ნაძალადევი „ჰომოფობია“
ნაძალადევი „ჰომოფობია“
12:26 20.05.2013
ჰომოფობია - (ბერძნ. ὁμοφοβία — ὁμοιος ჰომოიოს – „იგივე“, „ტოლი“ და φόβος ფობოს – „შიში“) — ტერმინი ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. გამომდინარეობს სიტყვებისგან ჰომოსექსუალი და ფობია.(უცხო სიტყვათა ლექსიკონი)
გასულმა კვირამ, როგორც მოსალოდნელი იყო კიდევ ერთი დიდი ვნებათაღელვის ფონზე ჩაიარა. ძნელი სათქმელია ვინ ისარგებლა ამ ვნებათაღელვით რეალურად, მაგრამ ფაქტი ერთია, - გასულ კვირაში საქართველომ და ქართველმა ერმა, თავისი „შეუწყნარებელი“ ხასიათის გამო, დასავლეთის რისხვა კიდევ ერთხელ დაიმსახურა. დასავლელი „მგობრების“ განსაკუთრებული გულისწყრომა კი, იმ „სიძულვილმა“ განაპირობა, რომელსაც ქართველი ხალხი თურე არატრადიციული ორიენტაციის მქონე მოქალაქეების მიმართ ავლენს.
სავარაუდოდ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა არ იციან ან არ უნდათ იცოდნენ, რომ ქართულ გენში ტოლერანტობა ავტომატურადაა კოდირებული და ამის უამრავი ისტორიული მაგალითიც არსებობს.
ვერავინ ვერ გაიხსენებს საქართველოს ისტორიიდან ისეთ ფაქტს, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოების გამოხატული სიძულვილის ობიექტები გამხდარიყვნენ.
უფრო მეტიც, ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში, მაშინ როცა მამათმავლობა კანონით ისჯებოდა, მთელმა თბილისმა იცოდა გოგირდის აბანოებში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების თავშეყრის ადგილი და მათ მიმართ, საზოგადოების ორგანიზებულ ნაწილს არასდროს პროტესტი არ გამოუთქვამს, რომ აღარაფერი ვთქვათ სიძულვილსა და ძალადობაზე. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეიძლება უცხო და არცთუ სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდეს, როცა გაიგებს, რომ თბილისელ კინტოთა აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ განსხვავებული ორიენტაციის მატარებელი იყო და ამის გამო მათ არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ საზოგადოებაში ინტეგრირებულნი ყოფილიყვნენ. ეს მაგალითები მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი, მსოფლიოს თვალში მოძულეებად და ჰომოფობებად წარმოაჩინოს.
გარდა ზემოთნახსენები მაგალითებისა, როგორც მსოფლიო კულტურა, ასევე ქართული კულტურაც იცნობს მაგალითებს, როცა ამა თუ იმ ჟანრის მოღვაწეებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მატარებელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ მათ მიმართ საზოგადოებას ზიზღი არასდროს ჰქონია, პირიქით, ასეთმა ადამიანებმა თავიანთ ჟანრში ხშირ შემთხვევაში ეპოქებიც კი შექმნეს და ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურეს.
ასე, რომ მითი ქართველი ერის „ჰომოფობიურობის“ შესახებ, აშკარად თითიდან გამოწოვილია და შესაძლოა მართლაც გრანტების მოსაპოვებლადაა მოგონებული.
თუმცა, რადგან ისტორიაზე ვსაუბრობთ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისევე როგორც ჩვეულებრივი ორიენტაციის მქონე პიროვნებებმა, განსხვავებული ორიენტაციის მატარებლებმაც თავიათი ადგილი იცოდნენ და შესაბამისად თანაცხოვრებასაც (დღევანდელი ტერმინით - „კოაბიტაცია“), უპრობლემოდ ახერხებდნენ.
თუ საქართველოს ისტორიაში არაა მაგალითი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების სიძულვილისა, ასევე არაა მაგალითი, რომ ისინი როდესმე ქუჩაში საჯაროდ გამოსულიყვნენ და საზოგადოებისთვის „გაფერადებისკენ“ მოეწოდებინოთ. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც დღეს, საზოგადოებას წარსულშიც სათანადო რეაქცია ექნებოდა.
ისმება კიდევ ერთი ლეგიტიმური კითხვა, თუ ქართველი ხალხი ასეთი მოძულეა, რატომ არ ფიქსირდება წლის სხვა დღეებში განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე თავდასხმის და ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები?
ამ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს, ქართველი საზოგადოებრიობა შემწყნარებელია ასეთი პიროვნებების მიმართ და მათი პირადი ცხოვრებაც აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ მაშინ, როდესაც ისინი ქუჩაში მოწოდებით გამოდიან, საზოგადოება ამას, მის ცნობიერებაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობად აფასებს და არცთუ უსაფუძვლოდ.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას 17 მაისს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის რეაქცია დაგეგმილ გეი-აღლუმთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება, რომ „ჰომოფობიური“ იყოს, მაშინ ის განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ვინც რუსთაველზე აქციის ჩატარებას გეგმავდა, გარეთ დღესაც ვერ გამოვიდოდნენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ აჟიტირებულ თემას, ის, აღნიშნული აქციის დროს პოლიციელთა ქმედებას ეხება, რომელიც როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თავად ლგტბ აქციის ორგანიზატორებმაც დაგმეს.
პოლიციის მიმართ მათი ძირითადი პრეტენზია იმაში გამოიხატებოდა, რომ ძალოვნებმა წესრიგი „ვერ უზრუნველყვეს,“ თუმცა ყველა, ვინც ამ აქციის მიმდინარეობას თვალს ობიექტურად ადევნებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად აქციის მონაწილეებზე, - ერთხმად აღნიშნავდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან პირველად, საქართველოს ეღირსა პოლიცია, რომელიც მოტივირებულია არა ხალხის დასჯით, არამედ მისი დაცვით. სწორედ ამის პირდაპირი დემონსტრირება იყო 17 მაისი აქცია, როდესაც პოლიციამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, აქციის მონაწილეები, განურჩევლად მათი შეხედულებებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, მაქსიმალურად დაიცვა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავიდან აიცილა უმძიმესი დაპირისპირება თავისი უმძიმესი შედეგებით. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ დაახლოებით ოცი ათასი დემონსტრანტისგან ნებისმიერი მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილება პოლიციამ, ვანო მერაბიშვილისთვის კარგად აპრობირებული ხელკეტების, რეზინის ტყვიების, მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და მასობრივი დაპატიმრებების გარეშე შეძლო.
გადაუჭარბებლად შეიძლება ასევე ითქვას, რომ მსგავსი ტიპის აქცია ვანო მერაბიშვილის დროს, აუცილებლად მსხვერპლით, უამრავი ადამიანის დასახიჩრებითა და რამდენიმე ასეული ადამიანის დაპატიმრებით დამთავრდებოდა.
უფრო მეტიც, ზოგიერთმა „დემოკრატიის მსახურმა“ არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ პირმა, შინაგან საქმეთა მინისტრს სისუსტედ ის ჩაუთვალა, რომ მან სპეცრაზმი, რეზინის ტყვიები და მომწამვლავი გაზი არ გამოიყენა. როგორც ჩანს სწორედ ამიტომ იყო ვანო მერაბიშვილი მათ თვალში ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ ყველა შესაძლებლობის დროს, ის საკუთარ ხალხს, დაგეშილ და კბილებამდე შეიარაღებულ ზონდერებს უსევდა.
ის, რომ ასეთი კატეგორიის ხალხმა, აქციის დღესვე იერიში პოლიციაზე მიიტანა, სწორედ ახალი ქართული პოლიციის ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ. სხვათა შორის, პოლიციელთა მხრიდან ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის აშკარა მაგალითის იგნორირება ვერც უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მოახერხა და მათი ქმედება საკუთარ განცხადებაში პოზიტიურად შეაფასა.
ასე, რომ ქართველმა ხალხმა, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ პირველად, ნახა რომ პოლიცია, რომელიც ხელფასს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებს, რეალურად ამავე ხალხის უსაფრთხოებას და არა მათ დატერორებას ემსახურება.
რაც შეეხება სიტყვა „სიძულვილს“, რომლითაც გარკვეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები ასე აპელირებენ და მას ლამის ერის მენტალურ სენად ახასიათებენ:
- საინტერესოა რა იყო 2011 წლის 26 მაისი. იყო თუ არა ეს სიძულვილი ხელისუფლებისა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. უფრო მეტიც, 2011 წლის 26 მაისი იყო ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ართუ სიძულვილი, არამედ ზიზღი საკუთარი ერის მიმართ.
ან ვინ იტყვის, რომ ციხეებში პატიმრებს ცოცხებით ზედმეტი სიყვარულის გამო აუპატიურებდნენ.
სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებია სიძულვილის გამოხატვის კლასიკური ნიმუში, თუმცა რამდენადაც მახსოვს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ბედზე გოდებენ, სააკაშვილის და მერაბიშვილის მიერ საკუთარი მოსახლეობის სიძულვილის ფაქტებზე ხმა არ აუმაღლებიათ.
გამოდის, რომ თუ ვინმეს სძულს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი ეს კატასტროფაა, ხოლო თუ ვინმეს სძულს ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანი და უფრო მეტიც, მას ქუჩაში განუკითხავად ხოცავს, - ეს დემოკრატიის გამოვლინება ყოფილა.
ასეთი აზრის გატარების დაკვეთის მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა პირველ იერიშს სწორედ იმ უწყებაზე მიიტანდნენ, ვინც ჩვეულებრივი ორიენტაციის მოქალაქეებს, ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მხუთავი გაზით, რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით არ გაუსწორდა.
დემოკრატიის და სიძულვილის თავისებური და ორმხრივი სტადარტების ფორმულით გაგებაა ის ფაქტორი, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში, დასავლეთი, ქართულ საზოგადოებაში ნდობას კატასტროფული ტემპებით კარგავს და თუ ის საქართველოსთან მიმართებაში მსგავს უგუნურ პოლიტიკას გააგრძელებს, გავლენას არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონშიც, საერთოდ დაკარგავს.
ქართველი ხალხის კიდევ ერთი იმედგაცრუება დასავლეთის მხრიდან, სწორედ რომ 17 მაისის ამბების შეფასებას მოჰყვა.
დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტის ფონზე, 72-მა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანმა და მათმა მხარდამჭერებმა აქციის ჩატარება ვერ შეძლეს, მაშინ როცა ასიათასიან აქციებს მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი დაუნდობლად უსწორდებოდა. არცერთი ასეთი ფაქტის დროს, ქართველ ხალხს, არც დიპლომატიური კორპუსის მხრიდან და არც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან არ მოუსმენია ისეთი კრიტიკული და მკვეთრი გამონათქვამები, როგორიც 17 მაისის მოვლენების შეფასებისას მოისმინეს.
სწორედ ეს მიდგომები განაპირობებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას დასავლური ფასეულობების მიმართ, რომლებიც თავად დასავლეთში ნამდვილად ღირებულია, თუმცა საქართველოში ამ ფასეულობების ყველაზე დამახინჯებული ფორმით დამკვიდრებას ცდილობენ.
კარგი იქნება ევროპელმა დიპლომატებმა შეაფასონ იგივე 26 მაისი, 7 ნოემბერი, 6 მაისი და განაცხადონ იყო თუ არა ეს სიძულვილის გამოხატულება საკუთარი ხალხის მიმართ.
რაც შეეხება სექსუალური უმცირესობების პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უზრუნველყოფას საქართველოში, ის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დაცული იყო საუკუნის წინათ და დაცული იქნება მომავალშიც. ეს ქართველი ხალხის მენტალიტეტში ზის და ამ გენეტიკურ კოდს, ქართველი ხალხის ცნობიერიდან ვერავინ წაშლის.
გასულ კვირაში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, პრემიერის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ახალმა ხელისუფლებმა მოსვლისთანავე დაამკვიდრა და ისინი მედიასთან შეხვედრებს რეგულარულად და რაც მთავარია, სააკაშვილისგან განსხვავებით, წინასწარ შეთანხმებულ-გაფილტრული კითხვების გარეშე მართავენ, საზოგადოების ნაწილის გაუგებრობა და შეიძლება ითქვას ნეგატიური რეაქციაც კი, გამოიწვია პრემიერის განცხადებამ ყოფილი ხელისუფლების საშუალო და დაბალი რგოლის ჩინოვნიკთა ამნისტირების შესახებ.
საერთოდ, კი, დარჩა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ბევრი ნიუანსია გასარკვევ-გასათვალისწინებელი, რადგან ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ამ ამნისტიით შესაძლოა ისეთმა პირებმაც ისარგებლონ, რომელთა სისხლიან ქმედებებზეც წინა რეჟიმი იდგა.
რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და მოქმედებებს, შეიძლება ითქვას, რომ მან ტრადიცია არც გასულ კვირაში დაარღვია, და საზოგადოება თავისი შეხვედრებითა და გამონათქვამებით კიდევ ერთხელ გააოცა.
განსაკუთრებით აღსანიშნავი, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ თონგსინგ თამავონგთან სააკაშვილის შეხვედრა იყო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე და დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს.
მაშინ როცა ადამიანი ახერხებს და მის უშუალო მეზობელთან და მსოფლიოს ზესახელმწიფოსთან თანამშრომლობა და დიპლომატიური ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს და ამავდროულად ბატონ თონგსინგ თამავონგს საქართველო-ლაოსს შორის დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ესაუბრება, ეს ფაქტი ალბათ ზედმეტ კომენტარს და შეფასებას აღარ საჭიროებს, თუმცა ნამდვილად საინტერესოა რამდენი უჯდება პრეზიდენტის თითქმის ერთკვირიანი „საქმიანი ვიზიტები“ ქართველ გადასახადის გადამხდელებს და არის თუ არა გამართლებული ეს ხარჯი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მართლაც გაღრმავდება.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა