სლავური უკრაინის კავკასიური ტრაგედია
სლავური უკრაინის კავკასიური ტრაგედია
14:30 16.12.2014
ობიექტური გამოკითხვის შემთხვევაში, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ტრაგიკულ ერად, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, ნამდვილად შეიძლება, რომ უკრაინა მივიჩნიოთ, რადგან მას დღეს, თავის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და კრიტიკული ეტაპი უდგას.
უფრო პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდი სახელმწიფო დღეს აღარ არსებობს, რადგან ტერიტორიების უდიდესი ნაწილი გაურკვეველი ვადით და დაბრუნების ასევე გაურკეველი პერსპექტივით დაკარგა.
ამ ყველაფერს წინ, გარკვეული მოვლენები უძღოდა, რაც სამწუხაროდ, უკრაინელი ერის შეცდომით დასრულდა, რაც მათ უამრავ მსხვერპლად და დაკარგულ ტერიტორიებად დაუჯდათ.
სამწუხაროდ, უკრაინელებს, საქართველოს სახით წინ მკაფიო მაგალითი ედოთ, თუმცა სამწუხაროდ, მათ ამ მაგალითის გააზრება და გათვალისწინება ვერ შეძლეს, ვერც 1992 წლის მაგალითის და ვერც 2008 წლის მაგალითის.
როდესაც 1992 წლის მაგალითზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა აქ აფხაზეთის მოვლენები იგულისხმება და დღეს, უკრაინის პრეზიდენტის მიერ ცეცეხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებები საოცრად ჰგავს სოჭის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ოფიციალურმა თბილისმა კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს თავისი ძირძველი ტერიტორიის დროებით დაკარგვად და ასეულ ათასობით დევნილად დაუჯდა.
რაც შეეხება 2008 წლის მაგალითს, უკრაინას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მსოფლიო მის ბედზე მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებოდა და არავითარ შემთხვევაში, რუსეთთან ღია დაპირისპირებაზე არ წავიდოდა.
როდესაც მაიდნის აქციები იწყებოდა, უკრაინელ პროტესტანტებთან ქეთრინ ეშტონი პირადად მივიდა და მათ ქაღალდის პაკეტით ღვეზელები დაურიგა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც უკრაინა ცეცხლის ალში გაეხვა, დასავლეთი, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში გააკეთა, უკანა პლანზე დადგა და მხოლოდ აღშფოთების შესახებ განცხადებებით შემოიფარგლა.
როგორც აღვნიშნეთ, სამწუხაროდ, უკრაინელმა ერმა ვერ გაითვალისწინა საქართველოს მაგალითი და დღეს სწორედ იმ შედეგებს იმკის, რაც საქართველომ თავისი გაუაზრებელი და პოლარიზებული საგარეო პოლიტიკის წყალობით მოიმკა.
მართალია უკრაინის შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში იყო და მათ რუსეთს ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესეს, მაგრამ ეს იმედის ყველაზე ნაკლებ საფუძველს იძლევა, რადგან ისეთი პოტენციალისა და მენტალიტეტის მქონე ქვეყანას, როგორიც რუსეთია, ეკონომიკური სანქციებით ნაკლებად თუ შეაშინებ.
ჯერ ერთი, რუსეთი დღეს ფლობს საკმაოდ ძლიერ ბერკეტებს, რათა ზემოქმედება მოახდინოს დასავლეთზე და თუ საქმე საქმეზე მიდგა, ის არანაკლებად დააზარალოს. აქ, რა თქმა უნდა ენერგოსექტორი, გაზი და ნავთობი იგულისხმება.
მეორეც, ეკონომიკური სანქციები ეფექტურიც რომ აღმოჩნდეს და რუსეთი ეკონომიკურად ჩამოიშალოს, მაინც ძალინ ნაკლებია შანსი იმისა, რომ დასავლეთმა თავის მიზანს მიაღწიოს და უფრო მეტიც, ძალიან ნაკლებია შანსი იმისა, რომ იგივე დასავლეთმა რუსეთის ეკონომიკური ჩამოშლა დაუშვას.
ასეთ შემთხვევაში, ხელ-ფეხი ეხსნება ჩინურ ეკონომიკას, რომელიც რუსული ბუფერის მოშლის შემდეგ დასავლეთამდე ძალიან მალე მიაღწევს და მეორე და უმთავრესი ფაქტორი: დასავლეთს მშიერი რუსეთი არ აწყობს, რადგან როგორც ცნობილია, დათვი გაცილებით უფრო საშიშია მშიერი, ვიდრე მაძღარი, ხოლო რუსული დათვის იარაღს ჯერ რომ ობი არ მოკიდებია, ეს დასავლეთის დაზვერვამ ალბათ ყველაზე კარგად იცის.
ასევე, ძალიან ნაკლებია შანსი იმისა, რომ დამშეული მოსახლეობა რუსეთის ხელისუფლებას აუმხედრდეს და ქვეყნის სტაბილურობა შიგნიდან შეარყიონ, რადგან, როგორც ისტორიულად ცნობილია, რუსი ერი ერთ-ერთი ყველაზე მომთმენი ერია მსოფლიოში და ის, სათანადო პროპაგანდის პირობებში, მხოლოდ ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილითაც იარსებებს და ამავდროულად მზად იქნება დიდი რუსეთის სახელით ტანკსაც კი შეუვარდეს ქვეშ.
ამის მაგალითი სულ რაღაც 60-ოდე წლის წინ იყო, როდესაც, ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებული საბჭოთა კავშირი, სადაც ხალხი შიმშილობდა, თავისი პოლიტიკის დიქტატს მსოფლიოს უდიდეს ნაწილზე მაინც ამყარებდა.
ასე, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის მიმართ, უფრო თავის მოტყუებას ჰგავს, ვიდრე რეალურ შედეგზე გათვლილ პოლიტიკას.
ამასობაში კი უკრაინა, რომელმაც ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა, სულ უფრო და უფრო მეტად ზარალდება.
სავარაუდოდ, ომის გარდა, უკრაინას კიდევ უფრო მეტად დააზარალებს ის საკადრო პოლიტიკა, რომელიც იქ, მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების დროს განხორციელდა და ხორციელდება, როდესაც ევროპის ყოფილმა უდიდესმა ქვეყანამ, მსოფლიოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობის წევრთა იმპორტირება დაიწყო.
აღარაფერს ვამბობთ იმ შეურაცხყოფაზე, რასაც ეს ნაბიჯი გულისხმობს, რადგან ქვეყანაში, სადაც ათეულობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანაში, რომელსაც უძლიერესი სამცენიერო სკოლა გააჩნია, სწავლულ და პატიოსან ხალხს უცხოეთში ეძებენ.
ნაკლები კომპეტანცია გვაქვს ვისაუბროთ უკრაინის მთავრობის წევრთა უცხოელ კადრებზე გარდა საქართველოდან მიწვეული კადრებისა, მაგრამ, თუ ამ კადრების საქართველოში მოღვაწეობის პერიოდს გავიხსენებთ და გავითვალისწინებთ, აქედანვე შეგვიძლია, რომ უკრაინას მივუსამძიმროთ.
დავიწყოთ საქართველოს ყოფილი და უკრაინის აჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრის სანდრო კვიტაშვილის კანდიდატურით:
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული სუბიექტი, მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრად მაინც კანონდარღვევით დანიშნულა, რადგან უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, იქ, ჯანდაცვის მინისტრად აუცილებლად ექიმი უნდა დაინიშნოს, ხოლო ყველას მოეხსენება, რომ კვიტაშვილი განათლებით ექიმი არ არის.
გარდა ამისა, საინტერესოა, რით დაგვამახსოვრა თავი მან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პირველი პირობისას და რას უკავშირდება მის მიერ გატარებული რეფორმები? უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი იყო ერთ-ერთი, იმ უსუსტეს და არაპროფესიონალ მინისტრთაგან გამორჩეული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ვერონიკა ქობალიას შემდეგ ჰყოლია.
სანდრო კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის ეპოქა ქართველ ხალხს ახსენდება საავადმყოფოების მასიური გაყიდვების ეპოქად და აგრეთვე, უფულო ხალხის საავადმყოფოს მისაღებში გარდაცვალების ეპოქად, ვინაიდან ხალხს, ვისაც სამკურალოდ განსაზღვრული ასტრონომიული თანხა არ გააჩნდა, მათ სამკურნალო დაწესებულების შიგნითაც კი არ აბიჯებინებდნენ და ამ უბედურთა აბსოლუტური უმრავლესობა უპატრონოდ იღუპებოდა.
ესაა სწორედ ის განმასხვავებელი ნიშა, რითაც კვიტაშვილმა ქართულ ჯანდაცვას თავი დაამახსოვრა.
რაც შეეხება კორუფციას, უნდა ითქვას, რომ სამედიცინო სფეროში აღებ-მიცემობა კვიტაშვილის დროსაც ისევე იყო „მოსული პონტი,“ როგორც შევარდნაძის დროს. ასე, რომ უკრაინის ახალი ჯანდაცვის მინისტრი ვერც თავისი შეუვალი და ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკური ბეგრაუნდით დაიკვეხნის.
ალექსანდრე კვიტაშვილის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი წარუმატებლობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც, როგორც ამბობენ, მისი კარიერა შეეწირა კიდეც.
საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს საეჭვო ფსიქიური მდგრადობის მქონე პრეზიდენტის ფრიად უცნაური ახირება 5-ლარიანი საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ.
რბილად რომ ვთქვათ, სააკაშვილის ჯიბის მედიასაშუალებების მიერ ფართოდ დაპიარებული ეს კამპანია, სამარცხვინოდ ჩაფლავდა და ე.წ. 5-ლარიანი საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების შემდეგაც, უპატრონო ხალხი ზუსტად ისევე იღუპებოდა საავამდყოფოს მისაღებში, როგორც ამ პროგრამის ამოქმედებამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ პროგრამის ჩავარდნამ განარისხა მიხეილ სააკაშვილი და მან სანდრო კვიტაშვილი თანამდებობიდან მოხსნა.
იბადება კითხვა, შეძლებს თუ არა სანდრო კვიტაშვილი საომარი მოქმედების 45-მილიონიან ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის აყვავებას მაშინ, როდესაც მან თავის მოღვაწეობა 4-მილიონიან საქართველოში, მშვიდობიანობის პერიოდში სამარცხვინოდ დაასრულა?
პასუხი ძნელად გამოსაცნობი არ არის.
რაც შეეხება უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე „შენაძენს,“ ეს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძეა.
ვანო მერაბიშვილის მოღვაწეობას ქართველი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და შესაბამისად, მისი მოადგილის შესახებ წარმოდგენის შექმნაც არ უნდა იყოს რთული, მაგრამ როგორ გაათავისუფლებს ეკა ზღულაძე უკრაინის „საბჭოთა მენტალიტეტის მილიციას“ არადემოკრატიული აზროვნებისგან, მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილის პოლიცია საკუთარ მოსახლეობას „მიშა-მიშას“ ძახილით დაუნობლად უსწორდებოდა, - ასევე ძნელი გამოსაცნობი არ არის.
საერთოდ კი, ეკა ზღულაძის მოღვაწეობა ქართველ ხალხს უპირველეს ყოვლისა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდიდან ახსოვს, მაშინ როცა ვანო მერაბიშვილი საეჭვოდ იყო გაუჩინარებული, ხოლო ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ბრიფინგებს სწორედ ზღულაძე მართავდა.
ხალხს ახსოვს ეკა ზღულაძის ბედნიერი სახით გამოსვლა აგვისტოს ომის დროს, როდესაც მან ქვეყანას აუწყა, რომ მტერი თბილისისკენ აღარ მოდის და ორჭოსანთან აუხვიაო, თითქოს ორჭოსანი გადამთიელების მიწა ყოფილიყოს.
ასე, რომ საქართველოს მაგალითების გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად შეიძლება მივუსამძიმროთ და თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომლის თანახმადაც სააკაშვილი უკრაინის გენპროკურორად უნდა დაინიშნოს, მაშინ ჩვენს მეზობელ ქვეყანას სამძიმარიც ვერაფერს უშველის და სჯობს, რომ მისმა მოსახლეობამ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის ძიება ახლავე დაიწყოს.
და მაინც, რატომ დასჭირდა უკრაინას, რომ თავის უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოეწვია პირები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში რბილად რომ ვთქვათ, წარმატებით და პოპულარობით ვერ დაიკვეხნიდნენ?
არის თუ არა ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა დასავლეთის იმ ქვეყნებში, რომელთა რეკომენდაციებითაც პოროშენკო მოქმედებს?
რა თქმა უნდა არა, ვინაიდან დასავლეთში ყველაფერი კარგად იციან, მათ შორის ზღულაძისა და კვიტაშვილის ეფექტურობის შესახებაც.
უბრალოდ, დასავლეთს და პოროშენკოს, უცხოელი მინისტრებისა თუ მინისტრის მოადგილეების სახით, უკრაინელ ხალხში იმედის დანერგვა სჭირდება, რომ ეს ადამიანები ყველაფერს სასიკეთოდ შეცვლიან.
სხვანაირად ამ ფენომენს, „სეთურის იმედის“ ფენომენი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც არასდროს განხორციელდება, მაგრამ ხალხს მის მიმართ რწმენა და მოლოდინი მაინც აქვს.
გარდა ამისა, დასავლეთს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის, როგორც თავისი პროექტის „გაპრავება“ და უკრაინაში სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნით იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მისი „წარმატებული მინისტრები“ სხვა ქვეყანაშიც დაფასებულები არიან.
სავარაუდოდ, უკრაინის დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი, თავის მოღვაწეობას, არცთუ შორეულ მომავალში კრახით დაასრულებს, ხოლო დაზარალებული, რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ უკრაინელი ხალხი დარჩება.
და ბოლოს, არის თუ არა დამნაშავე საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომ დღეს საქართველოდან იმ რეჟიმის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ექსპორტი ხდება, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი?
რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება ამაში დამნაშავეა, ვინაიდან მან ვერ ან არ მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმაციული უზრუნველყოფა იმის შესახებ, თუ რასთან გვქონდა საქმე სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ხოლო დღეს ძახილი იმისა, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე სააკაშვილის კადრების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე დადებითად არ აისახებაო, - უკვე ნაკლებად პროდუქტიულია.
და ბოლოს, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის განცხადების შესახებ, რომ, თუ უკრაინაში თანმამდებობებზე ის პირები დაინიშნებიან, ვისაც ქართული მართლმსაჯულება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულების გამო ეძებს, - მაშინ ჩვენ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდეც უნდა მივიდეთ:
არის თუ არა რეალური ეს განცხადება და უნდა ეყოს თუ არა გამბედაობა ხელისუფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს ნაბიჯი გადადგას?
რა თქმა უნდა ეს წინადადება რეალურია და თუ უკრაინის ხელისუფლება, მართლაც მიიღებს გადაწყვეტილებას თანამდებობებზე იმ ადამიანების დანიშვნის შესახებ, ვისაც ქართველი სამართალდამცველები ეძებენ, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა იგნორირებას უწევს ქართულ მართლმსაჯულებას და შესაბამისად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ არც დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაზე უნდა დაიხიოს უკან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობა და მართლდება დასავლეთის მიერ ტირაჟირებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს.
როგორ განვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, მანამ, უმჯობესი იქნებოდა, რომ უკრაინელებს ცოტა უფრო უკეთ შეესწავლათ საქართველოს უახლოესი 10 წლის ისტორია და გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენი ქვეყნის მაგალითებითაც ეხელმძღვანელათ. ამით ისინი მხოლოდ მოიგებდნენ.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა