ობამას ცივი წყალი და დასავლეთის ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი კლასიკა
ობამას ცივი წყალი და დასავლეთის ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი კლასიკა
11:23 31.03.2014
გასული კვირა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიძლება შეფასდეს, როგორც საკმაო წარმატების, ასევე საკმაო იმედგაცრუების კვირად.
რაც შეეხება წარმატებას, ეს წარმატება საქართველოს საგარეო პოლიტიკას უკავშირდება, თუმცა მისი შემოქმედი, ტრადიციულად, არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია, რომლის ვიზიტიც ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე და მის მიერ გამართული მაღალი დონის შეხვედრები, ერთმნიშვნელოვნად, წარმატებულად შეიძლება შევაფასოთ, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ, როგორც აღვნიშნეთ, ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა, რბილად რომ ვთქვათ, სათანადოდ ეფექტური ვერ არის.
სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას საქართველოში წლების განმავლობაში არსებული რეალური სურათისა და ვითარების შესახებაც ისაუბრებდა, რაც საერთაშორისო არენაზე ისედაც იმიჯშერყეული „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი ლიდერისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმა იყო.
გასული კვირის უმთავრესი ნეგატიური მოვლენა კი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ წარმოთქმული ფრაზა იყო, როდესაც მან განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ამ ეტაპზე, საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე გაფართოებას არ გეგმავსო.
ობამას ამ ფრაზას, ქართული და არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის, ცივი წყლის გადასხმის ეფექტი ჰქონდა.
ამ განცხადებაში მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არაფერი არ ყოფილა და არც არავის არ ჰქონია იმის ილუზია, რომ საქართველო და მითუმეტეს უკრაინა, უახლოეს მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებოდნენ, ან თუნდაც მაპ-ს მიიღებდნენ.
მოცემულ ეტაპზე, ამ ორი ქვეყნისთვის მაპ-ის მინიჭებაც კი გამორიცხულია.
არსებულ მსოფლიო პოლიტიკურ სიტუაციაში რომ ნატოს ხელმძღვანელობა საქართველოსა და უკრაინის თავის რიგებში მიღებით დამატებით პრობლემებს არ შეიქმნის, ცხადზე უცხადესია და უფრო მეტიც, ნატო არც მაშინ შეიქმნის პრობლემებს რუსეთთან საქართველოს გამო, ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრიც რომ იყოს. აღშფოთება-შეშფოთებისთვის კი ალიანსის წევრობა საჭირო სულაც არაა და ეს „სიკეთე“ დასავლეთისგან საქართველომ 2008 წელს საკმარისად მიიღო, ისევე როგორც დღეს ამას უკრაინა იღებს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ მუდმივად ხაზგასმას იმის შესახებ, რომ ქვეყნის არჩევანი ევროატლანტიკური ალიანსია და თავის მხრივ ალიანსის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მათი კარი საქართველოსთვის ღიაა, გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ეს რუსეთის პოლიტელიტის ზოგიერთი წარმომადგენლის თვალში, საქართველოს განვითარების ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად განიხილებოდა, დღეს კი, ბარაკ ობამამ, შეიძლება ითქვას, რომ თავისი პირდაპირი განცხადებით, საქართველო და უკრაინა რუსეთს გადააბარა, ხოლო თავის არსენალში მხოლოდ ჩვენს მიერ ზემოთნახსენები შეშფოთება და აღშფოთება დაიტოვა.
ზერელე თვალისთვისაც კი ადვილი მისახვედრია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება რუსეთისა და მისი პრეზიდენტის საყურადღებოდ გააკეთა და ჩვეულებრივ პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ის რუსეთის პოლიტელიტას მოეფერა, ჟარგონის ენაზე კი, ეს მოქმედება კოჭის გაგორებას ნიშნავს.
მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ რუსეთი დღეს ან ხვალ დაიშლება და დაინგრევაო, ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანაა, რომლის მოქმედებებსაც დასავლეთი ერთის მხრივ, აღშფოთებით პასუხობს, მეორეს მხრივ კი ცდილობს, რომ მასთან ურთიერთობა არ დაეძაბოს და არ დაზარალდეს.
ამის ნათელი დასტური, გარდა ობამას განცხადებისა, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაცაა, რომელიც დასავლეთის მიერ „სანქციებდადებული“ რუსეთისგან ბუნებრივ აირს შეისყიდის.
სანქციებს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ მისი „სიმკაცრე“ სასაცილოს ფარგლებსაც კი სცილდება, რადგან რუსეთის 30-მდე მოქალაქისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის შეზღუდვა, რუსეთს სწორედ იმდენივეს დააკლებს, რამდენიც დააკლდება ზღვას, იქედან რომ ერთი სათლი წყალი ამოვიღოთ.
ასეა თუ ისე, ბარაკ ობამამ თავისი განცხადებით, საქართველო რუსეთთან მიმართებაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და პრაქტიკულად, ის რუსეთს პირისპირ შეატოვა. მართალია, ჩვენ რუსეთთან ადრეც პირისპირ ვიყავით მიტოვებულები, მაგრამ ეს გასულ კვირაში დეკლარირების დონეზე დადასტურდა.
ამ ფონზე ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ ღირს ხაზი გავუსვათ იმ უგუნურ პოლიტიკას, რომელსაც წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში რუსეთთან მიმართებაში ახორციელებდა და მათი წარმომადგენლები, უკვე ოპოზიციის მანტიით, დღესაც იგივე ხაზს აგრძელებენ.
მაშინ, როცა მსოფლიოს ისეთი სუპერსახელმწიფოს პირველი პირი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, პუტინს არა პირად საუბარში, არამედ მსოფლიოს გასაგონად ჰპირდება, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებას არ ვაპირებთო, მაშინ როცა მთელი დასავლეთის განვითარებული სამყარო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, კიდევ უფრო მეტ ნონსენსად წარმოჩინდება მიხეილ სააკაშვილის „ანტიპუტინური“ ისტერიკა, რომელიც, სხვათა შორის, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაგვიჯდა.
დასავლეთის ხელწერა კი, როგორც უკრაინის მოვლენებმაც დაადასტურა, კვლავ უცვლელია. ის აგულიანებს ამა თუ იმ ქვეყნის არცთუ მაღალი ინტელექტით გამორჩეულ ხელისუფლებას ან ოპოზიციას და რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებს, ხოლო როდესაც გაღიზიანებული დათვი ამ ქვეყანას ტორს მოუქნევს, დასავლეთი მსუბუქი ყოფაქცევის დედაკაცივით აღშფოთებით შეჰკივლებს და კვლავ თავის ნაჭუჭში იკეტება.
ეს დასავლეთის მიერ არათუ წლობით, არამედ საუკუნეობით გამომუშავებული ხელწერაა და ნაკლებადსავარაუდოა, რომ ეს ტრადიცია ახლო მომავალში შეიცვალოს.
გარდა ამისა, დასავლეთი ისეთი ღირებულებით, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, მანიპულირებას კარგად ახერხებს და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ორმაგი სტანდარტების განსახორიელებლად სწორედ ამ ღირებულებებს იყენებს.
ამის მაგალითი საქართველოს უახლესი 10 წლიანი ისტორიაა და ვფიქრობთ ამაზე შეჩერება აღარც ღირს, რადგან ქართველმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგად დაინახა.
როგორც აღვნიშნეთ, ევროპა და ამერიკა მიდგომებს არ ცვლის, რისი კიდევ ერთი მკაფიო დასტურიც მათი რეაქციაა სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.
მართალია, პრეზიდენტყოფილის დაკითხვაზე დაბარების გამო დასავლეთში დიდი ისტერიკა და მითქმა-მოთქმა აღარ ატეხილა, რადგან ქვეყნის აღამასრულებელი ხელისუფლების ცალკეულმა პირებმა შეძლეს და მსოფლიო თანამეგობრობას სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახე დაანახეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც ამერიკა და არც ევროპა „საკუთარი ძაღლიშვილის“ პრინციპს არ ღალატობს და ცდილობს სააკაშვილი კვლავ დაიცვას, თუმცა ეს საკმაოდ უღიმღამოდ ხდება და რჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ისინი მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ.
როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გვაფრთხილებს, რომ მართალია კანონი უზენაესია, მაგრამ ნუ შექმნით შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს დევნაო, ნებისმიერ ქართველს ბუნებრივად ებადება კითხვა, სად იყო იგივე ამერიკის სახდეპი მაშინ, როცა საქართველოში პოლიტიკური დევნა, ოპოზიციის დაპატიმრებები, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორებები და უკანონო მოსმენები დეკლარირებულ დონეზე მიმდინარეობდა?
სად იყო ევროკავშირი ან თუნდაც, იგივე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გვამებს მაღაზიის სახურავებზე ალაგებდა და მათ დენის დარტყმისგან გარდაცვლილებად ასაღებდა?
პასუხი კითხვაზე საკმაოდ მარტივია.
ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, მათი დამწუხრება იმით შეიძლება აიხსნას, რომ სააკაშვილის ძალადობრივმა იდეოლოგიამ, რომელიც პროამერიკულ მანტიაში იყო შეფუთული, ქართველ საზოგადოებაში სრული კრახი განიცადა და ახლა, აშკარად იმიჯშელახული ამერიკა ცდილობს სააკაშვილის თავისუფლება მაინც გადაარჩინოს, რომ მისი დაპატიმრებით, საკუთარ საერთაშორისო იმიჯს კიდევ უფრო დიდი დარტყმა არ მიადგეს.
რაც შეეხება კარლ ბილდტს, როგორც ირკვევა, ის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე იმ ლობისტური თუ პიარ კომპანიის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, ლობირებისთვის ძალიან დიდ ფულს უხდიდა.
ძნელი სავარაუდოა, რომ ჩრდილოევროპელ ბილდტს ძველი ძმაკაცობა და ძველი ფული ახსოვდეს და ამის გამო იკლავდეს თავს სააკაშვილის დაცვით. უფრო სავარაუდოა, რომ მას არცთუ უანგარო ურთიერთობა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პირველ პირებთან კვლავ გააჩნია და სწორედ ამის გამო მოთქვამს ხოლმე იგი, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს თემიდან ქანდაკების წინ დაჯდომის საფრთხე დაემუქრება.
ზოგადად კი, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურატურის მხრიდან ეს ნაბიჯი კარგად მოფიქრებულ-დაგეგმილი არ იყო, როდესაც პრეზიდენტყოფილი დაკითხვაზე პირდაპირ დაიბარეს და არ შესთავაზეს მას ალტერნატივა ონლაინ დაკითხვის სახით, რაც მოგვიანებით მაინც გააკეთეს.
მათ რომ თავიდან სკაიპით დაკითხვაც შეეთავაზებინათ და სააკაშვილს ამაზე უარი თავიდანვე ეთქვა, საზოგადოებაში კიდევ უფრო გამყარდებოდა არა ეჭვი, არამედ რწმენა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელმაც საკუთარი დანაშაულების შესახებ ყველაზე კარგად იცის და რომელიც გამოძიებას ემალება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში პროკურატურა აშკარად გამოცოცხლდა, მის საქმიანობაში ძალიან ბევრი ნებითი თუ უნებლიე, მაგრამ მნიშვნელოვანი ხარვეზი შეინიშნება, რაც შეიძლება წინა ხელისუფლების დროინდელი კადრების საბოტაჟით იყოს განპირობებული, თუმცა ხელისუფლების ცვლის შემდეგ, იმის დრო, რომ უწყება მსგავსი კადრებისგან გაეწმინდათ, - საკმაოზე მეტი იყო.
რაცშეეხება გასული კვირის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ დაფაზე ძალთა განლაგება მთლიანად შეცვალოს, - ეს არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის დაწყებული კონსულტაციები და გაერთიანებებია.
ამ მხრივ, ყველაზე აქტიურად პატია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოიყურება, რომლის პოლიტიკურ ძალასთან ერთადაც, მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქრისტიან დემოკრატებიც“ გამოვლენ.
„ქრისტიან დემოკრატიული“ მოძრაობა არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს, ასევე გააჩნია სხვა რესურსებიც სატელევიზიო სარეკლამო დროის ჩათვლით, რაც ბურჯანაძის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის, ვინაიდან მან საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმ პირობებში, როცა არც ცესკოში ჰყავდა საკუთარი წარმომადგენელი და არც უფასო სატელევიზიო სარეკლამო დრო ჰქონდა, შეძლო და 10 პროცენტიან ნიშნულზე მაღალი მაჩვენებელი დადო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი, დამატებითი რესურსის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის შანსები იზრდება.
არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსებს ზრდის აგრეთვე, საზოგადოების ნეგატიური განწყობა როგორც ახალი, ისე ძველი ხელისუფლების მიმართ და მათი მერობის კანდიდატების დაბალი რეიტინგი.
ვინ იყო და რას საქმიანობდა საქართველოში ძველი ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში, ყველამ ძალიან კარგად იცის და პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ მათი მცდელობისა და ტრადიციული დემაგოგიურ-პოპულისტურ-„პატრიოტული“ გამოსვლების მიუხედავად, ამომრჩეველს მათზე გული მოუბრუნდეს.
სხვათა შორის, ეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რამდენიმე თვის წინ აღიარა კიდეც, რომ მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არა ხალხში არსებული „ქართული ოცნების“ მიმართ სიყვარული, არამედ მათ მიმართ არსებული აგრესიაა.
ანუ, საზოგადოებას იმ აღტაცებამ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არსებობდა, ნელ-ნელა გაუარა და ის ძველ ყოფით პრობლემებთან ერთად, კოჰაბიტაციისა და დამნაშავე სახელმწიფო ჩინოვნიკთა დაუსჯელობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რაც, რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლების იმიჯზე დადებითად ვერანაირად ვერ აისახება.
რეალურად, დღეს არსებული სურათის თანახმად, ეცემა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რითაც არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია მაქსიმალურად ისარგებლოს და მათი დაკარგული ხმები თავად მიითვალოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხალხი მასში არსებულ ნიჰილიზმს დასძლევს და არჩევნებზე სათანადო აქტივობით წარსდგება, ხოლო ნიჰილიზმის დაძლევასა და საარჩევნო აქტივობის დონის ამაღლებაში, საზოგადოებას, თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, თავად არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა დაეხმაროს.
თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კადიდატის დავით ნარმანიას და არა მარტო მის რეიტინგს, არაპირდაპირი, მაგრამ უდიდესი დარტყმა რამდენიმე დღის წინ, თავად ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა, როდესაც მან გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა.
ყველას კარგად ახსოვს, როგორ დებდა თავს ბატონი ბიძინა ერის წინაშე და გვპირდებოდა, რომ საქართველოს ნამდვილად ღირსეული პრეზიდენტი ეყოლებოდა, ხოლო მისი რჩეულის პრეზიდენტად არჩევიდან სამიოდე თვეში, ის ტელეთერით გამოვიდა და მარგველაშვილი ღიად გააკრიტიკა. უფრო მეტი, განაცხადა, რომ მარგველაშვილს სხვა პიროვნებად ვიცნობდი, მაგრამ მან გაპრეზიდენტების შემდეგ სრულიად განსხვავებული თვისებები გამოავლინაო.
აქედან გამომდინარე, საზოგადეობაში ჩნდება კითხვა, არის კი დავით ნარმანია ის კანდიდატურა, რომელსაც ივანიშვილი ბოლომდე იცნობს და არის თუ არა გარანტია იმის შესახებ, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თავისი ხასიათის განსხვავებულ თვისებებს დავით ნარმანიაც არ გამოავლენს?
უფრო მეტიც, როდესაც პრემიერყოფილი ამბობს, რომ შეცდა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირის, ანუ პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევისას, არის თუ არა გარანტია, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდს სწორად ჰყავს შერჩეული კანდიდატურები რეგიონებში და რაიონებში, სადაც ამ კუთხით კონტროლის ნაკლები მექანიზმებია?
ანუ, შესაძლოა რაიონში მცხოვრებმა გლეხმა იფიქროს, რომ ახალი ხელისუფლება კარგ პრეზიდენტობის კანდიდატსაც ვერ აირჩევს და რა გარანტია მაქვს, რომ ჩემი სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე კარგი კანდიდატურა იქნებაო?
ასე, რომ ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკურ ძალთა განლაგება ძალიან მყიფეა და ის შეიძლება უახლოეს 3 თვეში შეიცვალოს, ხოლო თუ როგორ გადანაწილდება ამ შემთხვევაში ბალანსი, ეს რთულად საპროგნოზოა, თუმცა, ერთი შეიძლება ითქვას, რომ ეს გადანაწილება არავითარ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არ დასრულდება, თუ, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდი და ნომერ პირველ ოპოზიციად შექმნილი პოლიტიკური ძალები საერთო ვიწრო ინტერესების გამო, ისევე არ გაერთიანდებიან, როგორც ეს, როგორც ამბობენ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა.
გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცვლილებები ვიხილოთ თავად კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაშიც, საიდანაც პირველ რიგში, შეიძლება „რესპუბლიკელები“ გავიდნენ.
ადრეც არაერთხელ თქმულა და დაწერილა, რომ „რესპუბლიკური პარტიისა“ და მმართველი კოალიციის ძირითადი ძალის შეხედულებები უკვე ერთმანეთთან დიამეტრალურ შეუთანხმებლობაში მოდის, რაც იმ ფაქტმაც დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას, „რესპუბლიკელები“ აშკარად ნეგატიურად შეხვდნენ და ეს არც დაუმალავთ.
ასე, რომ ყველა წინაპირობის თანახმად, წინ საკმაოდ საინტერესო გაზაფხული და მინიმუმ, ზაფხულის პირველი ნახევარი გველის.


ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

ბეჭდვა