ბზარები საკადრო პოლიტიკაში და გაურკვევლობით შეცვლილი იმედიანი მოლოდინი
ბზარები საკადრო პოლიტიკაში და გაურკვევლობით შეცვლილი იმედიანი მოლოდინი
13:50 10.12.2012
ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, საზოგადოების იმედიანი განწყობა რამდენადმე გაურკვევლობამ შეცვალა.
ამას თავისი როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები გააჩნია, თუმცა თავი და თავი, რის გამოც ხალხში გაურკვევლობის განცდა გაჩნდა, ეს ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაა. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც საქმე ეხება ახალ ხელისუფლებას, ის საზოგადოების თვალში მთლიანად პრემიერ-მინისტრთან ასოცირდება და ნებისმიერ ნაბიჯი, მიუხედავად იმისა წარმატებული იქნება თუ არა ის, მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიეწერება.
ამ დამოკიდებულებას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ახალი ხელისუფლების შემადგენელ პოლიტიკურ სუბიექტებს ხალხი უკვე ძალიან დიდი ხანია იცნობს და ისინი ჯერ კიდევ 14 თვის წინ, საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ არცთუ დიდი რეიტინგით სარგებლობდნენ. ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს ცნობილი რვიანი, შემდგომში ექვსიანი და ასე შემდეგ, რაც განაპირობებს იმას, რომ ისინი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ერთეულებისგან პოპულარული ნაბიჯების გადადგმას ნაკლებად ელიან და მათი მოლოდინის ვექტორი მთლიანად პრემიერისკენაა მიმართული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ხალხის თვალში ახალი ხელისუფლების წარმატებული თუ წარუმატებელი ქმედება, ივანიშვილის წარმატებად ან წარუმატებლობად აღიქმება.
ის ფაქტი, რომ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ძველს, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ბევრად აღემატება, ეჭვს არ იწვევს, თუმცა საზოგადოება სწორედ ასეთ დროს ხდება გაცილებით მეტად მომთხოვნი და ნებისმიერ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით აკვირდება.
მაგალითად, თუ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ვერა ქობალიას და ველოსიპედით სამინისტროს დერეფნებში მოსეირნე გოგა ხაჩიძის შემყურე საზოგადოება ფაქტიურად ყველაფერს შეჩვეული იყო და არც არაფერი უკვირდა, დღეს იგივე საზოგადოება ძალიან მწვავედ რეაგირებს თუნდაც კულტურის მინისტრის მოადგილედ იური მეჩითოვის დანიშვნაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მეჩითოვის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა არავითარ შემთხვევასი არ შეიძლება და ის ჭეშმარიტად თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოხელოვანია, მისმა გამონათქვამებმა თუ გასაჯაროებულმა ეროტიკულმა ფოტოსესიებმა საზოგადოებაში მძაფრი რეაქციები გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში მისი მინისტრის მოადგილეობიდან წასვლით დასრულდა, თუმცა ხალხის ქვეცნობიერში დალექილი ნეგატივი კვლავ რჩება და მას ვერაფერი წაშლის.
ამ კუთხით, გასული კვირა განსაკუთრებით "ნაყოფიერი" აღმოჩნდა. მეჩითოვის თემა არანაკლებ სკანდალურად, უკვე პარლამენტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააგრძელა.
აქ შეიძლება ვინმე შემომედავოს და თქვას, რომ საკადრო პოლიტიკა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, რადგან ქანთარია ხალხის მიერ არჩეული დეპუტატია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ქანთარია სწორედ იმ პოლიტიკური ძალის კანდიდატურა იყო, რომელსაც დღევანდელი პრემიერი ხელმძღვანელობდა. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ თბილისში, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატი, ნებისმიერ რაიონში გაიმარჯვებდა. ასე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ამა თუ იმ წევრის ქმედებაც, ხალხის ქვეცნობიერში, ასევე პრემიერ ივანიშვილის პერსონის მიმართ განწყობის ფორმირებას განაპირობებს. ამაზე კი, ნუკრი ქანთარიას ყოვლად უადგილო და უკბილო განცხადება, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა, პოზიტიურად ნამდვილად ვერ იმოქმედებს. ცალკე საკითხია, თავის დროზე, გამართლებული იყო თუ არა საკანონმდებლო ცვლილება იმის გამო, რომ 21 წლის ახალგაზრდის პარლამენტში მოხვედრა ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ რადგან დღეს ეს უკვე ფაქტია, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისეთი რამე ვიკადროთ, რაც საკადრისი ნამდვილად არაა.
საერთოდ, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც 5 მილიონიანი ქვეყნის საქმეების მართვა, კანონით 21 წლის ახალგაზრდას შეუძლია, ხოლო ამავე ქვეყნის კანონით, 8 კაციანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ადამიანს მხოლოდ 24 წლის ზემოთ აქვს.
ბატონი ქანთარიას პარლამენტში გამოსვლა, მთელი საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამ უარყოფითმა იმოქმედა ირაკლი ალასანიაზეც, რომლის პროტეჟეთაც მოიაზრება ნუკრი ქანთარია. როგორც ცნობილია, "ქართული აკადემია", რომელსაც ქანთარია ხელმძღვანელობდა, ირაკლი ალასანიას ღიად უჭერდა მხარს. საზოგადოებას ქანთარიას მიერ ალასანიასთვის გადაცემული რაგბის ბურთის კადრებიც კარგად ახსოვს, ასე, რომ მის განცხადებას დადებითად არც ალასანიას იმიჯზე არ უმოქმედია.
კიდევ უფრო გასაკვირი გაგრძელება მოჰყვა ამ ფაქტს, როდესაც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს საკითხი მას შესწავლილი არ ჰქონდა, და რომ ქანთარია ამ განცხადებაში მიუღებელს ვერაფერს ხედავდა. რა თქმა უნდა, ქანთარიას რომ ის რეზონანსი წარმოედგინა, რაც მისმა გამოსვლამ გამოიწვია, ის ამ სიტყვებს არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა, მაგრამ იმ ფონზე, როცა მისი განცხადებები თავისმა თანაგუნდელებმავე დაგმეს, ივანიშვილისგან მისი დაცვის მცდელობა (ყოველ შემთხვევაში საზოგადოების მიერ ასე იქნა აღქმული), საკმაო მოულოდნელობა იყო.
საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს აგრეთვე ბოლო პერიოდში განხორციელებული დაკავებები. ის ოფიციალური ბრალდებები, რაც წაყენებული აქვს ყოფილ ჩინოსნებს, რომელთა სისასტიკეზე და დანაშაულებზე ლეგენდები დადიოდა, ისევ და ისევ მათ უდანაშაულოდ წარმოჩენას უწყობს ხელს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია აბსოლუტურად ადექვატური იყო, საზოგადოებამ არასერიოზულად აღიქვა ფაქტი, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრი, საზღვარს გაყალბებული პასპორტით კვეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია აბსოლუტურად ადექვატური იყო, თუმცა იმ ადამიანის, ყალბი პასპორტის გამო დაკითხვაზე დაბარება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ჩადენილი არაერთი სისასტიკე, მკვლელობა და საკუთარ ხალხზე სპეცოპერაციების ჩატარება უკავშირდება, არასერიოზულია. გასაგებია, რომ ყველა ბრალდებას სათანადო არგუმენტებით გამყარება სჭირდება და მყარი არგუმენტაციის მოპოვება გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უმჯობესი იქნებოდა, გამოძიებას მისთვის სხვა საქმესთან დაკავშირებითაც რომ დაესვა კითხვები.
ასევე საინტერესო ტენდენციად ჩამოყალიბდა იმ პირთა დაკავებები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მხარს ყოფილ ხელისუფლებას უჭერდნენ და ამას რიგ შემთხვევებში საკმაოდ აგრესიულად და კანონდარღვევითაც კი გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა ყველა ასეთი ადამიანი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი პასუხისგების ღირსია და პასუხიც აუცილებლად უნდა აგოს, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში იმატა ისეთი პირების დაკავებების რიცხვმა, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო "ქართული ოცნების" აქტივისტების მიმართ კანონი დაარღვია, ხალხში ანგარიშსწორებად შეიძლება იქნას აღქმული.
მითუმეტეს, რომ აღნიშნულ პირთა უმრავლესობა, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამდეც არ გამოირჩეოდნენ დიდი თავაზიანობით და კანონს სხვებთან მიმართებაშიც არღვევდნენ. ამავე ლოგიკით, დაკავებულები უნდა იქნან თუნდაც ხურვალეთის ინცინდენტის მონაწილეებიც, რომლებმაც სახალხო კრების ლიდერებს და მათ შორის "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დღევანდელ სახეს, ლუკა კურტანიძეს ქვები დაუშინეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
რაც შეეხება დაკავებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებებს და განცხადებებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, გასული კვირა პოზიტიური ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც იმით გამოიხატება, რომ მკვეთრად იკლო ისეთი განცხადებების რიცხვმა, როცა ქვეყანაში განხორციელებული დაკავებების პროცესებს, ქვეტექსტებით პოლიტიკური ანგარიშსწორებას უკავშირებდნენ.
ამ შემთხვევაში ორ ვერსიასთან გვაქვს საქმე: პირველი ის, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ამოწურა თავისი საერთაშორისო რესურსი და აღარ შესწევს ძალა ზემოქმედება მოახდინოს რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტზე ან თუნდაც პიროვნებაზე. მეორე ვერსიად კი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის წარმატება შეიძლება განვიხილოთ, რაც სავარაუდოდ საფუძველსმოკლებულია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც.
თუმცა, როგორც ჩანს განვლილმა ორმა თვემ, პრემიერი საერთაშორისო აზრის მნიშვნელობაში სავსებით დაარწმუნა და ამ მიზნით, რუსული მედიის ინფორმაციით, ის სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, საერთაშორისო თანამეგობრობაზე იმუშავებს. ეს ძალიან დროული და მნიშვნელობვანი ნაბიჯია და მისი ეფექტურად ამოქმედების შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლების რეინკარნაციის ისედაც მიზერული შანსი, მთლიანად ნულს გაუტოლდება.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების ლიდერს და ქვეყნის ამჟამინდელ ოფიციალურ პირველ პირს, შეიძლება ითქვას, რომ ის ნებსით თუ უნებლიეთ, უკვე საქართველოს საგარეო იმიჯის დაქვეითებას უწყობს ხელს. ამის დასტური მის მიერ ცოტა ხნის წინ, ბებიასთან ერთად უკრაინაში განხორციელებული ვიზიტი და აგრეთვე პოლონეთში სტუმრობაა.
ორივე ღონისძიება, სადაც პრეზიდენტი დასასწრებად გაემგზავრა, ნამდვილად არ ყოფილა ისეთი მნიშვნელობის, რომ მასში მონაწილეობა ქვეყნის პირველ პირს მიეღო. ამას მოწმობს ის კადრებიც, რომლებსაც სააკაშვილის ერთგული ტელევიზიები ავრცელებენ. არცთუ ისე მასშტაბური კონფერენციების მიმდინარეობას, რომელში მონაწილეობასაც ეს ტელევიზიები მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო წარმატებად ასაღებენ, იმ ქვეყნის პირველი პირებიც კი არ ესწრებიან, რომელ ქვეყანაშიც ეს კონფერენციები ტარდება.
კიდევ ერთი განცხადება, რამაც გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიიქცია, ისევ და ისევ პრემიერს უკავშირდება, როცა მან რიყეზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პრემიერის განცხადებით, მისთვის ამ პროექტის შესახებ ცნობილი იყო და თავის დროზე მისი მშენებლობის დაფინანსებას ნაციონალები სწორედ მას სთხოვდნენ, თუმცა ივანიშვილმა, პროექტის მასშტაბების შეუსაბამობის მოტივით მათ უარი უთხრა.
ამ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება პრემიერის ერთი წლის წინანდელი ფრაზის სიმართლე, როცა მან განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მომდევნო მოვლენების გამო ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მან მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა. რა თქმა უნდა ადვილი შესაძლებელია, რომ რიყის მშენებლობის დაფინანსება ივანიშვილისთვის პირადად სააკაშვილს არ შეეთავაზებინა, მაგრამ არ შეიძლება მომავალი პრემიერისთვის ცნობილი არ ყოფილიყო, რომ მისი დაფინანსებული პროექტებით სააკაშვილი საზოგადოებაში საკმაოდ დიდ ქულებს იწერდა.
ლოგიკურად, თუ ივანიშვილმა მეორე ინაუგურაციის დღეს დაურეკა სააკაშვილს და უთხრა, რომ ის მასთან ურთიერთობას წყვეტს, რის მიზეზადაც მომავალმა პრემიერმა 7 ნოემბერს განხორციელებული დარბევა დაასახელა, მაშინ გამოდის, რომ ამ პერიოდის შემდეგაც, ივანიშვილი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილს პიარი ეკეთებინა და მის მიერ დაფინანსებული პროექტები თავის თავზე მიეწერა.
ეს არის კითხვა, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, თუმცა მასზე პასუხს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, წარსულზე უფრო მნიშვნელოვანი, მომავალია, რომლის შესახებაც ხალხში წარმოდგენა უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.
ეს გარკვეულწილად პრემიერის ბოლო განცხადებამაც განაპირობა, როცა მან აქცენტი კოალიციის შიგნით კონკურენციის გაძლიერების აუცილებლობაზე გააკეთა.
როგორც ცნობილია, პრემიერმა, იქედან გამომდინარე, რომ ნაციონალები თავიანთ რიტორიკას კვლავ სიცრუეზე და ძალადობაზე აგებენ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მათი მხრიდან რეალური კონკურენცია გამორიცხა და ამ შემთხვევაში ხაზი კოალიციის შიდა კონკურენციის აუცილებლობას გაუსვა. ნათელია, რომ ამ კონკურენციამ მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი ან კანდიდატები უნდა შვას, თუმცა იქნებიან თუ არა ისინი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, ჯერჯერობით ამის თქმა ნაადრევია, რადგან ყველაფერი მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური ძალის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მაქსიმალურად გაძლიერებას აპირებს, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულიდან, მისი მთავარი დასაყრდენი გახდება.
ამ შემთხვევაშიც კი, შიდა კონკურენციის გაძლიერების შესახებ, პრემიერის განცხადება შეიძლება ნაადრევადაც მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა უდავოა, რომ მას თავისი მიზეზი ჰქონდა: პირველი ის, რომ პრემიერი აპირებს კოალიციის რომელიმე სუბიექტის შედარებით მეორე პლანზე გადაწევას და ამისთვის საკუთარი პარტიის რესურსს გამოიყენებს, ხოლო ამა თუ იმ პარტიის უკანა პლანზე გადაწევას, უკვე დეკლარირებული შიდა კონკურენციით ახსნის.
მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, უკანა პლანზე სავარაუდოდ ირაკლი ალასანიას პარტია გადაიწევს, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში სწორედ ალასანიას კადრები ჭარბობენ, რაც თავის მხრივ შესაძლოა პრემიერს სტაბილურობის განცდას არ უქმნიდეს.
პრემიერის მიერ შიდა კონკურენციის შესახებ გაკეთებული განცხადების მეორე მიზეზი კი, შეიძლება კოალიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებდეს, რომელიც შესაძლოა ახლო მომავალში სააშკარაოზე გამოვიდეს.
ასეთ შემთხვევაში, კოალიციის შიგნითა დაძაბულობას პრემიერი ისევ და ისევ შიდა კონკურენციის გაძლიერებით ახსნის და მაქსიმალურად შეეცდება ამ ფონზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა არ მოიპოვოს.
ზოგადად კი, თავის დამშვიდება იმით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" ვეღარ შეძლებს მომავალ არჩევნებში ხელისუფლებას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს, ვფიქრობ ნაადრევია, რადგან სწორედ მსგავსი სიცრუის და ძალადობის რიტორიკით მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში, ამ რიტორიკით მართეს ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში და მისთვის უკვე კარგად აპრობირებული მეთოდები, ადვილი შესაძლებელია კვლავ ეფექტური აღმოჩნდეს, მითუმეტეს, რომ შიდა მოხმარების პიარი, ახალ ხელისუფლებას კვლავ დაბალ დონეზე აქვს დაყენებული.
უფრო მეტიც, გამორიცხული არაა, რომ რამდენიმე თვეში, დაახლოებით თებერვლის შემდეგ, საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული არცთუ მცირერიცხოვანი დემონსტრაციებიც იხილოს.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა