სოსო ფხაკაძე: ხარისხთან დაკავშირებით აქ კომპრომისი არასოდეს არ იქნება
 სოსო ფხაკაძე: ხარისხთან დაკავშირებით აქ კომპრომისი არასოდეს არ იქნება
14:26 05.09.2017
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ეკო“ ყოველთვის მაღალი ხარისხის მქონე საწვავის კომპანიად მოიაზრება.
ამასთან დაკავშირებით ფხაკაძემ დღეს, „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის გახსნაზე განაცხადა.
„საქართველოში ყველას ახსოვს „ეკო“ ავტოგასამართი სადგურები. ყველამ იცის რომ „ეკო“ იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი საქართველოში, „ეკო“ იყო კომპანია, რომელიც ითვლებოდა ხარისხის ნიშნად, ხარისხის ეტალონად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ კვლევებს და ყოველთვის ყველა კვლევაში, მიუხედავად იმისა, რომ „ეკომ“ რამდენიმე წლის წინ დატოვა საქართველო, დგინდებოდა, რომ დღესაც „ეკო ჯორჯია“ მოიაზრებოდა როგორც მაღალი ხარისხის მქონე საწვავის კომპანია. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული გზა, არ იყო ამ კომპანიასთან დაბრუნება ადვილი. თუმცა ძალიან გვიხარია, რომ დღეს სრულფასოვნად დაბრუნდა საქართველოში და უკვე გაიხსნა მთლიანად „ეკოს“ ბრენდირებული ავტოგასამართი სადგური.
ყველას ვულოცავ არა მარტო „ვისოლ ჯგუფს“ არამედ საბერძნეთის პეტროლიუმს და „ეკოს“, არამედ მთლიანად საქართველოს, რამეთუ ჩვენს საქმიანობაში, ბიზნეს-პარტნიორობაში ქვაკუთხედი ყოველთვის იყო და იქნება ხარისხი. აქ არასოდეს კომპრომისი არ იქნება ხარისხთან დაკავშირებით“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საბერძნეთის ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ბეჭდვა