პოლიტიკური ბიზნესის კულტურა საქართველოში
პოლიტიკური ბიზნესის კულტურა საქართველოში
12:06 15.08.2013
ის, რომ საქართველოში ყველაფერი მახინჯი ფორმით ვითარდებოდა და სამწუხაროდ ჯერჯერობით დღესაც ასე ვითარდება, არავისთვის მოულოდნელი სიახლე არაა, მაგრამ რასაც საზოგადოება ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობისა და ღირსების აღდგენის შემდეგ მოითხოვდა, ეს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ახალი სტანდარტების დანერგვა იყო.
დღეს კი, სამწუხაროდ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს ვიღებთ.
იმის განსჯა, თუ რამდენად აღდგა სამართლიანობა და დაუბრუნდა თუ არა ერს ღირსება, უკვე ბანალური კი არა, გამაღიზიანებელიც კია და არც მეორე მიმართულებით, ანუ პოლიტიკური კულტურის განვითარების კუთხით გვაქვს რაიმე სერიოზული წინსვლა.
უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილის მიერ დანერგილი პრაქტიკა, როდესაც მან პოლიტიკა, ზოგიერთ მოპოლიტიკანო ელემენტებს ბიზნესად გადააქცევინა, დღესაც წარმატებით გრძელდება და უფრო მეტიც, ამან ლეგალური სახეც კი მიიღო.
თუ მიხეილ სააკაშვილი თავის მორჩილ და ლაქუცა ორიოდე „ოპოზიციურ პარტიას“ ფარულად აფინანსებდა და ზოგიერთი მათგანი, ოპოზიციონერობანას სათამაშოდ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც კი შეჰყავდა, დღევანდელი მდგომარეობით, იმ პარტიათა რაოდენობა, ვინც ბიუჯეტის, ანუ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით შეკრებილ ფულს მიიღებს, თვრამეტამდე გაიზარდა, ხოლო ერთჯერადი დაფინანსების მინიმალური ოდენობა 150 ათას ლარს შეადგენს.
დამეთანხმებით არცთუ ისე სახუმარო რიცხვია.
ანუ, გამოდის, რომ ქვეყანაში მოქმედ 18 პარტიას, ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან ერთჯერადად, მინიმუმ 3 მილიონი ლარი უნდა გადაუხადონ.
ცალკე საკითხია ჩამოთვლის თუ არა ქვეყნის რომელიმე მოქალაქე, ან თუნდაც ამ კანონპროექტის ავტორი საქართველოში მოქმედ იმ 18 პარტიას უშეცდომოდ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას მიიღებს.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, საერთოდ, საქართველოს ტოლ ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს თუ არა ისეთი 18 პარტია, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და პოლიტიკურ ამინდზე გავლენას მოახდენს.
ზოგადად კი, თუ არსებობს პოლიტიკური პარტია, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთი ან რამდენიმე კონკრეტული იდეისა და იდეალის გარშემო, სრულად იზიარებენ ამ იდეას და თავისი პოლიტიკური გაერთიანების შესანახად და შესაბამისად, თავისი იდეების გადასარჩენად და პოპულარიზაციისთვის, პოლიტიკურ პარტიას, საწევროების ან სხვა რაიმე სახის შეწირულობებით, თავადვე ინახავენ.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს საქართველოში ამ დონეზე მისასვლელად კიდევ ბევრმა წყალმა უნდა ჩაიაროს.
დღესდღეობით კი კვლავ გრძელდება ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ფულის გასაკეთებლად საუკეთესო საშუალება პოლიტიკური პარტიის შექმნაა, მერე რა, რომ ამ პარტიაში შეიძლება ერთი ან ორი კაცი იყოს სულ წარმოდგენილი, მთავარია მისმა „ლიდერმა“ კვირაში ერთხელ რაიმე თემაზე არაკვალიფიციური ბრიფინგი გამართოს და მედიაში დაფიქსირდეს.
მნიშვნელობა არ აქვს იმასაც, რამდენად პოპულარულია ესა თუ ის პარტია ხალხში. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს ტენდენცია, რომ რაც უფრო არაპოპულარულია პარტია და რაც უფრო მეტად ვერ იტანს ხალხი მის ლიდერებს, უფრო მეტ დაფინანსებას იღებენ.
ძალიან ძნელია საქართველოში მოძებნო ადამიანი, რომელიც იტყვის რომ მისთვის მისაღებია ფაქტი, რომლის თანახმადაც, მის მიერ გადახდილი გადასახადებიდან „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ უნდა დაფინანსდეს.
კიდევ უფრო ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მილიონობით ლარის გამოყოფას დათანხმდება.
ხოლო ის პარტიები, რომლებიც საზოგადოებაში მხოლოდ ერთი კაცით არიან წარმოდგენილნი, ყურადღების ღირსადაც არ ღირან, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ეს „ერთი კაცი“ გადასახადების გადამხდელებისგან აკრებილი ფულიდან, 150 ათას ლარს მიიღებს.
ძალიან ცოტაა საქართველოში ბიზნესი, რომელიც ამხელა მოგებას მოიტანს.
რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს, თუმცა სამწუხაროდ ეს მათ უმრავლესობას ნამდვილად ეხება.
ის რომ საქართველოში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებებმაც დაადასტურა, როდესაც ის პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებით დაიმუქრა.
ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ „მგზნებარე მხარდამჭერი“, არც მეტი არც ნაკლები, მისი პარტიის იმ სიაში შეუსვლელობამ გაამწარა, რომელი სიის „ბედნიერი მობინადრეებიც“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს მიიღებენ.
სხვათა შორის, ეს ის გია გაჩეჩილაძეა, რომელსაც ბოლო 10 თვის განმავლობაში ბუნების დაცვაზე ხმაც კი არ ამოუღია და ქვეყნის მთიან რეგიონებში დიდი ჰესების მშენებლობა და მისი მოსალოდნელი შედეგები ირიბადაც კი არ გაუკრიტიკებია.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ბატონი გაჩეჩილაძე სწორედ იმას ელოდა, რაც ქვეყანაში „მოქმედმა“ 18-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო.
ეხლა კი, როდესაც ის ზემოთნახსენებ „ბედნიერთა სიაში“ ვერ მოხვდა, შეიძლება გარემოს დაცვაზე ატეხილი სკანდალების ავტორადაც კი ვიხილოთ, ხოლო თუ ბოიკოტირებაზეა საუბარი, ბოიკოტის ყველაზე მკაფიო ფორმა, სადეპუტატო მანდატის პარლამენტის თავმჯდომარისთვის ჩაბარება იქნებოდა, რაც, როგორც მიხვდით, ბატონ გია გაჩეჩილაძეს არ გაუკეთებია.
ეს ყველაფერი კი, საზოგადოების თვალში მკვეთრად ნეგატიურად აღიქმება და გასაკვირიც არაა.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას მიიღებს, რაც როგორც ვთქვით სასურველი პრაქტიკა არაა, უკიდურეს შემთხვევაში ისეთი საკანონმდებლო ბაზა მაინც უნდა იყოს შემუშავებული, რომელიც ფულის მიმღებ სუბიექტებს დაავალდებულებს მიღებული ფული პარტიის განვითარებისთვის დახარჯონ და შესაბამისი ხარჯვითი დოკუმენტაცია წარმოადგინონ.
აღნიშნული 18 პარტიის ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ თანხას საკუთარ კეთილდღეობას მოახმარს და ამ ფონზე დასმულ კითხვას, ვართ თუ არა ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვალდებულები, რომ ზოგიერთი მოპოლიტიკანო ელემენტის პირად კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, - ლეგიტიმური საფუძველი ნამდვილად გააჩნია.
ასე, რომ რაც უფრო მალე მოვა ის, დრო, როდესაც პოლიტიკური პარტია არა ფულის საჭრელ მექანიზმად, არამედ იდეალებისთვის ბრძოლის იარაღად გადაიქცევა, მით უკეთესია ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, მოსახლეობისთვის და ასე განსაჯეთ იმ პარტიებისთვისაც კი, ვინც დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის მიღების გამო ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის კიდევ ერთ პრობლემატურ სფეროს, ეს ისევ და ისევ სასჯელაღსრულების სისტემაა, სადაც მართალია პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების პრაქტიკა მოისპო, მაგრამ კვლავ დარჩა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენების ტრადიცია და სხვა მავნე გადმონაშთები, რისი მიზეზიც შეიძლება წინა ხელისუფლების დროინდელ კადრებში ვეძებოთ, თუმცა არავის არ აქვს უფლება, რომ კოჰაბიტაციის პროცესს, სამოქალაქო საზოგადოების ნერვების პარალელურად, პატიმრების ფსიქიკა და ჯანმრთელობის მდგომარეობა შესწიროს.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა თუ განცხადებებს, ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ საქმე შედარებით უკეთაა, თუმცა ეს ისევ და ისევ, არა იმ უწყების ეფექტური საქმიანობითაა გამოწვეული, ვისაც უშუალოდ საგარეო პოლიტიკის წარმოება ევალება, არამედ განპირობებულია ცალკეული ინდივიდების განცხადებებით და ქმედებებით, რომელთაგანაც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გამოირჩევა.
მან დიპლომატიურ ენაზე, რუსულ მხარეს საკმაოდ მკვეთრი მესიჯი მიაწოდა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა პრაქტიკულად გამორიცხულია, ვინაიდან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველო მხარს უჭერს ან ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და დე-ფაქტო პირველმა პირმა ბიძინა ივანიშვილმაც. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მანამ არ აღდგება, სანამ მინიმუმ რეალური ძვრა არ იქნება კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით.
ეს განცხადება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მკვეთრად პოზიტიურია და იმედია საქართველო აღნიშნულ პრინციპს არ გადაუხვევს, რადგან ამ პრინციპიდან გადახვევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე კატასტროფული შეცდომის ტოლფასი იქნება.
რა თქმა უნდა ეს პრინციპი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ რუსეთის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე უნდა გადავიდეს და კვლავ იმ მოჯადოებულ წრეზე დაბრუნდეს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის მანძილზე შექმნა.
იმაში, რომ რუსეთისთვის ყოველი წინადადების დასაწყისში სიტყვა „ოკუპანტის“ წამოძახებას შედეგი არ მოაქვს, ბოლო 5 წლის განმავლობაში დავრწმუნდით.
ვფიქრობთ სჯობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი უმაღლესი ორგანოსა თუ ინსტიტუციის წარმომადგენელმა, რუსეთთან მიმართებაში რიტორიკა შეცვალოს და ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში უპირატესობა არა მკვეთრ გამოთქმებს, არამედ ჭკვიანურ, გაანალიზებულ და კარგად გათვლილ, პრაგმატულ ქმედებებს მიანიჭოს.
ეს განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის მისამართით ითქმის, რომლებიც ახალი ხელისუფლების წევრთა შორის, რუსეთთან მიმართებაში მკვეთრად მძიმე რიტორიკით გამოირჩევიან.
ამ შემთხვევაში ერთი რამ თვალშისაცემია.
თავდაცვის მინისტრის გარდა, რუსეთთან მიმართებაში მკვეთრი რიტორიკით გამორჩეულ მინისტრთაგან, ყველა ალასანიას გუნდის წევრად მოიაზრება.
ეს ფაქტი კი, შორეულ თუ ახლო პერსპექტივაში იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ალასანია დამოუკიდებელი თამაშისთვის ემზადება და ოპოზიციაში საკუთარი ნიშის დასამკვიდრებლად ნიადაგის შემზადებას უკვე იწყებს.
ეს ნიშა კი, ანტირუსული ნიშა იქნება, უფრო სწორად, ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში, ალასანიასა და მისი გუნდის კრიტიკის ძირითადი ობიექტი, ახალი ხელისუფლების რუსეთთან დამოკიდებულება იქნება.
ამ კუთხით ირაკლი ალასანიას შეიძლება ცუდი სასტარტო პირობები არც ჰქონდეს, რადგან წინა ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის პერმანენტული ქმედებებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ფსიქოლოგიაში კვლავ შერჩენილია რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპანტთან საუბარი არ შეიძლება და მას სწორედ მკვეთრი და არადიპლომატიური რიტორიკით უნდა ელაპარაკო.
ეს ხალხი და ამას დამატებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც, ასეთ შემთხვევაში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდებიან, თუმცა საეჭვოა, რომ მათმა რაოდენობამ იმ დონეს მიაღწიოს, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენადაა საჭირო.
ყოველ შემთხვევაში, ეს უახლესი წლების განმავლობაში ნამდვილად არ მოხდება.
ასე, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალური ცვლილება ჯერ არ განხორციელებულა, რეალური ცვლილება არ განხორციელებულა სამწუხაროდ ჯერჯერობით არც ერის მენტალიტეტში და ძირითადი ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად წინაა.
ამ გზაზე კი, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, ვინაიდან ქართულ საზოგადოებას სწორედ დღეს აქვს შანსი მიიღოს ხელისუფლება, რომლის ყველა შტოც ერთმანეთს გააკონტროლებს და ცივილიზებული, პოლიტიკური ოპონირების გზით, საქართველოს მომავლისთვის იღვაწებს.
ამისთვის კი, პირველ რიგში არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მზაობაა საჭირო, არამედ ამისთვის პირველ რიგში მზად ქართული საზოგადოება უნდა აღმოჩნდეს და თავისი მომავალი ცივი გონებით, ემოციისა და ფერადი დაპირებების გარეშე აირჩიოს.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა