პოლიტიკურ ძალთა ბალანსის მოსალოდნელი ტრანსფორმაცია
პოლიტიკურ ძალთა ბალანსის მოსალოდნელი ტრანსფორმაცია
17:50 05.11.2013
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების ფონზე, რაც უპირველეს ყოვლისა დიქტატისა და ტერორის გაქრობაში გამოიხატა, უკვე აშკარაა, რომ არსებული პოლიტიკური ბალანსი ახლო მომავალში შეიცვლება და იმ კანონს დაექვემდებარება, რაც ჩვეულებრივ დემოკრატიულ ქვეყნებშია გავრცელებული და რომლის თანახმადაც, საზოგადოება საკუთარ სიმპათიას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, ყოველგვარი ზეწოლისა და შიშის გარეშე აფიქსირებს.
როგორც აღვნიშნეთ, ამის ნიშნები უკვე არის და საქმე ისე მიდის, რომ პოლიტიკურ ძალთა ბალანსის ტრანსფორმაცია უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, რაც როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებითაა გამოწვეული.
აღნიშნული ტრანსფორმაცია პირველ რიგში საზოგადოების დაკვეთაა, რადგან მოსახლეობაში ძალიან გაიზარდა იმ კატეგორიის ადამიანების რიცხვი, რომლებიც „ქართული ოცნების“ საქმიანობით უკმაყოფილოები არიან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ გაგონებაც არ უნდათ.
აღნიშნული კატეგორიის ზრდა, თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაადასტურა, რადგან აქტივობის მხრივ, ის გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან ახლოსაც კი ვერ მივა.
ამომრჩეველთა დაახლოებით 15 პროცენტი, რომელიც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, არ მივიდა, სწორედ ის კატეგორიაა, რომლებიც მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ, გასული 1 წელიწადი კი საკმარისი აღმოჩნდა კოალიციას მათი მხარდაჭერა დაეკარგა, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ამ ნაწილს გადაწყვეტილება მიეღო და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია გამოეხატა.
საფუძველსმოკლებული ნამდვილად არაა ვარაუდი იმის შესახებაც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მეორე ადგილზე გაყვანა, სწორედ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, რადგან ამით მან ორი კურდღელი დაიჭირა.
პირველი - დასავლეთს ამ ჟესტით კოჰაბიტაციისადმი მათი უსაზღვრო ერთგულება და „კონსტრუქციულობა“ დაანახა, ხოლო მეორე, - „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ მიიღო პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა აღარ გააჩნია და მათი ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიმუმ სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაული მაინც აქვთ ჩადენილი. რა თქმა უნდა ასეთი ოპოზიციის ყოლა გაცილებით უფრო კომფორტულია.
სწორედ კოჰაბიტაციური რეჟიმის დამსახურებაა ის, რომ საზოგადოებაში უკვე მესამე პოლიტიკური ძალის მოთხოვნა გაჩნდა და ეს ფაქტი, როგორც აღვნიშნეთ საპრეზიდენტო არჩევნებმა თვალნათლივ დაადასტურა.
საზოგადოების იმ ნაწილის რაოდენობა, რომლებიც მესამე პოლიტიკური ძალის არსებობას ითხოვენ, უფრო და უფრო იზრდება და ეს ტენდენცია სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება, რადგან კოჰაბიტაციის რეალურ დასრულებას, რასაც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჰპირდებოდა საზოგადოებას სახელისუფლებო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, - ჯერჯერობით პირი ნამდვილად არ უჩანს.
უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში მიმდინარე გახმაურებულმა სასამართლო პროცესებმა, კონკრეტულად კი ბაჩო ახალაიას საქმემ, ე.წ. კოჰაბიტაცია ახალ სიმაღლეზე აიყვანა და მას საბოლოოდ ალბათ, მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ვაშლის უკანონოდ გათლის ბრალდება დარჩება, რაც ალბათ არც თუ ისე ხანგრძლივ სასჯელს გულისხმობს.
თუნდაც მხოლოდ ამ სასამართლო პროცესმა, მითი იმის შესახებ, რომ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდებოდა, - დაამსხვრია და სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე საზოგადოების განწყობაზე კიდევ უფრო ნეგატიურად იმოქმედა.
სწორედ ესაა ის ფაქტორები, რის გამოც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი, სერიოზული მოთამაშისთვის საკმაოდ დიდი ნიშა გამოთავისუფლდა, რომლის დაკავების შემთხვევაშიც, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, ხალხის დიდი ნაწილის თითქმის უპირობო მხარდაჭერას მიიღებს.
ამ კუთხით, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ლიდერი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგად უკვე გამოიკვეთა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური პარტია, ასევე „სახალხო კრება“ და მისი აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან.
მიუხედავად წლების განმავლობაში წარმოებული იმ ანტიპიარისა და პოლიტიკური წნეხისა, რაც ბურჯანაძის მხარდამჭერების დაშინებაში, ტერორში და მასობრივ დაპატიმრებებში გამოიხატებოდა, შედეგი, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც სარეკორდოა.
ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნინო ბურჯანაძეს ნამდვილად არათანაბარ პირობებში უწევდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, რაც თუნდაც კანდიდატებს შორის ფინანსური კუთხით არსებულ დისბალანსში გამოიხატება.
მაშ რა იყო მიზეზი იმისა, რომ ბურჯანაძემ არჩევნებში ასეთი შედეგი აჩვენა? ვფიქრობთ მიზეზი იყო ის წინასაარჩევნო პროგრამა და ის მესიჯები, რომელიც მან საზოგადოებას გაუგზავნა და რომელიც ყველაზე მეტად სწორედ საზოგადოების დაკვეთას პასუხობდა. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის რეალური აღდგენაა და არა ერთი-ორი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება, რომელთა შეწყალებასაც საზოგადოება დღე-დღეზე ელის და გაუგებარი კოჰაბიტაციის პროცესით დაღლილებს არც ის გაუკვირდებათ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ციხიდან უცოდველი გმირების სტატუსით გამოვლენ.
კოჰაბიტაციური პოლიტიკის გაგრძელება აუცილებლად იქონიებს გავლენას მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 2014 წლის მაისში და საზოგადოება სავარაუდოდ აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგებს იხილავს, ვიდრე ეს 27 ოქტომბერს მოხდა.
განსხვავება კი იმ პოლიტიკური ძალის მაღალი რეიტინგით იქნება განპირობებული, რომელიც საზოგადოების რეალური დაკვეთის შესრულებას აიღებს თავის თავზე და ამ დაპირებას მოქალაქეებამდე სწორად და გასაგებად მიიტანს.
ამ კუთხით, ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები, როგორც მმართველი ძალისთვის, ისევე „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო.
ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ კოჰაბიტაციის პროცესი, ყველაზე თვალშისაცემი ქვეყნის პერიფერიებშია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა უმრავლესობამ მოახერხა და წარმატებით მოირგო „ქართული ოცნების“ მანტია, ხოლო ხალხი, რომელთა უფლებებსაც „გაოცნებებული ნაციონალები“ 9 წლის განმავლობაში არღვევდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ, რა თქმა უნდა, ხმას აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ და აღარც „ქართულ ოცნებას“ აღარ მისცემს.
მეორე მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებაში მყოფ ორივე გუნდს მომავალი წლის მაისში გაუჭირდებათ, ეს იმ ხალხის რიცხვის გარდაუვალი ზრდაა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელთა ინდეფერენტული განწყობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე პასიურობით გამოიხატა, ადგილობრივ არჩევნებამდე, უფრო აგრესიული განწყობით შეიცვლება და ისინი აუცილებლად მისცემენ ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ძალებში „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“ მოიაზრებოდეს.
მესამე და მთავარი ფაქტორი კი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებზე თავის გავლენას აუცილებლად მოახდენს, ეს მოქმედი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია.
ნამდვილად არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს და ყველა თანხმდება იმ ფაქტზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს სხვა ნებისმიერი კანდიდატურა რომ დაეყენებინა, ისიც დაახლოებით იმავე პროცენტს აიღებდა რაც გიორგი მარგველაშვილმა აიღო და პრეზიდენტიც აუცილებლად ივანიშვილის ხელდასმული კადრი გახდებოდა.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება და გიორგი მარგველაშვილის მიერ აღებული 60 პროცენტიც, ქართველი ხალხის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მადლიერების გამოხატულებაა და მეტი არაფერი.
მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი, მოქმედი პრემიერი პოლიტიკურად სავარაუდოდ ნაკლებად აქტიური იქნება, ყოველ შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორიდან ალბათ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების ღიად დაფიქსირებას მოერიდება, ეს კი კოალიციის მაჩვენებელზე აუცილებლად აისახება, ხოლო არჩევნების შედეგები კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ხალხის რეალურ განწყობას.
ასე, რომ 2014 წლის მაისის შემდეგ, საკმაოდ დიდი ალბათობით, ქვეყანა სულ სხვა პოლიტიკური რეალობის წინაშე დადგება, სადაც ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია აუცილებლად ექნება დაკავებული ნინო ბურჯანაძის პარტიას ან მის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ სუბიექტებს.
ფაქტი, რომ ნინო ბურჯანაძე რეალურ და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე თავად პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, რომელსაც რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილიც დაეთანხმა.
ეს სურათი ძნელად განსაჭვრეტი, რა თქმა უნდა, არც წინასაარჩევნო პერიოდში იყო და სავარაუდოდ სწორედ ამას ემსახურებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მიერ, არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ციხიდან ნაფრენი უსტარიც, რომლის თანახმადაც ნინო ბურჯანაძე ხმების დაცვის მოტივით 28 ოქტომბერს ქუჩაში გასვლას და რუსული მხარის დახმარებით ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავდა.
გარდა პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობისა, ამ განცხადების გამკეთებელთათვის, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა ნინო ბურჯანაძეს ხალხი ქუჩაში გამოეყვანა, ხოლო სიტუაციის არევაზე შემდეგ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იზრუნებდა, რის შემდეგაც მღვრიე წყალში თევზის დაჭერას შეეცდებოდა.
ბურჯანაძის ქუჩაში გამოსვლას ელოდებოდა კოალიციის შემადგენელ პოლიტიკურ სუბიექტთა გარკვეული ნაწილიც, რომლებსაც, იმის შიშით, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ მიაღწიოს, რა თქმა უნდა, ბურჯანაძის რეიტინგის ზრდა არანაირად არ აწყობს.
მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 7 თვეა დარჩენილი, მანამ შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეიცვალოს, მათ შორის კოალიციაშიც, რომლის ლიდერთა გარკვეული ნაწილიც უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს და ამავდროულად ივიწყებენ პრემიერის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც სამართლიანობა უკვე აღდგა.
როგორც ჩანს, ის, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხალხს იმ დონეზე აქვს გაცნობიერებული, რომ მათზე პრემიერის განცხადებამაც კი ვერ იმოქმედა და საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა ამ მიმართულებით ოდნავადაც ვერ შეასუსტა.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კოალიცია არჩევნებამდე დარჩენილ დროში, მარცხის თავიდან ასაცილებლად, ეცდება მინიმუმ ისეთი სურათი მაინც შექმნას, რომ ის წინა ხელისუფლების დროინდელ დამნაშავე ჩინოვნიკებს რეალურად ებრძვის, მაგრამ რამდენად ეფექტურად გამოუვათ მათ ეს, - უკვე ცალკე საკითხია.
განვლილი ერთი წლის ანალიზიდან გამომდინარე, შანსი და მოლოდინი იმისა, რომ კოალიციურმა ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართლიანობა ნამდვილად აღადგინოს, ძალიან მცირეა.
ყველაფერ აქედან გამომდინარე კი, ქვეყნის პოლიტიკურ ავანსცენაზე მესამე და საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ძალის გამოჩენა პრაქტიკულად გარდაუვალია, რაც რამდენიმე თვეში, არსებულ პოლიტრეალობას სავარაუდოდ რადიკალურად შეცვლის,როგორც სამართლიანობის აღდგენის, ასევე პოლიტიკურ ძალთა ბალანსის კუთხით.
ახლა ყველა გზა 2014 წლის მაისის არჩევნებისკენ მიდის, რის შემდეგაც ქართველი საზოგადოება სავარაუდოდ პოლიტიკურადაც ცხელი, მაგრამ მშვიდობიანი და საინტერესო ზაფხულის მომსწრე გახდება.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა