„პრაღაში გაიმართა მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა
და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შორის. დიპლომატებმა აღნიშნეს პოზიტიური დინამიკა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, განიხილეს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზების გზები, რომელიც სატრანსპორტო დერეფნების შექმნას ითვალისწინებს სადაო ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მოლაპარაკების შემდეგ გრიგორი კარასინმა «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ დერეფნების საკითხში რაიმე გარღვევა ჯერ-ჯერობით არ მომხდარა: დაბრკოლების ლოდად თბილისსა და მოსკოვს შორის კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი რჩება: „რადგანაც ჩვენ საბაჟო ტერმინალების მოწყობა მოგვიწევს, ჩნდება კითხვა მათი მუშაობის შესახებ. ეს იოლი საქმე არ არის. სამი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნიდან ორი აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გადის, რაც გარკვეულ პოლიტიკურ ემოციებს იწვევს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სტატუსთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, შეთანხმება მაინც უნდა შესრულდეს. ჩვენ წინსვლას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში რუსი დიპლომატი ასევე შეეხო რუსეთ-საქართველოს წარმატებებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში - „მატულობს საქონელთბრუნვა, იზრდება ტურისტების რაოდენობა და ავიარეისები“...
როგორც ცნობილია, გრიგორი კარასინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „აფრთხილებს ქართველ კოლეგებს სავარაუდო მოულოდნელობებზე, რომელიც უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვისო“. რა ჰქონდა მხედველობაში გრიგორი კარასინს, გუშინ საღამომდე გაურკვეველი იყო. არადა, მისმა ნათქვამმა თბილისში ემოციები გამოიწვია. ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ რუსეთი, ალბათ, ულტიმატუმს წაუყენებს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ არანაირ დათმობაზე არ დათანხმდება.
მოლაპარაკების შემდეგ გრიგორი კარასინმა განმარტა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში: „ჩვენ, პირიქით, ვესწრაფვით იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტიურად ჩანს ნატოს დღის წესრიგი, ხშირად ტარდება ერთობლივი სამხედრო წრთვნები. თანაც საქართველო ცდილობს, რომ მათში სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად, სომხეთმა“....
«КоммерсантЪ»-ის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ მოსკოვი თბილისზე ზეწოლას ახდენს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან ცალკე შეთანხმებების დადების მიზნით, გრიგორი კარასინმა უარყოფითად უაპასუხა: „ეს ხელოვნურადაა მოფიქრებული... ჩვენ საკითხს ასე არ ვაყენებთ. სხვა საქმეა, რომ არის დეტალები, რომლებიც ხსენებულ რესპუბლიკებთან ერთად უნდა იყოს განხილული. მაგრამ ჩვენ არანაირ მოწოდებებს არ ვაყენებთ და ზეწოლას არ ვახდენთ. მოვილაპარაკეთ, რომ ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება“.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც გრიგორი კარასინს არ მოსწონს, ის მკვეთრი ფრაზებია, რომლებიც ქართველი კოლეგების მხრიდან ისმის: „ქართველი პოლიტიკოსები ბევრ მკვეთრ განცხადებას აკეთებენ - სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ბახტაძე, დავით ზალკალიანი... ისინი ლაპარაკობენ ნატოსაკენ დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, ე.წ. რუსულ მუქარაზე დემოკრატიული ევროპის მიმართ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ასეთი განცხადებები ჩვენთვის საჩოთიროა და ხელს არ უწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განმტკიცებას“.
