პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელს ბილ თომპსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრას ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ნიკოლოზ გაგუა და ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და OECD-ის პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელსაც OECD საქართველოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით. აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხ პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისა და პერსპექტიული მიმართულებების გამოვლენის თაობაზე.
