პოლიტიკური პასუხისმგებლობის პრეცედენტი და გამოცხადებული "ვიდეოომის" ქრონიკა
პოლიტიკური პასუხისმგებლობის პრეცედენტი და გამოცხადებული "ვიდეოომის" ქრონიკა
13:18 08.05.2013
ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, საქართველოში წლევანდელი ვნების შვიდეულიც განსხვავებული იყო. მიუხედავად სადღესასწაულო სამზადისისა, ღია, თუ კულისებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ტემპერატურა ოდნავადაც არ განელებულა, პირიქით, მოიმატა კიდეც, რაც თავის მხრივ იმის მანიშნებელია, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, შტილს არც უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ.
ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ, საქართველოს პირველი ექსმინისტრი ჰყავს. მართალია დავით კირვალიძეს ჯერჯერობით მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერდა, მაგრამ თავად ეს ფაქტი საზოგადოების ცნობიერებისთვის ახალი რეალობა იყო, როდესაც მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითი დაინახეს.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე ვთქვით, ეს ფაქტი თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი პრეცედენტები ამ ეტაპზე გარკვეულ რისკ-ფაქტორებს მაინც შეიცავს, რომელიც სასურველია, რომ ახალმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
მანამ კი, თუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენა იყო.
თუმცა ამ შემთხვევაში სამწუხაროდ საქმე კონკრეტული მინისტრის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან და არა საზოგადოების რეაქციასთან გვაქვს. საზოგადოება, დროა მივიდეს დასკვნამდე, რომ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენლის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება თავისი რეაქციით თავადვე უზრუნველყოს და არ იყოს დამოკიდებული პრემიერის სიმკაცრეზე ან თუნდაც ამა თუ იმ მინისტრის შინაგან პასუხისმგებლობასა და წესიერებაზე. ამ შემთხვევაში კი, საქმე სწორედ იმ მოვლენასთან გვქონდა, როდესაც მინისტრმა მორალური თვალსაზრისით საჭიროდ ჩათვალა, რომ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დაეტოვებინა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით, საზოგადოების სიფხიზლის და რეაქციის კოეფიციენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, ის ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში ნამდვილად უპრეცენდენტოა, რადგან საკმაოდ ძნელია და შეუძლებელიც კი, ისეთი მომენტის გახსენება, როდესაც ამა თუ იმ უწყების მაღალჩინოსნის დაკავების გამო მინისტრს თანამდებობა დაეტოვებინოს. უფრო მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრსა და დღეს საკმაოდ აქტიურ პარლამენტარს გოგა ხაჩიძეს, მინისტრობის დროს ლამის ნახევარი სამინისტრო დაუჭირეს, მაგრამ არც თავად ხაჩიძეს და რა თქმა უნდა არც სააკაშვილს, მაშინ აზრად არ მოსვლიათ, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის (თუნდაც მორალურის) საკითხი დამდგარიყო.
ამასთან, ამ მოვლენამ აშკარად აჩვენა, რომ ახალი ხელისუფლება კორუფციის მიმართ საკმაოდ პრინციპულ პოზიციას დაიკავებს და ის კორუფციის არც ე.წ."ელიტურ" და არც დაბალ ეშელონებში გამოვლენის შესახებ გულგრილი არ დარჩება.
კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას კი მხოლოდ დაპატიმრებები არ განაპირობებს. ამის ნათელი დასტური მთელ ერს, ბოლო 9 წლის განმავლობაში თვალწინ ჰქონდა, როცა საჩვენებელმა ტელედაპატიმრებებმა, საბოლოო ჯამში მაღალი დონის "ელიტარული" კორუფციის ფორმირება განაპირობა. სასურველია, რომ კორუფციას ახალი ხელისუფლება არა მარტო ბორკილებით, არამედ სისტემის ჩამოყალიბებით შეებრძოლოს. მთავრობამ უნდა შეძლოს და შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მძლავრი ურთიერთკონტროლის დამკვიდრების და პარალელიზმის აღმოფხვრის პირობებში, კორუფციას მაქსიმალურად გამორიცხავს. ამ პროცესში ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეუძლია არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას.
დღეს კი, როდესაც ქვეყანას ჯერჯერობით კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგია და მით უმეტეს მისი საწინააღმდეგო სისტემა არ გააჩნია, ბრძოლის ძველმა მეთოდმა, ანუ მასიურმა დაპატიმრებებმა, შეიძლება კვლავ უკუეფექტი მოიტანოს და ამ ფორმამ, ისედაც ძნელად მოსაძებნი პროფესიონალი კადრების გარეშე დატოვოს ესა თუ ის სფერო.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში პოლიტიკური კულტურა იმ დონეზე არ დგას, როცა ხელქვეითის დანაშაულისთვის მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. ეს კულტურა რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან, საზოგადოების აქტიურობის ფონზე აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ დღეს, იმის გამო, რომ, ამა თუ იმ სამინისტროს თანამშრომელმა, თუნდაც მაღალჩინოსანმა კორუფციულ გარიგებაში მიიღო მონაწილეობა – მინისტრი გადავაყენოთ, შეიძლება უკუეფექტი მოგვცეს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ახალი შეცვლილია და უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჯერჯერობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, სიტუაციას სრულად, ნიუანსების დონეზე ვერ ფლობს, რამაც შესაძლებებლია ამა თუ იმ კონკრეტულ ჩინოსანზე მასტიმულირებლად იმოქმედოს და მას კორუფციისკენ უბიძგოს. ასეთი ჩინოსნის გამო კი, მისი უწყების პირველი პირის, ანუ მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება, ძირეული რეფორმების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის მომგებიანი ნამდვილად ვერ იქნება.
ის, რომ ხელისუფლების ცვლის შემდეგ ქვეყანაში "არაელიტური" კორუფციის ფაქტები მოიმატებდა, ძნელადპროგნოზირებადი ნამდვილად არ იყო, ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა ტერორზე, ხოლო ბრძოლის ახალი მეთოდის შემუშავებას და პრაქტიკაში გატარებას, ანუ სათანადო საკანონმდებლო ბაზისა და სისტემის შექმნას დრო სჭირდება. სწორედ ეს პერიოდია ყველაზე რთული ხელისუფლებისთვის, რადგან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტს, მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და "ელიტური" კორუფციის კლასიკოსები, სათანადო პიარმიმართულების მიცემის გზით, სათავისოდ გამოიყენებენ.
ასე, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, მინისტრის გადადგომა, ჯერჯერობით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ერთადერთი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის.
კიდევ ერთი თემა, რასაც საფუძველი გასულ კვირაში დაედო, დღესაც გრძელდება და სავარაუდოდ, პერსონაჟების ცვლილების გათვალისწინებით, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, - ეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაა, რომელიც ამა თუ იმ პერსონის პირად ცხოვრებას შეიძლება ასახავდეს.
ცალკე საკითხია არის თუ არა გამოქვეყნებული ჩანაწერები ფაბრიკაცია, ან არის თუ არა საქართველოში ვინმე მსგავსი საქმიანობით დაკავებული, - ამას პასუხი ექსპერტიზამ და გამოძიებამ უნდა გასცეს, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული "ვიდეოკადრების ომი" კიდევ დიდხანს გაგრძელდება და მისი პერსონაჟების რეესტრიც გაფართოვდება.
ის, რომ წინა ხელისუფლება აქტიურად იყო დაკავებული მაკომპომეტირებელი მასალების შეგროვებით და ამ მიზნით ისინი, არც პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალების ფირზე აღბეჭდვას თაკილობდნენ, უცხო არავისთვის არ არის, მაგრამ დღეს ტექნიკა ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ დადგინდეს ვისი ე.წ. "აიპი" მისამართიდან ხორციელდება მსგავსი მასალების ინტერნეტსივრცეში განთავსება.
ასევე ნაკლებადდასაჯერებელია ვერსია, რომ ის ჩანაწერები, რაც შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს უწყებაში დახვდა და რომლის შესახებაც ღარიბაშვილმა რამდენჯერმე ხმამაღლა განაცხადა, - მხოლოდდამხოლოდ ორიგინალები და ერთადერთი ეგზემპლარები იყოს.
ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს სავარაუდოდ რამენიმე ეგზემპლარად ექნებათ გადამრავლებული და გამორიცხული არ არის, მათი ინტერნეტსივრცეში განთავსება უცხოეთიდანაც ხდებოდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებების პირობებში, შეუძლებელი არაფერი არ არის.
მსგავსი საქმეების პრევენცია-გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან როგორც წესი, საერთაშორისო თანამეგობრობა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაუცველობაზე საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს და ეს ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, იგივე საერთაშორისო თანამეგობრობა საკითხის ღრმად შესწავლით ნამდვილად არ ინტერესდება და ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს, რომელმაც პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობა ვერ უზრუნველყო.
ხოლო ის, თუ ვის ხელეწიფება ყველაზე უკეთ ფარული ჩანაწერების მოპოვება და გავრცელება, საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს.
ამის მაგალითად, ამ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი უკრაინული, არცთუ ცნობილი საიტის გამოყენებაც კმარა, სადაც განთავსებულ მასალებსაც, სააკაშვილის კონტროლირებადი ტელევიზიები ერთხმად და ოპერატიულად იღებდნენ და კონკრეტული ადამიანების მიმართ შავი პიარის ასაგორებლად იყენებდნენ.
ასე, რომ მეთოდები საკმაოდ ძველია, თუმცა ვისი კონკრეტული ინტერესი იყო ბოლო გახმაურებულ შემთხვევაში, ძნელი სათქმელია. არსებობის უფლება კი რამდენიმე ვერსიას აქვს.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ "სააკაშვილის კონტროლირებად" ტელევიზიებს, ბოლო პერიოდში მათი რიცხვი კიდევ ერთით შემცირდა. ყოფილი ხელისუფლების აპოლოგეტ ტელეკომპანიებს ისეთი დიდი დაფარვის არეალის მქონე არხი გამოაკლდა, როგორიც საზოგადოებელი მაუწყებელია. ამ ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები ალბათ ყველას კარგად გვახსოვს და კარგად გვახსოვს მისი სამეურვეო საბჭოს ისეთი უკანონო გადაწყვეტილებაც, რომელიც სააკაშვილ-კუბლაშვილის მოსამართლეებმაც კი ვერ გაამართლეს და არხის უკანონოდ გათავისუფლებული დირექტორი თანამდებობაზე აღადგინეს.
არხის საინფორმაციო პოლიტიკაში დაგეგმილი ცვლილებები, ამ ეტაპზე ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად ობიექტურ საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებს, რაც მისი მაყურებლის რაოდენობას გაზრდის და რაც რა თქმა უნდა უდიდესი დარტყმა იქნება სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების პროპაგანდის მანქანისთვის.
კიდევ ერთი უდიდესი დარტყმა სააკაშვილის პროპაგანდის მანქანამ გასულ კვირაში განიცადა, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გასართობი და იუმორისტული პროგრამების რედაქციის შიდა სამზარეულო, თავად მათსავე გუნდის წევრებმა გამოიტანეს სამზეოზე.
რა თქმა უნდა არცერთ ოდნავ მოაზროვნე ადამიანსაც კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ "კომედი შოუს," "ვანოს შოუს" და მისი მონათესავე გადაცემების უკან ნაციონალური ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა იდგა, მაგრამ ის ფაქტები, რაც ამ გუნდის ყოფილმა წევრებმა გაასაჯაროეს, საზოგადოებისთვის მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
კონკრეტულად კი, მიშა სააკაშვილის სიყვარული ამ ბიჭებში, ფანატიზმის იმ ხარისხამდე ყოფილა აყვანილი, რომ ისინი "მიშას მოღალატე" თანაგუნდელს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ. ამასთან, როგორც მათივე გუნდის ყოფილი წევრი ამბობს, 2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინ როცა სააკაშვილ-მერაბიშვილის მიერ, მშვიდობიანი აქცია უსასტიკესად იქნა დარბეული, "რუსთავი 2"-ის "იუმორისტები" დიდ მონიტორთან მდგარან და ისეთი შეძახილებით ამხნევებდნენ ისედაც დაუნდობელ სპეცრაზმს, როგორიცაა - "მიდი მოკალი".
საზოგადოება ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციებს ნელ-ნელა უკვე ღებულობს, რაც ამ ჯგუფის მიმართ მათი დამოკიდებულების ტრანფორმაციას განაპირობებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელიდან, მისი პიარმანქანის ერთ-ერთი საყრდენი ჯგუფი ეცლება.
ამ ყველაფრის შემდეგ, გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, თუ რატომ ჩუქნიდა ახალაია "კომედი შოუს" ბიჭებს ცეცხლსასროლ იარაღებს.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთპიროვნულ მმართველობაზე და ავტორიტარიზმზე დამყარებული გუნდის მონოლითურობა დღითიდღე სუსტდება, საზოგადოების უკმაყოფილება როგორც ყოფილი ხელისუფლების, ასევე ახალი ხელისუფლების მიმართ მკვეთრად იზრდება და ამის მიზეზი, უკვე არაერთგზის ნახსენებ-განხილული კოაბიტაცია და სამართლიანობის აღდგენაა.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების მოთხოვნა იმ ადამიანების გისოსებსმიღმა ხილვაა, ვინც დღეს ტელეეკრანებიდან კვლავ მუქარანარევი ტონით საუბრობს.
უფრო მეტიც, საზოგადოებამ წარმოუდგენელ სითავხედედ აღიქვა გია ბარამიძის განცხადება საპრეზიდენტო პრაიმერში მისი მონაწილეობის შესახებ. ეს ის გია ბარამიძეა, რომელიც სვანეთში, ოჯახის ამოწყვეტა-გაუბედურების შემდეგ ცხელ კუბდარს ითხოვდა.
მაშინ როცა ასეთ ადამიანს აქვს საშუალება, რომ თავისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ გააკეთოს განცხადებები, ახალ ხელისუფლებას ნუ გაუკვირდება, თუ მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობა გაიზრდება. აღარაფერს ვამბობ ვანო მერაბიშვილზე და სხვა ისეთ ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებსაც არაერთი ადამიანის მკვლელობა და გაუბედურება პირადად უკავშირდება.
საზოგადოების ასეთი განწყობის ფონზე კი, კვლავ გაუგებრობა წარმოშვა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთმა ფრაზამ, რომლის თანახმადაც, სამართლიანობის აღდგენის პროცესი მთელი სიმძლავრით დაახლოებით 1-2 თვეში ამოქმედდება.
ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო უწყებებში თავი მოიყარა იმაზე ათასჯერ მეტმა მტკიცებულებამ, ვიდრე ეს ნებისმიერი ყოფილი მაღალჩინოსნის დასაკავებლადაა საჭირო.
როდესაც საზოგადოება მსგავს განცხადებას ისმენს, სავსებით ლოგიკური კითხვა უჩნდება, თუ რატომ არ დაიწყო ეს პროცესი მთელი სიმძლავრით ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ დაიწყება ის მაინცდამაინც 1 ან 2 თვის შემდეგ.
ამ ფაქტის ერთადერთი ახსნა ისევ და ისევ ახალი ხელისუფლების შიგნით არსებული წინააღმდეგობებით შეიძლება მოხდეს, ვინაიდან, როგორც ამის შესახებ ადრეც გვითქვამს, ახალ ხელისუფლებაში საკმაოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკური ძალები თუ ცალკეული სუბიექტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან კოაბიტაციას, მასთან ოპონირების დროსაც კი ახერხებდნენ და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა როგორც ვიცით, მსგავსი "კოაბიტაცია" ართუ უანგაროდ ხდება ხოლმე. ანგარებასთან დაკავშირებული ნებისმიერ ჩანაწერი კი ნაციონალებს სავარაუდოდ დღესაც ხელთ ექნებათ. ასე, რომ "ნაციონალურ მოძრაობას," ჯერჯერობით, ახალ ხელისუფლების ზოგიერთ ანგარიშგასაწევ წარმომადგენელზე, შანტაჟის მუქარით ზემოქმედების საკმაოდ ძლიერი მექანიზმი აქვს, რაც სავარაუდოდ განაპირობებს კიდეც სამართლიანობის აღდგენის პროცესის ასეთი ტემპებით მიმდინარეობას, უფრო სწორად კი, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ბაჩო ახალაიას დაკავებით დაწყება-დამთავრებას.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთაღნიშნული "სამართლიანობის აღდგენის" პროცესი ნამდვილად ამ მიზეზით ფერხდება, სასურველი იქნებოდა, რომ ამის შესახებ პრემიერს საზოგადოებისთვის პირდაპირ ეთქვა, რაც მისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილად მომგებიანი იქნებოდა, ხოლო საზოგადოებაში ღირსების დაბრუნების რეალურ მოლოდინს გააჩენდა.


ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა