უპურო სანახაობის მანკიერი ტრადიცია ანუ ზეიმების ქვეყანა
უპურო სანახაობის მანკიერი ტრადიცია ანუ ზეიმების ქვეყანა
14:37 30.06.2014
ფორმულა - „პური და სანახაობა“ მთელ მსოფლიოში ალბათ ისე არცერთი ქვეყნის საზოგადოებაზე არ ჭრის, როგორც ეს საქართველოში ხდება.
თუ კარგად შევფუთავთ, ქართველ კაცს შეიძლება წაგებული ომის მოგებაც კი ვაზეიმებინოთ, თანაც ისე, რომ მხოლოდ სანახაობით დაკმაყოფილდეს.
ჩვენი საზოგადოების ეს სისუსტე, (თუმცა ამას სისუსტე ალბათ ყველაზე ნაკლებად ეწოდება) ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ის, ჭრელად შეღებილი ფასადების, ჩამოწერილი მომღერლების საქართველოში ჩამოყვანისა და ბრჭყვიალა და უხარისხო შენობების აშენების გზით, ხალხის მართვას მშვენივრად ახერხებდა.
მიხეილ სააკაშვილის დროს ზეიმი იყო ყველაფერი, დაწყებული ბუშის ჩამოსვლით, დამთავრებული მსოფლიო ჩემპიონატით, როდესაც მისი ხელდასმით, სწორედ სანახაობისთვის, ტრინიდადი და ტობაგოს გუნდის ფანკლუბსაც კი ქმნიდნენ.
გაცილებით ნაკლები იყო სანახაობა ედუარდ შევარდნაძის დროს, როცა ერთჯერად ბრჭყვიალა პიარ-აქციებში ფული არ თუ ვერ იხარჯებოდა.
რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, რომ მან წინა ხელისუფლების ტრადიცია სანახაობის შექმნის მიმართულებით წარმატებით გააგრძელა, რისი ეფექტიც მხოლოდ და მხოლოდ, ხალხში მოკლევადიანი იმედის გაჩენაა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ასეთი სანახაობები საზოგადოების აგრესიას იწვევს, რის შესაკავებლადაც დღის წესრიგში, მმართველობის სტილში ავტორიტარიზმის ელემენტების შემოტანის აუცილებლობა დგება.
მოვლენათა მსგავსი განვითარებისგან საქართველო ღმერთმა დაიფაროს, რადგან ამ კინოს სრულიად ქართველმა საზოგადოებამ 9 წლის მანძილზე უყურა და მისი განმეორებით ხილვის სურვილი, რა გასაკვირია, რომ აღარ გააჩნდეს.
ახალი ხელისუფლების მიერ სააკაშვილის მმართველობის სტილზე გადასვლა ნამდვილად წარმოუდგენელია, თუმცა ის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით მან საზოგადოებაში იმაზე დიდი მოლოდინი შექმნა, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო და ხელმოწერა აშკარად გადაჭარბებულად იზეიმა, - ფაქტია.
დავიწყოთ იქედან, რომ თავად ასოცირების შესახებ ხელშეკრულება არაფერს არ ნიშნავს და ევროკავშირთან მართლაც მისაახლოებლად, ძირითადი ბრძოლა და შრომა ახლა იწყება.
ევროკავშირი არ არის ნატვრისთვალი ან ჯადოსნური სასახლე, სადაც ყველაფერი უშრომლად და ხელის გაუნძრევლად მოდის.
ევროკავშირთან მისაახლოებლადაც კი, რასაც მინიმუმ რამდენიმე წელი დასჭირდება, საქართველოს, ურთულესი პერიოდის გავლა მოუწევს, რათა თავისი სტრუქტურები და კანონმდებლობა ამ ორგანიზაციის სტანდარტებზე გადააწყოს.
აღნიშნული გადაწყობის პროცესი ავტომატურად, ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებსაც ითვალისწინებს, რომ იგივე საზოგადოებამ, რომელიც 27 ივნისს ხელშეკრულების ხელმოწერას თავდავიწყებით ზეიმობდა, შეიძლება ვერ გაიგოს და თავადვე წავიდეს ამის წინააღმდეგი.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომელიც დღესდღეობით, საქართველოს ეკონომიკითაც და სამხედრო ძლიერებითაც ბევრად აღემატება, აგერ უკვე 51 წელია ევროკავშირის ასოცირებული წევრია და ამ ორგანიზაციის სრულუფლებიან სუბიექტობას აქამდე ვერ ეღირსა.
თურქეთი თავის რიგებში მიიღო ისეთმა გაერთიანებამ, როგორიც არის ნატო, მაგრამ არ მიიღო ევროკავშირმა.
ამ ლოგიკით, ევროკავშირს, ნატოზე მეტი მოთხოვნები და მკაცრი სტანდარტები აქვს, არადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც თავისი პრინციპული მოთხოვნებით გამოირჩევა.
აღარაფერს ვამბობ იმ პოტენციურ საფრთხეზე, რაც ქვეყანას რუსეთისგან ემუქრება და გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან დიდი თუ პატარა პროვოკაციები მრავლად ვიხილოთ.
რაღა თქმა უნდა, ევროკავშირთან ასოცირებას უზარმაზარი პოზიტიური დატვირთვა აქვს და ის ნამდვილად წარმოადგენს ქვეყნის განვითარების გზაზე გადადგმულ უზარმაზარ ნაბიჯს, მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მხოლოდ პერსპექტივაშია, ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველაფერს კარგად შევასრულებთ და შეცდომას არ დავუშვებთ, ევროკავშირთან ასოცირების დადებით შედეგებს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოვიმკით.
თუ საქართველო შეძლებს, რომ თავისი სახელმწიფო სტრუქტურები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მომართოს და სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა უზრუნველყოს, ეს ნიშნავს, რომ შედარებით იაფი მუშახელის ფაქტორის გამო, დასავლელმა მსხვილმა მეწარმეებმა თავიანთი წარმოება, შესაძლოა საქართველოში გახსნილი საწარმოების ხარჯზე გააფართოვონ ან სულაც თავიანთი წარმოება საქართველოში გადმოიტანონ. სათანადო მოქმედების შემთხვევაში, საქართველოში ინვესტიციების მკვეთრი ზრდაც გარდაუვალია, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ეს უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ თუ მოხდება.
იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებაც. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს ევრობაზარზე რამდენიმე ათასი სახეობის პროდუქტის გატანა შეუძლია, მაგრამ აქ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ათასობით სახეობის პროდუქტიდან ჩვენი ქვეყანა მხოლოდ რამდენიმეს თუ აწარმოებს, მათგან კი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი მხოლოდ ერთი ან ორი სახეობის პროდუქტია, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში, ურთულესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. დღევანდელი ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც მოგეხსენებათ რეკლამაა, რომელიც დასავლეთში ძალიან ძვირი ღირს. სათანადო სარეკლამო კამპანიის გარეშე კი, ევროპასა და ამერიკაში ოქროსაც კი ვერ გაყიდი.
რამდენად შეძლებს ქართული პროდუქცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ევროპის ბაზარზე გავა, კონკურენციის დაძლევას, -ეს ცალკე საკითხია.
რა თქმა უნდა, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოსთვის ღია იქნება ევროპის ბაზარი, ნელ-ნელა ჩვენთანაც შემოვა თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიები, რაც სათანადო სტანდარტის პროდუქციის გამოშვებას უზრუნველყოფს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერს წლები სჭირდება.
გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილმა პროდუქციამ, ისედაც ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ჩვენი სამამულო წარმოება კიდევ უფრო დააზარალოს.
აღარაფერს ვამბობ ეგრეთწოდებულ „უვიზო მიმოსვლაზე,“ რომელიც როგორც ამბობენ, შეიძლება მომავალი წლიდანაც კი ამოქმედდეს.
ევროკავშირის უმთავრესი მოთხოვნა თავისი წევრებისა და პოტენციური წევრების მიმართ, სწორედ საზღვრების მაქსიმალური კონტროლია. საზღვრის დაცვა კი, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, თუნდაც ის კუნძულოვანი იყოს, ძალიან ძვირი ჯდება, აღარაფერს ვამბობ კონტინენტურ სახელმწიფოებზე.
დღეს საქართველო მიეკუთვნება მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების რიცხვს, საიდანაც დასავლეთში, მათთვის არასასურველი პერსონების გადასვლის საფრთხე დიდია.
გარდა ამისა, საქართველოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან უმარტივესი სავიზო რეჟიმი აქვს და ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაც უმარტივესი პროცედურაა.
ანუ არსებობს საფრთხე, რომ არასასურველმა პირმა, ადვილი გზით მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში მოხვდეს.
ეხლა რომ ვიანგარიშოთ, თუ რამდენი დრო და ფული დასჭირდება საზღვრის კონტროლის სათანადო სიმაღლეზე აყვანას და რამდენი ხანი დაჭირდება სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება - მიღებას, აღმოვაჩენთ, რომ ეს არცთუ მცირე დროა.
არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების წინ, ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სათანადო ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი თავშესაფრებიც, სადაც, მესამე ქვეყნიდან ევროკავშირში გადასულ და შემდეგ გამოდეპორტებულ პირებს მოვათავსებთ და სანამ მათ წარმომავლობასა და სამშობლოს დავადგენთ, უნდა მოვუაროთ და შევინახოთ.
ამ ყველაფერს კი ისევ და ისევ ფული და დრო სჭირდება.
ასე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, გააჩნია თავისი როგორც ნათელი, ასევე ჩრდილოვანი მხარეები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ უცდია ამ დეტალებზე საზოგადოებისთვის საინფორმაციო ხასიათის პოლიტიკა გაეტარებინა და ხალხსაც უფრო კონკრეტულად გაეგო აღნიშნული მხარეების შესახებ.
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამას დღესაც, ხელმოწერის შემდეგაც არ ცდილობს.
არადა, იმავე ხელისუფლების დახმარებით, საზოგადოებაში უკვე კარგა ხანია შექმნილია აზრი, რომ ჩვენი მყისიერი ხსნა მხოლოდ ევროკავშირშია და მხოლოდ ევროკავშირი გადაგვარჩენს.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება 27 ივნისს სასოებით მოელოდა და ბევრი მათგანი შესაძლოა ფიქრობდა კიდეც, რომ უკვე 28 ივნისს საქართველოში სხვანაირი მზე ამოანათებდა.
იგივე საზოგადოება დღეს იმ იმედით ცხოვრობს, რომ ასოცირების ტკბილ და პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე იგრძნობს, მაგრამ ეს იმედი სულ რამდენიმე თვეში მათ იმედგაცრუებით შეეცვლებათ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ ასოცირებას მყისიერი დადებითი შედეგი არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება.
იმედგაცრუებას როგორც წესი აგრესია მოჰყვება ხოლმე, აგრესიის ობიექტი კი, რა გასაკვირია, რომ ხელისუფლება იქნება. შესაბამისად, იმ გადაჭარბებული მოლოდინის შექმნითა და იმ გადამეტებული ზეიმით, რისი უზრუნველყოფაც ხელისუფლებამ მოახდინა, საკუთარი თავისთვის საზიანო ქმედება ჩაიდინა, რადგან სულ რაღაც რამდენიმე თვეში ის მიიღებს ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს დაპირებული ელდორადოს მიუღებლობის გამო.
ასე, რომ სანახაობით, დაპირებებითა და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნით ხალხის მართვას სჯობს მათ კარგად ავუხსნათ ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ გადადგა, ვალაპარაკოთ სპეციალისტები ამ ნაბიჯის ავისა და კარგის შესახებ, რათა საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს და ასეთ შემთხვევაში, მათ მიერ ხელისუფლებისადმი გამოვლენილი აგრესიის მაჩვენებელიც მკვეთრად შემცირდება.
დღეს კი, სამწუხაროდ ისეთ სურათს ვიღებთ, რაც ამ მიდგომასთან ახლოსაც კი ვერ მივა და უფრო მეტიც, რაც ასოცირების ხელმოწერის წინ ჩვენმა ერთ-ერთმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა იკადრა, დემაგოგიით განთქმულ მიხეილ სააკაშვილსაც კი შეშურდებოდა.
კონკრეტულად კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირის განცხადების საპასუხოდ, სადაც ის ამბობდა, რომ რუსეთი საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ბაზრის ინტერესებს დაიცავსო, ალექსი პეტრიაშვილმა დაახლოებით განაცხადა, რომ ლავროვის და მისთანების მსგავსი გამონათქვამები ანგარიშში ჩასაგდებიც კი არ არის, რადგან ჩვენთვის ამიერიდან უკვე ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი იხსნებაო.
ყველა-ყველა და ალექსი პეტრიაშვილმა სხვებზე კარგად უნდა იცოდეს, თუ რამდენი დრო და მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ქართველი მეწარმეებისთვის აღნიშნული 500 მილიონიანი ბაზარი დე-ფაქტოდაც გაიხსნას და მსგავსი იაფფასიანი და პოპულისტური დაპირებებით ხელისუფლება ხანგრძლივ პერსპექტივაში მოგებული ნამდვილად არ დარჩება. სწორედ ასეთმა, ერთი შეხედვით, უწყინარმა დემაგოგიამ და გაზვიადებული პერსპექტივების დახატვამ მიიყვანა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი იმ დონემდე, რა დონეზეც ისინი ახლა არიან და მათი სტილი საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაქტი, რომ დღეს საქართველო ევროკავშირთანაა ასოცირებული, უდავოდ უმნიშვნელოვანესია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის, მაგრამ არც ის იქნებოდა უპრიანი, თუ ხალხს ავუხსნიდით, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა და ამ სწრაფვის პოზიტიური შედეგი, უფრო მეტად მომავალი თაობის კეთილდღეობაზეა გათვლილი და მისგან ერთ კვირაში, ან თუნდაც ერთ და ორ წელში, საგრძნობი სარგებლის მოტანას არ უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს, ამ კუთხით, მთავრობის ქმედებას გადაჭარბებული მოლოდინებისა და ზეიმების შესახებ, გამართლებაც შეიძლება მოვუძებნოთ, რადგან ეს ქართველ ხალხში კარგად გაყიდვადი ვირტუალური პროდუქტია.
სამწუხაროდ, ქართველი ხალხი, განსაკუთრებით სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში, მხოლოდ პურით და სანახაობით კმაყოფილებას შეეჩვია და ბოლოს იქამდეც კი „განვითარდა“, რომ მას ბედნიერებისთვის პურიც აღარ სჭირდება და მხოლოდ სანახაობითაც იოლად გადის.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა