ქართული პოლიტიკის კონტრასტები
ქართული პოლიტიკის კონტრასტები
17:55 12.04.2013
როდესაც მარკ ტვენს სიტყვა "სენატორის" განმარტება სთხოვეს, გენიოსმა ძალიან ლაკონურად უპასუხა – "სენატორი არის ადამიანი, რომელიც დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როცა ის ციხეში უნდა იჯდეს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ზის და კანონებს წერსო."
ის, რომ პოლიტიკა მთელს მსოფლიოში პარადოქსული და კონტრასტულია, ამ მოკლე ფორმულიდანაც აშკარად ჩანს, თუმცა, ის რისი მომსწრეც ქართველი ხალხი ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში გახდა, მარკ ტვენსაც კი გააოცებდა და სავარაუდოდ მის მახვილსიტყვაობასაც სწორედ ამ გაოცების ლაგამს ამოსდებდა.
ლოგიკის, ცინიზმის და თუ გნებავთ, თავხედობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ქვეყნის ყოფილი ხერხემლის, თითქმის ყოველდღიური მოთქმა-გოდება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების და ადამიანების დაკითხვაზე დაბარების გამო.
ვანო მერაბიშვილის საუბარი ადამიანის უფლებებზე დაახლოებით იგივეა, რაც ჰიტლერის საუბარი იქნებოდა ებრაელების უფლებებზე, ან უფრო მეტი, სტალინის საუბარი იქნებოდა კულაკების უფლებებზე.
ინფორმაცია, რომელსაც ბატონი მერაბიშვილი ახმაურებს და რომლის ტანახმადაც ყოფილი ხელისუფლების ყოფილი კლაკიორების საგამოძიებო ორგანოებში მასობრივი დაბარება და დაკითხვები მიმდინარეობს, სიმართლეს ნამდვილად შეეფერება. ხოლო რაც შეეხება დემოკრატიის შუქურის სიჩახჩახის პერიოდში ჩატარებული დაკითხვის პროცედურას და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული დაკითხვის პროცედურებს, აქ არცთუ უმნიშვნელო განსხვავებას აღმოვაჩენთ.
საქართველოში, "დემოკრატიის ზეობის" პერიოდში, დაკითხვაზე დაბარებულ პირთაგან, როგორც წესი, სახლში არა იმავე საღამოს, არამედ უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდებოდნენ. ამასთან, დაკითხვას თან ახლდა ისეთი არცთუ უმტკივნეულო პროცედურები როგორიცაა ხელების და ყბა-სახის ძვლების დამტვრევა, ხერხემლის დაზიანება, ნაღვლის ბუშტის გახეთქვა, ხორცებზე ანთებული სიგარეტის ჩაქრობა, სკამის ფეხებით გაუპატიურება, ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით მუქარა და ათასი სხვა "დემოკრატიული" მეთოდი, ხოლო დღევანდელ პირობებში საგამოძიებო ორგანოებში დაბარებული ზემოთნახსენები კლაკიორები, როგორც წესი იმავე საღამოს სახლებში ბრუნდებიან და ხშირ შემთხვევაში თავადაც გაოგნებულნი არიან იმით, რომ პროკურატურასა თუ პოლიციაში არავინ სცემთ.
ასე რომ ერთ-ერთი უმთავრესი პარადოქსი და კონტრასტი ქართულ პოლიტიკაში, ეს ვანო მერაბიშვილის მიერ ადამიანის უფლებებზე მოთქმაა.
მეორე ასევე ალოგიკური და ცინიკური პარადოქსი კი ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, მოსახლეობას, 19 აპრილს, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და თანაც იმ ადგილას, სადაც თავადვე, საპროტესტოდ შეკრებილი ადამიანები სასტიკად დაარბია, მხუთავი და ცრემლსადენი გაზებით გაუმასპინძლდა, ხელკეტებით დაასახიჩრა, რეზინის ტყვიებით თვალის ჩინი დააკარგვინა, დახოცა და შემდეგ მათი გვამები მაღაზიის თავზე შემოაწყო.
სწორედ ამ ავბედით ადგილას, ქვეყნის ხერხემალმა იმდენი ცოდვები აიკიდა, რომ მათი სიმძიმით გამრუდდა, დღეს კი, ხალხს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ თავად მოუწოდებს.
ცალკე საკითხია რამდენი ადამიანი მივა ამ აქციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ იმ შემთხვევაში თუ, აქციის რომელიმე მონაწილე კანონს დაარღვევს და მას სამართალდამცველები სათანადო პასუხს (არა მერაბიშვილისეულს) გასცემენ, სწორედ ვანო მერაბიშვილი გამოხტება და დაღვრის ცრემლებს პოლიციის მიერ "სასტიკად დარბეულ მიტინგზე" და "ნაწამებ მშვიდობიან მომიტინგეებზე."
უფრო დიდი გაუგებრობა, რაც ქართულ პოლიტიკას ამ ბოლო პერიოდში შეეყარა, ეს სამართლიანობის აღდგენაა.
სამართლიანობის აღდგენა კი ქართული თანამედროვე გაგებით, არც მეტი არც ნაკლები, დამნაშავის დაკითხვაზე დაბარებას და იმავე საღამოს სახლში გაშვებას, ან უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმეათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ნიშნავს.
უფრო კონკრეტულად კი, სამართლიანობის აღდგენის ქართული, კლასიკური გაგების თანახმად, თქვენ შეგიძლიათ მოიპაროთ მილიონები, "მოკრიშოთ" ყველა შემოსავლიანი ბიზნესი, უკანონოდ ჩამოართვათ საკუთრება ადამიანებს, ფიზიკურად გაუსწორდეთ მათ, დახოცოთ, აწამოთ ან ცოცხებით და სკამის ფეხებით გააუპატიუროთ ისინი, შემდეგ კი დაკითხვის უწყების მოსვლისთანავე, ეს უწყება პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტ-მექანიზმად შეაფასოთ, პროკურატურის წინ მოიწვიოთ ნაცარხები და აუცილებლად თეა თუთბერიძე და პირობას გაძლევთ თქვენ იმავე საღამოს სახლში იქნებით. ან უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენ წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ ერთ ან ორ ღამეს გაატარებთ, ხოლო შემდეგ 2 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ კვლავ საკუთარ კერას დაუბრუნდებით. უფრო მეტიც, თქვენ გექნებათ ყველანაირი საშუალება იმისა, რომ თავი კიდევ ერთხელ წარმოაჩინოთ ტირანული სახელმწიფო წყობილების მსხვერპლად და საუბარში რამდენიმე მუქარანარევი პასაჟიც გამოურიოთ. თქვენ, სამართლიანობის აღდგენის თანამდეროვე გაგების მიხედვით, ამის სრული შესაძლებლობა გაქვთ, თუ რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხართ, ხოლო სახლში მალე გაშვების ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო მძიმე დანაშაული გაქვთ ჩადენილი, ან რაც უფრო დიდი თანხა გაქვთ შეჭმული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი კონტრასტი ის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები არიან, ვინც არცთუ დიდი ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სარეცელში კოტრიალობდა, ხოლო დღეს მისი ლანძღვა-გინებით და საზოგადოებისთვის და არა მარტო საზოგადოებისთვის, ქვეყნის სიყვარულის დამტკიცებას თავზე ნაცარწაყრილები ცდილობენ.
აღარაფერს ვამბობ ე.წ. "პადოშაზე," რომელიც საქართველოდან რუსის ჯარის განდევნას ევერესტზე სამოყვარულო კამერით გადაღებული ფილმებით ცდილობდა და რომელსაც თურმე მისივე თქმით სასტიკად გაუღიზიანებია პუტინი. საქართველოს მოსახლეობას "პადოშაზე" უფრო "ძლიერი" ოპოზიციური პარტიებიც ახსოვს, რომლებიც არც მეტი არც ნაკლები, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ წარმოდგენილნი და სააკაშვილის ახირებების ნოტარიატის ერთგულ დამატებას წარმოადგენდნენ. ამ პირთა შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში გიორგი თარგამაძე და მისი რაზმი, ასვე პაატა დავითაია – ოღონდ ურაზმოდ, მოიაზრება.
საინტერესო კი ის იყო, რომ ამ დანამატების რეიტინგზე, "ნაციონალური მოძრაობა" ისევე ზრუნავდა, როგორც საკუთარზე, ანუ ორივეს ერთნაირი წარმატებით აყალბებდა.
იქედან გამომდინარე, რომ მათი ამბავი სრულიად საქართველომ იცოდა, დღეს მათ აღარც რეიტინგი და აღარც მოხსენიება აღარ აქვთ და სავარაუდოდ ამ ჩავარდნის ამოსაქაჩად საკმაო დრო დასჭირდებათ, თუ რა თქმა უნდა ეს საერთოდ შეძლეს.
პარადოქსი კი ის არის, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი, რომლებიც მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ სარეცელში "ნახევრად კოტრიალში" იყვნენ შემჩნეულები, დღეს ხელისუფლებაში არიან და რეჟიმის ცვლილებასაც ლამის თავის დამსახურებად მიიჩნევს.
კიდევ უფრო დიდი შეუსაბამო იყო ის, რომ ქვეყანას რომელსაც თავისი სამხედრო ძლიერების შიშით და ენერგეტიკული რესურსების სიჭარბის გამო, ლამის მთელი მსოფლიო ელაქუცება, ჩვენ ომი დავუწყეთ და მისი "დაჟანგული ტანკების" ერთმანეთზე დადუღების იმედი გვქონდა. უფრო მეტიც, მავანი იდიოტი სოჭამდე ჩასვლასაც გეგმავდა.
ომის შემდეგ კი, სადაც, სარდლობის არყოლის გამო ქართველი გმირი ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ პრაქტიკულად უომრად, უკან ქაოსურად დაეხიათ, - ეს ომი მოგებულად გამოვაცხადეთ.
ამის შემდგომ როგორც ყველასთვისაა ცნობილი, რუსეთის სახით მტრის ხატი შევქმენით, ხოლო თუ ვინმეს მიხეილ სააკაშვილის სიშლეგეშერეული ხუშტურები არ მოეწონებოდა, მას მაშინვე რუსეთის აგენტის იარლიყი ეწებებოდა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში მისი დაპატიმრებით, ან კონტროლირებადი მედიის საშუალებით, სამშობლოს მოღალატედ შერაცხვით მთავრდებოდა.
ამავდროულად კი, ფარულ რეჟიმში მიმდინარეობდა სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის პროცესები, ხოლო როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს ნომერ პირველი დიპლომატი, რუს კოლეგას ეხვეწებოდა მოსკოვში კონცერტები ჩაგვატარებინეთო.
კიდევ ერთი თემა, უფრო სწორად პიროვნება, ვის კონტრასტულობაზე და პარადოქსულობაზე შეიძლებოდა საუბარი, ეს თავად პრეზიდენტი სააკაშვილია, თუმცა ის ბოლო პერიოდში კონტრასტულობის, პარადოქსულობის და ვგონებ შერაცხადობის ფარგლებსაც კარგა ხანია გასცდა და ამის ბოლო დადასტურება, მის მიერვე უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დროს, ველოსიპედით სეირნობისას მხრის მომტვრევა იყო.
საინტერესოა, ჩაუტარდა თუ არა თურქეთის კლინიკაში სააკაშვილის ალკო ან ნარკოშემოწმება და როგორი იყო მისი შედეგი, ვინაიდან, ადამიანი, რომელიც მისკენ მომავალ ტრაილერს ვერ დაინახავს და მის ხმას ვერ გაიგონებს, ჩემი აზრით ან ძალიან მთვრალი, ან "გაგლეჯილ" კაიფში უნდა იყოს.
ქართული პოლიტიკის პარადოქსია ისიც, რომ ამ კაცმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე მერამდენედ გვაჭამა სირცხვილი, ხოლო ამ დროს, მთელი ერი სიტყვა – "კოაბიტაციის" შესახებ ვმსჯელობთ, ვკამათობთ ან სულაც ვქირქილებთ.
კიდევ უფრო დიდ შეუსაბამობას წარმოადგენს ქვეყნის ახალი ხელისუფალის და რეალურად პირველი პირის განცხადება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მიმართ.
როგორც ცნობილია, ბატონმა ბიძინამ პირველ შემთხვევაში ბრძანა, რო კუბლაშვილს საკუთარი ვადის ღირსეული დასრულების შესაძლებლობა უნდა მივცეთო, ხოლო მეორე შემთხვევაში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კუბლაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს მიხეილ სააკაშვილი დაეხმარა და ის, მორალური ფაქტორიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად თვლიდა მის გვერდით მდგარიყოო.
ამავე სააგენტოს სხვა რუბრიკაში, რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ კუბლაშვილი საკუთარ ვადას ღირსეულად ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაასრულებს, თუნდაც ეს თავად ბიძინამ ბრძანოს, მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ღირსება საერთოდ არ გააჩნია და ამის შესახებ მისი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც მეტყველებს.
რაც შეეხება შეუსაბამობის მეორე და გაცილებით უფრო დიდ ხარისხს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს კუბლაშვილის ქმედებების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამართლების მცდელობაა.
რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ ბატონი კონსტანტინეს ჯანმრთელობა მიხეილ სააკაშვილის დახმარებით შენარჩუნებული იქნა, მაგრამ ეს აძლევდა თუ არა იგივე სააკაშვილს და კუბლაშვილს იმის უფლებას, რომ სხვა, ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეში ჩაეგდოთ ან დაეხოცათ ისინი, ზოგი ფიზიკურად და ზოგიც მორალურად.
"განსხვავებულად მოაზროვნეების" ფიზიკური და მორალური დახოცვის პროცესში კი, კუბლაშვილის სასამართლოს ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეჭირა.
ეს ყველაფერი, ძალზედ არასრული ჩამონათვალია იმ კონტრასტებისა და შეუსაბამობებისა, რასაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ ეს პარადოქსები კვლავ დიდხანს გაგრძელდეს, ვინაიდან, გვინდა თუ არ გვინდა, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ფაქტი საკუთარ ზედაპირულ აზროვნებას, ემოციების აყოლას, ანალიტიკური აზროვნების დაბალ დონეს და ისტორიის მაგალითების არცოდნას, ხოლო ცოდნის შემთხვევაში, მის გაუთვალისწინებლობას უნდა დავაბრალოთ.
ქართველმა ხალხმა ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, როცა მან, თავს მოხვეულ 9 წლიან რეჟიმს 1 ოქტომბერს მკაფიო პასუხი გასცა, თუმცა ის კვლავ დადგა ახალი საფრთხის – პოლიტიკური მესიის მოლოდინის წინაშე. ხოლო იმ თვითშეგნების ჩამოყალიბებას, რომ საკუთარი თავი თავადვე გვეყუდნოდეს, სავარაუდოდ კარგა ხნის განმავლობაში არ ვაპირებთ, რადგან ხსნას ყოველთვის სხვისგან ველით და მას საკუთარ თავში არ ვეძებთ.
1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 6 თვე გავიდა, დაახლოებით 6 თვეში კი, ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – საპრეზიდენტო არჩევნები გველის.
სასურველი და აუცილებელია, რომ სწორედ ისე, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს ხდებოდა, 2013 წლის ოქტომბერშიც, საკუთარი მომავალი ქართველმა ხალხმა გააზრებულად, წარსულის ანალიზიდან გამომდინარე და არა პროპაგანდის ქვეშ მყოფმა აირჩიოს, რადგან საფრთხე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სარეცელგანაყოფების კიდევ უფრო აღზევებისა კვლავ არსებობს და ამ საფრთხეს, ქართველმა ხალხმა საკუთარი ჯანსაღი აზრი და ჯანსაღი არჩევანი უნდა დაუპირისპიროს.
გარდა საფრთხეებისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, ისე როგორც არასდროს, ახლოს დგას განვითარების დემოკრატიული რელსებზე გადასვლის რეალურ შანსთან და თუ ეს შანსი კვლავ ბრჭვიალა ქაღალდებში შეფუთულ ფსევდოღირებულებებზე გავცვალეთ, მაშინ იმ წრეს, რომელზეც კარგა ხანია ვტრიალებთ, თავს კიდევ კარგა ხანს ვერ დავაღწევთ.


ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა