პრემიერი: ბორდოში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის
პრემიერი: ბორდოში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის
14:11 13.09.2017
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ხვალ გამოფენა - ,,საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გაიხსნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, ბორდოში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და შეხვედრები გაიმართება.
„ქვეყნის ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ ისეთ მნიშვნელოვან ადგილზე, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩავლენ ღვინის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, ღვინის ბაზრის წარმომადგენელი კომპანიები, საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც მეღვინეობის სამშობლო.
ეს მრავალწლიანი ძალიან მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ჩვენ კარგად მოვემზადეთ ამ გამოფენისთვის. იქნება კულტურული ღონისძიებები, ასევე - მაღალი დონის შეხვედრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ კულტურულ სამყაროში ქვეყნის წარმოჩენის კუთხით, როგორც ღვინის სამშობლოსი, როგორც უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყნისა. ამიტომ, ნამდვილად გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას“- განაცხადა პრემიერმა.


ბეჭდვა