სექტორი, რომელიც სამოქალაქოზე მეტია
სექტორი, რომელიც სამოქალაქოზე მეტია
14:10 25.03.2014
საქართველოს განვითარების ბოლო 20 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოში სხვადასხვა სფეროები და მიმართულებები იყო პოპულარული.
როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა, მაშინ პოპულარული სამხედრო გაერთიანებების სექტორი იყო, როდესაც მომრავლდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც იყო „მხედრიონი“, „თეთრი არწივი“, „შავი ავაზა“ და სხვა მსგავსნი. გვახსოვს, რომ მაშინ „მხედრიონის“ წევრობა, მინიმუმ, რიგის გარეშე პურის აღებას ნიშნავდა, რაც იმ დროისთვის არცთუ პატარა პრივილეგია იყო.
უფრო მოგვიანებით კი, პოპულარული, მედიასფერო და ბიზნესი გახდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, მოდურ მიმდინარეობად ექსპერტობა იქცა.
თუ ჩვენს ღრმა ბავშვობაში ექსპერტი მხოლოდ გვამების გამოკვლევასთან ასოცირდებოდა, დღეს ეს სიტყვა ნებისმიერ სფეროს შეგვიძლია მოვარგოთ.
არსებობენ პოლიტიკის, ეკონომიკის, სურსათის უვნებლობის, სამხედრო, სინოპტიკური, სტატისტიკის, მედიცინის და ასე შემდეგ ექსპერტები, რომლებიც საკუთარი თავის ბრენდირებას და ცნობადობის ამაღლებას სწორედ ამ სტატუსის მოშველიებით ცდილობენ.
ექსპერტების სფერო ჯერ კიდევ არ გახუნებულა და ის კვლავ აქტუალობას ინარჩუნებს მაშინ, როცა მოდური მიმართულებების ბაზარზე ახალი სტატუსი - „უფლებადამცველი“ დამკვიდრდა.
სულ რაღაც ერთი წელია, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება, საკუთარ თავს უფლებადამცველს უწოდებს, ხოლო მათი უმრავლესობა არათუ სხვის უფლებებს, არამედ საკუთარი უფლებების დაცვასაც კი ვერ ახერხებს და დღიური ორი კაპიკის სანაცვლოდ მზად არის ნებისმიერი სახის დაკვეთა შეასრულოს.
ჩამოთვლილ პოპულარულ მიმართულებათაგან სპეციალურად არ ვახსენეთ არასამთავრობო, იგივე სამოქალაქო სექტორი, რომელიც აქტუალური და მოდური 90-იანი წლების ბოლოდან გახდა, თუმცა მან ახალი დატვირთვა და ახალი ძალა სულ რამდენიმე თვის წინ შეიძინა, როდესაც ავტორიტარული რეჟიმისგან ქვეყნის განმათავისუფლებელმა პრემიერყოფილმა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არჩევანი სწორედ სამოქალაქო სექტორზე გააკეთა.
მართალია მის მიერ, ორგანიზაცია „მოქალაქის“ დაფუძნების შემდეგ რეალური და თვალშისაცემი აქტივობა კარგა ხნის განმავლობაში არავის უნახავს, რის გამოც საზოგადოებაში უკმაყოფილებაც კი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ტელეეთერით ბოლო გამოსვლამ ეს უკმაყოფილება ძირშივე მოსპო, მაგრამ კიდევ უარესი - გაურკვევლობის გრძნობა წარმოშვა.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ ყოფილი პრემიერი ტელეეთერით იმის გამო გამოვიდა, რომ პირველ რიგში, სწორედ გიორგი მარგველაშვილის მიმართ არსებული საკუთარი პოზიციის დემონსტრირება მოეხდინა რაც, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგად შეასრულა.
ძნელი სათქმელია, რა ეფექტზე ჰქონდა გათვლილი ივანიშვილს პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში გაკრიტიკება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თემა, გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას კადრების გავრცელებამდე, მედიასაშუალებების განხილვის უმთავრესი თემა იყო.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ გაურკვევლობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ეთერით გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა, ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ხალხმა ვერ დაინახა რეალური განსხვავება მოქალაქე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის, ანუ ის ტონი, რომელიც ივანიშვილს პრემიერობის დროს ჰქონდა, დღემდე არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მან სამოქმედო სფერო შეიცვალა.
საზოგადოებაში დარჩა განწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღესაც მთავრობის მეთაურია, რომლის დირექტივებითაც ქვეყანა უნდა იმართოს.
ილუზია იმისა, რომ სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ივანიშვილის გავლენა მოქმედი ხელისუფლების წევრებზე მკვეთრად შესუსტდებოდა, - არავის არ ჰქონია, მაგრამ საზოგადოება არც იმას ელოდა, რაც მოისმინა.
სამოქალაქო სექტორს, ამ სიტყვის ყველაზე ჯანსაღი გაგებით, მართლაც ხელისუფლების კონტროლი ევალება, თუმცა ამ კონტროლს თავისი ფორმები გააჩნია და არასამთავრობო და სამთავრობო სექტორების ურთიერთობაზე საზოგადოება მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს და ის გახმაურებამდე კულისებსმიღმა არ უნდა ხდებოდეს. ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის. როგორც ბიძინა ივანიშვილის საუბრიდან გამოიკვეთა, ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს კვლავ, პრემიერის პოზიციიდან ელაპარაკება და მინისტრებიც, ამ ყველაფერს, „გაგებით ეკიდებიან.“
საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს საზოგადოებაზე ამა თუ იმ კონკრეტული მინისტრის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ეთანხმება ივანიშვილის შეფასებას მისი, როგორც მინისტრის სისუსტესთან დაკავშირებით.
ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარიაა.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ პრემიერობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი მინისტრებს ორ კატეგორიად - კარგებად და ძალიან კარგებად ჰყოფდა. ბოლო დროს კი, კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეფასებისას განაცხადა, რომ ოდიშარია ძალიან კარგი მინისტრი არ არისო, რასაც კულტურის მინისტრი სოციალური ქსელების მეშვეობით გამოეხმაურა და მყისიერად დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ მის შეფასებას. კონკრეტულად კი, ყოველგვარი თავის მართლებისა და საკუთარი პოზიციების დაცვის გარეშე, გურამ ოდიშარიამ განახადა, რომ ის ეთანხმება ივანიშვილს, როცა მას არცთუ კარგ მინისტრად მოიხსენიებს.
თუ თავი არცთუ კარგ მინისტრად მიგაჩნიათ, მაშინ თქვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ გადადგეთ და ადგილი უფრო კარგ კანდიდატს დაუთმოთ ბატონო გურამ.
მსგავსი ფაქტები საზოგადოების განწყობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ქმნის განცდას, რომ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი, ისევ სამოქალაქო სექტორში წასული ივანიშვილის სრულ მორჩილებაშია.
თავის სატელევიზო გამოსვლაში, ყოფილმა პრემიერმა, თავისი მემკვიდრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებაც ისაუბრა და საკმაოდ პოზიტიურ კონტექსტშიც.
მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის მხრიდან არც აღნიშნული განცხადების გაკეთება იყო აუცილებელი, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დაკისრებული ურთულეს მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს, ამას ხალხი ხედავს და გრძნობს და ამის დამსახურებაა, რომ ღარიბაშვილის რეიტინგი საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია. ამ რეიტინგის გაზრდას კი, ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს სამოქალქო სექტორში გადაბარგებული ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქებარი განცხადებები.
რაც შეეხება თავად იმ ფაქტებს, რის გამოც ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა, ეს ფაქტები მართლაც საკამათოა და სასურველი იქნება, თუ საზოგადოება მოვლენის შეფასებისას მედლის მხოლოდ ერთ მხარეს არ გამოიყენებს.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული დარტყმა მიაყენა აგრეთვე, თავის მიერვე დედაქალაქის მერად დასახელებული კანდიდატის დავით ნარმანიას იმიჯს.
ნდობის მაჩვენებელი, რომელიც ნარმანიას მიმართ ისედაც არ იყო მაღალი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ კიდევ უფრო დასწია, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი გააჩნია.
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ დაატარებდა ყოფილი პრემიერი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ხელჩაკიდებული და როგორ ეუბნებოდა სრულიად საქართველოს, თქვენ ძალიან ღირსეული პრეზიდენტი გეყოლებათო.
ყველამ ძალიან კარგად და მათ შორის, მარგველაშვილმაც და ივანიშვილმაც იცის, რომ მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხმა ხმა არა გიორგი მარგველაშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილს მისცა.
დღეს კი, ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მარგველაშვილი ის პიროვნება არ აღმოჩნდა, რომელიც მეგონა და მას ბევრი სხვა არცთუ მოსაწონი თვისებები აღმოაჩნდაო.
საზოგადოება დღემდე კითხულობს, არის თუ არა გარანტია იმისა, რომ თბილისის მერად არჩეულ დავით ნარმანიასაც ერთ მშვენიერ დღეს განსხვავებული თვისებები არ აღმოაჩნდება?
რა თქმა უნდა, ამის გარანტია არ არსებობს და შესაბამისად, ამომრჩეველიც მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, არჩევანს სავარაუდოდ, უფრო ფრთხილად გააკეთებს.
ასეა თუ ისე, ივანიშვილის გამოსვლამ საზოგადოებაში მისი მომავალი საქმიანობის შესახებ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და იმედია, რომ ამ კითხვებს პასუხი, სამოქალაქო სექტორში პრემიერყოფილის გააქტიურების შემდეგ თანდათანობით მაინც გაეცემა.
რაც შეეხება გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, ამ კუთხით, გასული 7 დღე საკმაოდ დატვირთული იყო.
მათგან პირველ რიგში, გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოკადრების გავრცელება, ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის - ბაროზოს განცხადება საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაა აღსანიშნავი.
ფოტოკადრების გავრცელების თემით დავიწყოთ: ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ახალი არაფერი გავრცელებულა და ეს იყო ფოტოკადრები, რომელიც წლებია არსებობს და რომლებიც გარდაცვლილი პრემიერის ძმასაც კი ნანახი ჰქონია.
მაშ, რას ემსახურებოდა ამ კადრების გავრცელება? სავარაუდოდ, ეს უნდა გამხდარიყო მიზეზი გარკვეული პირების დაკითხვაზე დაბარებისა, რაც ფაქტიურად განხორციელდა კიდეც და რაც, სამ პიროვნებას თავისუფლების შეზღუდვად დაუჯდა.
იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლება მოახერხებს და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს ისე გახსნის, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, მაშინ ის წინასაარჩევნოდ საკმაოდ სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: როდესაც ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული ფოტოკადრები გავრცელდა და პროკურატურამ გარკვეული პირები დაკითხვაზე გამოიძახა, ამას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისტერიკა მოჰყვა, რაც, კიდევ უფრო დიდი ეჭვის საფუძველს იძლევა.
გასული კვირის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორც აღვნიშნეთ, ბაროზოს განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს, დაგეგმილი აგვისტოს თვის ნაცვლად ივნისში, ანუ ორი თვით ადრე მოაწერსო.
როგორც გვახსოვს, დაახლოებით თვენახევრის წინ, ბაროზომ ანალოგიური განცხადება გააკეთა და საქართველოს, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ნაცვლად სექტემბრის თვისა, აგვისტოს თვეში დაჰპირდა. დღეს კი, აგვისტოს თვემ მაისში გადმოიწია.
ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ კულისებსმიღმა, ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს, საქართველო კი, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და საკვანძო ობიექტი, თანაბარი აქტუალობით სჭირდება როგორც დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთს და ისინი დღეს ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მათ სასარგებლოდ გადაიხაროს.
ამ ყველაფრით კი, როგორც ამავე რუბრიკაში არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველომ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს და რაღა თქმა უნდა, ბაროზოს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრმა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუნდაც ისეთი განვითარებული და ეკონომიურად ძლიერი სივრცის მიმართულებით, როგორიც ევროკავშირია.
ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ბაროზოს განცხადება საქართველოსთვის, გარდა პოზიტიური მნიშვნელობისა, ორნაირი საფრთხის შემცველიცაა.
მათგან პირველი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ბოლომდე არ იცის, რას აწერს ხელს და რა ვალდებულებებს იღებს ის თავის თავზე.
მეორე პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა ივნისის თვემდე, რუსეთმა საქართველოს მიმართ ზეწოლა გააძლიეროს, რაც ნამდვილად ძნელად საპროგნოზოა, თუ რა შედეგებით დამთავრდება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირიც და ამერიკაც შეშფოთება-აღშფოთებით, ან უკეთეს შემთხვევაში, სასაცილო სანქციებით შემოიფარგლებიან.
მიუხედავად ამისა, საქართველოს დღეს აქვს შანსი, რომ თავისი განვითარების გზაზე გიგანტური ნახტომი გააკეთოს და მსოფლიოში შექმნილი ვითარებით ისარგებლოს. ეს ყველაფერი ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და ეს მისი ვალიცაა.
ერთადერთი სარგებელი, რაც სავარაუდოდ, საქართველომ ჯერჯერობით ბაროზოს განცხადებით ნახა, ეს მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაა.
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს საკითხები შეიძლება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში იყოს.
თუ აქამდე დასავლეთი არა მარტო მიხეილ სააკაშვილს, არამედ მისი რეჟიმის ყველა წევრს გააფრთებით იცავდა, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ მათ სააკაშვილ-მერაბიშვილისთვის აღარ სცხელათ და თავიანთი საზრუნავით არიან დაკავებულები.
ის, რომ დასავლეთისთვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული ერთეულია, ბაროზომ თავისი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რითაც სავარაუდოდ, ისარგებლა ქართულმა მხარემ და მიხეილ სააკაშვილს ჩვენებების მისაცემად პროკურატურაში გამოცხადება მოსთხოვა.
იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ამას საჭიროდ ჩათვლის, ის მიხეილ სააკაშვილს ისევე გაწირავს, როგორც სხვა ბევრი გაუწირია და ამას სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე კარგად გრძნობს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ძლიერი დაინტერესებით, საქართველოს სარგებელი მხოლოდ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით ან მისი დაპატიმრებით შეიძლება შემოიფარგლოს, რადგან ევროპა სხვა, უფრო მნიშვნელოვან დათმობებსა და დახმარებებზეც დიდი სიამოვნებით წავა.
რაც შეეხება საკითხს, გამოცხადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში, ამ კითხვაზე პასუხი თავიდანვე ნათელი იყო. მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება არა იმ მიზეზის გამო, რომ მას თურმე დასავლეთის პოლიტელიტა ურჩევს საქართველოში არ ჩამოვიდეს, არამედ იმიტომ არ გამოცხადდება, რომ ის ჩვეულებრივი კრიმინალი და ამავდროულად, მშიშარაა.
საერთოდ კი, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო იქნებოდა პარლამენტისა და რესპუბლიკური პარტის წევრის, ლევან ბერძენიშვლის აზრი. როგორც საზოგადოებას კარგად ახსოვს, ის სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენების კატეგორიული წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს განვითარებას, მხოლოდ და მხოლოდ, დაამუხრუჭებდა.
გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, ლევან ბერძენიშვილმა შეიძლება სააკაშვილის დაბარებას ახლა მხარიც კი დაუჭიროს, ან უკიდურეს შემთხვევაში, დავით უსუფაშვილივით ორაზროვნად განაცხადოს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას არც ვიწონებ და არც ვიწუნებო, მაგრამ საზოგადოებამ და პირველ რიგში, ქართული ოცნების ფრთამ კარგად უნდა იცოდეს მათ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალთა ლიდერების განწყობა.
და ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა, ხოლო ზოგიერთი მათგანი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა და თბილისში მაიდანის მოწყობით დაიმუქრა, ხოლო, თუ რა ხდებოდა მაიდანზე და რამდენად ჯდებოდა იქ განვითარებული მოვლენები კონსტიტუციის ჩარჩოებში, სრულიად მსოფლიომ ნახა.
ვფიქრობთ, მსგავს განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ რაიმე სახის რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან, მუქარები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ სოციალური ქსელების მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქუჩაში გამოვლენ, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და რეპრესირებულთა ახლობლების მხრიდან უკვე გაისმა. ქუჩის დაპირისპირებამ კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინ, გარკვეული პრობლემები მართლაც შეიძლება შეგვიქმნას.
ხოლო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაფერზე წავა და მათ შორის, არეულობებზე და სამოქალაქო დაპირისპირებაზეც, ოღონდ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან, ყველა თანხმდება და ხელისუფლებას ამ კუთხითაც მართებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან საქმე იმ ძალასთან აქვს, რომელიც მაქსიმუმ, ძალაუფლების დასაბრუნებლად და მინიმუმ, პასუხისმგებლობისგან თავის გადასარჩენად, ყველაფერს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც დაუფიქრებლად გასწირავს.

ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


ბეჭდვა