ახალი პოლიტიკური რეალობის კონტურები
ახალი პოლიტიკური რეალობის კონტურები
14:33 04.11.2014
როგორც მოსალოდნელი იყო, კოალიცია „ქართული ოცნება,“ რომელიც უკვე ორ წელზე მეტია ხელისუფლების სათავეშია, სავარაუდოდ ერთობას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს და ქვეყნის პოლიტიკურ დაფაზე სრულიად ახალ რეალობას ვიხილავთ.
როდესაც ვამბობთ, რომ კოალიციის დაშლა მოსალოდნელი იყო, იგულისხმება ამ გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების სპექტრი, პოლიტიკური პლატფორმები და ამ პარტიათა ლიდერების ბეგრაუნდები.
არც ისაა საიდუმლო და უკვე ძალიან ბევრჯერ თქმულა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე, ამ პარტიათა ერთობა და მითუმეტეს ხელისუფლებაში მოსვლა, წარმოუდგენელზე წარმოუდგენელი იყო.
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, რამდენიმე კვირაში მან ის პარტიებიც დაასახელა, რომლებთან ერთადაც ის სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას გეგმავდა.
ფაქტია, რომ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კოალიციის მთავარ პოლიტიკურ ძალებად რესპუბლიკელებსა და ალასანიას გუნდს დაასახელებდა, რადგან მიუხედავად მათი ოპოზიციაში ყოფნისა, სწორედ ეს პოლიტიკური ძალები იყვნენ შემჩნეული სააკაშვილის რეჟიმთან ყველაზე მეტ შეხმატკბილებულობაში, ხოლო პოლიტიკური ძალების ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ნაციონალურ რეჟიმს რეალურად ებრძოდა, ივანიშვილმა იმ „შუებს“ შორის მოაქცია, რომლებიც „უნდა გაკრეფილიყვნენ.“
არც მაშინ და მითუმეტეს არც დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ რატომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი 2011 წელს რეპუბლიკელებსა და ალასანიას გუნდზე.
აღნიშნული პოლიტიკური ძალები ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც, პროდასავლურ ძალებად მოიაზრებოდნენ და თავისი ნაბიჯით, ივანიშვილმა კითხვის ნიშანს, ხომ არ იყო ის რუსეთისგან მართული, - ხაზი გადაუსვა.
მოგვიანებით კოალიციაში ვიხილეთ კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი და სხვა პოლიტიკური პარტიები. ამის შედეგად კი, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ,“ რომელსაც თავის მხრივ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ დაემატა, - კიდევ უფრო ჭრელი სახე მიიღო.
თუმცა არც ის ფაქტი, რომ ალასანიას პარტია და რესპუბლიკელები ორივე მკვეთრად პროდასავლურ ძალებად მოიაზრებიან, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბევრი საერთო ფასეულობა აქვთ, გარდა საგარეო კურსის გენერალური მიმართულებისა.
ასე, რომ კოალიციის ერთიანობა რომ დიდხანს ვერ გასტანდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო და გასაკვირი ის უფროა, როგორ შეძლო აღნიშნულმა კოალიციამ ორი წლის განმავლობაში ერთიანობის შენარჩუნება.
კოალიციის ერთიანობაზე პირველი და სავარაუდოდ გადამწყვეტი დარტყმაც, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება შეიძლება აღმოჩნდეს.
იმ შემთხვევაში, თუ მათ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ფაქტი ნამდვილად დაუდგინდათ და ხელისუფლებამ შეძლო და ეს ყველაფერი საზოგადოებამდე სათანადოდ მიიტანა, მაშინ აღნიშნული ფაქტი ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის მიმართ სერიოზული დარტყმა იქნება, თუმცა უსუსტესი პიარის პირობებში, გამორიცხული არ არის, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, წამებულების მანტიით შეიმოსონ, მითუმეტეს, რომ მინისტრმა ალასანიამ, ჩაგვრასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა.
იმ შემთხვევაში კი, თუ ბრალის დამტკიცება ვერ მოხერხდა, ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პირველ რიგში, მთავარი პროკურატურის მიმართ ნდობის საკითხზე გამანადგურებლად იმოქმედებს, რაც სხვათა შორის, ყვირილის საფუძველს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მისცემს.
ასე თუ ისე, დღეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ის „უსიამოვნო საუბარი,“ რომელიც ირაკლი ალასანიას თქმითვე, მას ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების წინ ჰქონდა, [ალასანიას ამ თანამდებობაზე კოალიციის მხრიდან კენჭისყრა თავად უნდოდა] დღესაც გრძელდება, ოღონდ ალასანიასა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორის ფორმატში.
საგულისხმოა ისიც, რომ ამ კვირაში, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაცაა დაგეგმილი, სადაც სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ისევ ირაკლი ალასანია დასახელდება და აირჩევა კიდეც.
ეს კი მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ ალასანიას პარტია თავისი თამაშის დასაწყებად ემზადება, ან მინიმუმ, პრევენციას მიმართავს რათა შემდგომში ცაიტნოტში არ აღმოჩნდეს.
რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებისა, რომ რესპუბლიკელები კოალიციას ბოლოს დატოვებენო, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ამ პარტიამ პოლიტიკური გემის კაპიტნობა ბოლომდე შეძლოს. მითუმეტეს, რომ გასულ კვირაში რესპუბლიკელებისგან კოალიციის მისამართით საკმაოდ მკვეთრი და ყურადსაღები გზავნილები წამოვიდა.
როგორც პარტიის ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, რესპუბლიკები „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, კოალიციის მოდერნიზაციას სთავაზობენ, რისი განხორციელების შემთხვევაშიც, კოალიცია მუშაობას აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში გააგრძელებს და ერთი გუნდის პრინციპიც საკმაოდ გადაიწევს ბოლო პლანისკენ.
რესპუბლიკელების ინიციატივით, კოალიცია კვლავ ძველებურად დარჩება გაერთიანებად, უბრალოდ იქ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს საკუთარი პოზიციის, თუნდაც ის გენერალური ხაზისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყოს, ხმამაღლა გამოთქმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ამ მოდელის თანახმად, კოალიცია ერთიანობას მხოლოდ იმ მომენტებში შეინაჩუნებს, როცა მასში შემავალი ყველა სუბიექტის ინტერესი დაემთხვევა ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გამორიცხული არ არის, რომ მათ შორის მკვეთრი ოპონირების მაგალითებიც ვიხილოთ.
კოალიციის შესანარჩუნებლად, დღეს შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკელების მოდელი ყველაზე გამართლებული იქნება მაგრამ ამ მოდელს, პარტია „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი გაგრძელებაც შეიძლება მოჰყვეს.
დღეს არავინ უარყოფს, რომ თავად პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ საკმაოდ სუსტი პოლიტიკური წარმონაქმნია და მის გაძლიერებას ჯერჯერობით ხელი ვერც პრემიერის თავმჯდომარეობამ, ვერც ვიცე-პრემიერის გენერალურმა მდივნობამ და ვერც ჯანყარაშვილის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნამ შეუწყო.
ანუ ეს პარტია თავიდანაა ასაშენებელი, მოსაზიდია ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი, ასაწყობია სტრუქტურა, გამოსაკვეთი და საზოგადოებამდე მისატანია პლატფორმა, რაც დამეთანხმებით ადვილი საქმე სულაც არაა და საკმაო დროსაც მოითხოვს.
აქედან გამომდინარე, თუ კოალიციაში რესპუბლიკელების მოდელი ამუშავდება, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ორ წელიწადში, კოალიციაში შემავალი პარტიები არა იმდენად კოალიციის საქმიანობის წარმოჩენაზე, არამედ საკუთარი პარტიების გაძლიერებაზე იმუშავებენ და მათ პრაქტიკულად, წინასაარჩევნო რეჟიმში გადაიყვანენ.
ამ შემთხვევაში კი, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, განვითარების კუთხით მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება და საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვების პერსპექტივაც არცთუ მაღალი ექნება.
საგულისხმოა აგრეთვე არასაპარლამენტო ოპოზიციის ფაქტორიც, რომლის წარმომადგენლებიც, კონკრეტულად კი ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ მნიშვნელოვნად ძლიერდება და თავისი პოზიციის გამო, საზოგადოებაში რეიტინგსაც კრებს.
გარდა ამისა, იზრდება „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგიც. ეს ფაქტორები კი, მომავალი პოლიტიკური რუკის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობაც,“ რომელსაც ხელისუფლებამ რეინკარნაციისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნა და როგორი არასასიამოვნოდ მოსასმენიც არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, მათი რეიტინგი და ზოგ შემტხვევაში კი საზოგადოებაში მათდამი ნოსტალგიის გრძნობა იზრდება.
ისევ რესპუბლიკელებს რომ დავუბრუნდეთ: მართალია მათ ინიციატივას კოალიციის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით ღიად არავინ გამოხმაურებია, მარამ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რესპუბლიკელებს ეს დიდად არც აინტერესებდათ და მათ პრაქტიკულად, განცხადების გაკეთების დღესვე დაიწყეს თავიანთი მოდელის ამოქმედება.
ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ დავით ბერძენიშვილმა დედაქალაქის მერი ღიად გააკრიტიკა და უფრო მეტიც, არც პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწონა პრემიერ-მინისტრს ე.წ. მოსმენების გასაღების შესახებ გაკეთებული განცხადება.
ასევე, ცალკე თემაა პრეზიდენტის ფაქტორიც, რომელიც პლასტელინობიდან უფრო მყარ ნივთიერებად გადაიქცა და აშკარად საკუთარ თამაშს თამაშობს, ხოლო ვის ინტერესებთან აღმოჩნდება საბოლოოდ თანხვედრაში მარგველაშვილის თამაში, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე ძალიან ძნელია.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თემას, მოსმენების შესახებ ე.წ. გასაღებს, ის კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ როგორ არ არის ერთსულოვნება მმართველ გუნდში, მათ შორის არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ პრეზიდენტის ქმედებაზე.
ზოგადად, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მობილური ოპერატორების ხელში ამ ე.წ. გასაღების გადაცემა არ შეიძლებოდა, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედი სამივე მობილური ოპერატორი უცხო ქვეყნის ბიზნესის მიერააა დაფუძნებული, ხოლო მსხვილი ბიზნესის მიერ მისი ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი, დღევანდელ მსოფლიოში ისეა გავრცელებული, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში ერთმანეთისადმი უნდობლობა.
მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში არსებული უთანხმოება და განსხვავებული პოზიციები უკვე არათუ თვალშისაცემი, არამედ სააშკარაოზეც კია გამოტანილი, სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულამდე, პროცესები აქტიურ სახეს არ მიიღებს, თუ რა თქმა უნდა მანამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ შეძლო და 15 ნოემბერს დაანონსებული აქციით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის იმიტაცია არ შექმნა. ასეთ შემთხვევაში კი, საქართველოს ხელისუფლებას და უპირველეს ყოვლისა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩატარება მოუწევს, რათა ერთის მხრივ არ დაუშვას მართლწესრიგის დარღვევა, მეორეს მხრივ კი, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა.
სავარაუდოდ, ქართული პოლიცია ამას 15 ნოემბერსაც შეძლებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ექნება ისეთ პროვოკაციებს, რაც საფრთხეს შეუქმნის სტაბილურობას, ადამიანის ან თუნდაც საკუთრების უფლების ხელყოფას, პოლიციამ კანონის სრული დაცვით უნდა იმოქმედოს და სიტუაციის კონტროლის სადავეები ხელიდან არ უნდა გაუშვას, თუნდაც ამისთვის კანონით განსაზღვრული ქმედებების ყველაზე რთული ფორმების გამოყენებაც გახდეს საჭირო.

ალექსანდრე კაპანაძე


ბეჭდვა