოს ტურიზმის სექტორის განვითარებას და ამით ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს მიღწევებს. ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერამ, ჩვენი დიპლომატიის ძალიან აქტიურმა მუშაობამ და თითოეული უწყების, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. მინდა წარმატებები ვუსურვო ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ახალიწარმატების და დიდი აღიარების საფუძველი“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს , რომელიც მონაწილეობს ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში.
სწორედ ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დამტკიცება.



ბეჭდვა