გიორგი გახარია: საქართველოს კარიბჭის როლი აქვს, რომელსაც აღმოსავლეთის და დასავლეთის,
სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია
უკრაინის ქალაქ ოდესაში რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია - ,,ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი" გაიმართა.
ქართულ დელეგაციას უკრაინაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკის მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა იყო.
ღონისძიება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდა.
მინისტრის განცხადებით, მაღალი დონის ფორუმის მსჯელობის ძირითადი თემა სატრანზიტო დერეფნები, კავშირი ქვეყნებსა და მათ ეკონომიკებს შორის ოყო. ფორუმზე იმ კორიდორზეც ისაუბრეს, რომელიც ჩინეთის დიდ ბაზარს ევროკავშირის დიდ ბაზართან დააკავშირებს.
საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყახაზეთის, პოლონეთის, ლიტვის, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციებმა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
ღონისძიებაში საქართველოს რკინიგზის, ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ფორუმის ფარგლებში პრეზენტაცია გამართა "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ.
,,ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ აქ ვიმსჯელეთ საქართველოს როლზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხს ყველა ეთანხმება. საქართველოს კარიბჭის როლი აქვს, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვმონაწილეობთ მსგავს ფორუმებში და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკონვერტიროთ ეს ისეთ შედეგებში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ-""აღნიშნა გიორგი გახარიამ.
კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომის თემები ევროპისა და აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ევროპა-აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ფორმირება იყო.
