ამერიკული დელეგაციის რამდენიმესაათიანი ვიზიტი და ნაციონალების მოულოდნელი ტრანსფორმაცია
ამერიკული დელეგაციის რამდენიმესაათიანი ვიზიტი და ნაციონალების მოულოდნელი ტრანსფორმაცია
20:46 20.01.2014
გასული კვირის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა კვირის ბოლო დღეს მოხდა, როცა საქართველოს, რამდენიმესაათიანი ვიზიტით ამერიკის სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაცია ეწვია.
მართალია, ხელისუფლებამაც და ნაციონალურმა მოძრაობამაც ეს ვიზიტი ტრაფარეტულად, ამერიკის მხარის მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებად შეაფასა, თუმცა სავარაუდოდ, საქმე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოიყვანა.
ამერიკელები პირველ რიგში, მოგეხსენებათ ნაციონალებს ოფისში ესტუმრნენ და მათთან გამართეს შეხვედრა, შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მონატრებადქცეულ პრეზიდენტს შეხვდნენ.
ნაკლებადსავარაუდოა, რომ ოკეანისგაღმიდან, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი მხოლოდ ვიზიტისთვის განხორციელდა და ის სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას არ ატარებდა, მითუმეტეს, თუ დელეგაციის ხელმძღვანელის მკვეთრ განცხადებებსაც გავითვალისწინებთ რუსეთთან დაკავშირებით. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა უმაღლესმა კანონმდებელმა, დიპლომატისთვის შეუფერებელი ტონითა და ლექსიკით დაგმო რუსეთის მოქმედებები საქართველოსთან მიმართებაში და მოუწოდა მას, პოლიტიკა და მიდგომა შეცვალოს საქართველოსთან დაკავშირებით.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტს პრაქტიკულად ერთი-ერთზე დაემთხვა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ, 2014 წლის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს, ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის, 62 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. 
აქედან გამომდინარე, ლოგიკურად იკვეთება სურათი, რომ ამერიკული დელეგაცია საქართველოში იმის გამო ჩამოვიდა, რომ აქ მოვლენების უკრაინული სცენარით განვითარების შანსიც კი თავიდან მაქსიმალურად აიცილოს და საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრირების გზაზე ვილნიუსის სამიტის დროს გადადგმულ ნაბიჯს კიდევ ერთი ნაბიჯი მიუმატოს. ამასთან სავარაუდოდ, ამერიკული დელეგაცია ეცდებოდა დაერწმუნებინა ქვეყნის ახალი ხელისუფლება დასავლეთთან ინტეგრაციის უალტერნატივობაში, ხოლო ძველ ხელისუფლებას ანუ ნაციონალურ მოძრაობას თითს დაუქნევდა და საბოტაჟისკენ მიდრეკილებას ჩაუცხრობდა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დაძაბულობა საქართველოში, თუნდაც ის ნაციონალური მოძრაობიდან იყოს წამოსული, დღეს ყველაზე მეტად მხოლოდ რუსეთს აწყობს.
ამასთან, საკმაოდ მწვავდება ვითარება უკრაინაშიც, ხოლო საქართველოსა და უკრაინის ერთდროულად დაკარგვა, დასავლეთის დიპლომატიისთვის შეიძლება საუკუნის სირცხვილად დარჩეს.
ამ ვერსიას ამყარებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და იდეოლოგის, გიგა ბოკერიას საოცრად დამთბარი და დამტკბარი კომენტარი, რომელიც მან ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე უნდა ვიფიქროთ და არა შიდა დაპირისპირებაზეო.
გიგა ბოკერიას ეს „მესიჯი,“ პრაქტიკულად ერთი-ერთზე გაიმეორა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ამ განცხადებებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ამერიკულ მხარეს დაანახეს, რომ ისინი უწყინარი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან, რომელთა მთავარ საზრუნავსაც საქართველო და მისი განვითარება წარმოადგენს. ამავდროულად, ისინი სავარაუდოდ მიიღებდნენ მითითებას, რომ პოლიტიკური პროცესები არ დაძაბონ, რათა სხვა ძალებს სიტუაციის ესკალაციის საშუალება არ მისცენ. სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება ნაციონალთა დამტკბარი კომენტარებიც, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი ამის ასახსნელად, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
მანამ კი, კიდევ ერთხელ იმ პოლიტიკური ვითარების შესახებ, რა ვითარებაშიც დღეს საქართველოა და საიდანაც მან მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შანსი მას შეიძლება ათწლეულების განმავლობაში აღარ მიეცეს.
საქმე ეხება იმ უდიდეს ინტერესს, რომელიც დასავლეთსა და ჩრდილოეთს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია. ამ ინტერესთა გადაკვეთის ყველაზე ცხელი ადგილი დღეს კავკასია და შესაბამისად, საქართველოა.
დასავლეთის დიპლომატია სავარაუდოდ, ყველანაირად ცდილობს დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება იმ სიკეთეში, რასაც ქვეყანას ევროინტეგრაცია მოუტანს და ამავდროულად ცდილობს დაარწმუნოს ევრაზიული კავშირის უპერსპექტივობაში.
ეს მცდელობა დასავლეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და ის კიდევ უფრო გაძლიერდება. დასავლეთი უკვე მზადაა საქართველოსთან მიმართებაში, განსხვავებით ბოლო 20 წლის პოლიტიკისა, როცა მისი დახმარება ძირითადად დაპირებებითა და შეშფოთება-აღშფოთებით გამოიხატებოდა, - დღეს დასახმარებლად ხელი რეალურად გამოიღოს. ამის დასტურია ისიც, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოსთვის ამ გაერთიანების ასოცირებულ წევრობაზე ხელმოწერის დაჩქარებაზე, რაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მოვლენაა.
თავის მხრივ არცთუ ურიგო პერსპექტივას ხატავს ეკონომიკური თვალსაზრისით ევრაზიული კავშირი, რომელიც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, შესაძლოა უფრო ხელსაყრელი და პერსპექტიულიც კი იყოს, ვინაიდან მისი ბაზარი ისეთ მკაცრ მოთხოვნებზე არ იქნება დამყარებული, როგორც ევროკავშირის ბაზარია. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც, შემდეგ კი, თუ საქართველო ევრაზიული გაერთიანებისკენ გადაიხრება, მან ამ გაერთიანების ბაზრის მოთხოვნებს ფეხი ეტაპობრივად უნდა აუწყოს.
რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, დღეს ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე რამდენიმე ათასი დასახელების პროდუქციის შეტანა შეგვიძლია, თუმცა საქართველო, სამწუხაროდ, დღეს ამ რამდენიმე ათასიდან, მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქციას აწარმოებს, საიდანაც ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებს ნაწილი თუ აკმაყოფლებს და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ საქართველოს ექსპორტის დიდი ნაწილი ჯერჯერობით არა მზა პროდუქციას, არამედ ნედლეულს უკავია, ხოლო ასეთ ვითარებაში, რამდენად შეძლებს საქართველო მოკლე ვადებში, რომ ევრობაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილს და ამ ბაზარზე მზა პროდუქცით წარსდგეს, - ძნელად პროგნოზირებადია.
ასე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის თავის ბაზარს სრულად გახსნის, ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ქართული პროდუქცია ამ ბაზარზე დიდი დოზით მოხვდება და ის ქვეყნის ექსიმპორტისა და შესაბამისად უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ის ჯერ სტრუქტურულადაც კი ჩამოყალიბების პროცესშია და საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს ორივე ალტერნატივის შესაძლო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ეფექტი ჩვენი ქვეყნისთვის და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღოს.
არავითარ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ბრმად, მხოლოდ დაპირებების საფუძველზე. მითუმეტეს, რომ ქართველი ხალხი ამ დაპირებას უკვე წლებია ისმენს, რეალურად კი, საქართველო დასავლეთის მდარე ხარისხის პროდუქციის გასაღების ბაზრის სტატუსსა და პოზიციას ვერ გასცდა.
მეორე საკითხია რა პოზიციას დაიჭერს ხალხი იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის ალტერნატივა დაუდგება ქვეყანას?
საზოგადოებაში არსებული განწყობის მიხედვით, ისინი სავარაუდოდ დასავლეთის ბრჭყვიალა საპნის ბუშტებით აღარ მოიხიბლებიან და ხელისუფლებასაც რეალურ შედეგებზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვენ, თუმცა, რა თქმა უნდა არ გამოირიცხება, რომ გარკვეულმა ძალებმა ამ საბაბით ვითარების ესკალაციაც სცადონ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სრულიად ქართველმა ხალხმა და უნდა დაამტკიცოს, რომ ის მართლაც ბრძენი ერია და ტელევიზორითა და ბრჭყვიალა ნივთებით არ იმართება.
როგორც აღვნიშნეთ, ამერიკული დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ ახალი ხელისუფლების დარწმუნება იქნებოდა დასავლური კურსის უალტერნატივობასთან დაკავშირებით და როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოკეანისგაღმელები საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის რეალურ გაძლიერებას კიდევ ერთხელ დაგვპირდნენო. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს ქართველი საზოგადოების პოზიცია იგივე ამერიკასთან და ევროპასთან მიმართებაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქამდე დასავლეთის დახმარება საქართველოს მიმართ მხოლოდ ტკბილი სიტყვებით, დაპირებებითა და შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებოდა, რაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. გარდა ამისა, საზოგადოებას კარგად ახსოვს ქვეყანაში გამეფებული ავტორიტარიზმი და უკანონობა, რასაც ევროპაც და ამერიკაც დემოკრატიის შუქურად გვასაღებდა.
დასავლეთმა უნდა გაითვალისწონოს აუცილებლად, რომ მისგანვე ხელდასმულმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, მმართველობის 9 წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველ ხალხამდე დასავლური ფასეულობები უმახინჯესი ფორმით წარმოეჩინათ და მათთვის ყველაფერი დასავლური შეეზიზღებინათ.
ამ ფაქტორის წინაშე, გადამწყვეტ მომენტში დასავლეთი აუცილებლად დადგება და დრო ამჟამად მასზე ნამდვილად აღარ იმუშავებს, ვინაიდან მიუხედავად რეალური დახმერების აღმოჩენის მზაობისა, მას აღარ აქვს დრო, ქართველი ხალხი თავის კეთილგანწყობაში დაარწმუნოს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოში ამერიკული თუ ევროპული უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტებს შემდგომშიც მრავლად უნდა ველოდოთ.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკული დელეგაცია შეიძლება ჩამოსულიყო საქართველოში და რაც ასევე, ნაციონალური მოძრაობის ტონის დაწევა-დატკბობას გამოიწვევდა, ეს ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმიანობაა.
იმ კეზერაშვილის, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ციხეში ზის და რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალად უმძიმეს დანაშაულს უყენებენ. საქმე ეხება იარაღით უკანონო ვაჭრობას და როგორც პრესაში გაჟღერდა, გამორიცხული არ არის, რომ კეზერაშვილის გაყიდული იარაღით ალ-ქაიდაც კი მარაგდებოდა.
ანუ, გამოვა, რომ საქართველოში ამერიკელების ხელდასმული ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იარაღით ამარაგებდა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამერიკელებს სადაც კი წააწყდება, ყველგან მუსრს ავლებს.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კეზერაშვილი მაშინდელი პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად ვერ განახორციელებდა და შესაძლოა, რომ გამოძიება უკვე, მიხეილ სააკაშვილის თავზეც ჰკრებდეს შავ ღრუბელს.
თუ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი დავით კეზერაშვილს უკავშირდებოდა, მაშინ ისინი საქართველოს ახალ ხელისუფლებას სავარაუდოდ, გამოძიებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას სთხოვდნენ, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას წინასწარ ჩააყენებდნენ საქმის კურსში, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა გამოძიების უწყება მიხეილ სააკაშვილსაც მიუვიდესო. საქმე, მისი დამტკიცების შემთხვევაში მსოფლიო დონის მაფიას და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება, რისი დეტალებიც უბრალო მოკვდავებისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება საიდუმლოებით მოცული.
რაც შეეხება გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, ეს უდავოდ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა იყო ჟურნალისტებთან.
თავისთავად პოზიტიურია ფაქტი, რომ ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი ჟურნალისტებთან იმ ფორმატში საუბრობს, რომელი ფორმატიც მიხეილ სააკაშვილის დროს გამორიცხული იყო, რადგან ყოფილ პრეზიდენტს დამოუკიდებელი მედიისა და წინასწარშეუთანხმებელი კითხვების, თვითმფრინავის ხმასავით ეშინოდა.
ეს ნამდვილად კარგი ფორმატია და ძალიან კარგი იქნება, თუ ახალი ხელისუფლება ამ ფორმატს მუდმივად დაიცავს.
თავად შეხვედრაზე კი, პრაქტიკულად ახალი არაფერი თქმულა, თუ არ ჩავთვლით პრემიერის მიერ, ვანო მერაბიშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაძლო დარღვევის ფაქტს, როდესაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილი კარგად ზის და კარგადაც იჯდება კიდევო.
თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ერთი ფრაზის ხელზე დახვევა და ამით მანიპულირება არც გამართლებულია და არც რაიმე რეალური შედეგის მომტანი.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა თითქმის ერთი თვეა მთავარი ბრალმდებლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას და ეს მაშინ, როცა საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა და მათი უკმაყოფილების ყველაზე დიდი მიზეზი სამართლიანობის აღდგენის ტემპებია.
როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება ამ პოსტზე წარსადგენ კანდიდატურებზე, წინა მაგალითიდან გამომდინარე ზედმეტად ფრთხილობს და როგორც აღვნიშნეთ, ამის საფუძველი მას ნამდვილად აქვს.
ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები სხვადასხვა შესაძლო კანდიდატურებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე კონკრეტულად საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან თავად იუსტიციის მინისტრმაც კი არ იცის, ვისი კანდიდატურები განიხილება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე.
როგორც მოგეხსენებათ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის საქმის კურსში არ არის, თუ ვის კანდიდატურებს განიხილავს ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ბრალდმდებლის თანამდებობაზე. ამით კიდევ უფრო მყარდება ეჭვი და ვარაუდები იმის შესახებ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაფერი მთლად ჯანსაღად ვერ არის და იქ ნდობის დეფიციტია.
საერთოდ კი, ახალი მთავარი პროკურორი იქნება პიროვნება, რომელის ქვეყნის უახლესი ისტორიის დაწერაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
სწორედ ახალი მთავარი პროკურორის მოქმედებებზეა დამოკიდებული ნაციონალური მოძრაობის, თავად ქართული ოცნებისა და ასე განსაჯეთ, მოახლოებული ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების შედეგების ბედიც.

ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


ბეჭდვა