საქართველო 15 ივნისის შემდეგ
საქართველო 15 ივნისის შემდეგ
13:01 09.06.2014
სულ რამდენიმე დღეში, ქვეყნის თვითმმართველ ერთეულებს ახალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელმძღვანელობა ეყოლება.
თუ დღემდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პერიფერიულ დონეზე ცენტრალური ხელისუფლების გამყარებასა და კონტროლის დაწესებას გულისხმობდა, დღეს შეიძლება სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და ქართველმა ხალხმა ჩანასახოვან დონეზე მაინც გაუგოს გემო რეალურ თვითმმართველობას.
ამის საფუძველი არსებობს, თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ ხალხზეა დამოკიდებული.
დღეს ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან, საარჩევნო გარემო ქვეყანაში გაცილებით უფრო თავისუფალია, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, ხელისუფლება და პოლიტიზირებული პოლიცია, ქუჩაში სასაცილო ბრალდებებით აღარ აკავებს, ხოლო ხელისუფლების ზონდერები მათ ფიზიკურად აღარ უსწორდებიან.
ამასთან, გარკვეულწილად შიშის ფაქტორიც მოიხსნა და თუ აქამდე, შიშის სინდრომს ბრმად დამორჩილებულ მოსახლეობის ნაწილს სწამდა, რომ „ყოვლისშემძლე მიშა და ვანო“, მათ მიერ შემოხაზულ ბიულეტენს საარჩევნო ჯიხურის ფარდის მიღმაც ხედავდნენ, დღეს ეს ასე ნამდვილად აღარ არის და თუ შიშის ფაქტორი მაინც არსებობს, ეს მხოლოდ ინერციით გამოყოლილი გრძნობაა.
დღეს ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოთქვან ასევე თავიანთი აზრი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რაც, როგორც გასულმა 9 წელმა დაგვანახა, თურმე უბრალო საქმე სულაც არ ყოფილა, თუმცა ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი არ ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია უკვე ყვავის და არც არჩევნების შედეგებში არ შეიძლება ეჭვის შეტანა.
არჩევნების შედეგებში და საზოგადოების განწყობასთან მისი ჰარმონიაში ყოფნის კუთხით, ეჭვის შეტანა პირველ რიგში ისევ და ისევ იმ საარჩევნო კანონმდებლობის გამო შეიძლება, რომელიც თავის დროზე ნაციონალებმა საკუთარ მმართველობას მოარგეს და რომელსაც, დღეს ხელისუფლებაში მყოფ ძალთა უმრავლესობა, თავის დროზე კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევდა.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, დღესაც, ხელისუფლების ცვლილებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, არჩევნებს ისევ იმ კანონმდებლობით ვატარებთ, რომელიც ნაციონალებმა ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების მიზნით შეიმუშავეს და რომლის შეცვლაზეც, აწ უკვე ხელისუფლებაში მყოფ იმ ძალებს არც კი უფიქრიათ, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, თავის დროზე ამ კანონმდებლობას დიქტატურისა და ავტორიტარიზმის პირდაპირ გამოვლინებად აფასებდნენ.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, იკვეთება ფაქტები ზოგიერთი კანდიდატის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ეს ძალიან ცუდი ტენდენციის გაგრძელების საფუძველი შეიძლება გახდეს. იმ ტენდენციისა, რომლის წყალობითაც, ქვეყანა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ ცხოვრობდა.
მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან კონკრეტული ეჭვი, კონკრეტულ რაიონებში, კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რის გამოც მათმა უმრავლესობამ თავიანთი კანდიდატურები მოხსნა, აქ სახელმწიფო, თუ მას მართლაც დემოკრატიული მმართველობის დამყარება სურს, ძალიან სერიოზულად უნდა ჩაერიოს და სკულპულოზურად გამოიძიოს ყველა ის საქმე, სადაც ზეწოლის შესახებ თუნდაც იოტისოდენა ეჭვის საფუძველი მაინც არსებობს.
სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების მხრიდან დღეს ამის ნებას ვერ ვხედავთ.
ასე, რომ საუბარი სამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე და ისიც მტკიცებით ფორმაში, გამართლებული ნამდვილად არ იქნება.
რაც შეეხება ქვეყნის წინასაარჩევნო შიდაპოლიტიკურ დაფას, მან ბოლო პერიოდში საკმაო ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა და ძლიერი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები ქვეყანაში სამწუხაროდ დღესაც თითზე ჩამოსათვლელია.
ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დღესაც სამი ძირითადი პოლიტიკური ძალაა გამოკვეთილი, რომელთა შორისაც, სავარაუდოდ, საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართება.
ეს ძალები არიან კოალიცია „ქართული ოცნება“, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია.“
ამ სამი ძალიდან კი, რაღა თქმა უნდა, უდავო ფავორიტი სახელისუფლებო კოალიცაა, ვინაიდან ხალხს მის მიმართ, უფრო სწორად მისი ყოფილი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ შემორჩა მადლიერების განცდა ქვეყნის ავტორიტარიზმისგან გათავისუფლების გამო, აგრეთვე, ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი და მათ შორის უპირველესად პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი სიმპათიით სარგებლობს. ეს სიმპათია იმდენად დიდია, რომ ახერხებს საზოგადოებაში არსებული იმ ანტიპათიის გადაძალვას, რომელიც მათ რესპუბლიკელებისა და ალასანიას პარტიის წარმომადგენლების მიმართ აქვთ.
ამასთან, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ დაძლევს ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ხმა ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა მისცეს, ვინაიდან მას კვლავ ხელისუფლების მსახურად მიაჩნია თავი და არა პირიქით. ამ ლოგიკით, რა თქმა უნდა, მას შეჩვეული ჭირი ურჩევნია.
ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსიც, რომლის დიდი ნაწილიც, ასევე ინერციით, თავს ვალდებულად თვლის არჩევნებში მხარი იმ ძალას დაუჭიროს, რომელი ძალაც ხელისუფლებაშია, ხოლო თუ ამ ფსიქოლოგიას ხელისუფლების მხრიდან თუნდაც ოდნავ და თუნდაც შეფარულ ზეწოლის ან მითითების ტექსტს წავახმართ, გამოდის, რომ ადმინისტრაციული რესურსი ისევ მმართველი ძალის მხარეს იქნება.
ამასთან, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მხარს მმართველ ძალას გულწრფელად უჭერენ და ყველაზე მეტად გასაგები და მისაღები სწორედ მათი პოზიციაა, რადგან მათი არჩევანი ანგარებით არაა განპირობებული.
ესაა ის ფაქტორები, რის გამოც კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს უპირატეს მდგომარეობაშია, მაგრამ გარკვეული საფრთხის წინაშე ისიც დგას და ამ საფრთხეს ამომრჩევეთა დაბალი აქტივობა ჰქვია.
ქართველი კაცი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თვლის რომ გამარჯვებული ძალა ისევ გამარჯვებული იქნება და ამ ლოგიკით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქტიურობა არჩევნებზე შეიძლება არცთუ მაღალი იყოს, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში ეს პირიქითაა.
ყოფილ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხარდამჭერების რიცხი ძალიან შემცირდა, შერჩა მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი და საცხოვრებელი ადგილიდან დაშორების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მაინც აპირებენ.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება, რომ თბილისში სავაჭროდ ჩამოსულმა პირობითად წალენჯიხელმა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერმა, არჩევნების დღეს ისევ წალენჯიხას მიაშუროს და ხმა მისცეს, მაშინ, როცა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, შეიძლება საცხოვრებელი სახლის გვერდით მყოფ საარჩევნო უბანზეც კი არ მისცეს ხმა.
საბოლოო ჯამში, ეს სულისკვეთება არჩევნების შედეგებზე გავლენას აუცილებლად მოახდენს და შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მოსახლეობის რეალურ განწყობას არ გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში მიზეზი, იგივე მოსახლეობამ მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების კიდევ ერთ პრეტენდენტ ძალას, ეს როგორც აღვნიშნეთ, საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციაა.“
ნინო ბურჯანაძემ, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილი და ამომრჩეველთა თითქმის 11 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაშინ ამ პოლიტიკურ ძალას სატელევიზიო სარეკლამო დროც არ ჰქონდა და ამასთანავე, როგორც ამბობენ (და ამ ვარაუდს საფუძველი ნამდვილად გააჩნია), „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან იყვნენ გარიგებულნი, ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, რაც ნინო ბურჯანაძის უმთავრესი გზავნილია, - არაფერი არ შეცვლილა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეს ძალა გაცილებით უფრო მაღალ შედეგს აჩვენებს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო.
ცალკე საკითხია დედაქალაქი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მერობისთვის ბრძოლაში გამარჯვებულის წინასწარ განსაზღვრა ძალიან ძნელია, ვინაიდან დღეს არსებული ვითარებიდან და ხალხის განწყობიდან გამომდინარე, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, სავარაუდოდ მეორე ტური აუცილებლად გაიმართება.
მეორე ტურში გასვლის ყველაზე რეალური შანსები კი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ნარმანიას და ბლოკ „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს.
დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში, სავარაუდოდ მესამე ადგილს დაიკავებს „ნაციონალური მორაობის“ კანდიდატი ნიკა მელია, თუმცა მას მეორე ტურისთვის ბრძოლაში შანსი არ აქვს, რადგან თბილისი ყოველთვის „ნაციონალური რეჟიმის“ მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ქალაქი იყო და ეს განცდა, დედაქალაქის მაცხოვრებლებს დღესაც არ განელებიათ.
რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდის კანდიდატ დავით ნარმანიას: კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ის უდავო უპირატესობით სარგებლობს, რადგან მმართველი გუნდის კანდიდატია, მაგრამ არის გარკვეული ფაქტორები, რის გამოც მას დედაქალაქმა შეიძლება მხარი არ დაუჭიროს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ, რომ ნარმანია არჩევნებს პირწმინდად წააგებს, მაგრამ მას 50 პროცენტიანი ბარიერის პირველივე ტურში გადალახვა ძალიან გაუჭირდება.
ნარმანიასგან განხვავებით, არანაირი ფაქტორი და მოტივაცია არ არსებობს დიმიტრი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ, რომელიც თავისი პოლიტიკური წარსულითა თუ ოჯახური და ეროვნული ტრადიციების პატივისცემით, საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. საზოგადოების ცნობიერზე პოზიტიურად იმოქმედებს ის ფაქტორიც, რომ ლორთქიფანიძე მეცხრე შვილს ელოდება და აგრეთვე ის, რომ მის „დედაქალაქურ წარმომავლობასთან“ დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
მართალია ეს ერთი შეხედვით საკმაოდ ზედაპირული და უსაფუძვლო არგუმენტია, მაგრამ თბილისელთა დღევანდელ მენტალობაში წარმოშობის საკითხს მაინც საკმაო ადგილი უჭირავს და შესაბამისად, თავის გავლენას არჩევნების შედეგებზე ისიც მოახდენს.
იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში დავით ნარმანია და დიმიტრი ლორთქიფანიძე გავლენ, დედაქალაქის მერობის შანსები ორივე მათგანს თანაბრად ექნება და თუ ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედებას არ ექნა ადგილი, მაშინ საზოგადოება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო პოლიტიკური ბრძოლის მომსწრე გახდება.
რაც შეეხება მეორე ადგილს: გასაგები მიზეზების გამო, პირველ ადგილზე კამათი ჯერჯერობით უადგილოა, რადგან დღეს, ლიდერის პოზიციის დასაკავებლად, „ქართულ ოცნებას“ რეალური ალტერნატივა არ ჰყავს, ხოლო რაც შეეხება მეორე ადგილს, შესაძლოა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „მთავარი ოპოზიციური ძალის“ საკმაოდ საეჭვო სტატუსი ავტომატურად ჩამოერთვას, რადგან მათი მხარდამჭერები, როგორც აღვნიშნეთ, კატასტროფულად შემცირდნენ, ხოლო ახალ ხელისუფლებას, განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისაგან, ნაკლები მოტივაცია აქვს, რომ ჩასაძირად განწირულ პოლიტიკურ ძალას მაშველი რგოლი გადაუგდოს. თუმცა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ შემადგენელ პოლიტიკურ სუბიექტთა სიჭრელიდან გამომდინარე, ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის.
იმ შემთხვევაში კი, თუ ნინო ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური ძალა მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდება, ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, უახლოესი თვეების განმავლობაში ნამდვილად საინტერესოდ განვითარდება, ვინაიდან ნინო ბურჯანაძეს მიეცემა სრული უფლება, რომ მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დააყენოს და უფრო მეტიც, ამ მოთხოვნას სრული მორალური და იურიდიული ლეგიტიმაცია შესძინოს.
სხვათა შორის, ვადამდელი არჩევნების საკითხის დაყენება, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა.
ის, რომ დღეს მოქმედი პარლამენტის შემადგენლობა ხალხის რეალურ განწყობას არ გამოხატავს, ახალი არ არის და ამაზე ძალიან ბევრიც თქმულა და დაწერილა, მაგრამ ცალკეა ზეპირი განცხადება და ცალკე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რომელსაც ის ძალა დააყენებს, ვინც ძირითად ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდება. მითუმეტეს, თუ ამ ძალას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობა არ აქვს.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება, ეს მოსალოდნელი გაყალბებაა. რა თქმა უნდა, მამუკა კაციტაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით შედგენილი სიები, რომლის თანახმადაც, საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3,5 მილიონს აჭარბებს, - არჩევნების შედეგების გაყალბების საკმაოდ ნოყიერ საფუძველს იძლევა.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ არჩევნები იმ დონეზე გაყალბდა, რომ ამან გავლენა შედეგებზე იქონია? დაიცავს თუ არა ხალხი საკუთარ ხმას?
ხალხი საკუთარ ხმას დაიცავს და შეიძლება ის ქუჩაშიც გამოვიდეს, მაგრამ ხელისუფლების ვალიც სწორედ ისაა, რომ ხალხი ამ ზომამდე არ მიიყვანოს და არჩევნების მაქსიმალური ობიექტურობა უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოჰაბიტაციისგან გამწარებული და ისედაც წკიპზე მყოფი ხალხის განწყობას თუ არჩევნების გაყალბებაც დაემატა, მაშინ მოვლენათა განვითარება შესაძლოა საპროგნოზო ჩარჩოებს გასცდეს და მან უმართავი სახე მიიღოს.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტკურ ძალებს, შეიძლება ითქვას, რომ მათი რეიტინგი ერთად აღებულიც კი, პირველ ორნიშნა რიცხვამდე თუ მიაღწევს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის სრულად გაერთიანების შემთხვევაში, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაკომპლექტება უფრო წარმომადგენლობითად შეეძლებოდათ.
ასე, რომ წინ საკმაოდ საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და კიდევ უფრო საინტერესო პოსტარჩევნებისეული პერიოდი გველის, როცა დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დადგება.
დასასრულს, ორიოდე სიტყვა ყბადაღებულ კოჰაბიტაციაზეც გვინდა ვთქვათ. ეს სიტყვა, რომლის შესახებ წარმოდგენა, თუნდაც ორი წლის წინ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ ჰქონდა, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მძლავრად შემოიჭრა და დღემდე აგრესიისა და ირონიის ყველაზე მძაფრ კერას წარმოადგენს.
კოჰაბიტაციის დასრულებას, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტობის მაშინდელი კანიდატი სახელისუფლებო გუნდიდან - გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს საჯაროდ დაპირდა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ ამ პოლიტიკურმა სიამტკბილობამ კიდევ უფრო კომფორტული სახე მიიღო, რაც, როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოების აგრესიის ფონზე მიმდინარეობდა.
საქართველოს პრემიერი, თავისი მრავალრიცხოვანი წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში, ამომრჩევლებთან თითქმის ყველა შეხვედრაზე, აცხადებს, რომ კოჰაბიტაცია დასრულდება და ყველა დამნაშავე პასუხს აუცილებლად აგებს.
ძნელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილის გულწრფელობაში ეჭვი შევიტანოთ, რადგან, როგორც რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელი, ის ნამდვლიად სისხლხორცეულად უნდა იყოს დაინტერესებული კოჰაბიტაციის დამთავრებით და სამართლიანობის რეალური აღდგენით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ იგივე ღარიბაშვილს, იგივე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მრავლად უსხედან მინისტრები, რომლებიც კოჰაბიტაციას და შესაბამისად სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ კბილებით ბოლომდე დაიცავენ.
სწორედ აქედან გამომდინარე აღარ სჯერა ხალხს კოჰაბიტაციის ოდესმე დასრულების და სამართლიანობის რეალურად აღდგენისა და ასევე, სამართლიანობის აღდგენის დევიზით მოსული ხელისუფლების განცხადება ორი წლის თავზე, რომ ის სამართალს მართლაც აღადგენს, არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება.
ახლა საქართველოს განვითარების მინიმუმ რამდენიმეწლიანი მომავალი, 15-მა ივნისმა უნდა განსაზღვროს, დღემ, როდესაც სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, საკუთარი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა პირადად უნდა აირჩიოს და საკუთარ არჩევანზეც პასუხი ასევე პირადად აგოს, რადგან ემოციების ან ბრმა ნდობა-სიყვარულის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც სამწუხაროდ საქართველოს ისტორიის ბოლო 25-მა წელმა აჩვენა, შედეგის მომტანი არ არის და ის უფრო ქვეყნის რეგრესისკენ გამწვევ ფაქტორად რჩება.

ალექსანდრე კაპანაძე


ბეჭდვა