წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუციონალიზაცია წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის ფონზე
წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუციონალიზაცია წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის ფონზე
12:08 18.12.2012
ხელისუფლების ცვლილებიდან სულ რამენიმე თვის შემდეგ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გვეღირსა და სახეზე ნამდვილი, ჯანსაღი ინსტიტუციონალიზაციის აშკარა და საკმაოდ წარმატებული მცდელობა გვაქვს.
სწორედ, სახელმწიფო ინსტიტუტების ადექვატური და პრინციპული დამოკიდებულების შედეგია ის რევოლუციური ძვრები მედიასივრცეში, რომელსაც ადგილი გასული კვირის განმავლობაში ჰქონდა ქვეყანაში.
აქ ყურადღება, პირველ რიგში ფინანასთა სამინისტროს როლზე უნდა გავამახვილოთ, რომლის ქმედებამაც, მიუხედავად ბევრი მცდელობისა რომ ის თავისუფალი სიტყვის ჯალათად წარმოეჩინათ, განაპირობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გადადგომა.
რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა მოლოდინი იმისა, რომ გია ჭანტურიას, თანამდებობიდან წასვლის მოტივად, ნოდარ ხადურის უწყების მაკონტროლებლების საზოგადოებრივ არხზე შესვლა დაესახელებინა, რადგან ეს ფინანსური დანაშაულის პირდაპირი აღიარების ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ საზოგადოებამ საკმარისზე კარგად დაინახა ის ფაქტი, რომ ჭანტურიას თანამდებობიდან წასვლა, სწორედ ფინანსური მონიტორინგის დაწყების შემდეგ მოხდა.
ზოგადად კი, გასული კვირა შინაარსობრივი თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე მძიმე იყო.
დროის მოცემულ მონაკვეთში, ისინი თავიანთი ყველაზე ეფექტური ბერკეტებისა და იარაღის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ. ეს იარაღი მათ ხელთ არსებული ტელეკომპანიებია. უფრო სწორად, შეიძლება ითქვას, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დაკარგა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად არხის სამეურვეო საბჭოს ბეგრაუნდისა, მათ გაბედონ და კვლავ "ნაციონალებისთვის" სასურველი კანდიდატურა აირჩიონ. ასეთ შემთხვევაში, მათ ელემენტარულად, საპარლამენტო უმრავლესობა, თავიანთ კანდიდატურასან ერთად გადაირჩევს.
ასე, რომ არხს სავარაუდოდ, ამიერიდან სათავეში ჩაუდგება პიროვნება, რომელიც მაქსიმალურად ეცდება არხის საინფორმაციო პოლიტიკა ობიექტური გახადოს და საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ შტამპისგან გაათავისუფლოს, რასაც ნაციონალური შტამპი ჰქვია. საამისოდ კი, მას ყველანაირი ბერკეტი ექნება.
საზოგადოებრივი არხის დაკარგვა, რომელიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობს, როგორც აღვნიშნეთ უდიდესი დარტყმაა მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა ისინი ამ კუთხით, კიდევ ერთი, არანაკლებ დიდი და გადამწყვეტი დარტყმის საფრთხის წინაშე დგანან. ეს საფრთხე კი, კიდევ ერთი მედიასაშუალების – "რუსთავი2"-ის დაკარგვას უკავშირდება.
მიუხედავად ფაქტის მიჩქმალვის მრავალმხრივი მცდელობისა, ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ცნობა, ამ არხის საინფორმაციო სტაფის გაფიცვის შესახებ, რაც სავარაუდოდ მათთვის ხელფასების შემცირებას უკავშირდებოდა.
როგორც აღვნიშნეთ, მიუხედავად მიჩქმალვის მცდელობისა, ამ ინფორმაციამ გამოჟონა და ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში "რუსთავი 2 "- ზე სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, და არც აღნიშნული ტელეკომპანიის საინფორმაციოს ჟურნალისტების გაფიცვის ამბავია საფუძველსმოკლებული, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის სულის ღაფვის სტადიაში მყოფი გუნდისთვის საფლავში ჩაყოლას არცერთი, მომავალზე ორიენტირებული ჟურნალისტი არ ისურვებს. მითუმეტეს, ისინი არ დაუშვებენ ძველებურად სიცრუის სამსახურში ყოფნას შემცირებული მატერიალური უზრუნველყოფის შემთხვევაში.
ცალკე თემაა მათი უმრავლესობის წარსული და საკითხი, აქვთ თუ არა მათ ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების მორალური უფლება, მითუმეტეს, რომ ისინი მონურ მორჩილებას არიან მიჩვეულნი, მაგრამ ფაქტია, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი უკვე ასეთი კატეგორიის ჟურნალისტებშიც მთელი სიმძაფრით ამოქმედდა.
ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის შენახვა ძალზე ძვირი სიამოვნებაა, რასაც სავარაუდოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სურვილის შემთხვევაშიც კი, კანონის შიშით ვერ განახორციელებენ, ხოლო ფულის გარეშე, თუნდაც მონურ მორჩილებას მიჩვეული ჟურნალისტები, ყოფილი ხელისუფლების სამსახურში დიდხანს ყოფნის სურვილს ნამდვილად არ გამოამჟღავნებენ და მათი უმრავლესობა ჩაგრული და წამებული პროფესიონალის მანტიის მოსხმას შეეცდება.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ სწორედ "რუსთავი 2" – ის კანონიერ მფლობელობაზე, რამდენიმე პირი არცთუ უსაფუძვლო პრეტენზიას აცხადებს და არავინ იცის თავისუფალი სასამართლოს პირობებში ტელეკომპანია ვის ხელში აღმოჩნდება.
ყოველ შემთხვევაში, ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელ ბასტიონებსაც კარგავს, რის შემდეგაც ისედაც გასაცოდავებული დე-ფაქტო პირველი პირი, კიდევ უფრო მეტად დაემსგავსება ბუტაფორიას, რას პრაქტიკულად არის კიდეც.
აღნიშნული "მედიარევოლუციები" კი, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუციების სათანადო სიმაღლეზე დგომამ და პრინციპულობამ გამოიწვია.
როცა საუბარი შეეხება ფინანსთა სამინისტროს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ახალი ხელისუფლების მკაცრი ან სიმკაცრის გზაზე მდგომი ფისკალური პოლიტიკა, რაც ასევე, გადასახადის ნებისმიერი გადამხდელისთვის, თანაბარზომიერ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
ეს კი, გარდა იმისა, რომ აუცილებლად პოზიტიურად აისახება ფისკალურ ეფექტზე, ძალიან ბევრს გაუქრობს, მღვრიე წყალში თევზის ჭერის სურვილს და ილუზიას, ხოლო ასეთები სავარაუდოდ, ახალ ხელისუფლებასაც საკმარისზე მეტი ეყოლება მიტმასნილი.
მკაცრი და სამართლიანი საშინაო პოლიტიკის კიდევ ერთ განმაპირობებელ ფაქტორად, გასულ კვირაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იქცა, როდესაც დევნილთა მიერ უკანონოდ დაკავებული ფართების დატოვების შესახებ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა.
საიდუმლო არავისთვის არაა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დევნილთა გარკვეულმა კატეგორიამ, რომლებმაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოისურვეს, იმ მოტივით, რომ თავშესაფარი არ გააჩნდათ, საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა დაიკავეს. ხელისუფლების ცვლის პირველ დღეებში ამ მოვლენას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა, თუმცა სავარაუდოდ, დღეს მათი უმრავლესობა უკვე დარწმუნდა, რომ იოლი გზით რაიმეს მოხვეჭის იმედი ამ ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ.
ამან შეიძლება ცალკეულ ინდივიდებში ახალი ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა გააძლიეროს, მაგრამ საერთო ჯამში, უმრავლესობის ფსიქიკაში ის კანონის წინაშე თანასწორობის გამოვლინებად აღიქმება და უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს თითქმის ათწლეულის განმავლობაში მასობრივად დაავადმყოფებული ერის ცნობიერების გაჯანსაღების საქმეში.
კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რაც ასევე დადებითად აისახება არსებული ხელისუფლების იმიჯზე, ეს პრაქტიკულად ლეგალიზებულ პროსტიტუციასთან რეალური ბრძოლაა.
ეს ბრძოლა ხალხის დაკვეთა ნამდვილად არის, რაც თავის დროზე ძალიან კარგად იცოდა ახალმა ნაცხელისუფლებამ და გორის ტრასის ბორდელებს, სწორედ ამიტომ მოევლინა მაშინდელი გუბერნატორი ირაკლი ოქრუაშვილი ტელერისხვად, თუმცა ტელეკამერების გასვლის შემდეგ, იგივე პროსტიტუციის კერებში ცხოვრება კვლავ ჩვეულ რიტმში გაგრძელდა და ამ მოვლენასთან ბრძოლით, რომელიც უკონტროლო პირობებში, შეიძლება უამრავი უკურნებელი სენის და გამოუსწორებელი დანაშაულების სათავე გახდეს, თავი სააკაშვილის ხელისუფლებას აღარც შეუწუხებია. უფრო მეტიც, საქართველოში ჩამოსული უცხოეთის (ძირითადად თურქეთის) მოქალაქე, რომელიც სასტუმროს შირმის ქვეშ გარყვნილების ბუდეს აწყობდა, ინვესტორის რანგში განიხილებოდა და რა თქმა უნდა, თითქმის დიპლომატის იმუნიტეტის ტოლფასი იმუნიტეტით სარგებლობდა.
სწორედ უთავმოყვარეო სახლემწიფოში თუ მოხდებოდა ის, რასაც აჭარაში, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, როცა პრაქტიკულად მთელი რეგიონი თურქეთის მოქალაქეების გასართობ ადგილად იყო ქცეული, სადაც ეს უკანასკნელნი საკმაოდ ხშირად არც წვრილმან თუ მსხვილმან კანონდარღვევას არ ერიდებოდნენ, რა თქმა უნდა იმის გარანტიით, რომ პასუხს არავინ მოსთხოვდათ.
სავარაუდოდ, ახლო მომავალში მსგავსი პრეცედენტები, გარყვნილების ბუნაგების რიცხვის პროპორციულად, მინიმუმამდე დავა.
გარდა იმისა, რომ პროსტიტუციის ბუდეების წინააღმდეგ რეალური ბრძოლით, სახელმწიფომ თავისი ინსტიტუციების თვითმყოფადობა და კანონისადმი პატივისცემა აჩვენა, მან სხვა, არცთუ უმნიშვნელო დივიდენდიც მიიღო. კონკრეტულად კი, ეს დივიდენდი მთლიანად აჭარის მოსახლეობის მადლიერებით იქნება გამოხატული, როცა ისინი საკუთარ ქალაქებში მსგავსი ბუნაგების გაქრობას შეხედავენ. არანაკლებ მადლიერებით შეხვდნენ უძველესი პროფესიის ადამიანების წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციებს დედაქალაქშიც. ასე, რომ ერთი შეხედვით არცთუ ისე მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემის მოგვარება, რეალურად ახალი ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი დივიდენდის მომტანი აღმოჩნდა ყველა მიმართულებით.
რახან საუბარი პროსტიტუციაზე და პორნოინდურსტრიაზე ჩამოვარდა, ვფიქრობ აქვე აღნიშვნის ღირსია გასული კვირის კიდევ ერთი "მნიშვნელოვანი" თემა, რომლითაც პარლამენტი დაკავდა და რომელიც არც მეტი არც ნაკლები, პორნოინდუსტრიისთვის აუცილებელი ატრიბუტის, პრეზერვატივის ჯიშებისა და სახესხვაობების გარჩევით გამოიხატა.
რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, იქ ნებისმიერი თემის განხილვა მისაღები და აუცილებელია, თუმცა ქვეყანაში დღეს არსებული სოციალური ფონის თუ სხვა საერთო პრობლემების გათვალისწინებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმაზე კამათი, თუ რომელი ჯიშის პრეზერვატივს რა დანიშნულება აქვს და რომელი შეიძლება რომ გაყიდვაში იყოს და რომელი არა, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია, ხოლო რბილად თუ არ ვიტყვით, შეურაცხმყოფელიცაა.
ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ რას იტყოდა, სოციალურად უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ადამიანი, რომელსაც ელემენტარული საარსებო პირობები არ გააჩნია და თავისი ხმა უკეთესი მომავლის იმედით, დღევანდელ უმრავლესობას მისცა, როცა ეკრანზე შეხედავდა სერიოზული სახით მოპაექრე ადამიანებს არა გადასახადების, ჯარიმების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის ან მსგავს მისთვის სასიცოცხლო თემაზე, არამედ პრეზერვატივების ულვაშებზე მოკამათეს, ვფიქრობ საღიმილოდ საქმე ნამდვილად აღარ იქნებოდა.
ეს ის შემთხვევა იყო, როცა საზოგადოებამ პარლამენტში გამართული სჯა-ბაასი არა ზრუნვად, არამედ დაცინვად მიიღო და არცთუ უსაფუძვლოდ.
ასევე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში ერთ-ერთი რაიონის გამგებლის განცხადებებს, რომელიც თავს "პატარა ბიძინა ივანიშვილობაზე" სდებდა და ამაყობდა იმით, რომ ოცამდე ადამიანი სამსახურიდან დავიდარაბის გარეშე გაუშვა.
აბსოლუტურად ცალკე თემაა ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძნელად მოსაძებნია თუნდაც ისეთი სოფლის გამგებელიც კი, რომელსაც მინიმუმ ერთი სისხლის სამართლის დანაშაული მაინც არ ექნება ჩადენილი, თუნდაც მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის ხალხმა, და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ხალხის მოხსნით მოამაყე ადამიანის მიმართ, საზოგადოების აგრესია ძალიან დიდი არ ყოფილა, თუმცა ის ამას ნამდვილად იმსახურებდა.
რაც შეეხება ამ პიროვნების ინტელექტს, ეს ცალკე დავის საგანია, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი კამერების წინაშე ამაყობს ხალხის სამსახურიდან გაშვებით - ვფიქრობ მეტისმეტია.
ფსიქოლოგიის ელემენტარული მცოდნეც კი მიხვდება, რომ ამ პიროვნების, სიამაყის გრძნობით გაკეთებულ განცხადებას კონკრეტული ადრესატი ჰყავდა, რომლის მისამართითაც ბატონმა იაძემ ეს განცხადება გააკეთა. რადგან ამ განხცხადებას ჰყავდა ადრესატი, ეს ნიშნავს, რომ ბატონ იაძეს თანამდებობაზე დანიშვნამდე ვიღაცამ უთხრა, რომ სოფლის გამგებლები უნდა მოეშორებინა და ეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და უხმაუროდ უნდა გაეკეთებინა, რაც პრაქტიკულად მან შეძლო კიდევაც, თუმცა მოხსნილი ხალხის სანაცვლოდ, ამ ფაქტის საკმაოზე დიდი დოზით ტირაჟირება თავადვე მოახდინა.
მსგავსი ფაქტისგან და პიროვნებებისგან დაზღვეული არასდროს არცერთი ხელისუფლება არ არის და არც იქნება, მაგრამ ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა, როცა ახალი ხელისუფლება ნამდვილად არ წააგებდა თუ რაღაც მაგალითებს ძველი ხელისუფლებისგანაც გადმოიღებდა.
კონკრეტულად კი, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ყველა უწყებას ჰყავდა ოფიციალური თუ არაოფიციალური პრესსპიკერი, რომელიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას აგვარებდა. მიუხედავად ამისა, ეთერში ნათქვამი შეუსაბამობების ნაკლებობით არც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი გამოირჩეოდა, თუმცა წინა ხელისუფლებას, მცდელობა იმისა, რომ გამოუცდელი ხალხი კამერის წინ არ მოხვედრილიყო, ნამდვილად ჰქონდა.
მართალია ისეთ დანაშაულებრივ ფრაზას, რაც ერთ-ერთმა ნაციონალმა ქალბატონმა, იმ დევნილის მისამართით თქვა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა – "დასაწვავი ბენზინის ფული ხომ იშოვაო", დღევანდელი მთავრობიდან არავინ ამბობს, მაგრამ ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ჭკვიან ადამიანს უფრო მეტი მოეთხოვება და ასევეა ხელისუფლებასთან მიმართებაშიც. ასე, რომ თუ ხალხმა ჯერჯერობით ახალ ხელისუფლებას არასწორი ან არაკორექტული გამონათქვამები აპატია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის დავიწყებას მიეცემა და აღარ გაუხსენებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ხალხი სწრაფად მხოლოდ სიკეთეს ივიწყებს, არაპოპულარულ ნაბიჯებსა თუ გამონათქვამებს კი საკმაოზე დიდხანს იმახსოვრებს.
კვლავ "განებივრებულია" საქართველო და საქართველოს ახალი ხელისუფლება უცხოური მედიის ყურადღებით. ნამდვილად არ ღირს მილიონჯერ ნათქვამის გამეორება, რომ სწორედ ეს მედიასაშუალებები სდუმდნენ ან ხოტბას ასხამდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ, როცა ის ქუჩაში ბიჭებს ხოცავდა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებდა, მაგრამ არც ისაა საიდუმლო, რომ სავარაუდოდ, მათი მასალების პათოსის საფუძვლად, ანგარების საკმაოდ მაცდური ულუფა დევს.
საინტერესოა, რა გაუჭირდა ახალ ხელისუფლებას საიმისო, რომ მინიმუმ შეაჩეროს მაინც იმ ნამდვილად ცილისმწამებლური კამპანიის მიმდინარეობა, რასაც უცხოური მედიისგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თითქმის ყოველდღე აწყდება.
წარუმატებელი საერთაშორისო პიარ-ომის ესტაფეტა, "წარმატებულად" აიტაცა განახლებულმა ქართულმა დელეგაციამ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს.
როგორც ცნობილია, დისკუსიების პირველი ნაწილის შემდეგ, ღონისძიება იმ მიზეზით ჩაიშალა, რომ სხდომა ოსურმა, აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დატოვეს.
განახლებული ქართული დელეგაციის წარმომადგენლის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დისკუსიების პირველი ნაწილი მართალია შედგა, მაგრამ მეორე ნაწილი ზემოთაღნიშნულმა დელეგაციებმა დატოვეს.
არადა თუ ქალბატონ ქეთევანს ვერწმუნებით, პირველ ნაწილში ქართულმა მხარემ მოახერხა და საკმაოდ საქმიანი და პრაგმატული პოზიცია დაიჭირა, ხოლო მეორე ნაწილში მას აღარ მიეცა საშუალება მთელი რიგი კონკრეტული კონსტრუქციული საკითხები დაეყენებინა.
ქართულ დელეგაციას რომ მართლა საქმიანი და პრაგმატული, ამავდროულად ოდნავ დიპლომატიური პოზიცია დაეკავებინა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოლაპარაკების სამ მხარეს ერთდროულად, დემონსტრაციულად დაეტოვებინა დისკუსია. აქ საქმე სავარაუდოდ, მინიმუმ დიპლომატიის ნაკლებობასთან ან მის არქონასთან გვაქვს, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია კიდეც სხდომის ჩაშლა.
საერთოდ კი, ნუ დაგვავიწყდება, რომ სანამ ჟენევის დისკუსიებში მონაწილე ქართული დელეგაციის შემადგენლობა გადახალისდებოდა, მასში გიგა ბოკერია და შოთა უტიაშვილი შედიოდნენ. საგულისხმოა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ბოკერიამ და უტიაშვილმაც კი ვერ მოახერხა და ერთდროულად სამი მხარე მოლაპარაკების მაგიდიდან ვერ გააქცია. აქ ალბათ ყოველგვარ პრაგმატიზმზე და კონსტუქციულობაზე ლაპარაკი თვალებში ნაცრის შეყრა, ან უარეს შემთხვევაში საკუთარი თავის მოტყუების მცდელობაა.
აშკარა ფაქტია, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო დიპლომატიის ფრონტზე, საქართველოს ახალ ხელისუფლებას ძალიან უჭირს, რაც შეიძლება ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე ძალიან ნეგატიურად აისახოს.
საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებული კრიტიკული ვითარების ნაწილობრივი კომპენსაცია იყო გასულ კვირაში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შევეიცარიაში გამართული შეხვედრა, რაც მართალია ჯერჯერობით, რა თქმა უნდა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, მაგრამ შედეგი მაინც დიდი იყო, რაც ორი მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის პრეცედენტით გამოიხატა და რაც სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება მომგებიანი როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა ახალი ხელისუფლების მიმართ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაც იყო, რაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეძლოს, მითუმეტეს, რომ ეს არანაკლები სიმძაფრით, რუსეთის ინტერესებშიც შედის.
ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ქართველი საზოგადოებრიობა მოწმე გახდა ფაქტისა, როცა ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ლეგალურად, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად შევიდა. რუსეთის ბაზარს კიდევ არაერთი ქართული პროდუქციის მიმართ აქვს ან ახლო მომავალში გაუჩნდება მოთხოვნა, რითაც ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს და შექმნას სახელმწიფო, რომლის იურისდიქციაში ყოფნაც, როგორც ოსების, ასევე აფხაზებისთვის, ნაციონალური ინტერესის სფეროში მოხვდება.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა