მოჯადოებული წრის საფრთხე
მოჯადოებული წრის საფრთხე
11:04 12.02.2013
მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირა განსაკუთრებული პოლიტიკური ვნებათაღელვით გამოირჩეოდა, ალბათ ნებისმიერი მკითხველი დამეთანხმება, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა.
ცალკე საკითხია უნდა მომხდარიყო თუ არა ის, რაც მოხდა, ან ვისი ბრალია რომ მოხდა, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი, არცთუ საამაყო ფურცელი ჩაიწერა.
როგორც წესი, საზოგადოება პოსტფაქტუმ რეაგირებს, ხოლო პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქმე ამა თუ იმ კონკრეტულ კონდიციამდე არ უნდა მიეშვა – არ იღებს.
ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, მოჯადოებული წრის სახეს იღებს, რომელზეც იგივე საზოგადოებრიობა თითქმის 20 წელია სწუხს, თუმცა რეალურ ნაბიჯებს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსასვლელად არ დგამს, ან არ უნდა რომ გადადგას.
შეიძლება ეს ძალიან შორეული პერსპექტივა იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარი უდიდესი პოზიტიური ძვრებისა, საქართველო, მოჯადოებულ წრეში კიდევ ერთხელ დატრიალების საფრთხის წინაშე დგას.
ამჯერად ყურადღება პრეზიდენტის ინსტიტუტზე გვინდა გავამახვილოთ, რომელიც შესაძლებელია სულ მალე მხოლოდ სიმბოლურ თანამდებობად იქცეს, ხოლო პრეზიდენტის ფუნქცია შეიძლება მხოლოდ აეროპორტში სტუმრის მიღება-გაცილებით განისაზღვროს.
ეს ტენდენცია არანაკლებ საშიში და რისკის შემცველია, ვიდრე თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯები იყო, როცა მან პრეზიდენტის უფლებები განუსაზღვრელად გაზარდა.
სააკაშვილის მიერ 2004 წელს გადადგმული ნაბიჯების შედეგებს, რომელიც სხვათა შორის თავის დროზე საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა გააპროტესტა, - ქვეყანა დღეს იმკის, მაგრამ ასევე არსებობს საფრთხე, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯების შედეგები, მოსახლეობაზე, წლების შემდეგ კვლავ ნეგატიურად აისახოს.
ქართული რადიკალიზმიდან გამომდინარე, 9 წლიანი ავტორიტარიზმის შემდეგ, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ საზოგადოების პროტესტი არა კონკრეტული ადამიანებისა და დამნაშავეებისკენ მიმართონ, არამედ დარტყმა გარკვეულ ინსტიტუციებს, ამ შემთხვევაში კი პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენონ.
ფორმულამ იმის შესახებ, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის, - ათეულობით საუკუნეს გაუძლო და სავარაუდოდ კაცობრიობას მისი არსებობის მანძილზე გაჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში არა ძალაუფლების ფორმას, არამედ ძალაუფლების მფლობელს უნდა მივაქციოთ ყურადღება და არავითარ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ძალაუფლება აბსოლუტური გახდეს, როგორც ამას თუნდაც სულ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ადგილი.
დღეს კი, მცდელობა იმისა, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი პრაქტიკულად ფორმალური დატვირთვის მატარებელი გახდეს, ქართულ ანდაზას წააგავს, რომლის თანახმადაც, კაცმა, რომელმაც ცხენს ვერაფერი დააკლო, - უნაგირი დაამტვრია.
სწორედ იგივე იქნება, თუ საზოგადოება ამ შემთხვევაში პასუხს კონკრეტულ პიროვნებას ან პიროვნებებს კი არ მოსთხოვს, არამედ შურს საპრეზიდენტო ინსტიტუტზე იძიებს.
როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოს მართვის აუცილებელი ბერკეტები, თუ ის ერთი ადამიანის ხელშია თავმოყრილი, ამ ადამიანს საკმაოდ დიდი გამოცდის წინაშე აყენებს, რაც მსოფლიო ისტორიის მაგალითების გათვალისწინებითაც კი, მხოლოდ ერთეულებს თუ ჩაუბარებიათ.
ამ შემთხვევაში, რა აზრი აქვს ვის ხელში იქნება ეს ბერკეტები თავმოყრილი ან რა ერქმევა ძალაუფლების მფლობელს, პრეზიდენტი, პრემიერი თუ მონარქი.
თუ პრეზიდენტს გამოეცლება სახელმწიფოს მართვის რეალური ფუნქციები, სავსებით ლოგიკურია, რომ ეს ფუნქციები ვინმე სხვა საჯარო მოხელის ხელში უნდა გადავიდეს. ამ შემთხვევაში, "ვინმე სხვა საჯარო მოხელეში" პრემიერ-მინისტრი იგულისხმება.
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს, ვისი, ძალაუფლებით ხიბლში ჩავარდნის საფრთხეც ყველაზე ნაკლებად არსებობს, ეს სწორედ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, რომლის ხელშიც რეალურადაა თავმოყრილი ქვეყნის მართვის სადავეები.
ასევე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, პრემიერის თანამდებობა ზედმეტი ტვირთია და ის არავითარ შემთხვევაში ამ თანამდებობას ბოროტად არ გამოიყენებს, მაგრამ არის თუ არა გარანტია, რომ თუნდაც იგივე ოცი წლის შემდეგ, საზოგადოების აგრესია სწორედ ისე არ წარიმართება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის მიმართ, როგორც ეს დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება.
ანუ სად არის გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ გაპრემიერებული პიროვნება, ზუსტად ისევე არ გამოიყენებს თავის დიდ უფლებებს, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა.
ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება თავის აგრესიას რა თქმა უნდა მიმართავს პრემიერის ინსტიტუტისკენ, და პრეზიდენტის უფლებების შეკვეცას შეცდომად მონათლავს.
ამასობაში პრემიერის უფლებების ხარჯზე გაიზრდება პრეზიდენტის უფლებები, რომელიც სწორად ისევე შეიძლება გააფუჭოს აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა.
ანუ საქართველო კვლავ მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდება და გარკვეული პერიოდის მონაცვლეობით, პრეზიდენტისა და პრემიერს შორის ფუნქციების გადანაწილებით შეიქცევს თავს.
ეს პროცესი დაუსრულებლად შეიზლება გაგრძელდეს, უფრო სწორედ მანამ, სანამ თავად ქვეყანა, როგორც სახელმწიფო არ დასრულდება.
ამ შემთხვევაში, მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს არც ახალი ველოსიპედის გამოგონება უწევს და არც რაიმე შეუძლებელი აქვს გასაკეთებელი.
მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად სავსებით საკმარისია, რომ მსოფლიოს მოწინავე, განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები გავიხსენოთ და ქვეყანა დაბალანსებული მმართველობის პრინციპებზე გადავიყვანოთ.
დღეს საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომლის ფუნქციებიც ფორმალური იქნება.
პირიქით საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი, რომელსაც ძლიერი მთავრობა და ასევე ძლიერი პარლამენტი დააბალანსებს.
ამ შემთხვევაში, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება გამორიცხულია, რაც, ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ფორმულის ხორცშესხმის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
თუ საქართველოს მმართველი ვერტიკალი ჩამოყალიბდება ძლიერი პრეზიდენტისგან, ძლიერი პარლამენტისგან და ძლიერი მინისტრთა კაბინეტისგან, რასაც დაემატება თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია, ქვეყანას ნამდვილად ექნება შანსი, ჩადგეს იმ განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნების რიცხვში, რომლებიც დღეს მისაბაძად გვყავს ქცეული.
აბსოლუტური ძალაუფლება კი, იქნება ის პრეზიდენტის, პრემიერის თუ პარლამენტის თავმჯდომარის ხელში, ძალზე დიდი ალბათობით კვლავ აბსოლუტურ გარყვნაში გადაიზრდება.
რაც შეეხება საზოგადოებას, მისი ვალი სწორედ ის უნდა იყოს, რომ არ დაუშვას ხელისუფლების შტოებს შორის დისბალანსი და არ დაუშვას, ერთი შტოს მეორის ხარჯზე გაძლიერება, ან ერთი შტოს მიერ მეორის დამორჩილების მცდელობა, რაც იგივე ეტაპზე დაგვაბრუნებს, რომელშიც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში იყო.
დღეს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, შედგეს როგორც განვითარებული და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და სავარაუდოდ ეს ასეც მოხდება, თუ რა თქმა უნდა, შიდა ან გარე პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე ალოგიკური პროცესები არ განვითარდა, მაგრამ ერთია, როცა ქვეყანა არის ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ ეს ეკონომიკური განვითარება, ასევე განვითარებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ემყარებოდეს, რაც ეკონომიკის რყევის რისკ-ფაქტორებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერმა, თუნდაც განვლილი 20-25 წლის უახლესი ისტორიიდან სათანადო დასკვნები გამოიტანოს და პრობლემები არა რომელიმე კონკრეტულ ინსტიტუციაში, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავში მოძებნოს და არასდროს აღარ დაუშვას, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის ხელში აბსოლუტური ძალაუფლება მოაქციოს.
ამ შემთხვევაში, ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი შეიძლება ქვეყნის განვითარების და სტაბილურობის ქვაკუთხედიც კი გახდეს, ვინაიდან, თუ საზოგადოება აიძულებს და სახელისუფლებო შტოებს შორის შიდაკონკურენციას გაზრდის, ამით პირველ რიგში მოგებული ისევ და ისევ საზოგადოება და სახელმწიფო დარჩება, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ ერი გადაწყვეტს და აბსოლუტურ ძალაუფლებას პრეზიდენტის ნაცვლად უკვე სხვა ინსტიტუტს გადასცემს, შესაძლებელი არა ახლო პერსპექტივაში, მაგრამ ქვეყანა აუცილებლად აღმოჩნდება ჩვენს მიერ ზემოთ ნათქვამ მოჯადოებულ წრეში.
ახალ ხელისუფლებას, რომელმაც შეძლო და ქვეყანა ავტორიტარიზმის მარწუხებიდან ამ ეტაპისთვის მეტნაკლებად გაათავისუფლა, გარდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისა, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია, რომელიც მან აუცილებლად უნდა შეასრულოს და რომელიც საქართველოს მომავალი ძლიერების საფუძველი უნდა გახდეს.
ეს მისია მდგომარეობს იმაში, რომ მათ უნდა შეძლონ და საზოგადოებას რეალური დემოკრატიული ღირებულებების სიკეთე და უალტერნატივობა დაანახონ, რათა საზოგადოება მუდმივად მზად იყოს, რომ ქვეყანაში 2004-2012 წლები აღარ დაუშვას.
თუკი ახალი ხელისუფლება მოახერხებს და საზოგადოების ცნობიერებაში ამ ძირეულ გარდატეხას შეიტანს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მას ერის ცხოვრებაში თავისი ისტორიული მისია შესრულებული ექნება, რაც კიდევ ვიმეორებ, ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის საწინდარი უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამა თუ იმ ინსტიტუტზე იერიშის მიტანით, თუნდაც ეს ინსტიტუტი საპრეზიდენტო იყოს, - გრძელვადიანი პერსპექტივის მიღწევა საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.


ალექსანდრე კაპანაძე
ბეჭდვა