სტიმულირებული იმედგაცრუება
სტიმულირებული იმედგაცრუება
10:25 26.11.2012
გასულ კვირაში ქვეყნის პოლიტიკურმა ცხოვრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყოფილ ხელისუფლებას, თავისი ყველაზე ეფექტური იარაღი, პიარი და პროპაგანდა სრული სიმძლავრით აქვს ამუშავებული და არცთუ უშედეგოდ.
ბევრისთვის ღიმილის მომგვრელიც კი იყო, როცა ქუთაისში ჯერ არდამტკიცებულ მინისტრებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიშს სთხოვდნენ, უფრო სწორად კი, დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, ეს სულაც არ იყო სპონტანური ან აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის ბოლო გაბრძოლება. ის კარგად გათვლილი, გრძელვადიანი პიარ - ომის დასაწყისი აღმოჩნდა. იმ პიარ - ომისა, რომელსაც, უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ყოფილი ხელისუფლება არსებულს აშკარად უგებს.
სამართლიანობა მოითხოვს აქვე აღინიშნოს, რომ ყოფილ ხელისუფლებას, თავისი პიარსტრატეგიის ხორცშესასხმელად, არსებული ხელისუფლება საკმაოდ მსუყე მასალას აძლევს.
"ნაციონალური მოძრაობა" რომ იმ იარაღს აამოქმედებდა, რომელსაც ის ყველაზე კარგად ფლობს, უკვე არჩევნებში დამარცხების დღესვე იყო ნათელი, ნათელი იყო ისიც, რომ ისინი მზად იყვნენ გამარჯვებული გუნდისთვის არათუ არცერთი შეცდომა არ ეპატიებინათ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში თვითონ გამოეგონებინათ ეს შეცდომები და ისინი საზოგადოების გულისწყრომის მიზეზად გაეხადათ. ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ამ საბრძოლო სტრატეგიის არმიღების შემთხვევაშიც კი, ის ფაქტი, რომ ახალ ხელისუფლებას ჯერჯერობით საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან უჭირს, მაინც თვალშისაცემი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ მათ პირისპირ დგას უზარმაზარი გამოცდილების და ჯერჯერობით დიდი საინფორმაციო ბერკეტების მქონე მანქანა, რომელიც თავისი სტრატეგიის განხორციელებას ნამდვილად ახერხებს.
სულ რაღაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით რამდენიმე მიუტევებელი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელიც რა თქმა უნდა მათ ოპონენტებს არ გამოჰპარვიათ და მისი სათანადო მიმართულებით გამოყენებით, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს კიდეც.
განცხადება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგობა დღეს ქუთაისში გააკეთა, როცა აღნიშნა, რომ საქართველოს განსაცდელს სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ხედავსო, რა თქმა უნდა გადაჭარბებულია, თუმცა არა უსაფუძვლო.
საზოგადოების განწყობაში უკვე შეინიშნება ცვლილებები. მართალია ის ჯერჯერობით სერიოზული ხასიათის არაა, მაგრამ თუ მსგავსი პროგრესიით განვითარდა, შეიძლება სულ ახლო პერიოდში სტიმულირებული, მაგრამ მაინც დიდი, საყოველთაო იმედგაცრუების მოწმე გავხდეთ.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ შეცდომებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ის დაშვებულ იქნა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან, ასევე თავად პრემიერ-მინისტრისგან.
შეცდომა იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ სწავლის საფასურთან დაკავშირებული განცხადება, რომელიც საზოგადოების მხრიდან, მართალია გარკვეული მედიასაშუალებების დახმარებით, მაგრამ მაინც ნეგატიურად იქნა აღქმული. მაშინ როდესაც, წინა ხელისუფლებას შესწევდა ძალა, სინამდვილეში ნეგატიური მოვლენა, პიარის თვალსაზრისით პოზიტიურად წარმოეჩინა, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სწავლის საფასურის გაიაფება სათანადო მესიჯებით მიეტანა ხალხამდე. პირიქით, ზოგიერთი მედიასაშუალების დახმარებით, დაიხატა სურათი, რომ სტუდენტებს სწავლის საფასური გაუძვირდებოდათ, რაც სასიამოვნოდ მოსასმენი ნამდვილად ვერ იქნებოდა ვერც სტუდენტებისთვის და ვერც მათი ოჯახის წევრებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამის შესახებ საზოგადოება სრულყოფილად დღესაც არაა ინფორმირებული.
საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ოპონენტებმა და მათმა მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა ხელჩასაჭიდი აქაც საკმარისად ნახეს და არცთუ უსაფუძვლოდ.
ეს პირველ რიგში შეეხება პრემიერის განცხადებას ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით. ივანიშვილის მცირე პოლიტიკური გამოცდილებით თუ აიხსნება ის განცხადება, რაც მან ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. პრემიერმა პრაქტიკულად აღიარა, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები რეალურ გათვლებს არ ეყრდნობოდა, როცა განაცხადა, რომ მიუხედავად მისი რამდენიმეგზის დაპირებისა, როგორც აღმოჩნდა ტარიფების განახევრება შეუძლებელი ყოფილა. ამასთან, მანვე მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ტარიფები ვერ განახევრდება, მაგრამ ის შეიძლება შემცირდეს. ამ შემთხვევაში სიტყვა "შეიძლება" იყო ერთ-ერთი იმ სიტყვათაგანი, რომლის მოსმენასაც იმედის თვალით შემყურე, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ ისურვებდა.
ნამდვილად არ იყო მომგებიანი პრემიერის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც. ის საკითხი, თუ ვის ინტერესებს ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. არც იმის დაჯერება იქნებოდა ხალხისთვის ძნელი, რომ ამ ტელეკომპანიაში ფინანსური თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, საქმე არცთუ დალაგებულია, მაგრამ პრემიერის განცხადებამ "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მეცხრე არხთან" დაკავშირებით, ხალხში არცთუ პოზიტიური რეაქციები გამოიწვია. ამის მიზეზია ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხალხი ქვეცნობიერად თავისად თვლის და იქ თუნდაც ისეთი ადამიანის კაპიტალის შესვლა, როგორიც ივანიშვილია, მათ ცნობიერში ამ არხის კანონიერ მონოპოლიზაციასთან ასოცირდება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის და ის გარე დოტაციას არანაირად არ საჭიროებს, სურვილის შემთხვევაში, საქმე იმ 50 მილიონითაც ძალიან კარგად გაკეთდება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს 2012 წლის ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც პრემიერმა დაუშვა, ეს რუსულ ენასთან დაკავშირებული მომენტი იყო, როდესაც მან აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რუსულად პასუხის გაცემაზე უარი უთხრა, ამის მიზეზად კი განაცხადა, რომ მას 9 წელიწადია რუსულად არ უსაუბრია და გაუმართავი რუსულის გამო დისკომფორტი შეექმნებოდა, ხოლო ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში რუს კორესპონდენტს, ასევე რუსულად დასმული კითხვა, შესწორების მიზნით, აბსოლუტურად გამართული რუსულით შეაწყვეტინა. რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ასეთი მასშტაბის პრესკონფერენციის ორგანიზებისას უცხოენოვანი ჟურნალისტების ფაქტორი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, თუ ბატონი პრემიერი უცხო ენაზე პასუხის გაცემაზე უარს იმ ელემენტარული მიზეზით იტყოდა, რომ ის იმყოფება ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო ენაც არის ქართული. სხვათა შორის ამას, პრეზიდენტის ინგლისურენოვანი გამოსვლებით გაღიზიანებული საზოგადოების ნაწილი ძალიან დადებითად მიიღებდა.
ცალკე საუბრის თემაა, ორი საათის განმავლობაში, პრეზიდენტი სააკაშვილი რომ ღია ეთერში, ორასამდე ჟურნალისტის წინაშე მჯდარიყო რას ილაპარაკებდა, რამდენ შეცდომას დაუშვებდა და რამდენ შეუსაბამობას იტყოდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის რასაც ორი საათის განმავლობაში გაუძლო ივანიშვილმა, სააკაშვილი, თუნდაც მისი პარლამენტში ბოლო ვიზიტისას გაქცევის მაგალითიდან გამომდინარე, ნახევარ საათსაც ვერ გაუძლებდა. თუმცა როგორც წესი მსგავსი ლოგიკით საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი მსჯელობს და მხოლოდ იმის შესახებ აკეთებს დასკვნებს რაც ესმის და რის ტირაჟირებასაც, ძალიან პროფესიონალურად, ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები აკეთებენ.
საგულისხმო იყო აგრეთვე პრემიერ-მინისტრის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის გადადების მოტივიც. ბატონმა პრემიერმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი თხოვნით მოხდა, ხოლო მიზეზად რამდენიმე დღის წინ, მის მიერ ევროპაში განხორციელებული ვიზიტი დაასახელა.
პრემიერმა რამდენჯერმე ახსენა, რომ მას ევროპაში ვიზიტმა საქართველოში არსებული უამრავი საქმე დაანახა, რის გამოც ამ ეტაპზე მას ვიზიტების ფუფუნება არ აქვს. უფრო მეტიც, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას ეს 4-დღიანი ვიზიტი ძვირად დაუჯდა. ამ განცხადების საფუძვლად ორი ვერსია შეიძლება იყოს განხილული, რამაც პრემიერს ვიზიტი "ძვირად დაუსვა." პირველი, ისაა, რომ მისი არყოფნით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისარგებლეს და მოახერხეს რამდენიმე ისეთი ქმედების განხორციელება, რისი გამოსწორებაც სამომავლოდ "ქართული ოცნებისთვის" შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი უმრავლესობის დიდი ნაწილი გარკვეული დროის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ არ თანამშრომლობდა, მინიმუმ ურთიერთობდა. ნაციონალების მოქმედების სტილიდან გამომდინარე კი, არაა გამორიცხული, დღევანდელი უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელზე კომპრომატები მოეპოვებოდეთ და პრემიერის არყოფნის დროს, კოალიციის დეპუტატებზე ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებზე რაიმე სახის ზეწოლა მოეხდინათ და აეძულებინათ ისინი გადაედგათ ესა თუ ის "ოცნებისთვის" არამომგებიანი ნაბიჯები.
მეორე და უფრო სარწმუნო ახსნა, კი რასაც შეიძლება 4-დღიანი ვიზიტის "სიმძიმე" გამოეწვია, არის კოალიციის შიგნითა დაპირისპირება, რომელიც ჯერჯერობით კარგადაა შენიღბული, თუმცა მისი არსებობა აშკარად იგრძნობა. არ არის გამორიცხული, რომ პრემიერის განცხადება ვიზიტის "ძვირად დაჯდომის" შესახებ ამ ფაქტორით იყოს განპირობებული.
იმ ფაქტს, რომ კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობის დონე შეიძლება დასაშვებ ზღვარს აჭარბებდეს ისიც მოწმობს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, უფრო მეტიც, სახალხო დამცველის კანდიდატურის საკითხმა "ქართული ოცნების" მიმართ განაწყენებულთა რიცხვი საკმაოდ გაზარდა.
გარდა ამისა, მინიმუმ "ზედმეტ გულახდილობად" შეიძლება შეფასდეს ბატონი პრემიერის განცხადება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესაძლო დაძაბვასთან დაკავშირებით. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, საყოველთაო ამნისტია კრიმინოგენული სტატისტიკის გაუარესებას მუდმივად იწვევს და არაა გამორიცხული, რომ ნამდვილად შესაწყალებელ პიროვნებებთან ერთად, გარეთ ისეთი სუბიექტებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც უკვე რეციდივისტები არიან, ან ასეთად მოგვევლინებიან. სწორედ ამაშია ძალოვანი უწყებების პროფესიონალიზმი, რომ მსგავსი ინდივიდები, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად, კვლავ კანონიერი სამსჯავროს წინაშე წარადგინონ. საერთოდ, კი კრიმინალთან ბრძოლა ყველაზე ეფექტურად, ასევე მსოფლიო მაგალითებიდან გამომდინარე, ავტორიტარულ ან დიქტატორულ რეჟიმებს გამოსდით, რადგან მათ მიერ კრიმინალთან ბრძოლის პროცესში ადამიანის უფლებები როგორც წესი აბსოლუტურად იგნორირებულია, რაც თავის მხრივ უდანაშაულო ადამიანების ციხეში მოხვედრის რისკს ზრდის.
სამართალდამცავი უწყებების სათანადო სიმაღლეზე დგომის შემთხვევაში, ამნისტიის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ გართულდება, ან მას ძალიან ხანმოკლე ხასიათი ექნება, თუმცა იმის მოლოდინი, რომ საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება, ნამდვილად არაა გამართლებული.
საქართველოს ახალ ხელისუფლებას დღეს ყველაზე რთული პერიოდი აქვს, რადგან მას ბრძოლა პრაქტიკულად სამი მიმართულებით უწევს. პირველი - ესაა ყოფილი ხელისუფლების პიარმანქანა, რომელიც სრული სიმძლავრით მუშაობს და კიდევ უფრო გაძლიერდება, ხოლო მას "ქართული ოცნება" ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უპირისპირებს. მეორე მიმართულება - შიდაერთიანობის შენარჩუნებაა, რაც ახალი ხელისუფლებისთვის, ამ ეტაპზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე – საერთაშორისო ბარიერები.
ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიო თანამეგობრობა იმდენად არის საქართველოში დემოკრატიის დონის ან მისი ეკონომიკური სიძლიერით დაინტერესებული, რამდენადაც ეს მათ კონკრეტულ მიზნებს შეესაბამება. ანუ არ უნდა გაგვიკვირდეს არც ის, რომ დასავლეთმა ადამიანის უფლებების კუთხით საგანგაშოდ მონათლოს ისეთი ფაქტები, როგორებზედაც და კიდევ უარესებზეც წინა ხელისუფლების დროს თვალებს ხუჭავდნენ. გასაკვირი და ალოგიკური არც იმ შემთხვევაში იქნება რამე, თუ ისინი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას რაიმე ფორმით ხელს შეუშლიან. ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში საქართველოს სახით დაიკარგება მართალია არცთუ დიდი, მაგრამ სამაგიეროდ უკონტროლო გასაღების ბაზარი, სადაც ნებისმიერი სახის პროდუქციის შეტანა და გაყიდვაა შესაძლებელი. მათ შორის ისეთი პროდუქციის, რომლის არათუ გაყიდვა, ნორმალურ ქვეყნებში განადგურებაც კი უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასე, რომ ისტორიის მაგალითებიდან და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზიდან გამომდინარე, მსოფლიო თანამდეგობრობას ურჩევნია ჰქონდეს გასაღების ბაზარი, ვიდრე ჰყავდეს წევრი, რომელიც საკუთარი ინტერესების დაცვას შეძლებს და ამ თანამეგობრობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლებს.
ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევები, ახალი ხელისუფლების მესვეურებისთვის, წესით დაპირებულის განსახორციელებლად, დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ზემოთნახსენები "იმედგაცრუების" სტიმულირება საკმაოდ წარმატებულად გრძელდება და მის წინააღმდეგ მიმართულ რეალურ ქმედებებს საზოგადოება ჯერჯერობით ვერ ხედავს.

ალექსანდრე კაპანაძე

ბეჭდვა