რეალური დამოუკიდებლობის კონტურები
რეალური დამოუკიდებლობის კონტურები
12:10 03.12.2012
მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის, ისევე როგორც წინა კვირების განმავლობაში, ძველი ხელისუფლება ახალს, შიდა თუ საერთაშორისო დონის პიარ-ომისა და ეფექტური საგარეო პოლიტიკური აქტივობის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ დიდი ანგარიშით უგებდა, მოცემულმა პერიოდმა როგორც ქართული ისე საერთაშორისო საზოგადოებრიობა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობის წინაშე დააყენა. რეალობა კი გახლავს ის, რომ საერთაშორისო დიპლომატიისა თუ მედიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ისეთ გავლენას ვეღარ მოახდენს, როგორსაც ის თუნდაც რამდენიმე თვის წინ ახდენდა.
როცა საგარეო პოლიტიკისა და პიარ-ომის კუთხით ყოფილი ხელისუფლების უპირატესობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ის გაუთავევებელი ჭკუის დარიგებები და გაფრთხილებები გვახსენდება, რომელსაც ჩვენი უცხოელი მეგობრები ასე დაუშურებლად იმეტებენ საქართველოს მიმართ და მოუწოდებენ ახალ ხელისუფლებას, შერჩევითი სამართლისგან და პოლიტიკური მოტივებით დევნისგან თავი შეიკავოს. მსგავსი რიტორიკით ხასიათდება ზოგიერთი საერთაშორისო გამოცემის სტატიებიც, რომლებიც ობიექტურობის თვალსაზრისით ძალიან დიდი ეჭვის საფუძველს ბადებენ.
სავარაუდოდ, სწორედ ამის საპასუხოდ გააკეთა პრემიერმა ივანიშვილმა განცხადება, როცა აღნიშნა, რომ მსგავსი სტატიები და განცხადებები საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაზე გავლენას ვერ მოახდენდნენ. ეს განცხადება როგორც მოსალოდნელი იყო, სასწრაფოდ აიტაცეს ნაციონალურმა არხებმა და ის დასავლეთისთვის განკუთვნილ გზავნილად შეაფასეს, რომლის ქვეტექსტშიც მათ, ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მზაობაც ამოიკითხეს.
აქ ერთი რამე უდავოა. განცხადება ნამდვილად არის გზავნილი დასავლეთისთვის, მხოლოდ გულისხმობს არა იზოლაციისთვის მზადყოფნას, არამედ ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ხაზგასმას, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში ვერავინ, მათ შორის ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა და მითუმეტეს პრესა ვერ ჩაერევა.
ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ქართველ საზოგადოებას ჩამოუყალიბდა სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები, რატომღაც ქვეყნისთვის, განვითარების მიმართულების კარნახად აღიქმებოდა და მისი შესრულებაც სავალდებულო იყო.
აღნიშნული სტერეოტიპის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვნად განაპირობა ყოფილი ხელისუფლებისა და მოქმედი პრეზიდენტის ქმედებებმა, როცა ისინი ქართველი ხალხის ინტერესის ხარჯზე დასავლეთისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობდნენ, ხოლო თავის მხრივ მათი ეს მცდელობა, განპირობებული იყო დასაყრდენის აუცილებლობით. რადგან ყოფილ ხელისუფლებას საკუთარ ქვეყანაში დასაყრდენი არ ჰქონდა, მას უცხოეთში ეძებდა.
აქედან გამომდინარე, ბოლო წლების მანძილზე, პირველად, საზოგადოება მომსწრე გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ არავასალური დამოკიდებულებისა, რაც მისი დიდი ნაწილის განწყობაზე მკვეთრად პოზიტიურად აისახა.
ამ ფონზე გასაკვირი არ იქნება, თუ დასავლეთი საქართველოს მიმართ განცხადებებს კიდევ უფრო გაამკვეთრებს, რადგან ის ხედავს, რომ ქვეყანას რეალური დამოუკიდებლობის პრეტენზია გაუჩნდა და ვასალური დამოკიდებულების სურვილის აშკარა არქონას ამჟღავნებს.
ამ ვითარებაში, საქართველოს პრემიერს ქვეყნის შიგნით, ნამდვილად მომგებიანი პოზიცია აქვს, ვინაიდან ქართველი საზოგადოებრიობა გაღიზიანებულია დასავლეთის რიგი განცხადებების გამო. რადგან დასავლეთი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მომწყობ ხელისუფლებას, აგრეთვე ქუჩაში ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭების დამხვრეტ ხელისუფლებას, მიცვალებულისთვის ბეჭდის მოხსნის მიზნით თითის მომჭრელ ხელისუფლებას და საკუთრების უფლების აბსოლუტურად მაიგნორირებელ ხელისუფლებას "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ახსოვს და თუ ისინი დაინახავენ, რომ იგივე დასავლეთის ზეწოლით, ახალი ხელისუფლება მის მიერ დეკლარირებული სამართლიანობის აღდგენის გზაზე უკან დაიხევს, ეს ხალხში ნიჰილიზმის დონეს, ივანიშვილისადმი ნდობის დონის შემცირების პროპორციულად გაზრდის.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა, იმავე დონეზე უნდა დატოვოს, რა დონეზეც დღეს აქვს. პირიქით, საერთაშორისო აზრის შემობრუნებისთვის ახალ ხელისუფლებას გაცილებით მეტი სამუშაო აქვს, ხოლო თუ მათ შეძლეს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, საერთაშორისო საზოგადოებისა და პრესის აზრის ცვლილებასთან უნისონში მოაქციეს, შეიძლება ითქვას, რომ ის საქართველოსთვის იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას და შესაბამისად, კაპიტალის შედარებით სწრაფად და თავისუფლად შემოდინებას შეუწყობს ხელს.
ასე, რომ საგარეო პოლიტიკის და ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ახალ ხელისუფლებას ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა მართებს.
რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, როგორც აღვნიშნეთ, ამ მიმართულებით ბრძოლას ახალი ხელისუფლება, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც აგებს. მას საკმარისზე მეტი რესურსი აქვს გაიჩინოს ახალი მხარდამჭერები და მნიშვნელოვნად შეამციროს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა ან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოზიციის მქონე ადამიანთა რიცხვი, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს.
ამ მიმართულების, ნაწილობრივ კომპენსაციად შეიძლება მივიჩნიოთ ნაცარხების საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც იძულებითაა გამოწვეული და რომელიც გარკვეულწილად უკვე კონტრპროდუქტიულია.
კონკრეტულად, კი ნაციონალური არხები ყოველდღიურ რეჟიმში ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვებზე დაბარების თუ დაკავების ტირაჟირებას. სწორედ ამ ტიპის ინფორმაციებს ეთმობა მათი გამოშვებების საწყისი ბლოკები. ეს რა თქმა უნდა, მათ მიერ წინასწარ გათვლილი სარედაქციო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაგრულებად, ხოლო ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მტარვალებად წარმოაჩინონ, თუმცა ამ იძულებით საინფორმაციო პოლიტიკას "ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი უკუჩვენება აქვს. საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, ვინც ყოფილი ხელისუფლების მიმართ სიმპათიით არ იყო გამსჭვალული, მაგრამ სწამდა მითი მისი უძლეველობის შესახებ და მინიმუმ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ეს მითი საკმაოდ სწრაფად იმსხვრევა და მას ხელს უნებლიედ სწორედ ნაციონალური არხები უწყობენ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ ამ არხებს სხვა გზა არც აქვთ.
რაც შეეხება გასულ კვირაში წარმოქმნილ მედიაგადანაწილების ახალ ტალღას, მე-9 არხის საკითხმა, რბილად რომ ვთქვათ პრემიერს პოზიტიური ქულები ნამდვილად ვერ მოუტანა.
საერთოდ კი გასათვალისწინებელია, რომ მე-9 არხი, ვისი მმართველობის ან საკუთრების ქვეშაც არ უნდა იყოს იგი, საზოგადოების ცნობიერებაში მუდმივად იქნება ასოცირებული პრემიერის სახელთან, რაც მას ობიექტური და გაწონასწორებული არხის იმიჯის შექმნა-შენარჩუნებას მნიშვნელოვნად გაურთულებს.
ამ ფონზე, გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიად გარდაქმნას შეუწყობდა ხელს. იმ შემთხვევაში თუ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკის თუ გადაცემების ბედის განსაზღვრაში გარკვეული დოზით მონაწილეობას საზოგადოების ყველა ფენა მიიღებს, ეს არხის მიმართ ინტერესსაც და ნდობის ხარისხსაც მნიშვნელოვნად გაზრდის. ამავდროულად, მექანიზმი უნდა გულისხმობდეს საინფორმაციო პოლიტიკის აბსოლუტური დამოუკიდებლობის გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ზემოთჩამოთვლილი ძალისხმევა აზრს დაკარგავს.
თუ საზოგადოებრივი არხი ჩამოყალიბდება ჭეშმარიტად დამოუკიდებელ არხად, რომელსაც ხალხის მხრიდან ნდობის დიდი მაჩვენებელი ექნება, ასეთ შემთხვევაში ყველა ის არხი, რომელიც დღეს და სავარაუდოდ სამომავლოდაც, მოწოდებულია გარკვეული ლოკალური პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და მიზნების მისაღწევად, იძულებული იქნება საკუთარ საინფორმაციო პოლიტიკას გადახედოს და ობიექტურობის მაქსიმალური დონე დაიცვას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ მაყურებელს დაკარგავს.
ნაცარხების კიდევ ერთი მცდელობა, გასულ კვირაში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვაზე დაბარების გამო, მისი წამებულ გმირად შერაცხვა იყო.
ამ შემთხვევაში საგულისხმო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სიტყვები იყო, როცა მან წუხილი გამოთქვა პოლიციის პოლიტიზირების გამო. სხვათა შორის სწორედ მერაბიშვილი იყო ქვეყნის პირველი პოლიციელი, როცა 2009 წლის 6 მაისს, გიორგობა ღამეს, შინაგან საქმეთა თბილისის სამმართველოს ეზოდან, მშვიდობიან მოსახლეობას პოლიციელები "მიშა-მიშას" სკანდირებით ფეთქებად ტყვიებს ესროდნენ. მაშინ რამდენიმე ადამიანი დაინვალიდდა. რა თქმა უნდა, სათანადო პასუხის არარსებობის შემთხვევაში და ნაცარხების დომინაციის პირობებში, მსგავსი ფაქტები შეიძლება საზოგადოების მეხსიერების ფსკერზე დაილექოს და ვანო მერაბიშვილის ან ნებისმიერ მსგავსი პერსონის მიმართ სიბრალულის, ან მათთვის უკეთეს შემთხვევაში, მათ მიმართ სიმპათიის წარმოქმნის საფუძველი გახდეს.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების განწყობას განსაზღვრავს, ეს პატიმრების, განსაკუთრებით კი პოლიტპატიმრების თემაა. სასურველი იქნებოდა, თუ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების და უკანონოდ დაპატიმრებულების დიფერენციაცია მოხდებოდა, ვინაიდან, მაგალითად, "ცნობილი ტერორისტი" კოჭოია, არ შეიძლება რომ პოლიტპატიმრად განიხილებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელმა საქართველომ იცის ამ პიროვნების მიმართ გამოყენებული ძალადობისა და მის მიმართ თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების შესახებ, კოჭოიაც და მასთან ერთად, ამავე საქმეზე დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არ არიან. ისინი სავარაუდოდ უკანონო პატიმრები არიან, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების "ტერაქტ-შოუს" შეეწირნენ.
რა თქმა უნდა ეს ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო პატიმრების საქმემ უკანა პლანზე გადაიწიოს, მაგრამ პოლიტპატიმრების თუ პოლიტდევნილების გათანაბრება უკანონო პატიმრებთან თუ დევნილებთან, ბევრი გაუგებრობის სათავე შეიძლება გახდეს, რაც ისევ და ისევ იმ ნატანჯი ადამიანების გათავისუფლების ვადებზე შეიძლება აისახოს ნეგატიურად.
გარდა პოლიტპატიმრებისა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთი მტკივნეული თემა გადასახადებია. მათ შორის კომუნალური გადასახადების ტარიფებიც. როგორც გაირკვა, ტარიფების შემცირება არცთუ მნიშვნელოვნად ყოფილა შესაძლებელი. ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მისი კომპენსირება ახალ ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია. ეს შეიძლება მოხდეს ჯარიმების შემცირების ხარჯზე. თუ ტარიფების შემცირების ბერკეტებს ინვესტორ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ გვიტოვებს და არც ბიუჯეტს შესწევს ძალა მის შესამცირებლად სუფსიდირება მოახდინოს, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია, ამ ეტაპზე მოსახლეობას ჯარიმების შემცირება შესთავაზოს. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ჯარიმების შემცირებას ხალხს პირადად ივანიშვილი ჰპირდებოდა, როცა აცხადებდა, რომ ერთადერთი, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას განვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ჰქონდა, ეს ჯარიმების სიდიდე იყო. ჯარიმების შემცირებას ნამდვილად არ სჭირდება არც რისკების შემცველი საკანონმდებლო ცვლილებები და არც ინვესტორებთან შეთანხმება, აქ მხოლოდ კეთილი ნებაა საკმარისი, რაც მოსახლეობის მხრიდან, აუცილებლად ადექვატურად იქნება აღქმული.
და ბოლოს, ნაციონალური არხების პროგნოზი იმის შესახებ, რომ ივანიშვილი თითქოს საერთაშორისო იზოლაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, სინამდვილეს არ შეიძლება შეესაბამებოდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასავლეთს და პირველ რიგში ევროპას საქართველოს იზოლაცია არაფერში არ აწყობს. უფრო მეტიც, ამ პრეცედენტმა შეიძლება მათ ეკონომიკას სერიოზული დარტყმაც კი მიაყენოს, რადგან საქართველო ფლობს ალტერნატიულ ენერგომატარებელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო_თბილისი-ერზრუმის სახით და ამასთანავე თავისი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, ფლობს შესაძლებლობას, შეიცვალოს სტრატეგიული პარტნიორი, რაც შეიძლება არ აღმოჩნდეს მომგებიანი საქართველოსთვის, მაგრამ აუცილებლად წამგებიანი აღმოჩნდება ევროპისთვის. ნათელია, რომ ბებერი კონტინენტი "ნაციონალური მოძრაობის" გულისთვის მსგავს მსხვერპლზე ნამდვილად არ წავა.
ასე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას რეალური დამოუკიდებლობის გზას შეუდგა. ეს გზა კი გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე შეიძლება წარმოდგენილი გვქონდეს. თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. 

ალექსანდრე კაპანაძე




ბეჭდვა