პრემიერის ბრჭყალები
პრემიერის ბრჭყალები
12:48 31.07.2013
ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოლო პერიოდი, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და პოლიტიკური გადაადგილებების გარეშე, აბსოლუტურად პროგნოზირებადი სცენარით ვითარდება. თუმცა, მიუხედავად ზაფხულისა და ე.წ. „მკვდარი სეზონისა,“ პოლიტიკურ დაფაზე ძალთა შესაძლო ცვლილებების კონტურები უკვე იკვეთება და გამორიცხული არ არის, რომ უკვე შემოდგომის დასაწყისშივე, საზოგადოება რამდენიმე სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდეს.
ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, რაც ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ზურაბიშვილის საკითხია, რომელიც მარგველაშვილის შემცვლელმა სანიკიძემ თავის გუნდში აღარ დატოვა და მას მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, რასაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ზურაბიშვილი არ დათანხმდა.
ამ შემთხვევაში, საქმე ერთ ჩვეულებრივ, მორიგ საკადრო გადაადგილებასთან გვექნებოდა, რომ არა ზურაბიშვილის პარტიული კუთვნილება და ის განცხადებები, რომელიც მასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
აქვე შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, უკვე კარგად გაერკვა ქართული პოლიტიკის ქვედინებებში, თუმცა ის ამ კუთხით შეცდომებს მაინც უშვებს, მაგრამ საბედნიეროდ, არა მნიშვნელოვანსა და გადამწყვეტს.
რაც შეეხება დავით ზურაბიშვილის საკითხს, როგორც პრემიერმა განაცხადა, მისი თანამდებობაზე დატოვების თხოვნით, რესპუბლიკელებს თურმე ივანიშვილისთვის პირადად მიუმართავთ და გარკვეულ დონეზე პირობაც მიუღიათ, თუმცა მთავრობის სხდომაზე, განათლების ახალი მინისტრის მტკიცე პოზიციას, სამინისტროში საკადრო პოლიტიკის ავტონომიურობასთან დაკავშირებით, პრემიერმა ვერაფერი ან არაფერი არ დაუპირისპირა.
ეს ყველაფერი კი, მედიისა და პოლიტოლოგების არცთუ უსაფუძვლო ეჭვის საბაბი გახდა, იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის შავმა კატამ გაირბინა, მით უმეტეს, რომ ამ ეჭვებს გარკვეული წინაპირობებიც უძღოდა, თუნდაც საგარეჯოს მაგალითი, როდესაც სამართალდამცავმა სტრუქტურებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 4 მაღალჩინოსანი დააკავეს.
როგორც საზოგადოებას ახსოვს, მაშინ თინა ხიდაშელი, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატია საგარეჯოდან და რომლის კადრებადაც დაკავებულებს მოიაზრებენ, - ღიად აცხადებდა, რომ ის რაიონის ყოფილი გამგებლისა და მასთან ერთად დაკავებულების წესიერებასა და უდანაშაულობაში დარწმუნებულია, თუმცა რესპუბლიკელების პოზიციამ სამართალდამცავი უწყების მოქმედებაზე გავლენა ვერ მოახდინა.
მიუხედავად ასეთი ლოკალური გამოვლინებებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში, საზოგადოებამ პრემიერის გუნდსა და რესპუბლიკელებს შორის დემონსტრირებული უთანხმოება იხილოს, ვინაიდან ამ უთანხმოების სააშკარაოზე გამოტანა, პირველ რიგში რესპუბლიკელებს არ აწყობთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. როგორც მინიმუმ, რესპუბლიკელებს პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის და რეიტინგის ასაკრებად, რამდენიმეწლიანი ბრძოლა მოუწევთ, რაზეც რა თქმა უნდა ისეთი ინტელექტუალური რესურსის მქონე პარტია, როგორც რესპუბლიკური პარტიაა, - არ წავა.
გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესოა ამ პარტიის ლიდერების განცხადებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან დაკავშირებით, რაც გუნდურობის ნიშნით მაინც და მაინც არ გამოირჩევა.
ერთადერთი, რამაც კოალიციის შიგნით დემონსტრირებული დაპირისპირება შეიძლება გამოიწვიოს, - ეს ვადამდელი საპარლამენტიო არჩევნების დანიშვნაა, ვინაიდან ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შემცირების ხარჯზე, სხვა პარტიებს მეტი მანდატის მოპოვების შანსი გაუჩნდებათ, არც რესპუბლიკელები და არც ალასანიას პარტია, სავარაუდოდ იმ დოზით ვეღარ წარსდგებიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ეს დღესაა.
ამიტომ, არსებული პოლიტიკური ვითარების ზედმეტი სკანდალებით გადატვირთვა ამ ეტაპზე არც პრემიერ-მინისტრს და არც რესპუბლიკელებს არ აწყობთ, თუმცა საზოგადოება მსგავსი მასშტაბის უთანხმოებებს უნდა ელოდოს.
ასეა თუ ისე, მითი იმის შესახებ, რომ კეთილი ოლიგარქი, რომელიც წლების განმავლობაში თავის ქვეყანას ეხმარებოდა, პრემიერის რანგშიც მხოლოდ ქველმოქმედებით შემოიფარგლებოდა და სახელმწიფოს მართვის საქმეში სუსტი იქნებოდა - დაიმსხვრა.
უკვე აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი შედეგია და არა პიროვნებები ან თუნდაც პოლიტიკური სუბიექტები და ამ შედეგის მიღწევის გზაზე, მან თავისი ბრჭყალები მართალია არა მთლიანად, მაგრამ მაინც გამოაჩინა.
საერთოდ კი, დაკვირვებული თვალისთვის და განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ჩინოვნიკებისთვის, ეს საკმარისი სიგნალი უნდა იყოს.
კიდევ ერთი სეგმენტი, რომელსაც ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის რისხვა დაატყდა თავს - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატები არიან.
ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პრემიერი თავისი შეცდომის შედეგებს იმკის, ვინაიდან არც მაჟორიტარული და არც პროპორციული სიები, მას 2012 წელს, სამწუხაროდ პროფესიონალიზმის ნიშნით არ დაუკომპლექტებია.
უფრო სწორად, „ქართული ოცნების“ სიით გასულ პარლამენტართა უმრავლესობა მართლაც პროფესიონალია, მხოლოდ თავიანთ სფეროში და მათ საპარლამენტო ცხოვრების არანაირი გამოცდილება არ აქვთ.
ნაწილობრივ ამ ფაქტორის, ნაწილობრივ კი ნაციონალური ხელისუფლების მიერ დანერგილი პრაქტიკის ფსიქოლოგიური გამოძახილია ის ფაქტიც, რომ მაჟორიტართა უმრავლესობას, თავი იმ რაიონის არა მსახურად, არამედ ხელმძღვანელად წარმოუდგენია, საიდანაც ის აირჩიეს.
სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის რისხვის მიზეზი, რომელიც მან მაჟორიტარი დეპუტატების მისამართით გამოავლინა და ამ შემთხვევაში ძნელია მას არ დავეთანხმოთ.
ცალკე საკითხია განცხადების ფორმა, ან ის, რომ ხომ არ არის ეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა, ან რამდენად აქვს ამის სამართლებრივი უფლება პრემიერს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ძნელია პრემიერის განცხადების შინაარს არ დაეთანხმო.
თუ ამ შემთხვევაში, პრემიერის მიერ, ეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევის არცთუ მკაფიო მაგალითი იყო, იგივეს ვერ ვიტყვით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელიც მან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მიმართ აღსრულების გადავადების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო გააკეთა.
ამ განცხადების პათოსის თანახმად, პრემიერმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო, პრაქტიკულად დატუქსა და არცთუ უშედეგოდ. სავარაუდოდ, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შეჩერდება.
ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტარები მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ამას მათი ამომრჩეველი, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვდა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონპროექტის მიღება მართლაც გამოიწვევდა ისეთ ფინანსურ რყევებს, რომელიც ქვეყნის საბანკო სისტემას გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებდა, კანონპროექტი განხილვამდეც კი არ უნდა მისულიყო და შიდაკოალიციური კომუნიკაციით, უმრავლესობას ამ საკითხის განხილვა რაიმე ფორმით უნდა გადაევადებინა.
დღეს კი, პარლამენტის მოქმედებამ და პრემიერის განცხადებამ, ცალსახად მიანიშნა იმაზე, რომ მმართველ კოალიციაში, კონკრეტულად კი მის საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის, კომუნიკაციის სერიოზული დეფიციტია, რაც ახალი ხელისუფლების მონოლითურობაზე ნამდვილად არ მეტყველებს.
გარდა ამისა, ბატონ პრემიერს, ხელისუფლებაში მოსვლამდე და მის შემდეგაც არაერთხელ განუცხადებია, რომ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის და შემდგომ, გადაუხდელობის გამო, იპოთეკის აღსრულების მახინჯ პრაქტიკას, რაც პირველ რიგში უსაშველოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთში გამოიხატებოდა, - მოსპობდა.
გასაგებია, რომ ხალხის იმ სხვადასხვა ფენის ნაწილს, ვინც ამა თუ იმ ფორმით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობს და უკანონოდ დაკავებული ფართებიდან გამოსახლებასაც შოუს ელემენტებით ამდიდრებს, მართლაც ჰქონდეს იოლად გამდიდრების ან საცხოვრებელი პირობების მკვეთრად გაუმჯობესების ზრახვა და ამ შემთხვევაში მათი პროტესტი უმეტესწილად შეიძლება უსაფუძვლო იყოს, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ბინების დაკარგვის საფრთხე უკვე კრიტიკულად უდგას, ან ვინც საცხოვრებლები უკვე დაკარგა, პრემიერის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციების გამართვის მორალური უფლება ნამდვილად აქვთ, ვინაიდან მათ არჩევნებამდე არაერთხელ მოისმინეს, რომ იპოთეკით სესხის აღების არსებულ პრაქტიკა შეიცვლებოდა.
რაც შეეხება იმ სავარაუდო ფინანსურ დარტყმას და საბანკო სექტორის შესაძლო კრიზისს, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა და რომელიც იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ აღსრულების პროცესზე მორატორიუმი გამოცხადდება, ვფიქრობ ის ზედმეტად გაზვიადებულია, ვინაიდან არსებობს სამი ძირითადი კატეგორია, ვინც უძრავი ქონების დაიპოთეკებითაა დაკავებული.
პირველი კატეგორია, ეს კომერციული ბანკებია, რომელთა მიერ, იპოთეკით დატვირთული ბინების სარეალიზაციო აღსრულებამდე მისვლის რისკი ყველაზე დაბალია, ვინაიდან, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტების თანახმად, კომერციული ბანკები იპოთეკით ისეთი პირების უძრავ ქონებას არ ტვირთავენ, ვისაც სათანადო, დასაბუთებული შემოსავალი არ დააჩნია.
ასე, რომ ამ კუთხით, კომერციულ ბანკებს ყველაზე „საიმედო კლიენტები“ ჰყავთ, და შესაბამისად, ეს კლიენტები დავალიანების გადახდას, ისევ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მორატორიუმის პროცესშიც გააგრძელებენ.
ასე, რომ რისკი საბანკო სექტორზე ძლიერი დარტყმის შესახებ საკმაოდ დაბალია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კომერციული ბანკები საფინანსო თვეებს რამდენიმე ათეულმილიონიანი მოგებით ასრულებენ და მათი გადახდისუნარიანობა, აღნიშნული მორატორიუმის ამოქმედების შემთხვევაში არანაირად არ დაქვეითდება.
რაც შეეხება მეორე კატეგორიას - ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რომელთა წილადაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკმაოდ დიდი სეგმენტი მოდის. თუმცა მათი დიდი ნაწილიც, უკვე უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვამდე, მესაკუთრის შემოსავლების დადასტურებას ითხოვს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ გარკვეულწილად მათ მიერ დაიპოთეკებული ქონების მეპატრონეები, გადამხდელუნარიანები არიან. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სტანდარტი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მასიურად არ აქვთ და შესაბამისად ხშირია შემთხვევები, როცა ისინი იპოთეკით, პრაქტიკულად ფინანსური კრიზისისთვის განწირული პირების ქონებასაც ტვირთავენ.
აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთი კანონით იქნება შესაძლებელი, რომელიც ყველა იურიდიული პირისთვის, რომელიც იპოთეკის საფუძველზე გასცემს სესხებს, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვარს დააწესებს, რომლის მაღლაც ისინი ვეღარ წავლენ, ხოლო ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყობა მათ აიძულებთ, რომ პირიქით, აღნიშნული ზღვარის დაბლა იმოქმედონ.
ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრეები ნამდვილად ამოისუნთქებდნენ, ხოლო რაც შეეხება ამ კანონით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს, ის არა საბანკო სექტორზე, არამედ პირველ რიგში, ბიუჯეტზე აისახება. ვინაიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოსავალი შემცირდება, რაც მათ მიერ ბიუჯეტში შენატანებს შეამცირებს, თუმცა, ეს არ იქნება იმ დონის შემცირება, რომ ქვეყნის ძირითად საფინანსო კანონზე რაიმე სერიოზული გავლება მოახდინოს.
ამასთან, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ნაწილი კონკურენციას ვერ გაუძლებს და დაიხურება, ეს არანაირად არ იქნება საბანკო სექტორზე დარტყმა, უფრო მეტიც, ვითარება ამ კუთხით უფრო გაჯანსაღდება.
რაც შეეხება მესამე კატეგორიას - ესენი კერძო მევახშეები არიან და იპოთეკით დატვირთული ქონების ყველაზე დიდი სეგმენტიც სწორედ მათზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ განსხვავავებით კომერციული ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო მევახშეები, აშკარად არიან დაინტერესებულები, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება ხელში ჩაიგდონ და მაქსიმალური სარგებელი ნახონ.
ეს განსაკუთრებით კერძო მევახშეებზე ითქმის, სადაც დაიპოთეკებული ქონების დაბრუნების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, საქმე ქონების აუქციონზე გატანით სრულდება.
ამ შემთხვევაში, უპრიანი იქნებოდა, რომ სახელმწიფომ კერძო მევახშეებს, უძრავი ქონების იპოთეკის უზრუნველყოფით სესხის გაცემა საერთოდ აუკრძალოს.
კერძო მევახშეებს იპოთეკით ქონების დატვირთვა თუნდაც იმიტომ უნდა აეკრძალოთ, რომ მათი მოგებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტში უკეთეს შემთხვევაში მიზერული თანხები ირიცხება, უმრავლეს შემთხვევაში კი, კერძო მევახშეთა შემოსავალი მთლიანად ჩრდილშია მოქცეული.
ამიტომ, თუ მათ იპოთეკის უზრუნველყოფით სესხების გაცემა აეკრძალებათ და პარალელურად ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ნორმა დაწესდება, მაშინ კერძო მევახშეების პოტენციური კლიენტები სწორედ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიაკითხავენ, რაც მათ, საპროცენტო განაკვეთის დაწევის გამო მიღებულ ზარალს მინიმუმამდე შეუმცირებს და კლიენტთა სიმრავლის შემთხვევაში, შეიძლება იმაზე მეტი მოგებაც კი აჩვენონ რაც დღეს აქვთ, ანუ ამ შემთხვევაში მოგებული დარჩება საკრედიტო ორგანიზაცია, სახელმწიფო ბიუჯეტი და რაც მთავარია ის ადამიანები, რომლებიც იპოთეკით დატვირთული ქონების გამო, უზარმაზარ პროცენტებს იხდიან.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ უძრავი ქონების გარანტიით სესხის ამღებთა საკმაოდ დიდი ნაწილი, წინა ხელისუფლების პირდაპირი მსხვერპლია.
ანუ, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, საპროცესო გარიგება საკმაოდ სარფიან ბიზნესად იყო ქცეული, დაკავებულ და ხშირ შემთხვევაში უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახის წევრები, თავიანთი მამის, ძმის ან შვილის გამო, რა თქმა უნდა მზად იყვნენ ყველაფერზე წასულიყვნენ.
ვფიქრობთ, სასურველი იქნებოდა, რომ მორატორიუმი ამ კატეგორიის ადამიანებზე მაინც გამოცხადებულიყო და მათთვის ბინების წართმევა რამდენიმე თვით გადადებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ხელისუფლება ნებსით თუ უნებლიედ, წინა ხელისუფლების საქმის გამგრძელებელი აღმოჩნდება.
აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის რისხვა საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ, შეიძლება სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასული იყოს, მაგრამ იმ ნაწილში, რომ ეს საკითხი პარლამენტში მოუმზადებლად გავიდა, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ, ვინაიდან სავსებით შესაძლებელია, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.
მანამდე კი, როგორც აღვნიშნეთ, წინასაარჩევნო განცხადებებიდან გამომდინარე, იმ ხალხს, ვისაც დღეს თუ ხვალ ბინის გაყიდვის საფრთხე ელის, პროტესტის გამოხატვის მორალური უფლება ნამდვილად აქვს.
წეღან პრემიერის ბრჭყალები ვახსენეთ და ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა, თუ ბიძინა ივანიშვილი გარკვეული კრიტიკის თვალით, სასჯელაღსრულების სისტემას და კონკრეტულად კი სასჯელაღსრულების სამინისტროს შეხედავს.
ის, რომ ამ უწყებაში საქმე ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რისი ნათელი დასტურიცაა პატიმართა მასობრივი თვითდაზიანებები თუ შიმშილობები.
მართალია, სოზარ სუბარის უწყება, მოშიმშილე პატიმრებზე „ხელს იბანს“ და აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები სამინისტროს კომპეტენციას სცილდება და ის სასამართლოს პრეროგატივაში გადადის, ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ იმ ფაქტს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, გლდანის ციხეში ერთ-ერთმა პატიმარმა ყურის მოჭრა სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, პატიმარმა ყური კი არ მოიჭრა, არამედ გაიჭრაო, - დამეთანხმებით, ეს საქმის არსს არ ცვლის და იმის თქმის საფუძველს არ იძლევა, რომ პრობლემა არ არსებობს.
ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კიდევ ერთ სკანდალს, რომლის დაღუპვის ოფიციალური ვერსიაც სამინისტრომ მეორე დღესვე შეცვალა, ადვილი მისახვედრია, რომ ამ უწყებას პრემიერის მინიმუმ მწვავე კრიტიკა, მაქსიმუმ კი, უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, ის, იმ რესურსის გათვალისწინებით, რომელიც პრემიერს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთლიანად დიპლომატიური სამსახურის სახით ჰყავს, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ კარგად ვითარდება, თუმცა საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებების მთლად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიწერა უსამართლობა იქნებოდა.
რაოდენ მოულოდნელადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ადამიანი, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკას ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა, ეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა, რომლის ჩრდილოური ვიზიტიც, როგორც მოსალოდნელი იყო კვლავ წარმატებით დასრულდა და დევნილების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების საქმეში ძვრები, როგორც პატრიარქმა განაცხადა, მალე დაიწყება.
არავინ იცის კიდევ რა საკითხებზე ისაუბრა პატრიარქმა მოსკოვში და რა შეთანხმებას მიაღწია, თუმცა სავარაუდოდ მისი ვიზიტი როგორც აღვნიშნეთ შედეგიანი იყო.
ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ მოსკოვში თავისი ბოლოსწინა ვიზიტისას, პატრიარქმა, მაშინ როცა საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა პიკზე იყო, იმდენი მოახერხა, რომ სოფელ პერევიდან რუსის ჯარი გაიყვანა, რომელიც თავისი არცთუ პასუხისმგებლიანი და ტრადიციულად ბაქია განცხადებებით, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე საათში უკან შემოაბრუნა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც ბოლო დღეების ქართულ პოლიტიკაში ჰქონდა ადგილი - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის წერილი იყო, სადაც ის ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების განადგურებისკენი მოუწოდებს.
ნურავის დაავიწყდება, რომ ბატონი ჰამერბერგი, სწორედ იმ პოლიტიკური სივრციდანაა მოვლინებული საქართველოში, სადაც წინა ხელისუფლების და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას თავგამოდებით ცდილობენ.
ასე, რომ ჰამერბერგის განცხადების უკან სხვა ზრახვაც შეიძლება ამოვიკითხოთ. ეს ზრახვა კი, არც მეტი არც ნაკლები, წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის მამხილებელი მასალების და შესაბამისად, მათი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ მტკიცებულებების გაქრობის მცდელობაა, რასაც ქართულმა მხარემ და უპირველეს ყოვლისა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი მკვეთრი პოზიციით უნდა უპასუხოს, ვინაიდან ეს ჩანაწერები, რომელთა რიცხვიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, იმის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს - თუ როგორ რეჟიმთან ჰქონდა საქმე ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას და მთლიანად მსოფლიო თანამეგობრობას.
აღნიშნული ჩანაწერების განადგურებით, შესაძლოა დასავლეთი თავისი რეპუტაციის გადარჩენასაც ცდილობს, ვინაიდან ისინი ამ ცხრა წლის განმავლობაში, ცალსახად უჭერდნენ მხარს რეჟიმს, რომელიც ხალხს ქუჩაში ხვრეტდა, რომელიც პატიმრებს ცოცხებით აუპატიურებდა და რომელიც, სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ ბუნაგებში, არჩადენილი ბრალის აღიარების მოთხოვნით, უპატრონო გლეხებს აუპატიურებდა.
ბოლოს და ბოლოს, რადგან დასავლეთი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩანაწერების უპირობოდ განადგურების მოტივად იმას ასახელებს, რომ არსებობს მისი გასაჯაროების რისკი, ხელისუფლებას შეუძლია ისეთი რამე მოიმოქმედოს, რაც ამ ჩანაწერების განადგურების აუცილებლობას დღის წესრიგიდან მოხსნის.
ანუ, ხელისუფლებამ, იგივე არასამთავრობო და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, შეიძლება ეს ჩანაწერები უცხოეთში, მაგალითად შვეიცარიის ბანკში წაიღოს შესანახად, სადაც გარეშე პირის წვდომა, ფანტასტიკის სფეროსაც კი სცილდება.
ასეთ შემთხვევაში, იმ ჩანაწერების გავრცელება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება, პრაქტიკულად სრულად გამოირიცხება, ხოლო თუ რომელიმე ჩანაწერი მაინც გამჟღავნდება, მისი გამსაჯაროებლის გამოცნობა ძნელი აღარ იქნება.
აქედან განონდინარე ის, რომ პრემიერის პრინციპული პოზიცია საქართველოს არა მარტო ქვეყნის საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც ძალიან სჭირდება, კიდევ ერთხელ დადასტურდა და რაც უფრო მალე ვიქნებით მზად ამ პოზიციის დასაჭერად, ჩვენთვის მით უფრო კარგი იქნება.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა