სახიფათო თამაშები
სახიფათო თამაშები
13:56 29.01.2013
"ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ხელმძღვანელის თამაშები უკვე პოლიტიკურ ჩარჩოებს გასცდა და ცეცხლთან თამაშის სახე მიიღო, რაც შეიძლება, არა მარტო მათთვის, მთლიანად ქვეყნისთვისაც კი უმძიმესი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.
გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან, უმნიშვნელოვანესი ფაქტი, უდავოდ თავდაცვის მოქმედი და აწ უკვე ყოფილი ვიცე პრემიერ-მინისტრის თავს დატრიალებული ამბები იქნებოდა, რომ არა 25 იანვარს, ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და შემდეგ პრეზიდენტის განცხადებები, რომლებმაც ნაციონალების პოლიტიკურ თამაშებს ცეცხლთან თამაშის სახე მისცა.
საქმე ყოფილი პატიმრის, ეროვნებით სომეხი ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას ეხება, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ და მათ შორის ქვეყნის ოფიციალურად პირველმა პირმა ქართული სახელმწიფოებრიობის მტრად შერაცხა.
ეს შეიძლება ერთი შეხედვით არცთუ ისე მნიშვნელოვანი მოვლენა კვირის სხვა მოვლენებს შორის ჩაიკარგებოდა, რომ არა ერთი საგულისხმო ტენდენცია. ყოფილი ხელისუფლება და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო პერიოდში პერმანენტულად აპელირებენ იმ ეთნიკურად სომხების გვარებით, ვინც ამნისტიის შესახებ კანონის შედეგად ციხიდან გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ერთად საპყრობილეები ათასობით სხვა გვარისა თუ ეთნიკური კუთვნილების წარმომადგენელმა დატოვა, ისინი მუდმივად ცდილობენ მოქმედი ხელისუფლება სომხური გვარის მქონე პატიმრების გათავისუფლებისთვის გააკრიტიკონ.
გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევაა და მის უკან "ნაციონალური მოძრაობის," მხოლოდ ქვეყნის მომავალზე დარდი დგას.
ამ შეიძლება ითქვას "ანტისომხურ" კამპანიას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი, მიზანმიმართულად აწარმოებს, რაც ყველაზე ცუდი პროგნოზით, ორ მოძმე ერს შორის ურთიერთობის დაძაბვას ისახავს მიზნად, რის შემდეგაც მღვრიე წყალში თევზის დაჭერა თუ პოლიტიკური დივიდენდების მიღება, გაცილებით უფრო გაადვილდება.
როგორც ცნობილია, 25 იანვარს, ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა და შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჩახალიანის საპატიმროდან გამოშვება, ლამის სახელმწიფო ღალატის რანგში აიყვანეს და სრულიად საქართველოს წინაშე აცხადებდნენ თუ რა წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მან სომეხთა პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინა, და "საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი" ციხიდან გაათავისუფლა.
რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლების ეს პიარაქტივობა ერთ ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა და არც ხალხის მეხსიერებაში დაილექებოდა დიდხანს, რომ არა ერთი ფაქტორი: მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლაში აშკარად ცდილობდა ქართველების ცნობიერებაში სომხების მიმართ ნეგატიური განწყობა გაეღვივებინა, რისი მიღწევის შემთხვევაში, მოვლენების განვითარება არც საქართველოსთვის და არც სომხეთისთვის ძნელად პროგნოზირებად ნამდვილად არაა.
ამას მიხეილ სააკაშვილი რა თქმა უნდა არა პირდაპირი გამოთქმებით, არამედ ირიბად, ქართველთათვის მგრძნობიარე და განსაკუთრებით ფაქიზ თემებზე აპელირებით ცდილობდა.
ფსიქოლოგიაში და პიარტექნოლოგიებში ელემენტარულ დონეზე ჩახედული ადამიანისთვისაც კი ადვილი გასაგებია, რას ისახავდა მიზნად მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ რომ, საპატიმროდან გათავისუფლებულმა ჩახალიანმა ქართული ეკლესიები დაარბია, დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა ქართველი ერის ქვეცნობიერში, მოძმე სომხების მიმართ აგრესიის ჩამოყალიბებას და ამ ფონზე ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის მიმართ სიმპათიების მოპოვებას. ნაკლებსავარაუდოა, რომ ქართველებსა და სომხებს შორის დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის საბოლოო მიზნებში შედიოდეს, მაგრამ მისი გათვლებით, ის ყველანაირად ეცდება და ამ აგრესიას, თუ რა თქმა უნდა ასეთი რამის პროვოცირებას მიაღწია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართავს.
თუმცა მიხეილ სააკაშვილი წაგებული არც იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ეს აგრესია მართლაც სერიოზულ სახეს მიიღებს და თუნდაც ერთ ლოკალურ დაპირისპირებაში გადაიზრდება. ასეთ შემთხვევაში ყოფილი მთავრობა რა თქმა უნდა ივანიშვილს ეთნოკონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულებს და იმ სომეხი ხალხის ქომაგობას დაიწყებს, რომლის მიმართაც აგრესიის ჩამოყალიბებას დღეს ის აგრერიგად ცდილობს.
"ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის 9 წლიანი ანალიზისა და მათ მიერ ჩადენილი საქმეებიდან, ასევე მათი ხელწერიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის სომეხი ეროვნების პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მათ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, კიდევ უფრო შორს მიმავალ ავანტიურულ გეგმებს უკავშირდებოდეს. კონკრეტულად კი, შესაძლებელია სამცხე-ჯავახეთში, რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყონ, რაც შემდგომში მათთვის პიარის აგორების საშუალება გახდება, თუმცა იმედია რომ ეს ვარაუდი რეალობას მოკლებულია და ნაციონალები გაისიგრძეგანებენ იმ საფრთხის შინაარსს და მოსალოდნელ შედეგს, რასაც ისეთ ფაქიზ რეგიონში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია, პროვოკაციების მოწყობა ჰქვია. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა ქართული სპეცსამსახურების მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოვლენილი, ხოლო დამნაშავე, რა ეროვნებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინაიდან თუ ვინმეს ინტერესებში დღეს საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება არ შედის, ეს პირველ რიგში საქართველო და სომხეთია.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც ის საპატიმროებიდან გათავისუფლებული სომხური წარმოშობის პირებზე აკეთებს ძირითად აქცენტებს, თავისი პოზიცია საქართველოში სომხეთის საელჩომაც უნდა დააფიქსიროს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ სულ ახლო წარსულში, რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობიდან დიდი მაესტრო სწორედ იმის გამო მოხსენეს რომ მან სიტყვა "სომეხი" ახსენა, რაც ქსენფობიად ჩაუთვალეს და სამსახური დაატოვებინეს.
საინტერესოა, არის თუ არა ქსენოფობია, მიხეილ სააკაშვილის მიერ სომხური გვარებით მუდმივი აპელირება, მაშინ როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპატიმროები ანალოგიური და უფრო მძიმე ბრალდებებით გასამართლებულმა, სხვა ეთნიკური კუთვნილების პირებმაც დატოვეს.
მიუხედავად ყველაფერი ზემოთნათქვამისა, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ხელისუფლებას ნამდვილად ეყოფა, სიბრძნეც, გონიერებაც და წინდახედულებაც, რომ მსგავსი იაფფასიანი პროვოკაციების მცდელობები აღკვეთონ.
გარდა პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრისა, ამ თემით საკმაოდ წარმატებულად აპელირებენ ყოფილი ხელისუფლების მეხოტბე ტელეკომპანიები, რომლებსაც ვერ დავუკარგავთ, რომ თავიანთ პიარ-სტრატეგიას პროფესიონალურად ახორციელებენ.
რაც შეეხება პიარ და საგარეო ფრონტს, ის ახალი ხელისუფლებისთვის, ისევ აქილევსის ქუსლად რჩება. ამ სფეროებში მათი საქმიანობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით კვლავ პირწმინდად აგებს პიარ და საგარეო დიპლომატიურ ბრძოლას.
კვლავ ძველი შემართებით მუშაობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც საზოგადოების ნაცვლად, ერთი ვიწრო პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესებს გამოხატავს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ზე, რომელიც იგივე საქმეს პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო კარგად ახორციელებს.
ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკაზე, ვინაიდან თავად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის აწყობა უდიდეს შრომას, ენერგიას და შესაბამისად დროს მოითხოვს. ასე, რომე ამ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმეს გადაჭრით თქმა, ჯერჯერობით ნაადრევია.
ამ ყველაფრის ფონზე კი, ძალიან უსუსურად გამოიყურება ტელეკომპანია მე-9 არხი, რომელიც მართალია არ უჩივის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმცირეს, მაგრამ აუდიტორიის მხრივ, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რისი უმთავრესი მიზეზიც ისევ პროფესიონალიზმში უნდა ვეძებოთ.
წაგებული პიარ-ომის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის დარიგების პროცესის საზოგადოებამდე მიტანა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარ პირთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რომ აღარაფერი ვთქვათ დასახმარებლად გამოყოფილი თანხების ოდენობაზე, - დღეს მთელი საქართველო ხედავს საპროტესტოდ ქუჩაში გამოსულ კახელებს, რომლებმაც დახმარების სახით მიზერული თანხები მიიღეს. ამ ფონზე კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის გარდა, თითქმის არავინ არ ცდილობს საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა დაზარალებულმა კომპენსაციის სახით 10 ათას ლარამდე მიიღო.
ხოლო რაც შეეხება ინტერნეტით ინფორმაციის მიღებას, ეს, სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, ჯერჯერობით, საქართველოს მხოლოდ მოსახლეობის 29 პროცენტს შეუძლია, თუმცა რამდენი პროცენტი ეცნობა აქედან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საიტს, ძნელი სათქმელია.
პიარი და საგარეო დიპლომატია შეიძლება ითქვას, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ცნებებია, რადგან სწორედ პიარისა და საგარეო დიპლომატიის არასათანადო დონეზე დაყენებამ განაპირობა ევროპის საბჭოს რეზოლუციის ის ნაწილები, რომლებიც საქართველოს ეხება და რომელთა შინაარსიც მკვეთრად ნეგატიურია.
ძნელი სათქმელია დასავლეთი თავის მოტყუებას ცდილობს თუ ნამდვილად მოტყუებულია, მაგრამ, ფაქტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სათანადო სამუშაოებს ჩაატარებდა, მაშინ ისინი ელემენტარულად იძულებულნი იქნებოდნენ სიმართლისთვის თვალი გაესწორებინათ. ორად-ორი სფერო, რომელმაც შეიძლება ახალ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას, ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა და საგარეო პოლიტიკაა.
სხვათა შორის საგარეო ფრონტზე წარუმატებლობა თავად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, თუმცა მან ეს ყველაფერი ყოფილ ხელისუფლებას გადააბრალა და განაცხადა, რომ მათ მოახერხეს და დასავლეთს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა რატომ ვერ მოახერხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგივე დასავლეთისთვის, სწორი ინფორმაციის მიწოდება, ამის შესახებ პრემიერს არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში ტელეეთერით. ისე კი სავარაუდოდ, ამ ჩავარდნის მიზეზებს ახალი მთავრობა სათანადოდ ჩაუღრმავდება.
ქვეყნის პრემიერს და რეალურად პირველ პირს, დღეს ყველაზე მეტად ესაჭიროება ადამიანი, ვინც თავისი დიპლომატიით თუ საგარეო კავშირებით, შეძლებს და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, როგორც ყოფილ, ასევე ახალ ხელისუფლებას რეალური სახით წარმოაჩენს.
ბოლოს კი, იმ მოვლენის შესახებ, რომელზეც მასალის დასაწყისში ვსაუბრობდით და რომელიც თავისი მნიშვნელობით არათუ კვირის, შეიძლება წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა აღმოჩნდეს. საქმე ირაკლი ალასანიასა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხება.
მიუხედავად მთავრობის მონოლითურობის შესახებ სურათის დახატვის პერმენენტული მცდელობისა, ირაკლი ალასანიას მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული განცხადება, პრემიერთან მძიმე საუბრის შესახებ, ამ დაპირისპირების არსებობას ხაზს უსვამს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს რამდენიმე თვის წინ პრემიერ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ის პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ალასანიას ვერ ხედავდა და თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, ქვეყნისთვის, სხვა პოზიციებზე მუშაობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო. საზოგადოებას კარგად ახსოვს აგრეთვე, რომ ამ განცხადებაზე ირაკლი ალასანიას რეაქცია არ ჰქონია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას საპრეზიდენტო ამბიცია გულში ძალიან ღრმად ჰქონდა ჩადებული, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ, თემის გააქტიურებისთანავე, მან პრეზიდენტობის სურვილი პრესის მეშვეობით სასწრაფოდ დაადასტურა და ამ კუთხით საზოგადოებრივი აზრის შექმნაც დაიწყო.
ეს არის ის ყველაფერი, რაც ამ თემასთან დაკავშირებით გარედან ჩანს, ხოლო თუ რა მოხდა შიდა კულუარებში, სავარაუდოდ ამის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს, ვინაიდან, როგორც ჩანს ირაკლი ალასანია შიდა სამზარეულოს საჯაროდ გამოტანას არ მოერიდება, თუ რა თქმა უნდა, მის საპრეზიდენტო ამბიციებს კოალიცია არ დააკმაყოფილებს.
კოალიცია და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილი, კი სავარაუდოდ ირაკლი ალასანიას კანდიდატურაზე ფსონს არ გააკეთებენ, რადგან თავდაცვის მინისტრს, თავისი წარსულიდან გამომდინარე, შეიძლება ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდეს. უფრო სწორად, არის საკითხები, რომლებზეც მან საზოგადოებას პასუხი შეიძლება საერთოდ ვერ გასცეს.
როგორც წინა მასალაში ვწერდით, საზოგადოებას აქვს კითხვები ირაკლი ალასანიას მიმართ 2009 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით. მაშინ როცა ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი ხალხის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდნენ, საღამოობით, საიდუმლო ვითარებაში, ირაკლი ალასანია პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, წყნეთის აგარაკზე, იმ დროისთვის გასაიდუმლოებულ ვიზიტებს მართავდა.
ირაკლი ალასანიას უკავშირდება აგრეთვე, 2009 წელს, კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიასთან არსებული საკნების აღების ინიციატივაც, რაც თავის დროზე საზოგადოებამ ასევე ძალიან ნეგატიურად მიიღო.
გარდა ამისა, საზოგადოების უკმაყოფილების საგანი იყო ირაკლი ალასანიასა და გიგა ბოკერიას გახმაურებული შეხვედრებიც, ხოლო 2011 წლის 26 მაისს, მაშინდელი ხელისუფლების მიერ დახოცილი, დარბეული და ნაწამები ხალხის ხარისხიანობაში ეჭვის შეტანა, ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა იყო.
ბუნებრივია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ქართველ ხალხს კითხვები აქვს და ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებსაც მოითხოვს. ამ ფონზე კი კოალიცია "ქართული ოცნება" ნამდვილად არ გარისკავს და მის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ფსონს არ დადებს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ალასანიას მიმართ საზოგადოებაში არსებული ეჭვები გაამძაფრა, ეს ბოლო პერიოდში მის თავს დატრიალებული მოვლენების მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა რეაქცია იყო.
ისინი, პრესასთან გაკეთებულ კომენტარებში პრაქტიკულად თანაუგრძნობდნენ ალასანიას, მწუხარებას გამოთქვამდნენ ვიცე-პრემიერობიდან მისი გადაყენების გამო და აცხადებდნენ, რომ ირაკლი ალასანია "ქართულ ოცნებაში" ერთადერთი პილიტიკოსი იყო, ვინც დასავლეთის კრიტიკაზე მტკივნეულად რეაგირებდა.
ამ ყველაფერმა კი, ხალხში იმის განცდა, რომ ირაკლი ალასანიას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ საკმაოდ ახლო და ლოიალური დამოკიდებულება აქვს, კიდევ უფრო გაამძაფრა. საზოგადოების დაკვეთა კი სამართლიანობის აღდგენაა და მისთვის, ყოფილი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირის პრეზიდენტობა, მიუღებელი იქნება.
თუმცა, როდესაც საქმე ალასანიას ეხება, საკმაო სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი იმ კადრების მიმართ, ვინც ალასანიას გუნდს წარმოადგენს და ვინც თავისი პროფესიონალიზმით, სფეროს კვალი უკვე დაატყო.
ახალ ხელისუფლებას ასეთი კადრების დაკარგვის უფლება არ აქვს.
ხოლო რაც შეეხება ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანიას შემცვლელის ვინაობას, მის მიმართ ჯერჯერობით კულუარული ინფორმაციებიც კი არ ვრცელდება. როგორც ჩანს პრემიერი ამ პოსტზე ალასანიას შემცვლელის შერჩევის პროცესს, გაცილებით უფრო ფრთხილად უდგება.

ალექსანდრე კაპანაძე
ბეჭდვა