ირაკლი ლექვინაძე - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი უმუშევრობის პრობლემას ვერ გადაჭრის
ირაკლი ლექვინაძე - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი უმუშევრობის პრობლემას ვერ გადაჭრის
14:59 01.07.2012
ექსპერტის ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი უმუშევრობის პრობლემას ვერ გადაჭრის.

როგორც „ნიუსსპრესთან“ საუბრისას ლექვინაძემ აღნიშნა, სამინისტროს შექმნით ან არ შექმნით, ეს პრობლემა არ გადაწყდება.

„სამუშაო ადგილებს ქმნის კერძო ბიზნესი. თუ მათ ექნებათ მუშაობისთვის პირობები, დამატებითი სამინისტროს არსებობა აუცილებელი არ არის. როგორც ჩანს, ამ პოსტის შემოღება საარჩევნოდ უბრალოდ ფორმაა და მისი დაარსებით სამუშაო ადგილების რაოდენობა არ გაიზრდება“ - აღნიშნა მან.

მისივე შეფასებით, მსგავსი პოსტის არსებობის აუცილებლობა სავარაუდოდ, არსებულ რეალაობას უკავშირდება.

„შეიძლება რაღაც საქმეები გაკეთდეს, მოხდეს უმუშევართა რეგისტრაცია, მომზადდეს საინფორმაციო ბაზები და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის მოწესრიგება სამინისტროს გარეშეც შეიძლება“ - მიაჩნია ლექვინაძეს.

რაც შეეხება, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, ექსპერტი ფიქრობს, რომ ქართული ეკონომიკისთვის მთავრია ვინ ეყოლება ახალ პრემიერს ეკონომიკურ გუნდში.

„ვისურვებდი, რომ უფრო კვალიფიციური კადრები მენახა ეკონომიკურ გუნდში“ - განაცხადა ლექვინაძემ.

გუშინ, საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა და დასძინა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს დაემატება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უმუშევრობის პრობლემის დაძლევის კუთხით იმუშავებს.

ბეჭდვა