კოაბიტაციური საბოტაჟის ვარიაციები
კოაბიტაციური საბოტაჟის ვარიაციები
15:26 08.07.2013
პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილის მიერ თვეების განმავლობაში პერმანენტულად გაკეთებული განცხადებების სიცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაცია შეუძლებელი და დაუშვებელია, საზოგადოებას მთელი სიმძაფრით თვალწინ დღეს დაუდგა.
ზოგადად კი, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში, ბავშვობისდროინდელ მულტიპლიკაციურ ფილმს მაგონებს, სადაც კეთილი კატა ორ პატარა მავნებელს მეგობრულად ცხოვრებისკენ მოუწოდებდა და ეს მავნებლებიც, თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ კატის მიერ გულით შეთავაზებულ „კოაბიტაციას“ იძულებით ეთანხმებოდნენ, თუმცა პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში, დაპირებას ივიწყებდნენ და ცდილობდნენ, რომ კატისთვის ზიანი მიეყენებინათ.
სწორედ ამ პატარა მავნებლებს წააგავს დღეს მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ძალის ნაშთი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ეს უკანასკნელნი გაცილებით მეტი საფრთხის მატარებლები არიან, ვიდრე ზემოთნახსენები მულტფილმის პერსონაჟები.
როგორც ბოლო მოვლენებმა ცხადყო და ეს მოსალოდნელიც იყო, წინა ხელისუფლების კუდები, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში, ჯერ კიდევ მრავლად არიან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავის კარიერას სასწორზეც შეაგდებენ და ნებისმიერ დავალებას, მათ შორის საბოტაჟის შესახებ დავალებასაც უყოყმანოდ შეასრულებენ.
ამის მცდელობის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, რასმუსენის ვიზიტის დროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამართლიანობის აღდგენის ნიღაბქვეშ ჩატარებული მასობრივი ოპერაცია იყო, როდესაც ბორკილებდადებული მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ქალაქში იძულების წესით ასეირნეს.
როგორც აღვნიშნეთ, ეს საბოტაჟის ნიშნების მატარებელი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა იყო, თუმცა საქმის გაფუჭების, არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციისა და მსგავს პატარ-პატარა მცდელობებს, ადგილი დღესაც მრავლად აქვს და მიუხედავად მათი მასშტაბების სიმცირისა, ისინი თავიანთ ლოკალურ მიზნებს მაინც აღწევენ.
როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი საფრთხე ამ მხრივ ძალოვან და საგამოძიებო სტრუქტურებშია, მათგან პირველ რიგში კი, შინაგან საქმეთა სამინისტროა აღსანიშნავი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებად ჩამოყალიბდა, რაც დანაშაულის კლებისა და გახსნის მაჩვენებლის გაზრდაშიც გამოიხატება, მაინც დიდია საფრთხე იმისა, რომ გარკვეულმა პირებმა, იქ ისეთი ქმედება ჩაიდინონ ან ისეთი ქმედების ჩადენა დაუშვან, რომელიც სამინისტროს სახელს და რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს.
ამავე რუბრიკაში ადრეც ვწერდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრის სანდო და ერთგული კადრი, აუცილებლად დადგება განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს ამას ღია სახე ექნება თუ დახურული.
ფაქტი ერთია, რომ აღნიშნული უწყება, როგორც სავარაუდო იყო, უკვე დგას საზოგადოების გარკვეული, ლუსტრირებული თუ ნახევრადლუსტრირებული ნაწილის და ორგანიზაციების დარტყმის ქვეშ.
კიდევ ერთი უწყება, რომელსაც ანალოგიური საფრთხე ემუქრება, ეს მთავარი პროკურატურაა, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, საფრთხის მიუხედავად, საქმე კრიმინალთან ბრძოლის წარმატებულ პრაქტიკასთან გვაქვს, მთავარი პროკურატურის მისამართით ამავეს ვერ ვიტყოდით, ვინაიდან რბილად რომ ვთქვათ, პროკურატურის მუშაობა დღეს სათანადოდ ეფექტური ვერ არის.
სხვათა შორის ეს არც პრემიერ-მინისტრს დაუმალავს და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ პროკურატურა სუსტია.
მიუხედავად ამისა, მთავარ პროკურორს ერთი დადებითი და აუცილებელი თვისება და მუშაობის სტილი გააჩნია: - სათანადო მტკიცებულებების და ხშირ შემთხვევაში საჭიროზე ბევრად მეტი მტკიცებულებების შეგროვებამდე, არცერთ საქმეს მსვლელობას არ აძლევს და გამოძიების შედეგებსაც მხოლოდ მაშინ ასაჯაროვებს, როდესაც ყველა იურიდიული ნიუანსი გათვალისწინებულ-ამოწურულია.
მიუხედავად ამ თვისებისა, დღეს არსებული სურათის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩილ კბილაშვილმა იმ გამოწვევას გაუძლოს, რასაც კარგად მოფიქრებულ-დაგეგმილი და ასევე კარგად შესრულებული საბოტაჟი ჰქვია.
ნუ დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს, პროკურორები პრაქტიკულად განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდნენ, მათი დირექტივებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს მოსამართლეები, პროკურორები წყვეტდნენ საპროცესო შეთანხმებისა და გირაოს საკითხებს და ასე შემდეგ.
დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორები პოლიტიკური ჩარევისგან მაქსიმალურად თავისუფლები არიან, რა თქმა უნდა იარსებებს დიდი ალბათობა, რომ ძველმა კადრებმა წარსული დიდების და ძალაუფლების დაბრუნება ინატრონ და არა მარტო ინატრონ, მის დასაბრუნებლად რეალური ნაბიჯებიც გადადგან.
არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ადამიანის უფლებათა შეგნებული დარღვევა, რაიმე პროცესუალური ნორმის „შემთხვევით გამორჩენა“ თუ სხვა სახის ქმედებები.
შედეგი ყველა შემთხვევაში ერთია: საბოტაჟის ნებისმიერი მცდელობით, ისინი თავიანთ მიზანს, - ხელისუფლების დისკრედიტაციას აუცილებლად მიაღწევენ, რაც შორსმიმავალ პერსპექტივაში წარმატების იმედს ჩაუსახავთ, თუმცა ცალკე სათქმელია რამდენად რეალურია ეს იმედი.
რომ დავუბრუდეთ ისევ პროკურატურას, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი მას სუსტ უწყებად მოიხსენიებდა, ძალოვანი სექტორის ამ უჯრედში მნიშვნელოვანი, შეიძლება არცთუ ძალიან შესამჩნევი, მაგრამ საგულისხმო მოვლენები განვითარდა.
იგულისხმება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, ორიოდე კვირის წინ გაკეთებული ოფიციალური დეკლარირება იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორი თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად გააგრძელებსო.
როგორც ცნობილია, მთავარი პროკურორი სტრუქტურულად, იუსტიციის მინისტრის დაქვემდებარებაში იყო, თუმცა თეა წულუკიანის მიერ პრესის მეშვეობით გაკეთებულმა განცხადებამ რამდენიმე კითხვის ნიშანი მაინც დაბადა.
სავარაუდოდ, არჩილ კბილაშვილი ნეგატიურად მიიღებდა იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურატურის საქმეებში შესაძლო ჩარევას და გამორიცხული არ არის, რომ კულუარებში, უწყების არასათანადოდ ეფექტური მუშაობა სწორედ ამ ფაქტისთვისაც დაეკავშირებინა.
მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თეა წულუკიანმა არჩილ კბილაშვილისგან დისტანცირება შეგნებულად მოახდინა, რითაც ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ერთი-ორად გაზარდა, პასუხისმგებლობის წინაშე მარტოდ დარჩენილმა მთავარმა პროკურორმა კი, უწყების ეფექტიანი ქმედების გაუმჯობესების გზაზე, თვალშისაცემი ნაბიჯები ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ გადადგა.
გამორიცხული არ არის ისიც, რომ კბილაშვილი მიზანმიმართული საბოტაჟის მსხვერპლი გახდეს, ხოლო აღნიშნული საბოტაჟის მომწყობი შეიძლება იყოს როგორც ძველი ხელისუფლების ნაშთები, ასევე ახალი ხელისუფლებისა და კოალიციის ის პოლიტიკური ძალები, ვისაც მთავარ პროკურატურაზე კონტროლის სრულად აღება შეიძლება სურდეს.
ასე, რომ საფრთხე საბოტაჟისა, როგორც აღვნიშნეთ, მთელ აღმასრულებელ სტრუქტურაში არსებობს, თუმცა ყველაზე გამოკვეთილი ის, მაინც ძალოვან უწყებებშია.
საბოტაჟი ერთ-ერთი ბოლო მეთოდთაგანია, რომელსაც პრაქტიკულად აგონიაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება მიმართოს, ვინაიდან მისი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის, ისევე ადამიანური რესურსებიც დღითიდღე მცირდება, ხოლო საზოგადოება, სააკაშვილისგან, ნაცვლად ნაჩვევი კარგად გაფორმებული პიარ-ნაბიჯებისა, ამ კუთხით უფრო და უფრო მეტ შეცდომებს ხედავს.
ამის დასტურად, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის საქციელიც საკმარისია, საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის მოქმედებაზე, როდესაც, როგორც მოგეხსენებათ, კოკი იონათამიშვილმა ფრაქციისა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გამოუქვეყნა მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილი წერილი, სადაც იონათამიშვილი პრეზიდენტს, საკუთარი ბიზნესის გაყიდვაში დახმარებას სთხოვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ეს წერილი ისე დააპიარა, თითქოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სააკაშვილს ვალების გასტუმრებას სთხოვდა, რის შესახებაც, კიდევ ვიმეორებ, წერილში საუბარი ნამდვილად არ ყოფილა.
თუმცა იმ მესიჯის გატარება, რომ იონათამიშვილი სააკაშვილს ვალების გასტუმრებას სთხოვდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პიარის თვალსაზრისით ნამდვილად აწყობდა, ვინაიდან ამით, არაპირდაპირად, იხატებოდა სურათი, რომ ვალებში ჩავარდნილ იონათამიშვილს, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მილიარდელი პრემიერის ანგარებიანმა დახმარებამ გადააწყვეტინა.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღვნიშნეთ მესიჯი პიარის თვალსაზრისით სწორად იყო გატარებული, ამან ხალხზე კონტრპროდუქტიულად იმოქმედა, ვინაიდან აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში,“ თავიანთი პიარ-შეტყობინებების რეალობის მანტიით შეფუთვა უკვე ძალიან უჭირთ და ამ კუთხით, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.
ზოგადად კი, კოკი იონათამიშვილის პარტიიდან წასვლა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უდიდესი მორალური და ინტელექტუალური დარტყმა იყო, ვინაიდან თავისი კანონიერი თუ უკანონო ქმედებებით, იონათამიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებასა და მის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაში, თავის დროზე უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.
უკვე ყველასთვის ცხადია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მომავალი უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შესაბამისად, ხელსაყრელი გარემოს არსებობის შემთხვევაში, მის რიგებს ხალხი უყოყმანოდ სტოვებს.
ამის დასტურია თუნდაც ის, რომ რეგიონებში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს, თუ მან ქუჩაში გასვლა გაბედა, ადგილზე 100 მხარდამჭერიც კი არ ხვდება, რაც უდავოდ იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ პრეზიდენტს აქტივისტთა სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილების ფუფუნება მოაკლდა.
რაც შეეხება ქვეყანაში დაწყებულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, ის საკმაოდ ხმაურიანი და შთამბეჭდავი გამოდგა, რაც პირველ რიგში პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრის, გიორგი კობახიძის ხმამაღალი პროტესტით და ამ ნიშნით, განმხილველი სხდომის დატოვებით გამოიხატა.
როგორც გაირკვა, ბურჯანაძის პარტია იმ საკონსტიტუციო ნორმას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე შესაძლოა იმუშაონ პირებმა, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვთ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ამ ცვლილებას, კონსტიტუციის ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებზე მორგებად აფასებს.
ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ აქ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება საქართველოს დე-ფაქტო პირველი პირი, მის მიმართ ხალხის სიყვარული და შეიძლება თამამად ითქვას - დამსახურებული სიყვარული იმდენად დიდია, რომ მის მოქალაქეობას, საზოგადოება ყურადღებას ნაკლებად აქცევს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრს აქვს უდიდესი ნდობა ხალხში, რადგან, თუ მის ბეგრაუნდსაც კი არ გავითვალისწინებთ, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება ავტორიტარული რეჟიმის უსისხლოდ მოშორება, რამაც რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში გათელილ და შეურაცხყოფილ ხალხში, პრემიერს უდიდესი ავტორიტეტი და თუ გნებავთ პოლიტიკური დივიდენდიც მოუტანა.
იმაში, რომ პრემიერი, თავისი მოქალაქეობის მიუხედავად ქვეყნის სამსახურში მაქსიმალურად იდგება, ეჭვის შეტანა ძნელია, მითუმეტეს, რომ მან პოლიტიკაში მოსვლით პრაქტიკულად თავისი წარმატებული ცხოვრება სასწორზე შეაგდო, თუმცა ნორმა კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ამავდროულად შესაძლებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეც იყოს, - პერსპექტივაში საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებელია.
თუ აღნიშნული ნორმა კონსტიტუციით დაკანონდება, რა გარანტიები არსებობს, რომ 20 ან 30 წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტად, პრემიერ-მინისტრად ან პარლამენტის თავმჯდომარედ არ ვიხილავთ პატრიოტიზმის ნიღაბქვეშ შემალულ, კარგად კონსპირირებულ უცხოეთის რომელიმე ქვეყნის აგენტს, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობაზე პატრიოტული ლოზუნგებით და დაინტერესებული ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით მოვა.
ასეთ შემთხვევაში, დღეს მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, შესაძლოა თავისი ნეგატიური შედეგი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოიტანოს.
ასე, რომ ამ გადასახედიდან, სასურველი იქნებოდა მოეწყოთ აღნიშნული ცვლილებების არა განხილვა, არამედ მისი შემუშავება-შექმნის პროცესშიც ჩაერთოთ პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი და არასამთავრობო სექტორი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ დღეს, კითხვის ნიშნებს მინიმუმამდე დაიყვანდა.
კიდევ ერთი საკითხი, რამაც ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება მიიქცია და არცთუ პოზიტიური რეაქცია გამოიწვია, - ურეკის შეხვედრა იყო.
საზოგადოება, როგორც აღვნიშნეთ წლების განმავლობაში ავტორიტარული მმართველობის რეჟიმში ცხოვრობდა და ამ რეჟიმის თუნდაც ისეთ წარმომადგენელთან, როგორიც დავით ბაქრაძეა და რომლის მიმართაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთაგან, საზოგადოებაში აგრესიის ყველაზე დაბალი დონეა, - შეხვედრა, საზოგადოებაში მაინც უკმაყოფილობას იწვევს, მითუმეტეს, რომ შეხვედრის კონკრეტული შედეგების შესახებ ხალხმა ძალიან მწირი ინფორმაცია მიიღო.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ დავით ბაქრაძემ გარკვეული გარანტიები მიიღო, რაც რა თქმა უნდა, ახალ ხელისუფლებას საზოგადოების თვალში, პოზიტივად არ ჩაეწერება.
უკიდურეს შემთხვევაში, ხალხი მსგავსი შეხვედრების თემების და მოლაპარაკებების შედეგების მაქსიმალურ გასაჯაროებას ითხოვს, რაც ბაქრაძე-ივანიშვილის შეხვედრის დროს ნამდვილად არ ყოფილა.
ბოლო დღეების ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, კი, რომელიც ყველაზე საგულისხმო და იმედისმომცემია, საქართველოში გერმანიის ელჩს ორთვინ ჰენინგს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, დიპლომატმა თავისი ქვეყნის უდიდეს და გავლენიან გამოცემას „დოიჩე ველეს“ საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც, საქართველოში მომხდარი და მიმდინარე მოვლენების შესახებ, პრაქტიკულად რეალური აღქმა დააფიქსირა, ამას კი, ბოლო პერიოდში, საქართველოს მოსახლეობა დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან მოკლებულია.
უფრო მეტიც, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის ფაქტი, რომ დიპლომატმა, როგორც ამ ბოლო დროს ხდება ხოლმე, ინტერვიუში მტკიცებით ფორმაში კი არ განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალური და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრის ფაქტებმა მოიმატა, არამედ განაცხადა, რომ ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენო.
ხოლო რაც შეეხება ამ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მათ წარმომავლობასა და დაფინანსების წყაროებს, სავარაუდოდ ელჩს ამის შესახებაც ექნება ინფორმაცია.
ბატონი ჰენინგის განცხადებითვე, ქართულ საზოგადოებას შიში მოეხსნა და მან თავისუფლება იგრძნო.
ეს კი, დიპლომატიის ენაზე, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის აღიარებას უდრის.
ეს მაგალითიც ნათლად აჩვენებს იმას, რომ, დასავლეთის მიმართულებით საინფორმაციო ვაკუუმი ნელ-ნელა ირღვევა, დასავლეთის სულ უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი ხედავს რეალობას და ამის შესახებ ხმამაღლაც საუბრობს.
ასე, რომ იძულებითი კოაბიტაცია დამნაშავე რეჟიმთან მხოლოდ იმის გამო, რომ დასავლეთი არ განვარისხოთ, საფუძველსმოკლებულია და არგუმენტად ვერ გამოდგება.
თუ საქართველოში სამართალი ნამდვილად იზეიმებს, მაშინ ზოგიერთებს, ზემოთნახსენები საბოტაჟის სურვილი გაუქრებათ, ხოლო დასავლეთი ადრე თუ გვიან, „სამართლიანობის აღდგენის“ სამართლიანობას აუცილებლად აღიარებს.


ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა