არჩევანი - სამოქალაქო სექტორი
არჩევანი - სამოქალაქო სექტორი
22:09 25.11.2013
„ვთქვი, შევასრულე, წავედი“ - ყველაზე მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, ორწლიანი მოღვაწეობა და წასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი ქვეყნის ისტორიაში, უკვე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ განუზომელია, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის დროს, ანუ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მესამე რიგგარეშე ყრილობაზე, მის მიმართ გამოთქმული ეპითეტები, არავითარ შემთხვევაში გადაჭარბებული, მაგრამ ყურის მომჭრელი ნამდვილად იყო.
რა თქმა უნდა იმის გამო, რომ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმისგან უსისხლოდ გაათავისუფლა, თანაც იმ დროს, რომ ერის უდიდესი ნაწილი უიმედობისგან გამოწვეული აპათიით იყო შეპყრობილი, - ბიძინა ივანიშვილს მადლობა სრულიად საქართველოს მოსახლეობისგან ეკუთვნის, თუმცა ამ მადლობას მას ყველაზე კომპეტენტურად და პირუთვნელად, ისტორია გადაუხდის. ასე, რომ ჯერ კიდევ დიდი ენერგიისა და პოტენციალის, ასევე დიდი გეგმების მქონე პიროვნების გაკულტების ყოველგვარი მცდელობა, ყველა მხრიდან, მათ შორის საზოგადოებისა და თავად ყოფილი პრემიერის მხრიდანაც უარყოფილი უნდა იქნეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას 2011 წლიდან 2013 წლამდე, ისტორია თავის განსაკუთრებულ სახელს აუცილებლად დაარქმევს.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის პოლიტიკიდან წასვლას, ის პოლიტიკოსის რანგში თავის ბოლო სიტყვაში ისეთივე გულწრფელი იყო, როგორც მაშინ, როცა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, ხოლო რაც შეეხება არჩევანს, ანუ სამოქალაქო სექტორს, აქ მას გაცილებით უფრო მეტი ინტელექტუალური რესურსის გამოყენება მოუწევს, ვიდრე ეს პოლიტიკაში ყოფნის დროს სჭირდებოდა.
შეიძლება ვინმეს ზედმეტად გულწრფელად მოეჩვენა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჯერ სამომავლო გეგმებზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და ამისთვის სავარაუდოდ 2-3 თვე დასჭირდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას თავისი მომავალი მოღვაწეობის მიმართულებების შესახებ ზოგადი გეგმა და მონახაზი არ გააჩნია.
უფრო მეტიც, დღეს უკვე შეიძლება ხმამაღლა ითქვას და ამის ნიშნები სახეზეცაა, რომ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორის გაჯანსაღებას აპირებს, რომელიც სამწუხაროდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მახინჯი ფორმით იყო ფეხმოკიდებული და რისი უამრავი მაგალითიც სახეზე გვაქვს დაწყებული „თავისუფლების ინსტიტუტით“ და გაგრძელებული იმ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციით, რომელთა პოზიციაც, ქართველი საზოგადოების პოზიციასთან თანხვედრაში, ერთეული შემთხვევების გარდა არასოდეს ყოფილა.
როგორც წესი, ასეთ არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციათა აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან, საგრანტო პროგრამებით ფინანსდება და შესაბამისად, გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ უცხოეთი ამა თუ იმ მიზნობრივ პრიორიტეტებს, საკუთარი ინტერესების იგნონირებით და საქართველოსნაირი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავდეს და აფინანსებდეს.
რა თქმა უნდა თითოეული პროექტის უკან, რომელსაც უცხოელი დონორები არასამთავრობო სექტორის მეშვეობით საქართველოში ახორციელებენ, მათი კონკრეტული ინტერესი დგას და ნუ გაგვიკვირდება, თუ ეს ინტერესი ხშირ შემთხვევაში ქართველი ხალხის ინტერესთან თანხვედრაში არ იქნება.
უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დასავლეთის ქვეყნები, მათ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების მეშვეობით, ქვეყნის საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას ახდენდნენ, ხოლო არასამთავრობოებს ამ ჩარევის შესაფუთად იყენებდნენ.
ამ და სხვა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არგუმენტების გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი სამოქალაქო სექტორისკენ, ნამდვილად გამართლებულია, ვინაიდან, აღნიშნულ სექტორს აქვს საკმაოდ დიდი ძალა იმისთვის, რათა გარკვეულწილად ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის განსაზღვრაზე ზემოქმედება მოახდინოს, ხოლო ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის განსაზღვრაში კორექტირებას, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა იმავე უცხოეთის ქვეყნების ინტერესების ლობირებით შეეცდებიან და არა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
არსებობს საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითები იმისა, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთშიც, უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს, გარკვეული ჩარჩოები აქვს დაწესებული, რომლის იქეთ გასვლის უფლებაც მათ არ აქვთ. ეს ყველაფერი სწორედ იმ საფრთხეების გათვალისწინებით ხდება, რასაც აღნიშნული სამოქალაქო სექტორი ატარებს და რასაც ქვეყნის საშინაო საქმეებში არაპირდაპირი ჩარევა, ან საზოგადოებრივ აზრზე არაჯანსაღი მანიპულაცია ჰქვია.
მაგალითად, რუსეთში, უცხოეთიდან დაფინანსებული ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსს ატარებს და მათთვის გარკვეული წითელი ზოლი არსებობს, რომლის იქეთაც ეს სექტორი ვერ გადააბიჯებს. ნუ დაგვავიწყდება ასევე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ფონდ „ღია საზოგადოების,“ იგივე ე.წ. „სოროსის ფონდის“ მოღვაწეობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდ აკრძალა და ნურც ის დაგვავიწყდება, თუ რა საქმეები გაკეთებულა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში სოროსის ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.
დაახლოებით რუსეთში მოქმედი კანონის მაგვარი შეზღუდვები მოქმედებს „დემოკრატიის მექად“ აღიარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედების არეალს, საკმაოდ მკაცრი კანონი არეგულირებს.
ამით იმის თქმა გვინდა, რომ სამოქალაქო სექტორი, თუ ის მხოლოდ უცხოეთიდან ფინანსდება, ყოველთვის იქნება საფრთხის მატარებელი, რომ იმავე უცხო ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ამავდროულად იმ ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენოს, სადაც ის ფუნქციონირებს.
საქართველოს მასშტაბების ქვეყანას, სამწუხაროდ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პირდაპირ ისეთი კანონები მიიღოს, როგორც ეს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, რადგან ასეთი ქმედება საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისგან, დასავლეთის მიერ „დემოკრატიაზე მიტანილ შეტევად“ აღიქმება და მთელი რიგი ნეგატიური პროცესები მოჰყვება.
ამიტომ ერთადერთი გზა, უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა სამოქალაქო გაერთიანებების საპირწონედ, - კონკურენციაა, კონკურენცია კი ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რისი საშუალებაც, სათანადო ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, საქართველოს ხელისუფლებასა და ბიუჯეტს არ გააჩნია.
აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის აქტივობებისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, უნიკალური პერსონაა და მისი სამოქალაქო სექტორში წასვლა, ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივისთვის, მართლაც გაცილებით იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკაში დარჩენა.
გარდა არასამთვარობო ორგანიზაციებისა, ყოფილმა პრემიერმა უნდა იაქტიუროს აგრეთვე სოციოლოგიის მიმართულებითაც და რა თქმა უნდა თავისუფალი მედიის განვითარების კუთხითაც.
არც ის ფაქტი წარმოადგენს დიდ საიდუმლოს, რომ ავტორიტარული რეჟიმის თითქმის ათწლიანმა მმართველობამ, თავისი დაღი მედიასაც დაასვა და მისი საკმაოდ დიდი ნაწილი დაამახინჯა, რაც თუნდაც იმ ელემენტარული სტანდარტების უარყოფაში გამოიხატებოდა, რაც მედიასაშუალებებს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში გააჩნიათ. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტურ ეთიკაზე, რადგან მსგავსი ცნება, ე.წ. „ნაციონალურ არხებსა“ მათ მიერ კონტროლირებად სხვა მედიასაშუალებებს, მთლიანად იგნორირებული ჰქონდათ.
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა პრაქტიკულად ჟურნალისტიკის ერთი თაობა დაამახინჯა, რისი სასწრაფოდ კომპენსაციაც აუცილებელია, რადგან ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს დაბალანსებული და ანალიზზე დაფუძნებული, მრავალმხრივი პოზიციების დაფიქსირებით შექმნილი საინფორმაციო პროდუქციის მიწოდების პრაქტიკა, ხოლო ამ პრაქტიკის დამკვიდრების შემდეგ, ის მედიასაშუალებები, ვინც ტენდენციურობის მიმართულებას არ უღალატებენ, ავტომატურად არამოთხოვნადები და შესაბამისად არარენტაბელურები გახდებიან.
კიდევ ერთი გამოწვევა, რაც ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობისას ექნება, ეს მთავრობის მუდმივი კონტროლია, რის შესახებაც მან არაერთხელ განაცხადა.
განსაკუთრებული ძალისხმევა კი, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა იქნება იქეთ მიმართული, რომ ხელისუფლებას მუდამ შეახსენებს, რომ ისაა ხალხის მსახური და არა პირიქით, როგორც ეს სამწუხაროდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა.
თუმცა ივანიშვილმა უნდა უზრუნველყოს არა მარტო მთავრობისთვის ამის შეხსებნება, რაც შედარებით უფრო ადვილია, არამედ საზოგადოების ცნობიერების ისეთი ტრანსფორმირება, რომ საზოგადოება თავად ახსენებდეს მთავრობის წარმომადგენელს, რომ ნებისმიერი დონის ჩინოვნიკი, დაწყებული უბნის ინსპექტორიდან, დამთავრებული უმაღლესი ხელისუფალით, სწორედ ხალხის მიერაა დაქირავებული , სწორედ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით იღებს ხელფასს თუ სხვა სახის პრივილეგიებს და სწორედ ხალხის სამსახურში უნდა იყოს.
თუ საზოგადოება ამას არ მიეჩვია და თუ საზოგადოებამ მის მიერ არჩეული ხელისუფლების ნებისმიერი რანგის წარმომადგენლის კონტროლი არ ისწავლა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის შეხსენება მთავრობის მიმართ, რომ ისინი ხალხის მსახურები არიან, ეფექტური იქნება ზუსტად იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდის განმავლობაშიც თავად ყოფილი პრემიერის მოღვაწეობა იქნება ეფექტური. ანუ, თუ იმ ოცი წლის განმავლობაში, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ხშირად საუბრობს და აცხადებს, რომ მინიმუმ ამ ვადით იმოღვაწევებს სამოქალაქო სექტორში, მან საზოგადოებას ვერ ჩამოუყალიბა რწმენა, რომ მთავრობა მისი მსახურია, მაშინ ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორიდან წასვლის შემდეგაც, ადვილი შესაძლებელია მივიღოთ ის, რაც ქართველმა ხალხმა ზუსტად ათი წლის წინ მიიღო.
როდესაც ივანიშვილი სამოქალაქო სექტორზე საუბრობს, მისი უპირველესი ამოცანა, სწორედ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ოცი წლის განმავლობაში ფსიქიკადამახინჯებული საზოგადოების ცნობიერების გაჯანსაღება უნდა იყოს.
სწორედ ესაა ყველაზე რთული ამოცანა, რომლის წინაშეც ივანიშვილს მოუწევს დადგომა და თუ მან ეს ამოცანა ვერ შეასრულა, მაშინ, მის მოღვაწეობას ხანგრძლივი ეფექტი ნამდვილად არ ექნება.
რაც შეეხება მთავრობის კონტროლს და როგორც თავად განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში კრიტიკას, რა თქმა უნდა ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება, რისი გაკეთებაც ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო სექტორიდან მოუწევს.
აქ კი მას აუცილებლად წარმოექმნება შინაგანი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მას იმ ხალხის კრიტიკა მოუხდეს, ვისთან ერთადაც ბოლო წლების განამვლობაში იბრძოდა და ვისაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მისი გუნდი ერქვა. და თუ ის სამოქალაქო სექტორიდან ისეთივე მკაცრი მსაჯულის როლში მოგვევლინა, როგორც ეს საჭიროა, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა კიდევ უფრო ამაღლდება.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების დროს გააჟღერა, ეს მისი მზადყოფნაა ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი ექნება.
ანუ ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და რა თქმა უნდა არც უნდა იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ზურგის გამმაგრებელი პირი სამოქალაქო სექტორიდან.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ის აპირებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ჯანსაღ პოლიტიკურ ძალთა შორის კონკურენციის გაძლიერებას, რაც საზოგადოებას სამომავლოდ, არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს.
ასე, რომ გამოწვევების ამ მცირედი ჩამონათვალიდანაც კი, რომლებთან შეჭიდებაც ივანიშვილს მოუწევს, ცხადია, რომ მისი სამოქალაქო სექტორში წასვლა ნამდვილად საჭიროა იმ საბოლოო მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და რეალური დამოუკიდებლობა ჰქვია.
შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ხანში ფრონტის ხაზი სამოქალაქო სექტორზე გავა.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებს, აქედან პირველ რიგში აღსანიშნავი რა თქმა უნდა „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართული „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რიგგარეშე ყრილობა იყო, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე სულ ცოტა ხანში აუცილებლად აისახება. კონკრეტულად კი, საქმე პარტიის ახალი ხელმძღვანელის, მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არჩევას ეხება.
ღარიბაშვილის ამ თანამდებობაზე არჩევა, პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ „ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს,“ როგორც ცალკეულ პარტიას, საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და სავსებით ლოგიკურია, რომ ამ ამბიციების ზრდა, კოალიციის დაშლის სიახლოვეს და არჩევნებში დამოუკიდებელ სუბიექტად მონაწილეობის მიღებისთვის სამზადისს მოასწავებდეს.
ასეთ შემთხვევაში, საქართველოში პილიტიკური სპექტრი კიდევ უფრო დაიწმინდება და გამოჩნდება, თუ რომელ პარტიას რა დოზით უჭერს მხარს საზოგადოება. კოალიციის დაშლას შეიძლება ერთი მინუსი ჰქონდეს, რაც იმით გამოიხატება, რომ დაშლის შემდეგ, პოლიტსივრცეში აუცილებლად გამოიკვეთება ერთი დომინანტი პარტია, რომლის თავმჯდომარედაც კვირას, მოქმედი პრემიერი აირჩიეს. ეს კი არავითარ შემთხვევაში, თუნდაც საწყის ეტაპზე, ერთპარტიული მმართველობის ფორმაში არ უნდა გადაიზარდოს, ვინაიდან, როგორც მაგალითები აჩვენებს, მსგავსი მმართველობის ფორმით ტკბობის სიძლიერე იმდენად მაღალია, რომ დემოკრატიული ღირებულებების დავიწყებასაც კი იწვევს.
მეორეს მხრივ კი, საზოგადოება ითხოვს წარმოჩინდეს ძალები, ვისაც ისინი რეალურად და არა ერთი ან რამდენიმე ადამიანის ხათრით უჭერენ მხარს, ხოლო სინამდვილეში ამ პოლიტიკური სუბიექტების ატანაც კი არ აქვთ.
არც ისაა ძნელად პროგნოზირებადი, რომ კოალიციის დაშლის შემთხვევაში, მასში შემავალ პოლიტიკურ გაერთიანებათა დიდი ნაწილი, კვლავ იმ სასტარტო რეიტინგს დაუბრუნდება, რაც მათ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნდობის გამოცხადებამდე ჰქონდათ. ეს კი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში ახალი სურათის წარმოქმნას განაპირობებს.
თუ არ ჩავთვლით „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელსაც გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები ქვეყნის მასშტაბით მართლაც ჰყავს, როგორც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, ქართულ პოლიტსსივრცეში ლიდერი პოზიციების დაკავებაზე სერიოზულ პრეტენზიას კიდევ ერთი პოლიტიკურ ძალა, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ აცხადებს. ამ პარტიისა და მისი ლიდერის რეიტინგის ზრდა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში იყო შესამჩნევი და თუ მოახლოებულ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებს და იმ გზავნილების კვლავ აქტუალობას გავითვალისწინებთ, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს აწვდიდა, უპირველესად კი სამართლიანობის აღდგენას, - სავარაუდოა, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას რეალურად დაიწყებს და „ნაციონალური ხელისუფლების“ ყველა დამნაშავე ჩინოსანს საბრალდებო სკამზე დასვამს, ეს ნიშნავს, რომ თავად პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობაც კი უდიდესი ეჭვის ქვეშ დადგება, მითუმეტეს, რომ მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს და უფრო მეტიც, მის მიმართ არსებობს კითხვები იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო დონის დანაშაულია.
ანუ, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დაიწყებს თუ არა ახალი ხელისუფლება სამართლიანობის რეალურად აღდგენას, კოალიციის დაშლის შემთხვევაში, ქართულ პოლიტსივცრეში, რამდენიმე თვეში რეალურად ორ ძლიერ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ ვიხილავთ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში, ძალთა თანაფარდობა უდიდესი ალბათობით „ქართული ოცნების“ მხარეს იქნება, მაგრამ ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის არსებობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის პირობებში, საზოგადოება, პოლიტიკურ ძალთა შორის საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული პოლიტიკური ბრძოლების მომსწრე გახდება.
მანამ კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ყველა გზა სამოქალაქო სექტორისკენ მიდის.

ალექსანდრე კაპანაძე
ბეჭდვა