დემოკრატიის გამოცდა ანუ ერთპარტიული სისტემის კონტურები
დემოკრატიის გამოცდა ანუ ერთპარტიული სისტემის კონტურები
13:44 25.02.2013
საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტნაკლები ვნებათაღელვით, მავანთა კმაყოფილების და მავანთა უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს და კიდევ კარგა ხანს გასტანს, რადგან ილუზია იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარცხს შეეგუებოდა და ძალაუფლებას ადვილად დათმობდა არც არავის ჰქონია.
რა თქმა უნდა ყოფილი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რომ ძველი დიდება დაიბრუნოს, თუმცა ამის იმედი უფრო უტოპიის სფეროს განეკუთვნება და სავარაუდოდ ასეთი რამ არასდროს აღარ მოხდება. მიუხედავად ამისა, ახალ ხელისუფლებას ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია მართებს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი და მათ მიერ პროვოცირებული ნებისმიერი ნეგატიური ქმედება, სწორედ ახალი ხელისუფლების მინუსად აღიქმება, თუ რა თქმა უნდა მათ ვერ შეძლეს და "ნაციონალური პროვოკაციების" პრევენცია ვერ მოახდინეს.
ასეა თუ ისე, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე, მართალია არცთუ სასიამოვნოდ მოსაგონარი, მაგრამ მაინც განვლილი დღეა.
რაც შეეხება მომავალს, ის ყველა წინაპირობის თანახმად, გაცილებით უკეთესი უნდა იყოს თუნდაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, სამომავლოდ, შეიძლება გარკვეული რისკ-ფაქტორების შემცველი იყოს, რაც ახალმა ხელისუფლებამ და უპირველეს ყოვლისა, 1 ოქტომბრის ერთპიროვნულმა შემოქმედმა უნდა გაითვალისწინოს.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ დასაყრდენს გააძლიერებდა, გასაკვირი და მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, თავის მიზნების განხორციელებაში მას აუცილებლად სჭირდება ძალა, რომელსაც ბოლომდე ენდობა. კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ძალების გარკვეული ნაწილი კი, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ წლების წინ, "კოჰაბიტაციურ" რეჟიმში იყვნენ შემჩნეულები, ასეთად ვერ გამოდგებიან. მით უმეტეს, არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, ნაციონალებს სერიოზული კომპრომატები გააჩნიათ, რაც შეიძლება, ზნეობრივად არცთუ გამართლებული, მაგრამ ქართულ რეალობაში, პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი ჩანაწერების არსებობაში გამოიხატებოდეს.
ასევე დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, არსებობდა და არსებობს მოსაზრება, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან არცთუ უანგაროდ თანამშრომლობდნენ. წინა ხელისუფლების მმართველობის სტილიდან გამომდინარე კი, ანგარების შემთხვევაში მათ აუცილებლად ექნებათ ამ ფაქტების დამადასტურებელი ჩანაწერები, რომელთა გამოქვეყნებასაც, ყოფილ ოპოზიციონერებს საზოგადოება არ აპატიებს და ეს ყველაზე კარგად სწორედ ამ "ყოფილმა ოპოზიციონერებმა" იციან.
ასე, რომ ისინი გარკვეულწილად, კვლავ რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" მძევლებად და ამ ფაქტორს ყოფილი ხელისუფლება, უკანასკნელ კოზირად აუცილებლად შემოინახავს.
ყოველივე ამის და აგრეთვე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კოალიციის სუბიექტთა შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებისგან გათავისუფლდეს, პრემიერი საკუთარ პოლიტიკურ დასაყრდენს აუცილებლად გააძლიერებს და ეს პროცესი დაწყებულია კიდეც.
ყველა წინაპირობის თანახმად, ეს იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში უცილობლად პოზიტიურ როლს ითამაშებს, თუმცა არსებობს მედლის მეორე მხარე, რამაც შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის არცთუ დადებითი შედეგი მოიტანოს.
მედლის მეორე მხარე კი, ამ შემთხვევაში, კვლავ ერთპარტიული მმართველობის სისტემაში დაბრუნებას გულისხმობს, რადგან საზოგადოების დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია.
კოალიციის მიერ არჩევნების მოგება ერთადერთ პიროვნებას უკავშირდება და ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამ ადამიანის იმედით, საზოგადოებამ ხმა ისეთ პოლიტიკურ პარტიებს მისცა, რომელთა რეიტინგიც, ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამდე, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სახარბიელო იყო. ასეთ ვითარებაში, საზოგადოების მხარდაჭერა რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ პრემიერი მომავალ არჩევნებზე მხოლოდ საკუთარი პარტიით წარსდგება.
მეორე ფაქტორი კი, რაც ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბების საფრთხის მატარებელია, ეს თავად პრემიერის ფინანსური შესაძლებლობებია.
მოგეხსენებათ, სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაში კი, თუ პრემიერი პარტიის გასაძლიერებლად საკუთარ ფინანსურ რესურსებს მიმართავს, ეს ქართული პოლიტსივრცისთვის იგივე იქნება, რაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში "ბარსელონას" მონაწილეობა.
ქართველმა ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანამ 9 წლიანი ერთპარტიული მმართველობის ეპოქა გამოიარა, რომლის შედეგებსაც დღეს ვიმკით.
რა თქმა უნდა არ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" არათუ გაიგივება, არამედ შედარებაც კი, მაგრამ ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივისთვის, ერთპარტიული მმართველობა, თუნდაც ეს ერთი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" იყოს, - მომგებიანი ნამდვილად არ იქნება.
ორი აზრი არ არსებობს აგრეთვე იმაში, რომ პარტია, რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი იქნება, არავითარ შემთხვევაში არ აირჩევს ქვეყნის მართვის მსგავს ავანტიურისტულ კურსს, როგორც ამას, წინა მმართველი პარტია აკეთებდა.
მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ფასდაუდებელი ამაგი ბიძინა ივანიშვილისგან იქნება არა შედარებით მოკლე ვადაში მიღწეული ეფექტი, რაც აუცილებლად მოხდება და რაც ძირითადად ეკონომიკური და სოციალური წინსვლით იქნება გამოხატული, არამედ საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა და მისთვის ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებების დემონსტრირება, რამაც თავის მხრივ უნდა განაპირობოს, რომ საზოგადოება აღარასდროს აღარ შეცდეს და ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას სრული კარტბლანში აღარ მისცეს, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა.
ამას კი, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ძლიერი პარტიის არსებობა ხელს არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს, უფრო მეტიც, საზოგადოებას წლების შემდეგაც გაუჩნდება "მესია პარტიის" მოთხოვნილება, რომელსაც ქვეყნის ბედს სრულად ანდობს და გამორიცხული არ არის, 10 ან 20 წლის შემდეგ, საქართველომ ახალი "ნაციონალური მოძრაობა" მიიღოს ხელისუფლებაში, ხოლო გამოჩნდება თუ არა ამის შემდეგ პიროვნება, ვინც დიქტატორულ რეჟიმს უსისხლოდ, არჩევნების გზით დაამარცხებს – ძნელად პროგნოზირებადია.
აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ძირითადი ამოცანა ისევ და ისევ საზოგადოების ცნობიერებაში ფუნდამენტური გარდატეხის შეტანა უნდა იყოს. პრემიერმა უნდა შეძლოს და თავისი პოლიტიკური ძალა თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, პარიტეტულ პოზიციაში დააყენოს საქართველოს სხვა, ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მათ შორის კონკურენციის კრიტერიუმად არა ფინანსური შესაძლებლობები, არამედ ინტელექტუალური და პროფესიონალური ფასეულობები იქცეს.
პრემიერმა უნდა შეძლოს და საზოგადოების ცნობიერებამდე მიიტანოს, რომ პიროვნებამ ხმა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიის პროგრამას, და არა მისი ლიდერის ხმამაღალ და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირ შემთხვევაში არარეალურ განცხადება-დაპირებებს მისცეს.
მითუმეტეს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრში ნამდვილად მოიძებნებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის პოლიტიკური ბრძოლის არსენალში პროფესიონალთა საკმაოდ დიდ არმიას და დიდ ინტელექტუალურ თუ პროგრამულ გამოცდილებას ინახავენ.
ასე, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ისტორიაში დარჩეს არა მარტო როგორც ავტორიტარული რეჟიმის დამსამარებელი და ქვეყნის ეკონომიკის ამღორძინებელი, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული განვითარების ფუძემდებელიც.
იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანას კვლავ ერთპარტიული მმართველობის საფრთხე დაემუქრება, ის აუცილებლად იქნება გაცილებით უფრო უკეთესი ვიდრე ეს წინა შემთხვევაში იყო, თუმცა საზოგადოების ჯანსაღ პოლიტიკურ აზროვნებას, ხელს არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს.
ანუ შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანას, დემოკრატიული განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის ხარჯზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
რაც შეეხება გასული კვირის მეორე გახმაურებულ თემას, ანუ ვანო მერაბიშვილის დაანონსებულ 19 აპრილს, საზოგადოებამ არ შეიძლება რომ ის სერიოზულად აღიქვას. არავითარი გრანდიოზული მიტინგი რუსთაველის გამზირზე არ იქნება და ვერც იქნება, თუნდაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ," როდესაც ის სრულად აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს და სოფლის გამგეობებიდან დაწყებული ყველგან თავისი ხალხი ჰყავდა, ეროვნული სტადიონის გავსებაც კი ვეღარ შეძლო.
ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შიშის ფაქტორი, რომლის ძალითაც ნაცმამები მაშინ ხალხს სტადიონისკენ მიერეკებოდნენ, დღეს გამქრალია და ასევე, ვერავინ ვეღარ მოახერხებს და სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტიდან, სოფლებიდან ხალხის ჩამოსაყვანად მობილიზებულ მიკროავტობუსებს, საწვავს ვეღარ ჩაუსხამს.
ვანო მერაბიშვილის ეს განცხადება კი, სავარაუდოდ ორი ფაქტორით იყო განპირობებული.
პირველი ფაქტორი ისაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რღვევის სერიოზული პროცესია დაწყებული და ფაქტიურად დღე არ გავა რომ მათი რიგები რომელიმე ცნობილმა სახემ არ დატოვოს. აქედან გამომდინარე, დაანონსებული 19 აპრილით, ნაციონალებმა შექმნეს მოლოდინი, რომ ისინი გაზაფხულიდან ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას შეძლებენ, რაც ამა თუ იმ "ნაციონალისთვის" დამამუხრუჭებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს, მეორეს მხრივ კი მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ, და მაქსიმალურად შეეცდებიან გაზაფხულის ბოლომდე, ანუ მანამ, სანამ საზოგადოება ახალი ხელისუფლების რეფორმების პირველად შედეგს რეალურად შეიგრძნობს – სიტუაცია არიონ.
რა თქმა უნდა, ეს მცდელობა მასშტაბურ სახეს ვერ მიიღებს და როგორც აღვნიშნეთ, ყოფილი ხელისუფლება ხალხის სერიოზული რაოდენობის მობილიზებას ვერ შეძლებს, მაგრამ მობილიზებულთა რაოდენობა სავსებით საკმარისი იქნება, რომ მათ დაგეგმილი პროვოკაციები განახორციელონ. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი, მაქსიმუმ იმ პროგრამების განხორციელების დროებითი შეფერხება იქნება, რის განხორციელებასაც ახალი ხელისუფლება აპირებს, თუმცა სახელმწიფომ არც ეს არ უნდა დაუშვას.


ალექსანდრე კაპანაძე
ბეჭდვა