ქართული ჯიჰადი
ქართული ჯიჰადი
17:19 24.07.2013
ჯიჰადი არაბული წარმოშობის სიტყვაა და სწრაფვასა და ძალისხმევას ნიშნავს. ის კლასიკურ ტექსტებში მეტწილად ბრძოლისა და ომის მნიშვნელობით გამოიყენება.
სიტყვა ჯიჰადი, კლასიკური გაგებით, დღეს საქართველოში მთელი სიმძლავრით ბობოქრობს. ჯიჰადი აქვთ გამოცხადებული ერთმანეთისთვის დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს, ჯიჰადი აქვთ გამოცხადებული ერთი პოლიტიკური ძალის სხვადასხვა შიდა დაჯგუფებებსა და ასე განსაჯეთ, თავისუფლების სხვადასხვა ხარისხის მქონე მედიასაშუალებებსაც.
საბედნიეროდ, ჯიჰადი, დღეს არსებული ანუ „საღვთო ომის“ გაგებით, საქართველოში არ გვხვდება და მიუხედავად გარკვეული ძალების მცდელობისა, საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება წარმოქმნან, - მცდელობა კვლავ მცდელობად რჩება, რისი მიზეზიც ალბათ, ქართველი ერის მენტალიტეტში, იმ საუკუნეობრივად გამომუშავებულ ტოლერანტობაში უნდა ვეძებოთ, რომელიც მსოფლიოს „დემოკრატიის აკვნებს“ დღესაც აოცებთ.
სამწუხაროდ, ყოველგვარ ტოლერანტობასაა მოკლებული შიდა პოლიტიკურ ძალთა ურთიერთობა ქვეყანაში, თუმცა მოულოდნელი არც არაფერი მომხდარა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიმკო ის, რასაც თვითონ წლების განმავლობაში თესავდა, - ანუ ქვებისა და კვერცხების სროლა.
ის რაც სამეგრელოსა და აჭარაში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოფილი მმართველი პარტია პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრებულია და არა მარტო გაკოტრებული, ის საზოგადოების უდიდესი ნაწილის აგრესიის ობიექტიც ხდება, რაც სხვა თუ არაფერი, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.
გარდა ამისა, სამეგრელოსა და აჭარაში მომხდარმა ფაქტებმა, კიდევ ერთხელ გახადა ცხადი, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს არსებული პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, საზოგადოების რეალურ განწყობას არანაირად არ ასახავს. ყოფილი მმართველი პარტიის პარლამენტში იმ დოზით არსებობა, რა დოზითაც ისინი დღეს იქ არიან, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური უსამართლობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უამრავ ნეგატიურ შედეგზე, რაც მათ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნით მოაქვთ, თუნდაც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, რადგან საზოგადოებას ნამდვილად არ სურს იმ ადამიანებს ხელფასები, პრემიები და სამივლინებო ხარჯები უხადოს და ის ადამიანები პარლამენტის ტრიბუნასთან იხილოს, ვის ხილვასაც ისინი საბრალდებო სკამზე უფრო ისურვებდნენ.
რა თქმა უნდა, ეს ყველა ნაციონალ პარლამენტარს არ ეხება, თუმცა ამ პარტიის სიით გასულთაგან, საკმაოდ არიან პერსონები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ამგვარი განწყობა აქვს.
ეს განწყობა კი, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვების სროლა თურმე მიუღებელია, ხალხში დამატებით აგრესიას იწვევს, ვინაიდან აღნიშნული პრაქტიკა პოლიტიკურ ოპონენტებთან გასასწორებლად, სწორედ იმ პარტიამ დანერგა, რომელსაც დავით ბაქრაძე წარმოადგენს.
მაგალითისთვის, სოფელ ხურვალეთის მოვლენებიც საკმარისია. როდესაც იქ ჩასულ „სახალხო კრების“ ლიდერებს, იმ ხელისუფლებამ, რომლის მეორე პირიც დავით ბაქრაძე იყო, ქვებით შეიარაღებული ბასიშვილის ზონდერები დაახვედრა.
ცინიკურად ჟღერს ამ ფონზე უშიშროების საბჭოს მდივნის მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. როცა გიგა ბოკერია ღარიბაშვილის უწყებას იმ პირთა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ზუგდიდისა და აჭარის ინცინდენტში მონაწილეობდნენ.
საინტერესოა, რამდენი ადამიანი დასაჯა იმ ხელისუფლებამ, რომლის „რუხ კარდინალობასაც“ გიგა ბოკერიას აბრალებდნენ, ხურვალეთის ინცინდენტის გამო?!
უფრო მეტიც, ხურვალეთში, თავდამსხმელ ზონდერთა უსაფრთხოებას, იქვე მობილიზებული ვანო მერაბიშვილის პოლიცია იცავდა. ასე რომ გიგა ბოკერიას განცხადება, ცინიზმის თუ არა ამნეზიის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს.
ხოლო რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მოქმედებებს ზუგდიდისა და აჭარის ინცინდენტების დროს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა პოლიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ შესანიშნავი ოთხეული გამწარებულ ხალხს ნამდვილად ვერ გამოასწრებდა და ისინი დღეს, მინიმუმ ტრამვატოლოგიური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იქნებოდნენ მოთავსებულნი. ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, თუნდაც ნაციონალი, პოლიციას გულწრფელ მადლობას გადაუხდიდა იმ საფრთხის აცილების გამო, რაც მათ ელოდათ და იმის გამოც, რომ მათთვის განკუთვნილ ქვებს, პოლიცია ეფარებოდა.
ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მომხდარ მსგავს ფაქტს, თვით ყველაზე მგზნებარე ნაციონალიც კი ვერ გაიხსენებს.
ასე, რომ სანამ დავით ბაქრაძე ქვებისა და კვერცხების სროლაზე დაიწყებს საუბარს, უმჯობესია საკუთარი „პოლიტიკური ძალის“ განვლილ გზას გადახედოს.
ასევე საინტერესოა, იღებს თუ არა დავით ბაქრაძე, როგორც ქვეყნის ყოფილი მეორე პირი პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე და მათ შორის ქვების სროლაზეც, რასაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი? ან იღებს თუ არა პასუხისმგებლობას თუნდაც 26 მაისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მისი ხელისუფლების მიერ ამერიკული სპეცსამსახურების ინსტრუქტაჟით და უშუალო ზედამხედველობით განხორციელებულა?
ამ კითხვაბზე, რომელიც მის მიმართ სრულიად საქართველოს აქვს, დავით ბაქრაძეს პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს, თუმცა ყველაზე ამომწურავი და გამამართლებელი პასუხების შემთხვევაშიც კი, მას 27 ოქტომბრის არჩევნებზე წარმატების ძალიან მიზერული შანსი აქვს, რისი მიზეზებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმ პოლიტიკური ძალის წარსულ ქმედებებში უნდა ვეძიოთ, რომელსაც ბაქრაძე წარმოადგენს.
ასე, რომ ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ჯიჰადი არა ახალ მთავრობას, არამედ ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს გამოცხადებული.
რაც შეეხება შიდა სახელისუფლებო ჯიჰადს, ანუ შიდა სახელისუფლებო ბრძოლის საკითხს, უნდა ითქვას, რომ მოულოდნელი არც ამ შემთხვევაში არაფერი მომხდარა.
ხელისუფლებაში მოსული კოალიციის შიგნით, რომ ადრე თუ გვიან შიდა ბრძოლები დაიწყებოდა ეს ადვილი საპროგნოზო იყო, მით უმეტეს, თუ კოალიციის სუბიექტთა პლატფორმებს და „ბექგრაუნდებს“ გადავავლებთ თვალს.
მოულოდნელი არც ის იყო და ამაზე ადრეც ვწერდით, რომ დარტყმის პირველი ობიექტები, პრემიერის პირადი გუნდის წევრები აღმოჩნდებოდნენ, მათ შორის კი რა თქმა უნდა ამ კუთხით, ყველაზე მეტად, „საფრთხის“ ქვეშ ირაკლი ღარიბაშვილი და არჩილ კბილაშვილი მოიაზრებოდნენ.
ეს პროგნოზი მთელი სიზუსტით ასრულდა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არჩილ კბილაშვილის მიმართ იერიშებს, პერიოდული ხასიათი აქვს, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კი ის პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
ვწერდით იმასაც, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს არა მარტო კოალიციის გარე პოლიტიკური ძალები ებრძვიან, არამედ ამას, ზოგიერთი მისი კოლეგაც წარმატებით ახორციელებს, თუმცა ეს გარე თვალისთვის ჯერჯერობით ძნელად შესამჩნევია.
სწორედ ამის დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო პერიოდში, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც თავისი შინაარსით, არაპირდაპირ, კენჭს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოსტანში ისროდა.
ეს განცხადებები, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, ე.წ. ჯიჰადის სახელით გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეომასალებს უკავშირდება, რომლიდ გავრცელების დღესვე, სამწუხაროდ, ავღანეთში ქართულ ბაზებზე თავდასხმა მოხდა, რასაც რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ვიდეომასალების წარმოშობასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ჯერჯერობით არ ჩამცხრალა, გამოძიება კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს და მასში ამერიკის შეერთებული შტატებიც აქტიურადაა ჩართული.
ირაკლი ალასანიამ, როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, გამოძიების გაჭიანურების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და საგამოძიებო მოქმედებებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ჩართვა მოითხოვა.
ირაკლი ალასანიას აღნიშნულ განცხადებას, ოდნავ მოგვიანებით, მისმა კოლეგამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საკმაოდ მკვეთრად უპასუხა და განაცხადა, რომ სამინისტროს საქმიანობაში არავის ჩარევას არ აპირებს.
„გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მე არ ვთვლი რომ ის გაჭიანურებულია. პირიქით, ის საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, უბრალოდ დეტალებს ჯერჯერობით არ ვახმაურებთ. ვერ ვხედავ სხვა სტრუქტურის გამოძიებაში ჩართვის აუცილებლობას და არც არავის მივცემ უფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში ჩაერიოს და ნურც ნურავინ შეეცდება გამოძიებაზე რაიმე სახის ზეწოლა მოახდინოს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში.
იქედან გამომდინარე, რომ როგორც ღარიბაშვილმა კიდევ უფრო ადრე განაცხადა, ვიდეომასალები სოციალურ ქსელებში საქართველოდან აიტვირთა, გამორიცხული არ არის, მის შექმნა-გავრცელებაში ყოფილი ხელისუფლების ხელი ერიოს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ საქმის გახსნის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც ისედაც აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის ადვილად გადასატანი არ იქნება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ირაკლი ალასანია წლების განმავლობაში ყოფილ ხელისუფლებასთან, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კოჰაბიტაციას მშვენივრად ახერხებდა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთანაც ხშირი შეხვედრები ჰქონდა, გამორიცხული არ არის, რომ ის გარკვეული ვალდებულების სანაცვლოდ, აღნიშნული ვიდეომასალის წარმომავლობის შესახებ გამოძიების ჩიხში შეყვანით, ან მინიმუმ გაჭიანურებით იყოს დაინტერესებული. რაც რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ვიდეოს ავტორები მართლაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, მათ, პოლიტიკურ არსებობას გაუხანგრძლივებს.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ირაკლი ალასანია, მას შემდეგ რაც მისმა საპრეზიდენტო ამბიციებმა ჯერჯერობით გასაქანი ვერ ჰპოვა, გავლენის მოპოვებას და გაძლიერებას აღმასრულებელი სტრუქტურების სხვა შტოებში შეეცდება. ამ კუთხით კი, საკვანძო უწყებები რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურაა.
ამ გავლენის გაზრდისთვის ბრძოლაში კი, ალასანიას საკმაოდ სერიოზული ბერკეტები გააჩნია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ცნობილია მისი გუნდიდან რამდენიმე მინისტრია წარმოდგენილი, გარდა ამისა თავად ალასანიაც ამავე თანამდებობას იკავებს და მისი გუნდის წევრების გადადგომის შემთხვევაში, ალასანიას სამთავრობო კრიზისის გამოწვევა თავისუფლად შეუძლია, მით უმეტეს, რომ დავით კირვალიძე ფაქტობრივად უკვე ექს-მინისტრის სტატუსს ატარებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ დემარშის შემდეგ, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო ჯგუფი კოალიციიდან გავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან რაიმე ფორმით ალიანსში შევა, პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კრიზისის შემდეგ, ახალი მთავრობის დაკომპლექტება და პარლამენტის მიერ დამტკიცება მნიშვნელოვნად გაუძნელდება, რაც, რა თქმა უნდა პროცესებს გაართულებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე რესპუბლიკური პარტია, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ სერიოზული ძალებითაა წარმოდგენილი.
აღნიშნული ნაბიჯები ალასანიას მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა წამგებიანია და შესაძლოა მისი პოლიტიკური კარიერაც კი დააყენოს ეჭვის ქვეშ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მას პროცესების ამა თუ იმ სახით გართულების ბერკეტები ნამდვილად გააჩნია და ამ ბერკეტებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად, რა თქმა უნდა გამოიყენებს.
ასე, რომ არც ერთი განცხადება არც თავდაცვისა და არც შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, უსაფუძვლოდ გაკეთებული არ არის. თუმცა, რეალობის გათვალისწინებით, „ნაციონალურ ოპოზიციასაც“ და „შიდასახელისუფლებო ოპოზიციასაც“ სამიზნეებად საკმაოდ ძლიერი პერსონები ჰყავთ შერჩეული და რა შანსები გააჩნიათ გამარჯვებისთვის, - ძნელად პროგნოზირებადია.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის კიდევ ერთ გახმაურებულ და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას სკანდალურ თემას, - ეს ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევის პროცესს, თურმე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან, ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალს.
ეს განცხადება, რომ ისეთ პოლიტიკოსს გაეკეთებინა, რომლის სიტყვასაც წონა აქვს და რომლის სიტყვასაც დიპლომატიური საზოგადოება რაიმე ანგარიშს უწევს, ის მსოფლიო დონის სკანდალის საფუძველი გახდებოდა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებისაგან განსხვავებით, ქართველი ხალხი სააკაშვილის ამ განცხადებაზე განმარტებას მაინც ითხოვს.
საზოგადოება და უპირველეს ყოვლისა 26 მაისს დარბეული „სახალხო კრების“ წარმომადგენლები, განმარტების გაკეთებას არა თავად სააკაშვილისგან ითხოვენ, რომლის სიტყვასაც როგორც აღვნიშნეთ დიდ მნიშვნელობას აღარავინ ანიჭებს, არამედ განმარტებას ითხოვენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაგან. თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, საელჩოს ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
მაშინ როდესაც სექსუალური ან რელიგიური უმცირესობის ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ თუ განუხორციელებელ ძალადობაზე, ამერიკის საელჩო და პირადად ელჩი დაუყოვნებელ კომენტარებს აკეთებენ, ეჭვებს ბადებს მათი დუმილი იმ უმძიმეს ბრალდებაზე, რასაც არც მეტი არც ნაკლები, უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა ჰქვია და რომელმაც უმძიმესი შედეგები გამოიწვია.
ასე, რომ, რაც უფრო დიდხანს შეიკავებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ საკითხზე განმარტების გაკეთებისგან თავს, მისი და მთლიანად აშშ-ს მიმართ ქართველი ხალხის ნეგატიური განწყობა მით უფრო მეტად გაიზრდება.
რაც შეეხება განცხადების შინაარს, სავარაუდოდ, ის მიხეილ სააკაშვილმა იმ წამიერი აფექტის დროს გააჟღერა, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად ემართება.
საფუძველსმოკლებული არაა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამით სააკაშვილმა ოკეანისგაღმელი პატრონები გააფრთხილა, რომ ის სხვა ბევრ ფაქტსა თუ მოვლენასაც ახდიდა ფარდას, თუმცა ეს ვერსია პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი მსგავსი განცხადებებით მოახერხებს და დასავლეთის გარკვეული წრეების საეჭვო წარმომავლობის მხარდაჭერას დაკარგავს, მას ელემენტარულად ქვეყანა აღარ დარჩება, რომელსაც შესაძლოა თავშესაფარი სთხოვოს, თუ არ ჩავთვლით წინა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.
ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადების მიზეზი, მასზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს, თუნდაც ამისთვის პრეზიდენტის დაკითხვა გახდეს საჭირო.
მართალია პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს და მას უფლება აქვს საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდეს, - ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მონახოს ფორმა, რათა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამ საქმეში გარკვეულობა შეიტანოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოთ ნახსენები ჯიჰადი, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობამ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ყოფილ ხელისუფლებას უკვე გამოუცხადა, გაცილებით უფრო რთულ და ძნელად საპროგნოზო ფორმებს შეიძენს.
ამავდროულად, შესაძლებელია რომ, 26 მაისის თემასთან დაკავშირებით, ქვეყნის უმაღლესი პირის განცხადებაზე დაყრდნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ს ელჩი, ბატონი ნორლანდი გამოიძახონ და აღნიშნულზე განმარტება ოფიციალურად მოსთხოვონ.
შესაძლებელია აგრეთვე, ამ პერიოდის საზღვრის კვეთის მაჩვენებლის ამოწევაც და გარკვევა იმისა, თუ ვინ სტუმრობდა საქართველოს ძალოვან უწყებას ამ პერიოდში სამუშაო ვიზიტით.
ანუ მონდომების შემთხვევაში, ახალ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის განცხადების სისწორის გადამოწმება ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.
რაც შეეხება ქვეყნის მომავალ უმთავრეს პოლიტიკურ მოვლენას - საპრეზიდენტო არჩევნებს, საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლის დაფაზე, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი გადაადგილება ან ძალთა ბალანსის შეცვლა არ ფიქსირდება და ყველა წინაპირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნების თანაბარ და სამართლიან პირობებში ჩატარებას მართლაც შეძლებს, ძირითადი ბრძოლა „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსა და „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კრების“ კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს შორის გაიმართება.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა