ნარმანიას ბუტაფორიზაცია
ნარმანიას ბუტაფორიზაცია
11:13 09.03.2015
ოპოზიცია და მგონი უკვე აღარც ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ დავობენ იმაზე, რომ დედაქალაქის მერის კანდიდატურის არჩევაში, საქართველოს ექსპრემიერი აშკარად შეცდა.
მან შეცდომა დაუშვა პოლიტიკიდან წასვლის წინა დღეს, როდესაც დაგვიბარა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანიას ვისურვებდიო.
ამ შეცდომის შედეგი კი, როგორც ჩანს, დედაქალაქმა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მოიმკას.
დავით ნარმანიას თბილისის მერად არჩევიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარდა ბიძინა ივანიშვილისა, შეცდნენ ის თბილისელებიც, რომლებმაც არჩევნებში ხმა, ექსპრემიერის რჩეულს მისცეს.
მართალია დღეს გვყავს პარლამენტი, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ხათრითაა არჩეული და დღეს გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ივანიშვილის მხარდაჭერის არქონის შემთხვევაში ხალხი ნამდვილად არ აირჩევდა, მაინც უნდა ითქვას, რომ ექსპრემიერის ხათრით არჩეულთაგან, ყველაზე მეტად სწორედ ნარმანიამ არ გაამართლა.
ამის ნათელი დადასტურება კი ის უამრავი პრობლემაა, რომელიც დედაქალაქში დღითი-დღე გროვდება და რის გამოსწორებასაც არანაირი სასიკეთო პირი არ უჩანს.
სამწუხაროდ, ნარმანია აღმოჩნდა ნაკლებნებისყოფიანი და შეიძლება ითქვას უპრინციპო ჩინოვნიკი, რომელიც არათუ საკუთარი პოლიტიკის გატარებას, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასაც კი ვერ ახერხებს და თუ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ის საჯაროდ დებდა პირობას, რომ ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი სიმახინჯეების შენებას წერტილს დაუსვამდა, მოგვიანებით, მერად არჩევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მშენებლობები დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელი ყოფილა.
სამწუხაროდ, ნარმანიამ ვერ შეძლო და 2014 წლის ზაფხულის შემდეგ ვერ შეასრულა ვერცერთი დაპირება, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში, სახელისუფლებო გუნდისგან სრულად მხარდაჭერილი, ასე გულუხვად არიგებდა.
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მან არათუ დაპირებები ვერ შეასრულა და ქალაქი ვერ განავითარა, მან ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ის დონეც კი, რომელიც გიგი უგულავას დროს იყო.
იგულისხმება დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ოპერატიულობა, დასუფთავების სამსახურის მუშაობა, - რომელიც დღეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, საავტომობილო გზების მდგომარეობა, - რომელიც სულ უფრო და უფრო უარესდება, ხოლო გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს, თვეების განმავლობაში მძღოლებს ორმოებზე კისრისტეხა უწევთ.
ესაა იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალი, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობა თუ სტუმრები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან.
დღეს, უკვე დაუკვირვებელი თვალისთვისაც კი აშკარაა, რომ თბილისი არ იმართება და ქალაქს თავი მხოლოდ ფორმალურად ჰყავს. მოშლილია მერიის სტრუქტურა და რაც კიდევ უფრო სავალალოა, იქ კორუფციისთვის მსუყე ნიადაგი წარმოიქმნა, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ იყო.
ასევე საინტერესოა რამდენ ადამიანს ხვდება ყოველ ორშაბათს დავით ნარმანია პირადად, მაშინ როდესაც, მან, მერის სავარძელში ჩაშვებისთანავე გამოაცხადა, რომ ორშაბათობით მოქალაქეებს პირადად მიიღებდა.
აღარაფერს ვამბობთ მის საკადრო პოლიტიკაზე და განსაკუთერებით ერთ-ერთ ბოლო ნაბიჯზე, როდესაც პრაქტიკულად, ვიცე-მერ მარგიშვილისთვის ახალი სამსახური და თანამდებობა მოიგონა და ის სწორედ ამ სამსახურს უხელმძღვანელებს ამიერიდან. ვნახოთ რამდენად მალე განვითარდება დედაქალაქის ეკონომიკა მას შემდეგ, რაც მარგიშვილმა ეს მიმართულება ჩაიბარა, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საზოგადოების მოლოდინი ამ მიმართულებით, საკმაოდ სკეპტიკურია.
მერად არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დავით ნარმანია უკვე დაემსგავსა მეეტლეს, რომელსაც ხელიდან ყველანაირი სადავე გაუვარდა და ეტლიც ბედის ანაბარა მიქრის, მეეტლის ფუნქცია კი, მხოლოდ კოფოზე ჯდომაა.
ხელისუფლებაც, ხვდება რა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნარმანიას კანდიდატურის დასახელებაში აშკარად შეცდა (და ეს არაპირდაპირ, თავად პრემიერმაც აღიარა ერთ-ერთ სატელევიზო გამოსვლაში), ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს.
ეს შეცდომა კი საკმაოდ ძნელად გამოსასწორებელია და უკეთეს შემთხვევაში ნარმანიას ბუტაფორიზაციითა შესაძლებელი, უარეს შემთხვევაში კი, ახალი არჩევნებით, რაც, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, „ქართულ ოცნებას“ არანაირად არ აწყობს.
ნარმანიას ბუტაფორიზაცია პრაქტიკულად უკვე დაწყებულია, მაშინ, როცა ის, დედაქალაქში არსებული უამრავი და აგრეთვე თავად მერიის სტრუქტურაში არსებული ასევე უამრავი პრობლემების ფონზე, ხან სანერგე მეურნეობებში ჩითილებს ათვალიერებს, ხანაც კი უპატრონო ძაღლების თავშესაფარს ეწვევა ხოლმე და ადამიანის ოთხფეხა მეგობრების ბედზე მოთქვამს და გოდებს.
როგორც აღვნიშნეთ, არსებული ვითარებიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, მერიაში საკადრო ცვლილებები და დავით ნარმანიას ოფიციალურ ხელქვეითებად, მაღალ თანამდებობებზე, ისეთი პიროვნებების მოყვანაა, რომლებსაც საქმის კეთების შნო და უნარი აქვთ.
დღეს უკვე აშკარაა, რომ მმართველი ხელისუფლება სწორედ ამას ცდილობს და ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება, რაც საკმაოდ დიდი შვება იქნება დედაქალაქის მოსახლეობისთვის და მისი სტუმრებისთვის.
ამ შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებამდე, მივიღებთ მერს, რომელსაც მერის მხოლოდ სავარძელი ექნება დაკავებული და დოკუმენტებზე ხელმოწერის ფუნქცია დარჩება, საქმეს კი, მის გარშემო ხელისუფლების მიერ მობილიზებული ადამიანები გააკეთებენ.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ მოსახლეობისთვის არც ეს სცენარია ურიგო, რადგან მათთვის მთავარია საქმე ვინმემ მაინც გააკეთოს, ხოლო რაც შეეხება უკვე ბუტაფორიზებული მერის შენახვას, მოსახლეობას ამაზე პრეტენზია ტრადიციულად არ ექნება.
საერთოდ კი, ალბათ ყველაფერს სჯობს, ვინმე, თუნდაც ძალიან ავტორიტეტული და დამსახურებული პიროვნების რჩევა-რეკომენდაციის მიუხედავად, საარჩევნო ყუთებთან მისვლისას და მანამდეც, საზოგადოებამ თავად გააანალიზოს ამა თუ იმ კანდიდატის შესაძლებლობები და არჩევანი რეალურ ანალიტიკურ გათვლაზე და არა ზემოთნახსენები დამსახურებული პიროვნებების რეკომენდაციაზე გააკეთოს.

ალექსანდრე კაპანაძე



ბეჭდვა