ლადო ბედუკაძე – საზოგადოებისთვის იმის ნახევარიც კი არაა ცნობილი, რაც ციხეებში რეალურად ხდებოდა
ლადო ბედუკაძე – საზოგადოებისთვის იმის ნახევარიც კი არაა ცნობილი, რაც ციხეებში რეალურად ხდებოდა
15:59 06.05.2014
რუბრიკა "15 კითხვის" სტუმარია ლადო ბედუკაძე:
- ბატონო ლადო, თქვენ საკმაოდ აქტუალური პერსონა იყავით, თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელებშიც კი აღარ ჩანხართ. რას საქმიანობთ, რით ხართ ამჟამად, დაკავებული?

- დღესდღეისობით, ფორმალურად, ერთ-ერთი ''ააიპ''-ის ხელმძღვანელი გახლავართ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აქ სახელმძღვანელოც არაფერია. ორგანიზაცია ფაქტობრივად უმოქმედოა. ალბათ ასეა საჭირო. ნერვული სისტემისთვის ზედმეტი აქტიურობაც საზიანოა (იცინის). რაც შეეხება აქტუალურობას, ეს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში ბაქიბუქობით და ყიყინით არ განისაზღვრება. სიტყვა საქმის გარეშე - კვდარია და ეს, მხოლოდ ტრაბახი და ჭორიკნობაა.

- ქვეყნის ისტორიის შეცვლაში დიდი წვლილი შეიტანეთ. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება თუ არა მუქარები? თუ კი, ვისი მხრიდან?

- რამდენად შევიტანე ქვეყნის ისტორიაში რაიმე წვლილი (წვლილში ალბათ დადებითი იგულისხმება), ამას თავად ისტორია და შთამომავლობა განსაზღვრავს. რაც არ უნდა ძლიერ უნდოდეს მავანს, ვერავინ შეძლებს, რომ ერს თავისი ისტორია დაავიწყოს. იყო დრო, როცა ახალი ერა 2003 წლიდან იწყებოდა, თუმცა, ღვთის წყალობით, ერი შიშისგან და აშკარად მონური სინდრომისგან ნელ- ნელა თავისუფლდება. როცა ნებისმიერი ადამიანი რისკზე გააზრებულად მიდის და საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ პირად უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს, მას გაანალიზებული უნდა ჰქონდეს ყველა ის შესაძლო მოვლენები და გართულებები, რასაც სავარაუდოდ, შესაძლოა რომ მის პირად ცხოვრებაში ადგილი ჰქონდეს. ისეთი ადამიანი, რომელსაც მტერი არ ჰყავს, არ არსებობს, თუმცა არა მგონია საქართველოში, რიცხობრივად ვინმეს იმდენი მტერი ჰყავდეს, რამდენიც მე მყავს.

- თქვენი ინფორმაციით, დღეს ციხეებში კვლავ გრძელდება თუ არა წამების ფაქტები?

- დღევანდელი ხელისუფლება უკვე წელიწადნახევარზე მეტია ქვეყნის სათავეშია. ამ პერიოდის განმავლობაში, საპყრობილეებში დაახლოებით, 35 ადამიანამდეა გარდაცვლილი. გეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად დიდი ციფრია. თითოეული ფაქტი დამოუკიდებელი საგამოძიებო და არა სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოს მიერ, სკულპულოზურ გამოძიებას საჭიროებს. მაგრამ, აქვე ერთიც უნდა ითქვას, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში, დემოკრატიის ჩაუქრობელი მნათობის მმართველობისას, საპყრობილეებში 332 ადამიანი გარდაიცვალა. ვფიქრობ სხვაობა, აშკარად თვალშისაცემია. დასკვნები მკითხველისთვის მომინდია.

- ბატონო ლადო, ადრე აცხადებდით, რომ ირმა ინაშვილმა 2 მილიონი აიღო. რაზე დაყრდნობით გქონდათ ეს ინფორმაცია? ინაშვილი ამ ფაქტს თავიდანვე უარყოფდა. არსებობდა თუ არა რეალურად ბუნებაში ეს 2 მილიონი და სად წავიდა, რას მოხმარდა ის?

- სხვათა შორის, პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი, ჩემი მისამართით ყოველთვის ჩაბჟირებით საუბროდა, რომ თითქოს, ეს თანხა სწორედ მე ავიღე. რაც შეეხება ქალბატონ ირმას, როგორც ვიცი, მან ამ თანხით ბატონი ვანო მერაბიშვილისთვის, მატროსოვის ციხეში სარემონტო სამუშაობი წინასწარ შეასრულა.

- გაქვთ თუ არა ციხეში თქვენს ყოფილ თანამშრომლებთან ურთიერთობა და რა სახის?

- რა თქმა უნდა მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არც თუ ისე ბევრთან. სისტემა, ყველა მიმართულებით, ევროპული სტანდარტებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ადამიანებმა, რომელთაც სისტემაში მუშაობა სწორედ იმ 9 წლის მანძილზე დაიწყეს, სადაც ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმოდა და პატიმარი თანამშრომლის წინაშე თრთოდა, კანკალებდა და თვალებში შეხედვისთვისაც კი ისჯებოდა, ახალ, დამწყებ თანამშრომლებს, აი სწორედ ასეთად წარმოედგინათ სისტემა. ადამიანს უსულო ნივთის მსგავსად აღიქვამდნენ. უცებ, ეს იძულებითი, უსიტყვო მორჩილება სადღაც გაქრა და ისინი სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, რამაც ძალზედ დააბნია ისინი და ბევრმა სამსახურიც კი მიატოვა.

- თუ გაქვთ ინფორმაცია დღეს, ციხეებში, დაახლოებით რამდენი პროცენტი მუშაობს იმ თანამშრომლებისა, რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ?

- რატომღაც, საზოგადოებას რეჟიმის სისასტიკედ მხოლოდ უშუალოდ საპყრობილეებში განხორციელებული წამება მიაჩნია და შესაბამისად, მარტო აქ მომსახურე ადამიანების დასჯას მოითხოვს. არადა, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ბოროტების მანქანის ყველა იმ უბედურების, ყველაზე ბოლო და დამაგვირგვინებელი რგოლი იყო, რაც შეიძლება ადამიანს დამართნოდა.
განვიხილოთ რიგითი პოლიტპატიმარის დაკავების ერთი მაგალითი: პირველი რგოლია თავად იდეა აქ რა თქმა უნდა, სააკაშვილი, ადეიშვილი ან მერაბიშვილი იგულისხმება; მეორეა, ტექნიკური მხარე - დაკავების მოტივი და განხორციელება - პოლიცია, სოდი, კუდი და მათი თანამშრომლები, რომლებმაც ნათლად და ზედმიწევნით იცოდნენ, თუ რაზე მიდიოდნენ და რა დავალებას ასრულებდნენ; მესამეა, პროკურატურის ხელმძღვანელი თუ შემსრულებელი პროკურორები, რომელთაც ამა თუ იმ კონკრეტული ფაქტის შესახებ ყველაზე მეტი იცოდნენ და სწორედ ისინი გამოდიოდნენ სასამართლოზე სახელმწიფო ბრალმდებლად და აბსურდული, შეთითხნილი ბრალდებებით დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ; მეოთხე რგოლი გახლავთ სასამართლო და შემსრულებელი მოსამართლეები, რომლებიც პროკურატურის ნოტარიუსად იყვნენ ქცეულნი და რასაც კი პროკურატურა წარუდგენდა, ყველაფერს ამოწმებდნენ; და ბოლოს, მეხუთე რგოლი - პენიტენციალური დაწესებულება _ ციხე, მისი ხელმძღვანელი და რიგითი "ერთგული''თანამშრომლები და შემსრულებლები. ჩიხე უბრალო "შემნახველ საკნად" იყო ქცეული, სადაც ამ რგოლამდე მოღწეული ურჩი პატიმრების დამორჩილება და "შენახვა'' ხდებოდა. კარგად დავაკვირდეთ, რა გამოდის? - საზოგადოება დაჟინებით ვითხოვთ ამ მე-5 რგოლის დაბალი რანგის ჩინოსნების დასჯას და ზემოხსენებული ოთხი რგოლის დამნაშავეები საერთოდ არც გვახსენდება?

- ციხის მწამებლებიდან მხოლოდ ათიოდეს წაეყენა ბრალი, დიდი ნაწილი კვლავ თავისუფალია. როგორ ფიქრობთ, ამ დანაშაულისთვის მხოლოდ ათიოდე კაცის დასჯა საკმარისია?

- პირდაპირ გეუბნებით, აბსოლუტური სამართლიანობის დამყარების განცდა ან ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ათი კი არა ასი მათგანიც რომ დასჯილიყო, ისეთივე ტყუილი იქნებოდა, როგორიც შემდეგი შემთხვევაა - მეფეს რომ ჰკლავდნენ და გაუმარჯოს ახალ მეფესო, ჰყვიროდნენ! ჩემი აზრით, მთავარ პროკურატურაში, აუცილებლად, სპეციალური დეპარტამენტი უნდა შეიქმნას, რომელიც ახალი, გაუსვრელი კადრებით დაკომპლექტდება და ყველა ის საეჭვო საქმე უნდა გადაიხედოს, რაც მთელი 9 წლის მანძილზე იკერებოდა. ადმიანებს ღირსება უნდა დაუბრუნდეთ. დღეს, რატომღაც, ტერმინი - სისტემური დანაშაული აღარავის ახსოვს.

- დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თქვენს მიერ გაწეული რისკი?

- მოგეხსენებათ, რომ უმადურობა ქართველების გენეტიკური განუკურნებელი დაავადებაა. თუმცა, ერი, კვლავ წლების მანძილზე გაფრქვეულ კვამლშია გახვეული, რომლის გაფანტვას კიდევ დრო სჭირდება. ადამიანის დისკრედიტაციის საქმეში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მასმედია. ერთმა სულგაყიდულმა, უნამუსო ჟურნალისტის დაკვეთილმა სტატიამ, ინტერვიუმ თუ სიუჟეტმა, შეიძლება მთელი საზოგადოება შენს მიმართ ნეგატიურად განაწყოს. თავმდაბლობა კი ყველაზე დიდი განძია, რაც კი ამქვეყნად ადამიანმა შეიძლება შეიძინოს. რაც შეეხება გაწეულ რისკს, ამ ნაბიჯით ჩემს ცხოვრებაში სიკეთისკენ არაფერი შეცვლილა, პირქით... თუმცა ყველაფერი უფლის ნებაა!

- ბატონო ლადო, სოციალურ ქსელ ''ფეისბუქში'' პირადი გვერდი რატომ გააუქმეთ?

- რადგან დაინტერესდით გეტყვით: ჩემი თხოვნით, შსს-ს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ სამმართველოში, ჩემი სოციალური ქსელის შესაძლო გატეხვასთან და საქ. სსკ 157,158,159 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მიზეზიც სწორედ ესაა.

- თქვენ ახალი ხელისუფლების მოსვლაში ძალიან დიდი როლი შეასრულეთ. გქონიათ თუ არა მათი მხრიდან სამსახურზე შემოთავაზება? თუ არა, რომ გქონოდათ, დათანხმდებოდით?

- ვინ თქვა, რომ რაიმე როლი შევასრულე? ოველ შემთხვევისთვის, ადამიანი, ვისაც ამ საქმეში რეალურად ლომის წვლილი მიუძღვის, ასე არ ფიქრობს. სამსახურის შეთავაზება მავანმა შესაძლოა დამსახურების ან სულაც სავარაუდო გარიგების დასტურად აღიქვას. არც ენას აქვს ძვალი და არც უნამუსო ადამიანს შუბლზე ძარღვი, თუმცა ფაქტი ერთია, დღეს უმუშევარი ვარ, რაც ძალიან მიმძიმს.

- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ გამოჩენილიყო და ვითარება არ შეცვლილიყო, იმუშავებდით თუ არა ისევ თქვენს ძველ თანამდებობაზე?

- ისტორიას თუ გადავხედავთ, უფალი განსაცდელის ჟამს საქართველოს ყოველთვის მოუვლენდა ხოლმე მხსნელს, რომელიც ერს ჭირისაგან და გარდაუვალი დაღუპვისაგან ათავისუფლებდა. ვის დააკისრებდა ამ მისიას, ეს მხოლოდ მან უწყოდა. ნაკლებად სავარაუდოა, ვერ გეტყვით ვინ სად იქნებოდა, მაგრამ ვიქნებოდი იქ სადაც ჩემი ხალხია!

- გაგვაცანით ოჯახი. როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს რისკიან ნაბიჯს?

- ოღონდ ეგ არ მკითხოთ (იცინის). მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი ნაბიჯის გადატანა ძალიან გაუჭირდათ. საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მთლად დალაგებული არ ვარ (იცინის).

- ხომ არ გიფიქრიათ დაგეწერათ წიგნის ან სხვა სახით, იმაზე თუ რა ხდებოდა ციხეებში?


- მხოლოდ წიგნს არა, ვფიქრობ მხატვრულ ფილმსაც აუცილებლად გადავიღებ, ოღონდ, ჯერ ქარიშხალი უნდა ჩადგეს. ერს ჯერ კიდევ მტკივნეულად ახსოვს და დღემდე არ მოშუშებია ის იარები, რაც რეჟიმმა მიაყენა. ვინც რეჟიმის სისასტიკე საკუთარ მხრებზე გამოსცადა, იმ ადამიანებისთვის წიგნი ზედმეტია. 300 000 პრობაციონერი, 24 000 პატიმარი, უამრავი ქონებაწართმეული, უკანონოდ დაპატიმრებული, პოლიტიკურად რეპრესირებული, გამწარებული ადამიანები ამ რეჟიმის უსამართლობის მოსიარულე ენციკლოპედიები, ცოცხალი მოწმეები თავადვე არიან.

- როგორ ფიქრობთ, დაახლოებით რამდენი პროცენტია ცნობილი საზოგადოებისთვის იმის შესახებ, რა საშინელებებიც რეალურად ციხეებში ხდებოდა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდებოდა იქ რეალურად (იმ ფაქტების გარდა, რაც ცნობილია)?

- თუ შეიძლება მოკლედ გიპასუხებთ: ის, რაც რეალურად ციხეებში ხდებოდა, საზოგადოებისთვის ამის ნახევარიც კი არაა ცნობილი!

- როგორ შეაფასებთ რუბრიკას, რას ეტყვით მკითხველს და ხომ არ გსურთ რაიმეს დამატება?

- საერთოდ, საინტერესო იქნებოდა ადამიანების განსხვავებული კუთხით დანახვა. დუმბაძის დარიგება გავიხსენოთ - ''ადამიანს ფრესკის მსგავსად ერთი კუთხიდან არ უნდა ვუყუროთ".
- დიდი მადლობა.
- მადლობა თქვენ.

ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე

ბეჭდვა